აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

“62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ – შენ რა ეშმაკი ხარ, როცა პიკზე იყავი, მაშინ წახვედი, ვინმემ კი არ გაგიშვაო. ეს არ არის ეშმაკობა, ეს თავმოყვარეობაა მეთქი, ვუპასუხე. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და შენს თავს უნდა სცე პატივი. ნუ, რა თქმა უნდა, გამიჭირდა წამოსვლა და ნებისმიერი ადამინისთვის, ვინც შეყვარებულია თავის პროფესიაზე და რეალიზებაც მოახერხა, რთული გადაწყვეტილებაა წასვლა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, სადმე სხვაგან ვინ მამუშავებდა 80 წლამდე?! ვატო კახიძეს ვეუბნებოდი – „ბატონო ვატო, ხომ იცით ახლა რა კანონი გამოვიდა და ჩემი გულიზე არ მინდა დაგიჭირონ-მეთქი“. არაუშავსო, მე ამას როგორმე მოვაწესრიგებო, მპასუხობდა და არ მიშვებდა. მერე შვილებმა მითხრეს – „დედა, გეყოფა, ამდენი იმუშავე და პულტზე ხომ არ უნდა მოკვდე?! “.

იცით, დრო იყო მართლა ორ ადგილზე ვმუშაობდი – სიმფონიურ ორკესტრში და საოპერო სტუდიაში. ჩემი უმცროსი შვილი მეუბნებოდა ხოლმე „დედიკო, ყველა რომ მოდის სამსახურიდან, შენ მაშინ მიდიხარ“. მაგრამ, ეს როგორ არის იცით? შენი საქმე, ოჯახი და შვილები როცა გიყვარს, არაფერი აღარ არის ძნელად გადასალახი. ზოგჯერ სიზმარში ვხედავ, რომ სამსახურში მივრბივარ. ვიცი, რომ ჯანო (ავტ. ჯანსუღ კახიძე) უკვე იქ არის და გამიბრაზდება. ამ დროს ვიოლინოს ვეძებ და ვერ ვპოულობ… ჩემს სიზმარებში სამსახურში წასვლაში სულ რაღაცა მიშლის ხელს.

მე უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, რომ ჯანსუღ კახიძისნაირი ადამიანი მინახავს და მასთან მიმუშავია. ჯანსუღ კახიძე, რომელიც გენიალური ადამიანი იყო და ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ეცხოვრა, როგორც ზოგიერთებს, ამბობდა ვერასოდეს დავტოვებ ჩემს სამშობლოსო. მახსოვს მის მიმართ უსიამოვნებებიც და დაჩაგვრის მცდელობებიც, მაგრამ გენიას ვინ დაჩაგრავს?! სხვათაშორის, არც მე წავედი. აი, ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრი რომ მიდიოდა, მეც შემომთავაზეს. ჩემი მეუღლისთვის არ იყო ადგილი ორკესტრში, ამიტომ, უნდა წამოსულიყო, როგორც ოჯახის წევრი. მისთვის ეს დაუშვებელი იყო. გამოდიოდა, რომ მე უნდა დამეტოვებინა ოჯახი და წავსულიყავი. არ წავედი. მახსოვს, მაშინ როცა აქ სამოქალაქო ომი იყო, ჩვენ ინგლისში ვიყავით. მაშინაც შემოგვთავაზეს, ვისაც უნდა დარჩესო და არავინ დარჩა. იცით, მე ასე ვფიქრობ, რომ მძიმე დროს არ უნდა დატოვე შენი ქვეყანა. ამ დროს ყველამ უნდა იფიქროს, რა შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის გავაკეთოს. მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი.

სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ევროპაში არ იყო გასტროლები და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დავდიოდით ერთი-ორი კვირით. აი, ამ დროს ქმარი და დედამთილი ძალიან მეხმარებოდნენ ხოლმე. ჩემი ქმრისთვის ჩემი გასტროლები არასოდეს ყოფილა პრობლემა, რადგან თავადაც მუსიკოსი იყო და კარგად ესმოდა ჩემთვის ეს რას ნიშნავდა. აი, ახლა კი ვფიქრობ ხოლმე, მაინც მოხევე კაცი იყო, მთის კაცი და ასე აზროვნებდა, რაც კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო ჩემთვის. პირველად FRG-ში როცა გავედით და მახსოვს, ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, მოდი ყველაზე კარგი მარკეტი ვნახოთ მეთქი. წავედით უზარმაზარ მარკეტში და მეშვიდე სართულზე ავედით, სადაც საჭმელები იყო. უცბად გერმანული ძეხვეულის გადასარევი სუნი ვიგრძენი. ეს მაშინ, როცა ჩვენთან პურის რიგები იყო და არაფერი იშოვებოდა. ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, მე ვეღარ ამოვალ, არ მინდა მეთქი. გამახსენდა ისიც, რომ შუქი როცა არ იყო ხოლმე, ჩვენ საშინელ სიცივეში ქუდებით და ამოჭრილი ხელთათმანებით ვუკრავდით. ისე იმოქედა ჩემზე ამ ყველაფერმა, ტირილი დავიწყე.

ერთი რამეც უნდა ვთქვა. პირველად გერმანიაში როცა მივდიოდით, მეჯავრებოდნენ გერმანელები. მე ხომ იმ აზროვნებით ვიყავი გაზრდილი, რომ ისინი ყველანი ფაშისტები იყვნენ. იქ ჩასულმა სულ სხვანაირად დავინახე და დღემდე ვფიქრობ, რომ გერმანელები ევროპაში ყველაზე გამორჩეულები არიან. მათ იგრძნეს და ბოდიში მოიხადეს მთელს მსოფლიოსთან. რომელმა ერმა გააკეთა იგივე? მაგრამ, არ ვიცი… დღეს ისევ ფაშიზმისკენაა მიდრეკილება მთელს მსოფლიოში. აი, მაგალითად რუსეთი აიღეთ…

გაგეცინებათ. ომის დროს ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც მაშინ მოსკოვში მუშაობდა მითხრა, რომ ქართული დროშა გამომიგზავნეო. ეს დაემთხა იმ ამბებს , ქართველები რომ გამოყარეს რუსეთიდან, ხომ გახსოვთ?! არ გავუგზავნე. ვიფიქრე რამე არ მოხდეს, მაინც ბავშვია და არ იცის კარგად რა, სად და როგორ თქვას. მაგრამ, ავდექი და მე ჩამოვკიდე ჩემს ეზოში საქართველოს დროშა იმ დღეებში – თუ უნდათ აბა, აქ მოვიდნენ რუსები-მეთქი. მთელი ეზო აღფრთოვანებული იყო. ზოდიაქოთი მამალი ვარ და ეხლა გავიგე, რომ თურმე მამლებს იაპონიაში უდიდეს პატივს სცემენ იმიტომ, რომ მამალმა გამოიყვანა მზე მინოტავრის ლაბირინთებიდან და უშველა კაცობრიობას. ჰოდა, მეც რაღაცნაირად არავისი და არაფრის არ მეშინია, მაგრამ ერთი რამე მასწავლა ბებიაჩემმა, რომ არასოდეს შური არ იძიოო. აი, მაგალითად მტერი თუ გყავს, შედი ეკლესიაში, მისი ჯანმრთელობისთვის სანთელი დაანთე და ღმერთს უთხარი „ღმერთო, შენ იცი“-ო. ამიტომ, მე მჯერა, რომ ღმერთი არის სიყვარული. ზოგჯერ ეკლესიაში ხომ ამბობენ, რომ ღმერთი დაგვსჯის. მე კიდევ მგონია, რომ ღმერთი არ არის ისეთი მამა, რომელიც სჯის და მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი ფასი აქვს ამ სამყაროში.

ყველაზე მეტად მე რითი ვამაყობ? ერთადერთი ქალი ვარ, ვინც დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო. ამაზე მეტი აღიარება რაღა უნდა ყოფილიყო?!”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები