ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
პარტია – „ლელო საქართველოსთვის“
ჩემი ბავშვობა ქვეყნისთვის მძიმე პერიოდს, 90-იან წლებს დაემთხვა.ზესტაფონში ვცხოვრობდით, ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, მიწას ვამუშავებდით და იმით გაგვქონდა თავი. იყო პერიოდები, მეტალსაც ვეძებდით და ვაბარებდით. თუმცა, ამ რთულ დროსაც, ჩემთვის პრიორიტეტული სწავლა იყო. პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტი ვარ. როგორც კი ხელში ფანქარი დავიჭირე, უკვე ვიცოდი, რომ არქიტექტორი გავხდებოდი, თუმცა ამ პროფესიის არჩევისას, არც მასწავლებლებისგან და არც საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ მქონდა. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალის პროფესია არ იყო და კაცებით დომინირებულ სფეროში თავს ვერ დავიმკვიდრებდი.
ჩემი ხედვისა და პრინციპებისგან ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გადამიხვევია. ამის გამო, ჯიუტს მეძახდნენ. მე კი ვთვლი, რომ ჯიუტი კი არა მიზანდასახული ვარ და როცა წინააღმდეგობა მხვდება, უფრო ვცდილობ, საპირისპირო დავამტკიცო.
თბილისში სტუდენტობის პერიოდიც მძიმე იყო. ადრე გავთხოვდი, 17 წლისას უკვე შვილი მყავდა. სარდაფში ვცხოვრობდით სამი ადამიანი, ბავშვს ვუვლიდი და პარალელურად, ვმეცადინეობდი. ტრანსპორტის ფული რომ დამეზოგა, ნაძალადევიდან სპორტის სასახლემდე ფეხით დავდიოდი. ლაღი სტუდენტობა არ მქონია და ამ პერიოდში შევიძინე ყველაზე დიდი უნარი – დავიწყე ფიქრი გრძელვადიან პერსპექტივებზე.
არქიტექტურის მაგისტრის წოდება მივიღე, დისერტაციაზე პორტუგალიაში, ქალაქების გამწვანების მიმართულებით ვმუშაობდი. ახლა ჩემი არქიტექტურული სტუდია მაქვს და ვამაყობ ბევრი მსხვილი და წარმატებული პროექტით. ჩემს გამოცდილებას სტუდენტებსაც ვუზიარებ.
ახლა, როცა წარმატებული ვარ, ამ გადმოსახედიდან ძალიან ბევრს ვფიქრობ ახალგაზრდა გოგოებზე. არ მინდა, იგივე სირთულეები გაიარონ, რაც მე გამოვიარე. რაც უფრო იწრთობი ამ ბრძოლაში, მით უფრო კარგავ სილაღესა და ბედნიერების აღქმას. მადარდებს ის გოგოები, რომლებიც ოჯახებს ადრე ქმნიან და მომავალს ვეღარ ხედავენ.
ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ქალების გაძლიერება იქნება. აუცილებელია ქალების წახალისება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალს ორმაგი შრომის ტვირთი აწევს – მზრუნველობითი ეკონომიკა ქალების მხრებზე დგას და სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ამ ტვირთის შემსუბუქებაზე. ასე ხდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში, როცა, მაგალითად, სამსახურებთან არსებული საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს.
გენდერულ კვოტას დადებითად ვუყურებ, კვოტა არის გაღებული კარი – სანამ კარი ჩაკეტილია, ვერაფრით შევალ და დავამტკიცებ, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.
20 ივნისის მოვლენები აღმოჩნდა ჩემთვის გარდამტეხი, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რომ მიმეღო. მაშინ გავიაზრე, რომ რასაც ჩემს პროფესიაში ვაკეთებდი და რა მიზნებსაც მივაღწიე, ყველაფერს ერთ წამში ეცლებოდა მყარი საფუძველი და აზრი ეკარგებოდა. დავინახე, რომ ჩემი თაობა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში აღმოჩნდა, ახალგაზრდები ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესებში და ამას ვეღარაფერი შეაჩერებდა. მალე ”ლელო” შეიქმნა და გამოაცხადა, რომ პლატფორმა ყველასთვის ღია იყო, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებდა, მეც გავწევრიანდი. აქ ჩემი ცოდნისა და პროფესიონალიზმის პოლიტიკური სტრატეგიების ჭრილში განხილვის შესაძლებლობა მომეცა.
ჩემი მიმართულება ეკოლოგია და ურბანული დაგეგმარებაა. იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები 4 ან 8-წლიან პერსპექტივაში მიიღება, პოლიტიკოსები არ ფიქრობენ, რა შედეგს გამოიღებს ეს 20 წლის შემდეგ. არადა, ეკოლოგია და ურბანისტიკა გრძელვადიანი დაგეგმვის საგანია, რადგან ახლა მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, შეიძლება ათწლეულების შემდეგ გამოვლინდეს და კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწიოს. ასეთი შედეგებიდან ზოგი ხელშესახებია, მაგალითად, ვერეს ხეობის წყალდიდობა, ზოგი არ ჩანს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
ამ შედეგების საპრევენციოდ, ბევრი მიმართულება უნდა განვითარდეს, ამ საქმეს მცოდნე სპეციალისტები სჭირდება. პირველ რიგში, ეკოტრანსპორტი უნდა წახალისდეს და მოსახერხებელი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი უნდა შეიქმნას. ასევე, მნიშვნელოვანია, ნარჩენების მართვა, რადგან ჩვენს ჰაერს, წყალსა და მიწას დღეს სწორედ ეს ნარჩენები აზიანებს.
აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს საწარმოების ჯანსაღი ფუნქციონირება. ხშირად, არასწორად ჰგონიათ, რომ საწარმოების ეკომეგობრული ტექნოლოგიებით აღჭურვა ძვირია, მაგრამ სინამდვილეში, თუ ქვეყანა მწვანე ეკონომიკას ირჩევს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა იზრდება. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ სფეროში შერჩევითობის პრინციპი მუშაობს – ერთი ბიზნეს სუბიექტისთვის სკვერებში მშენებლობა დასაშვებია, მეორესთვის – ფოთლის მოწყვეტაზეც ჯარიმაა. დღევანდელი პოლიტიკის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მასშტაბურად არ ხდება სურათის დანახვა და მხოლოდ ლოკალური გადაწყვეტილებები მიიღება, რომლებიც, საბოლოოდ, ეკოლოგიასაც ვნებს და ეკონომიკასაც.
”ლელოსთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ურბანული დეცენტრალიზაციაა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ დასახლებას ინდივიდუალური ფუნქცია უნდა ჰქონდეს. სწორედ ამის მიხედვით უნდა შემუშავდეს რეგიონებისა და მათი ცენტრების განვითარების სტრატეგია. უნდა განისაზღვროს თითოეული ქალაქისთვის ისეთი დანიშნულება, რაც მისთვისაა ავთენტური და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი რესურსი გააჩნია. აქ შეიძლება ისეთი პატარა სოფელი აღმოაჩინო, რომელსაც ანალოგი ვერ მოუძებნო მსოფლიოში, ასეთი უნიკალური დასახლებები მსოფლიო რუკაზე ციმციმს ძალიან მალე იწყებენ და ქვეყანას განვითარების დიდი შესაძლებლობა ეძლევა.
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.
#პოლიტიკაSHE #მეტიქალიპოლიტიკაში #არჩევნები2020