ანა გამისონია, 41 წლის, გალი

„ჩემი ნაადრევი გათხოვება, ალბათ, განპირობებული იყო იმით, რომ მე რატომღაც ვთვლიდი, მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის. მაგრამ მერე მივხდი, რომ არც ისე ადვილია, როცა ეს პასუხისმგებლობა არის ცალხმრივი. 16 წლის ვიყავი და ცხადი იყო, რომ ქალები უფრო სწრაფად იღებენ პასუხისმგებლობას ოჯახზე, ვიდრე მამაკაცები. ძალიან ბევრი მომენტი მახსენდება მტკივნეულად გათხოვებიდან ექვსწელიწადნახევარი, რაც ვიცხოვრე ქმართან. ალბათ, ყველაზე ძალიან გულგრილობა ჩემს მიმართ და გაურკვევლობა საკუთარ თავში. ვერც იმას ვგებულობდი, რატომ არ იყო ის ისეთი, როგორიც ვარ მე და მივხვდი, რომ ორი სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობს სხვადასხვა ღირებულებებით და ფასეულობებით, უბრალოდ, ვერ იქნებიან ერთნაირები. ის ინტერესები, რაც მქონდა მე, მას არ ქონდა. მე ვცდილობდი წინ წავსულიყავი და ის ყოველთვის უკან მექაჩებოდა. ამან განაპიობა ოჯახის დანგრევაც. ეს იყო ორმხრივი გადაწყვეტლება, რადგან მივხვდით, რომ ბავშვის იმ გარემოში გაზრდა, სადაც არის აგრესია, უბრალოდ, შეუძლებელია. მე ახლაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ, რომ, როგორც ქალმა, როგორც დედამ, როგორც პიროვნებამ, უფრო მეტი მივეცი ჩემს შვილს. სოციუმი, აგრესიულად არა, მაგრამ ამრეზით უყურებდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას და ყოველთვის იყო ერთიდაიგივე შეკითხვები, რომ „გცემდა?!“. „ნარკომანი იყო?!“. ეს იყო ერთადერთი, რის გამოც ოჯახი შეიძლება დაინგრეს და რეალურად პასუხი არ მქონდა, რადგან ჩემი შემთხვევა იყო აქედან ამოვარდნილი.

ჩვენი დაოჯახება იყო დევნილობამდე (გალიდან ვართ ორივე), ნინი იყო 3 თვის, გალიდან რომ წამოვედით. დევნილობიდან ის 5 წელი ვხედავდი გულგრილობას მარტო ჩემს მიმართ კი არა, საკუთარი შვილის მიმართ. ის ფრაზა, რომელიც მან ერთხელ მითხრა, არ მავიწყდება და ძალიან ხშირად მახსენდება – „რითია ჩემი შვილი სხვის შვილებზე უკეთესი?! დაჯდეს და ჭამოს ლობიო!“. ჩემი პასუხი იყო – „და შენ გაქვს ლობიო?!“. ლობიოც არ იყო და არც არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ყოფილიყო. როგორც კი დაინახა, რომ მე დავიწყე სწავლა, შევიცვალე სოციუმი, გავედი გარეთ, ამან გამოიწვია ძალიან დიდი აგრესია მასში. მე წავედი წინ, ის დარჩა იქვე, სადაც იყო 23 წლის უკან… ერთადერთი ის ვიცი ზუსტად, რომ ცხოვრებაში რა ნაბიჯებსაც დგამ, არ არის შეცდომა და ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. მე რომ მასთან დავრჩენილიყავი, ზუსტად ვიცი, რომ ვინც ვარ დღეს, ის არ ვიქნებოდი.

საზოგადოების დამოკიდებულებას მინდა დავუბრუნდე. დავუშვათ იყო მომენტები, რომ ვიღაც გეპრანჭება თუ გეფლირტავება. როგორც კი გაიგებდნენ, რომ ვარ განქორწინებული, რადიკალურად იცვლებოდა დამოკიდებულება. უკვე მიყურებდნენ, როგორც ობიექტს, რომელიც, ვიტყვი პირდაპირ, შეიძლება შეათრიო საწოლში. მარტო ამისთვის თუ გამოდგება ასეთი ქალი. სხვა მეტი დანიშნულება ქმარს გაცილებულ ქალს არ აქვს. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის ეს და საკმაო დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. მერე უკვე აღარ მიქმნიდა ეს პრობლემას და არც არასოდეს დამიმალავს, რომ ვარ განქორწინებული და მყავს შვილი.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია 22 წლის ასაკში მარტოხელა დედა როცა ხარ. მახსოვს, საბავშვო ბაღში მამები რომ აკითხავდნენ ნინის ჯგუფელებს და გამომიცხადა – „შენ აღარ მოხვიდე. მოვიდეს ბაბუა.“ მაშინ ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი შემეპარა, რამდენად სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ დავშორდი ქმარს. იქნებ ჩემი შვილისთვის ჯობდა, რომ მამა გვერდში ყოფილიყო?!… ნინისგან მოდიოდა შეკითხვებიც – „რატომ არ მირეკავს? არ ვუყვარვარ? სხვა ცოლი ყავს?“ მერე დავჯექით, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ავუხსენი, რომ მამამისი არ არის ცუდი ადამიანი. უბრალოდ, ზოგჯერ ხდება, რომ ორ ადამიანს ერთ ჭერქვეშ არ შეუძლიათ ცხოვრება. მაგრამ ვაკვირდებოდი, რომ მისთვის ეს მაინც იყო მტკივნეული. მის საუბრებში გაიელვა თვითდადანაშაულების მომენტებმაც. მამაჩემის ერთი მეგობარი იყო, რომელსაც მაშინ ცოლი არ ყავდა და თავის თავზე აიღო, რომ დილით წაეყვანა ჩემი შვილი ბაღში, საღამოს კი უკან წამოეყვანა. ამით თითქოს განეიტრალდა ის მომენტი, რომ მამა არ არის. მაშინ ცხადად მივხვდი, რომ ამ ბავშვისთვის მე ვარ დედაც და მამაც. მე მაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მე გავაჩინე, მე მინდოდა ეს შვილი და მე ბედნიერი ვარ!“

მსგავსი ისტორიები