ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი
„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა. მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა პროფესია უნდა ამერჩია, მათემატიკა რომ გამომეყენებინა. მეგონა, მარტო ეკონომისტი ან ფინანსისტი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. სადღაც მე-11 კლასში უცებ მოვიფიქრე, პროგრამისტი ხომ არ გამოვიდე მეთქი, მანამდე ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ამ მხრივ ძლიერი არ ვიყავი. სკოლაში წრეები გქონდა, მაგრამ მე არ დავდიოდი. სამტურიანი ოლიმპიადები ტარდებოდა მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებისთვის და მარტო პირველ ტურში გავდიოდი ხოლმე, სადაც მათემატიკური ამოცანები იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი, პროგრამირების სწავლა თუ მინდა, სახლშიც ვისწავლი მეთქი, მაგრამ ჭკვიანი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ღირდა უნივერსიტეტში ჩაბარება.
ჩემი ფაკულტეტი სკალირებული ქულებით ყველაზე მაღალი და რთულადმოსახვედრი ფაკულტეტია საქართველოში და აი, აქ თუ მოვხვდები, აქ იქნებიან კარგი ბავშვები მეთქი. არიან კიდეც, მოტივირებული და კარგი ხალხი. 50 ადამიანიდან 15 გოგო ვართ, რაც ჩვენი პირობებისთვის ბევრია. ადრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვისაც იშვიათობა იყო გოგოები, ამ ბოლო დროს გავბევრდით და გავმრავლდით. თან ეს ფიზიკურ შრომასთან დიდად არაა დაკავშირებული, მე არქიტექტორობაც მინდოდა, მაგრამ იყო კომენტარები, რომ ეს გოგოს საქმე არ არის და ა.შ. მერე იმის მიხედვით გადავწყვიტე, რისი კეთება უფრო მომწონდა და მატერიალური მხარეც გავითვალისწინე.
როცა ჩავაბარე, მხოლოდ ალგორითმული ამოცანების გადაწყვეტის გამოცდილება მქონდა, ისიც მარტივ დონეზე. პროგრამირება ძალიან რთული მეგონა, ვფიქრობდი, რომ მათემატიკა ძალიან მაგრად უნდა მცოდნოდა, სულ უნდა მევარჯიშა და მეაზროვნა. აზროვნების პუნქტი მართალიცაა, მაგრამ ძალიან რთული არ აღმოჩნდა. პირველი კურსი, რომელიც უნივერსიტეტში მქონდა, იყო პროგრამირების მეთოდოლოგია, ძალიან კარგად შემოვიდა ეს კურსი და ისე მარტივად დაგვანახა, რომ ბოლო დავალება იყო ფეისბუქის გამარტივებული ოფლაინ აპლიკაციის დაწერა და ფეისბუქი დავწერეთო, ძალიან მაგარი გვეგონა საკუთარი თავი, საინტერესო გამოცდილება იყო. პროგრამირების რამდენიმე ენაზე მიმუშავია, ყოველ წამს ახალი იქმენბა და ახალს იგონებენ, ყველაფერი ვითარდება და ყველაფრის გამოყენება ვიცი უკვე. უნივერსიტეტმაც იმ დონემდე მოგვიყვანა, რომ ახლა უკვე ჩემით შემიძლია ყველაფერი ვისწავლო. ანუ მასწავლა, როგორ ვისწავლო.
შარშან სტარტაპი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. „კომუნიკათონი“ იყო კონკურსი, საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ეხებოდა და ჩვენ მოვიფიქრეთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მსგავსი პიროვნული ინტერესების მქონე ადამიანებს მისცემს საშუალებას, ერთმანეთი გაიცნონ და შეიძლება არ დამეგობრდნენ, მაგრამ აღიარონ, რომ განსხვავებულებიც არსებობენ და პატივი სცენ ერთმანეთს. დაახლოებით ასეთი რაღაცაა, რუკა რომ წარმოვიდგინოთ და თუ დაუმეგობრდები ვინმეს, ხედავ შენს მეგობრებს ამ პოლიტიკურ რუკაზე. იმედი გვაქვს, რომ პრაქტიკული იქნება და სადღაც ივლისში ჩავუშვებთ. მე და კიდევ ერთი გოგო ვართ პროგრამისტები და ტექნიკურ მხარეზე ვმუშაობთ.
საქართველოში რამდენიმე ადგილას ვიმუშავე. დაახლოებით ერთი წელი „თიბისი“ ბანკში – მონაცემთა ბაზების დეველოპერად, მობილური აპლიკაციების დეველოპერიც ვარ და ახლა software ინჟინერი ვიქნები eBay-ში, 4 თვით. ასეთ კომპანიაში ჩემი მონაცემების გაგზავნა დიდი ხანია მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში თავდაჯერებული ვარ, ბევრი კონკურსი მომიგია და ა.შ. ამ ნაბიჯს მაინც ვერ ვდგამდი. არადა პირველი, მეორე, მესამე კურსიდან უკვე შეგიძლია გააგზავნო და გაქვს შანსი, რომ სტაჟირებაზე აგიყვანონ. მერე ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ახლა თუ არ გავაგზავნიდი, მერე სტუდენტიც აღარ ვიქნებოდი და შარშან გავაგზავნე, მარტო ebay-ში არა, სხვა კომპანიებშიც. რამდენიმე კომპანიაში გავიარე სხვდასხვა ეტაპი, ზოგში ვერ გადავედი, ზოგმა საერთოდ უარი მითხრა. Ebay-სთან პირდაპირ გერმანიის ვაკანსიაზე გავაგზავნე ჩემი სივი, რეკრუიტერმა მომწერა, დიდხანს ვილაპარაკეთ, ჩემს მომავალ გეგმებზე მეკითხებოდა, რამდენად სერიოზულად ვიყავი განწყობილი გერმანიაში მუშაობისთვის, მაგისტრატურას იქ თუ გავივლიდი და თუ გადავიდოდი საცხოვრებლად, ჩემი CV მოეწონათ და მერე დაიწყო ტექნიკური გასაუბრებები. იყო სატელეფონო გასაუბრება, მერე პროექტი გამაკეთებინეს, დრო მომცეს და პროექტი რომ გავაგზავნე, მომივიდა დადებითი პასუხი. იქ ვიქნები software ინჟინერი, უკვე მაქვს გეგმა, რას გავაკეთებ – რამდენიმე გუნდში ვიმუშავებ და პატარა პროექტებს განვახორციელებ. რომ ჩამოვალ, უნივერსიტეტს დავამთავრებ და თუ შემომთავაზეს სრული განაკვეთი ebay-ში, მოვიფიქრებ, თუ არადა და გავაგზავნი სხვა კომპანიებშიც.
Women techmakers – იყო ასეთი პროექტი, გუგლის დეველოპერების. ეს იყო პროგრამირების საწყისების ბანაკი, სადაც მე ვიყავი მენტორი და მანდ ბევრი გოგო ვნახე, რომლებმაც არ იცოდნენ პროგრამირება რა იყო და ყველანაირად ვცდილობდით, დაგვეინტერესებინა. ამას წინათ პოსტი დადო Marketer-მა ფეისბუქზე და ერთ-ერთმა დამიკომენტარა, ჩემი მოტივაცია ხარო. ბევრი ფიქრობს და ბევრმა დაიჯერა, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ეს და მე მგონია, რომ აქტივიზმიც ის არის, რომ ანახო ვიღაცას, რას მიაღწიე. მერე მათაც სჯერათ, რომ მათაც გამოუვათ. ერთ-ერთი მიზეზი, მე რატომაც გავაგზავნე აპლიკაცია, ის იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა შეძლეს და წავიდნენ ძალიან ცნობილ კომპანიებში. მეც ვიფიქრე, რომ აი, მგონი,მეც შემიძლია და გამოვიდა.
იმისთვის, რომ პროგრამირებაში რაღაცას მიაღწიო, არ არის აუცილებელი მათემატიკის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა. რაღაც დონეზე გჭირდება, მაგრამ ექსპერტობა ნამდვილად არა. პროგრამირება იმდენ თემას მოიცავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი საქმე. გოგოებს მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ სცადონ. რამდენი კონკურსიც მომიგია, ათჯერ მეტი წამიგია. მე თუ რამეს მივაღწიე და წარმატებით განვახორციელე, ყველაფერი ბევრი მცდელობის შედეგია“.
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური