ანა დოლიძე – დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
სამოქალაქო მოძრაობა – “მოძრაობა ხალხისთვის”
დღეს, ჩემი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავდივარ. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, პოლიტიკაში გადავიტანო მთელი ჩემი 22-წლიანი პროფესიული და პიროვნული გამოცდილება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა და რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად ხალხის სამსახურს უკავშირდება. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძლიერი პარტიის ზურგის გამაგრების გარეშე გავარღვიო უამრავი სტერეოტიპი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაშია დამკვიდრებული. მინდა, სრულიად ახალი, ხალხზე და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკის დამკვიდრება საქართველოში. ეს არ არის ჩემი ახირება, ეს ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ქალი, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ეს დამატებით პრობლემებს ნიშნავს, მაგრამ მე ერთი წუთით არ ვფიქრობ, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სწორედ საჯარო სიკეთისთვის ბარიერების დაძლევა და გამარჯვებაა.
სკოლის ბოლო კლასიდან ვმუშაობ. ჩემი პირველი სამსახური მცირე ბიზნესში ასისტენტობა იყო. რომ ვითვლი, 22-წლიანი პროფესიული გამოცდილება დამიგროვდა, რომელიც სამ ნაწილად იყოფა: პირველია უფლებადაცვითი საქმიანობა, რომელიც მთელ რიგ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიცავს, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას,“ მეორე – აკადემიური საქმიანობა – მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მესამე – სახელმწიფო სამსახური თავდაცის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ბუნებრივია, ყველა ეს გამოცდილება პარლამენტში გადაითარგმნება ხალხის სამსახურში.
ჩვეულებრივ ადამიანს გზაში ბევრი დაბრკოლება ხვდება, რომელსაც ბავშვობიდან ვაწყდებით. თუნდაც განათლება, რომელიც ხშირად ვიწრო წრის პრივილეგიაა. ამიტომ ჩემთვის ყველაზე რთული, ალბათ, მაინც იმ ღრმა ნეპოტისტური ჭაობის გარღვევა იყო, რაც ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაშიც არსებობდა. გავლენიანი პირი თუ არ გყავდა ახლობელი, გზის გაკვლევა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას ჰგავდა. მე ასეთი არავინ მყავდა. მეცადინეობა ძალიან მიყვარს და ახლაც ასე ვარ – კვლევა და მეცნიერება ჩემი ყველაზე საყვარელი საქმეა. 11-წლიანი უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს და ჩემს შემთხვევაში, ეს მანკიერი წრე გავარღვიე იმიტომ, რომ უნივერსიტეტის ყველა საფეხური აკადემიური წარჩინებით დავამთავრე.
უფლებადაცვით საქმიანობას როცა ვეწეოდი, მართლა ზერეპრესიული გარემო იყო, მაგრამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თანამოაზრეების გუნდი ვიყავით და ეს გვაძლიერებდა. იმ დროს ისეთ პოზიციაზე აღმოვჩნდი, რომ ჩემი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის ქომაგობისთვის. ეს ახსოვს ხალხს და როცა მხვდებიან, ახლაც მადლობას მეუბნებიან. ათასგვარი გაფრთხილება მომდიოდა, უსაფრთხოების მანქანებიც დამყვებოდნენ. უამრავი განცხადებაც მაქვს ამაზე შეტანილი, მაგრამ იმ დროს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ალბათ, ძალა იმას მოაქვს, როცა სწორი მიზანი გაქვს და იცი, რატომ ხარ იმ საქმეში. მაშინ ვთვლიდი, რომ მართალი ვიყავი და ვემსახურებოდი ხალხს. მთელი ჯარიც რომ გადამდგომოდა წინ, ვერ გამაჩერებდნენ. ბავშვობიდან ასე ვარ. მაგალითად, გადავწყვიტე, რომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი და გამოცდები ჩავაბარე. ქართული ოჯახის ამბავი, ხომ იცით?! როგორია, 16 წლის ბავშვი უნდა გაუშვან სადღაც, თან, მაშინ ყველა მოსკოვში მიდიოდა და მე ამერიკაში ვგეგმავდი წასვლას. მაინც ვერ შემაცვლევინეს აზრი. აქედან შეიქმნა მითი, რომ ჩემთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.
გენდერული თანასწორობის საკითხებს დიდი ხანია ვიკვლევ, აკადემიურადაც ვმუშაობ და ქალების გამოწვევებს ფორმალურ და არაფორმალურ ბარიერებად ვყოფ. ფორმალურია ის, რაც პირდაპირი დისკრიმინაციის სახით გვხვდება, მაგრამ უფრო საფრთხილო და ქალებისთვის სასწავლებელი არაფორმალური ბარიერებია. ამას პარტიებშიც ხშირად ვხვდებით. პირდაპირ აღარავინ გეტყვის, ქალი რადგან ხარ, არ დაგაწინაურებთ ან სიტყვის თქმის უფლებას არ მოგცემთ, მაგრამ სხვადასხვა უხილავი მეთოდით ხდება ქალების გარიყვა. მაგალითად, ჰილარისა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის ანალიზმაც აჩვენა, რომ ქალ კანდიდატს უამრავჯერ გააწყვეტინეს სიტყვა. ამიტომ მე ყოველთვის ვურჩევ ქალებს, მოდერირებული შეხვედრა მოითხოვონ, სადაც მოდერატორი ყველას თანაბრად გადასცემს სიტყვას.
სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, სტრუქტურულ ცვლილებებზე უნდა იმუშაოს და მე ამიტომაც ვარ გენდერული კვოტების მომხრე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ქალები გავაძლიეროთ ისე, რომ შეხვედრებზე ხელის აწევა და საკუთარი ხმის გაჟღერება გაბედონ. მჯერა, რომ ქალთა უფლებების სფეროში გარღვევისთვის, ქალებს შორის სოლიდარობა აუცილებელია.
კიდევ ერთი, ზოგადი პრობლემაა, რომ ჩვენთან პოლიტიკოსებს ინდივიდუალური პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ. მომავალ პარლამენტში ოთხ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმუშავებ. პირველი – სასამართლო სისტემის რეფორმა და მისი მოდერნიზება ისე, რომ ადამიანს ერთ ინსტანციაში სამი წლის გატარება არ სჭირდებოდეს მიწის საზღვრის გარკვევისთვის ან დაკანონებისთვის. მეორე – აზარტული თამაშების რეგულირების პაკეტი, დაწყებული შავი სიის ფორმირებით. მაგალითად, ელექტრონული ხელმოწერითაც უნდა იყოს შესაძლებელი აზარტული თამაშების პირადი ანგარიშის გაუქმება, ახლა ეს გრძელი და რთული პროცესია. მესამე სამუშაო თემა უმაღლესი განათლების საკითხებს ეხება, რაც თვითმართველობების დემონოპოლიზაციას, აკადემიური საბჭოების ფორმირებასა და პოლიტიკური დებატების უნივერსიტეტებში დაბრუნებას გულისხმობს.
და ბოლოს მინდა, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გარკვეულ ეკონომიკურ რეფორმებზე ვიმუშაო. ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფრაქციებთან თანამშრომლობა მომიწევს და მგონია, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად მოსული კოალიციური მთავრობა იმასთან თანამშრომლობასაც ნიშნავს, ვინც შეიძლება არ მოგწონდეს. იმედი მაქვს, ამ კოპლექსებს დავძლევთ და ხალხის სამსახურისთვის სხვადასხვა საკითხზე ინტერპარტიულ მუშაობას მოვახერხებთ, მათ შორის, ქალი პარლამენტარები.
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.
#პოლიტიკაSHE #მეტიქალიპოლიტიკაში #არჩევნები2020