ანა კოვალენკო, 35 წლის, თბილისი

„პირველი თაობის ტრანსად ვითვლები. წარმოიდგინეთ, ეძიკას დროს უკვე მქონდა ჩემი იდენტობა. 90-იანების საქართველოში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, „ძველი ბიჭობის“ პერიოდს გადავურჩი ცოცხალი და აქამდე მოვედი. არ ვიცი, ეს ალბათ ჩემი პიროვნების დამსახურებაც იყო, არ ვიყავი რთულად საურთიერთო ადამიანი, და ალბათ იმისიც, რომ მაშინ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ იცოდნენ ტრანსიდენტობის შესახებ და აგრესიაც არ იყო ფესვებგადგმული. სხვა ტრანსებს არ ვიცნობდი. ამ პერიოდში მეგონა მარტო ვიყავი სამყაროში ასეთი განსხვავებული და მეშინოდა ხალხთან კომუნიკაცია. მახსოვს, მაშინ „იტალიანკა“ და „ფრანცუზკები“ იყო მოდაში და ასე დავდიოდი. სუფრაზე რომ მოვხვდებოდი, სპეციალურად ჩემს სანახავად და გასაცნობად მოდიოდნენ ადამიანები, ისეთი ეგზოტიკა ვიყავი იმ დროისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც არ იყო ადვილი აქამდე მოსვლა. ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა. მას მერე, რაც გაიგეს ჩემი იდენტობის შესახებ, პანღური კი არ ამომკრეს და სახლიდან გამაგდეს, მიმიღეს და გვერდში მედგნენ. ამის დამსახურებაცაა, რომ სტრესების გარეშე გავიზარდე და ჯანსაღი ფსიქიკით მოვედი აქამდე. ჩემი იდენტობაც ბოლომდე შევითვისე, დავამუშავე და ახლა ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის ოცნებად მქონდა ვყოფილიყავი. ვარ ქალი და პირადობის მოწმობაში მიწერია ანა სოფია კოვალენკო.

ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ ტრანსებისთვის რთულია არსებობა. ძალიან ბევრ ახლაგაზრდა თაობის ტრანს ქალს ჯერ მარტო ოჯახებისგან არ აქვს მხარდაჭერა. როგორც კი მათი იდენტობა გახდა აშკარა, ოჯახებმა უარი თქვეს მათზე და სკოლის დამთავრებაც ვერ მოახერხეს, ისე მოუწიათ სახლების დატოვება, რეგიონებიდან წამოსვლა და თბილისში თავის გადარჩენისთვის ბრძოლა. წარმოიდგინეთ, როცა სკოლის განათლებაც კი არ მიგიღია, სტესრული ბავშვობა გქონდა, გარშემო სრული მიუღებლობაა შენი იდენტობის, ერთადერთი, რაც დაგრჩენია, ბაზრის მოთხოვნებს მოერგო და სექს-მუშაობით გადაირჩინო თავი. ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ტრანსებზე. ქალებზე ისეთი მოთხოვნა არაა, როგორც ტრანსებზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში, 70% ბისექსუალია, უბრალოდ, ამას არ აღიარებენ.

სექს სამუშაო არაა ჩვენი არჩევანი. ესაა თავის გადარჩენის უკიდურესი ფორმა და ძალიან სარისკო საქმე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასდროს იცი, სახლიდან გადიხარ და ცოცხალი დაბრუნდები თუ არა. მაგრამ ის ზუსტად იცი, რომ თუ საფრთხე დაგემუქრა ან მოგკლეს, არც არავინ გამოიძიებს შენს საქმეს. სახელმწიფო არ გვიცავს და არც აინტერესებს ჩვენი ყოფა. მეორეც, დამანგრეველია ფსიქიკისთვის დღეში 3-ზე მეტ პარტნიორთან ინტიმური კავშირი.

მე კოლეჯში ვსწავლობდი, პროფესიაც მაქვს – თმის დაგრძელებაზე ვმუშაობ, ჩემი კლიენტურა მყავს. მაგრამ ესეც იმიტომ, რომ აქაც გამიმართლა, კარგი მეგობრები მედგნენ გვერდით და მამხნევებდნენ, თორემ ჩემი იდენტობის გამო ბულინგის პირობებში რომელი განათლების მიღებაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ორგანულია ჩემთვის ჩემი გარეგნობაც და ჩაცმულობაც და ეს დიდ აგრესიას არ იწვევს სხვებში, მაინც ხელს მიშლის ჩემი იდენტობა დასაქმებაში. რამდენჯერმე ვცადე საოფისე სამუშაოს მოძებნა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, გასაუბრებამაც წარმატებით ჩაიარა, მაგრამ როგორც კი სქესის აღმნიშვნელ გრაფას მიადგნენ, უარი მითხრეს. მას მერე აღარც მიცდია. სხვათა შორის, პირველად მოხდა რამდენიმე დღის წინ, რომ ტრანსი ქალი დამლაგებლად ოფიციალურად დაასაქმეს ერთ-ერთ კლინიკაში. ასეთი შემთხვევა ბევრი უნდა იყოს, რომ სხვებსაც მიეცეთ იმედი. მითები არსებობს, რომ ტრანსებს თითქოს არ უნდათ მუშაობა. არაა სწორი, ყველა ტრანსს სურს დასაქმება, მაგრამ იმიტომ რომ ვერც ანტიდისკრიმინაციული კანონი გვიცავს და დამსაქმებელს ჩვენი ეშინია, მხოლოდ ისეთი სარისკო სამუშაო გვრჩება, რაზეც ვისაუბრე.

პანდემიამ ბოლო მოგვიღო ყველას. მეც კი, რომელსაც ჩემი შემოსავალი მქონდა, არასდროს არავინ შემიწუხებია დახმარებაზე, იქით ვეხმარებოდი სხვებს ტანსაცმლითა თუ საკვებით, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დანაზოგი დიდი ხნის წინ ამომეწურა. ბინის ქირას ვეღარ ვიხდიდი და მომიწია დაცლა. ახლა დროებით მეგობართან ვცხოვრობ, რომელსაც ოჯახი ჰყავს. ქმარს აუხსნა ჩემი მდგომარეობა და მიმიღეს. ძალიან მრცხვენია, ფეხის წვერებზე დავდივარ, რომ უხერხულობა არ შევუქმნა ამ ადამიანებს. ასე დიდ ხანს ხომ ვერ ვიცხოვრებ?
სახელმწიფომ ერთჯერადად პროდუქტები დაგვირიგა, მაგრამ ის პროდუქტი დიდი ხანია გამოილია. მეგობარმა მითხრა, ეს პროდუქტებიც მოქალაქეების შემოწირულობებით დარიგდაო. სოციალურად დაუცველის სტატუსი ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ ბინადრობის მოწმობა არ მაქვს. ცხადია, ვერც თვითდასაქმებულის პანდემიის კომპენსაცია მივიღე. წარმოიდგინეთ, ტრანსმა თვითდასაქმების დასტურად კლიენტი უნდა მიიყვანოს. ამას ითხოვენ და ეს ხომ აბსურდია?! ჩვენ ყველა რგოლმა გვიღალატა და გაგვწირა.

სანამ ის გახმაურებული ამბავი მოხდებოდა, როცა ტრანსმა მერიის წინ თავი დაიწვა, შეკრება გვქონდა. ეს ადამიანიც იქ იყო. ერთმანეთს ვუყვებოდით, როგორ გვიჭირდა. მასაც ბინის პრობლემა ჰქონდა, უშვებდა გამქირავებელი და წასასვლელი მართლა არსად ჰქონდა. საღამოს ეს ამბავი გავიგე და ყველაფერი ჩამეწვა, ისე მტკიოდა მეც, როგორც მას. ეს იყო მისი უკიდურესი პროტესტი – ამ პროტესტს ადამიანები მიმართავენ, როცა უკვე გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ეს პროტესტი არის სიგნალი სახელმწიფოსთვის, რომ დაგვინახონ და გვაღიარონ ადამიანებად. მაგრამ ამაზე რთული თურმე იმ კომენტარების კითხვა ყოფილა, რომელიც ცეცხლმოკიდებული ტრანსის ვიდეოს ქვემოთ იწერებოდა. თურმე რამხელა ზიზღი ჰქონიათ ჩვენ მიმართ. როგორი უგულო უნდა იყო, რომ ასეთ დროს ადამიანს დასცინო, თქვა, რომ დადგმული შოუ ჩაატარა. უხერხულობას ხომ შეგიქმნით, იმის ახსნა რომ დავიწყო, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ყველაფერს ვკითხულობთ, ვიაზრებთ და გვტკივა, გული გვწყდება, რომ დაუმსახურებლად გძულვართ?! ალბათ, ეს ჩრდილში მყოფი დაჩაგრულები არიან, რომლებიც თავის სატკივარზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ და სხვაზე გადააქვთ. უმეტესობა ტროლებიც არიან. მიუხედავად ამდენი ზიზღისა, მაინც ბევრი ნათელი ადამიანია. ჩვენ ახლა კერძო შემოწირულობებით ვარსებობთ – ანგარიშია შექმნილი ტრანსების დასახმარებლად და ვისაც სურვილი აქვს და ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს, რიცხავენ თანხებს. ზოგი, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი პურის ფულს აკლებს და ჩვენ გვირიცხავს. წარმოიდგინეთ, ზოგს ერთი ლარი აქვს გადმორიცხული, რისი შესაძლებლობაც აქვთ, იმას გვინაწილებენ და ამისთვის დიდი მადლობა მათ. მადლობა, რომ ადამიანებად გვთვლიან და ჩვენი ტკივილი სტკივათ.

ამ პროტესტამდე სახელმწიფო ყველა არხზე გვბლოკავდა. თავს იბრმავებდნენ და იყრუებდნენ. ჩვენ არასდროს ვაწუხებდით სახელმწიფოს, ხელს არ ვუშლიდით და როგორც შეგვეძლო, ისე ვირჩენდით თავს. ახლა ჩიხში ვართ. ჩვენ მანამდეც მივაწოდეთ მთავრობას ინფორმაცია, რომ ბევრ ტრანსს გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ რეაქცია ნული. მოკვდითო – ეს იყო მესიჯი.
პროტესტის მერე, იმავე საღამოს შეგვეხმიანა გახარიას მრჩეველი გენდერულ საკითხებში. შეეშინდათ. მიხვდნენ, რომ პროტესტი გადამდები შეიძლება იყოს და ხვალ სხვა ტრანსებიც გამოვლენ ქუჩაში და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასაც საფრთხე დაემუქრებოდა. იყო დაპირებები, მაგრამ ჯერ რეალური არაფერი მიგვიღია.

რა გვჭირდება ჩვენ? დასაქმება, ნებისმიერი დასაქმდება. სწავლა-განათლების პრობლემის მოგვარება – ინგლისურის ცოდნა ოცნებაა ბევრისთვის და ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები. ეს ბევრია?“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური