ანა კუბლაშვილი (Newa), 27 წლის, თბილისი
“მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამიტომ, მუსიკასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა. 4 წლიდან ხან ვმღეროდი, ხან ფორტეპიანოზე და დრამზე ვუკრავდი. მოკლედ, ბევრი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და ყველა ჟანრის მუსიკა მომისინჯავს.
ელექტრონული მუსიკა ადრეული ასაკიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკის კეთება უზბეკეთში ცხოვრებისას დავიწყე, სადაც მშობლებთან ერთად ერთი წელი მომიწია ცხოვრება. უზბეკეთში ცხოვრებისას ბევრი დრო მქონდა და ჩემთვის ვაკეთებდი რაღაცეებს. იმის განზრახვა არ მქონია, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი, DJ-ინგს დავიწყებდი და იმ წარმატებას მივაღწევდი, რაც დღეს მაქვს. უბრალოდ, მე მომწონდა და მომწონს ის, რასაც ვაკეთებდი, რადგან ძალიან მიყვარს ფიქრი. ტექნო კი ის მუსიკაა, რომელიც ბევრ ფიქრს მოითხოვს. ჩემთვის ტექნო მელანქოლიასთან და ადამიანის ცხოვრების ნეგატიურ გამოცდილებებთან უფროა კავშირში. ჩემი აზრით, საერთოდ ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ცუდი იქნება ეს თუ კარგი, გვაძლიერებს. თუმცა, ნეგატიური გამოცდილებები უფრო მეტ ძალას გვმატებს. ამიტომ, თუ არ დაეცი და მერე არ წამოდექი, ისე ამ მიმართულების მუსიკას ვერ გაიგებ და ვერ შექმნი. ტექნო კომპლექსური (რთული) მუსიკაა და ამიტომაც, თითქმის, შვიდი წელი დამჭირდა, რომ ამ დონისთვის მიმეღწია, რაც დღეს მაქვს.
მუსიკის შექმნა უზბეკეთიდან დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელე. ზუსტად იმ პერიოდში ისე დაემთხვა, რომ ნელ-ნელა ახალ-ახალი კლუბების გახსნა დაიწყო თბილისში და თანდათან ტექნოს მიმართაც გაჩნდა ინტერესი.
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ხანდახან ერთდროულად ურთიერთ გამომრიცხავი ემოციებიც კი მაწუხებს და ამ ემოციებმა თავისი გზა იპოვნეს მუსიკის სახით.
ცოტა ხანი არ არის, რაც უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან მაქვს შემოთავაზბები. ივნისის ბოლოს ტულუზაში (საფრანგეთი) მივდივარ. მუსიკოსისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა მისი მუსიკა ფირფიტაზე გამოდის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სამუდამოდ ხელშესახებ საგანძურად რჩება და არ იკარგება ონლაინ სივრცეში. ჩემი ფირფიტები უკვე გამოვიდა ბასიანის ლეიბლზე, იყო ბერძნულ ლეიბლ ”Olympos”-ზე. წლის ბოლოს კი ორი დიდი ლეიბლის ოჯახის წევრი ვხდები – ეს არის ესპანური ”SEMANTICA RECORDS” და ფრანგული ”LA CHINERIE”.
წელს ”boiler room” გაიმართა თბილისში, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მოძრავი ივენთების სერიაა და მეც მივიღე მონაწილეობა. პირველად გაგვქონდა ჩვენი ქვეყნიდან ამხელა მასშტაბებზე ქართული პროდუქტი და მიხარია, რომ ამის შემდეგ მეტი ინტერესი წამოვიდა ჩემი მუსიკის მიმართ.
მუსიკაში მე ჩემს გამოცდილებებს, ემოციბს, ფიქრებს ვდებ. შესაბამისად, რაც მიგროვდება, ეს ყველაფერი არის ჩემს მუსიკაში. სხვის მუსიკასაც ასე ვუსმენ და ვცდილობ წარმოვიდგინო, რას გრძნობდა მუსიკოსი კომპოზიციის კეთების მომენტში. ამაზე როცა ფიქრობ, მეტი ემპათია გიჩნდება სხვა ადამიანის მიმართ და ზოგადად, კლუბური წესები თავისუფლად შეიძლება სოციუმსაც მოერგოს. კლუბში ყველა ადამიანს აქვს თავისი კუთვნილი სივრცე, კლუბში არ აქვს მნიშვნელობა სხვის სექსუალურ ორიენტაციას, არც იმას ვინ სად მუშაობს და რა ოჯახში გაიზარდა. კლუბში ვცდილობთ, რომ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ და ერთად ვიგრძნოთ ის ემოცია, რაც მუსიკიდან მოდის იმ მომენტში.
რაც შეეხება სქესთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს. მიმაჩნია, რომ ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ყველაზე საღი აზრი და მეტი ემპათია ქალებს აქვთ. ზოგადად, ქალები უფრო წინ წასული და არადაკომპლექსებულები არიან ამ ქვეყანაში, ვიდრე კაცები. ეს სფერო კი არის ერთადერთი, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, სადაც არ აქვს მნიშვნელობა სქესს და გენდერს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირველი ქალი ვარ ამ სფეროში, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია, არ მიგრძვნია ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ძირითადად კაცები არიან, რაიმე სახით დისკრიმინაცია ან შური. მთავარია როგორ მუსიკას აკეთებ. პირიქით, სულ გვერდში დგომას ვგრძნობდი მათი მხრიდან. სხვათაშორის, ამ სფეროში მამაკაცებიც ძალიან ტოლერანტულები, საღად მოაზროვნეები და ემპათიურები არიან.
კოლეგებისგან განსხვავებით, მსმენელების დამოკიდებულებებში გამოვლენილა მასკულინური კულტურის სტერეოტიპები. „აუ, ეს ბიჭია“ უთქვამთ გამიგია, მხოლოდ იმიტომ, რომ „ბიჭურ“ მუსიკად მიაჩნიათ ტექნო რატომღაც. ერთგვარ კომპლიმენტად ამბობენ ამ ფრაზას. მე ამაზე არ ვღიზიანდები ხოლმე, ყველას თავისი აზრი აქვს.
დღეს განსაკუთრებით ქალებს გვჭირდება ვიყოთ მეამბოხეები, მაგრამ ამისათვის ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული და დარწმუნებული საკუთარ თავში თუ შესაძლებლობებში და რაღაც კონკრეტული მიზანი გვამოძრავებდეს.
თავიდან ოჯახში დიდი პრობლემები შემექმნა იმის გამო, რასაც ვაკეთებდი. მქონდა სერიოზული კონფლიქტი იმაზე, რომ გოგო ვარ და ხანდახან შაბათ-კვირას ღამე სახლში არ მოვდიოდი, რადგანაც ვუკრავდი კლუბში. ბევრი ვიბრძოლე, რომ ის მეკეთებინა, რაც მინდოდა და არ იყო მარტივი. ჩემი მშობლების დამოკიდებულებები შეცვლილია დიდი ხანია. ახლა უკვე უხარიათ, ეამაყებათ და მხარს მიჭერენ იმაში, რასაც ვაკეთებ და მეც რა თქმა უნდა მათი მხარდაჭერა დიდ მოტივაციას მაძლევს”
ანა კუბლაშვილის ოფიციალური გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/NewA.music/