ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა, მერე სამეჯლისო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ არც ერთი მაინტერესებდა, იძულებული გახდა ფეხბურთზე შევეყვანე. 10 წლის ვიყავი თამაში რომ დავიწყე და აგერ უკვე 5 წელია ვვარჯიშობ.

თავდაპირველად 2 წელი ბიჭების გუნდში ვთამაშობდი 2 გოგოსთან ერთად მაშინ კახეთში გოგოების გუნდები არ არსებობდა. ბიჭების გუნდში ცუდად არ მიგვიღეს, იმიტომ რომ ჩვენი თანასოფლელები იყვნენ და ხედავდნენ რომ კარგად ვთამაშობდით. თუმცა მახსოვს მოწინააღმდეგე გუნდს რომ შევხვდით პირველად კახეთის ჩემპიონატში, ისინი როგორ ირონიულად და აგდებით გვიყურებდნენ, თან ერთამანეთს გადაულაპარაკებდნენ ხოლმე, გოგოებმა რა ფეხბურთი უნდა გვეთამაშონო. მაგრამ იმავე თამაშში დავამარცხეთ და ხმა არ ამოუღიათ, ისე გავიდნენ მოედნიდან. ალბათ კი გვაღიარეს, მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ იტყოდნენ?! სხვათა შორის ეს ის გამარჯვება იყო, მედლები რომ მოგვაპოვებინა და გოგონების გუნდის შექმნას დაუდო საუძველი.

თავიდან კი გაჭირდა გოგოების მოძებნა, ახმეტიდან მწვრთნელი ჩამოვიდა და სულ კარდაკარ ააგროვა გოგო ფეხბურთელები. მერე ჩვენი გუნდი სკოლბურთზე გავიდა და 2015 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონები. მახსოვს, სოფელში რომ დავბრუნდით თასით ხელში, მთელი მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა, სკოლა გამოვიდა ჩვენს დასახვედრად და შეძხილებით მოგვაცილებდნენ. მას მერე გაგვიკეთეს ეს სტადიონი. შეიძლება ითქვას, რომ თუ ალვანელებს საფეხბურთო სტადიონი აქვთ, ეს გოგოების დამსახურებაა.

გოგოების და ბიჭების ტექნიკებში განსხვავება არ არის, ზუსტად ისევე ვვარჯიშობთ, როგორც ბიჭები და არ გვაქვს არანაირი დისკომფორტი ვარჯიშის დროს. არც ერთი ბიოლოგიური მონაცემი არ არის დამაბრკოლებელი ქალისთვის. მათ შორის არც სწავლაში მიშლის ხელს ჩემი გატაცება. ვემზადები, რომ სამედიცინოზე ჩავაბარო.“

ნათია: „ ჩემი მშობლები თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ ჩემი ფეხბურთით გატაცებას, მაგრამ მერე საქართველოს 19 წლამდე ასაკის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ ამიყვანეს, შეეგუენ. მშობლებს იმის ეშინოდათ, რომ სწავლაში ხელი შემეშლებოდა. სულაც არ ვთვლი, რომ ასეა, რადგან სწავლის გაგრძელებას აგრარულ ფაკულტეტზე ვაპირებ და მეღვინეობას უნდა დავეუფლო.

გულდასაწყვეტია, რომ კარგი ფეხბურთელი გოგონები გვყავს და სახელმწიფოს მხრიდან არ არის ისეთი ხელშეყობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. მე ვიცი, ქართველი გოგოები თურქეთის, აზერბაიჯანისა და ნორვეგიის ნაკრებებში თამაშობენ და ამაში კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. ჩვენთან, 19 წლამდე ასაკის ნაკრებისა და ეროვნულის ფეხბურთელ ბიჭებს ხელფასები აქვთ, გოგოებს კი არა. ის კი არადა, ახლახანს დაიწყეს სპორტული შეკრებების წლიური დაფინანსება გოგონებისთვის, თორემ მანამდე ტურნირამდე 1 კვირით ადრე ვემზადებოდით მხოლოდ.

მსოფლიო ჩემპიონატშიც მივიღეთ მონაწილეობა 19 წლამდე ასაკის გოგონების ტურნირში და შვედებთან 4:0 წავაგეთ, რაც არ არის ცუდი შედეგი, რადგან შვედეთს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყავს და ჩვენი მომზადების კვალობაზე, კიდევ კარგად შევეწინააღმდეგეთ. ბიჭებს რა თქმა უნდა უფრო მცირე სხვაობები აქვთ, იმიტომ რომ ბიჭების ფეხბურთს უფრო მეტი ყურადღება ექცევათ და ეს გოგოების მოტივაციასაც უშლის ხელს“.

მსგავსი ისტორიები