ოქტომბერი 3, 2020 In #პოლიტიკაSHE
ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
პოლიტიკური პარტია – „ლელო საქართველოსთვის“
“ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე.
ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატობა ჩემთვის განაცხადია. დიდი სურვლი მაქვს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლისა და მუშაობის პერიოდში, ქუთაისს დავუბრუნო. ქუთაისი გამორჩეული ქალაქია – ის მუდმივად იდგა პროგრესის, განათლებისა და წარმოების ავანგარდში, მაგრამ ახლა აქ იმედგაცრუებაა. ქალაქს, რომელსაც 3500 წლის ისტორია აქვს, დღეს შეუძლია, ყველაზე თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი გახდეს. ეს პოტენციალი ახლა სრულიად გამოუყენებელია.
პროფესია უკვე მე-6 კლასში ავირჩიე. პატარა კი ვიყავი, მაგრამ უკვე ვხვდებოდი, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები იყო სისტემური და არა ცალკეული ინდივიდებისგან გამოწვეული. მუდმივად მქონდა სურვილი, სისტემის მანკიერი მხარეები მემხილა და იმ ადამიანებს დავხმარებოდი, რომლებიც მისი მსხვერპლი ხდებოდნენ, ამიტომ ავირჩიე იურისტობა. ეს პროფესია ჩემს ხასიათს ზუსტად ერგება და არჩვანი არასდროს მინანია, თუმცა წინააღმდეგობებით სავსე გზა გავიარე.
პირველი წინააღმდეგობა ოჯახში მქონდა, როცა ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ „გოგო ვარ და დიდ ქალაქში მარტო ვერ გამიშვებენ, თანაც, ქალისთვის შეუფერებელი პროფესიის შესასწავლად.“ უნდა ითქვას, ამ ბრძოლას ვერ მოვიგებდი, რომ არა დედაჩემის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა, რომელიც გადამწყვეტი იყო. მაშინ, 17 წლის ასაკში, ვიბრძოლე უფლებისთვის, რომ ჯავახიშვილში ჩემით ჩაბარება მეცადა!
ხშირად გვესმის, როგორ იჩაგრებიან ადამიანები კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო მხოლოდ იმიტომ, რომ „არავის შვილები“ არ არიან. მე სხვაგვარი გამოცდილება მქონდა – მე ვიყავი „ვიღაცის შვილი“ და ეს იყო ჩემი ბრძოლის მიზეზიცა და ჩემი გაორმაგებული შრომისა და საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი მტკიცების საფუძველიც. სკოლის პერიოდში, ჩემი წარმატება ხშირად მიეწერებოდა არა ჩემს შესაძლებლობებს და შრომას, არამედ ქუთაისში ცნობილი მშობლების ფაქტორს. მახსოვს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე უფასო სწავლებაზე ჩავირიცხე, ჩემ გარშემო იყო საუბრები, რომ თითქოს, ეს ადგილი „მიყიდეს.“ ამ ყველაფერმა დიდი პროტესტის გრძნობა გააჩინა ჩემში და მკაცრად გადავწყვიტე, გამეკეთებინა კიდევ უფრო მეტი იმის დასამტკიცებლად, რომ წარმატებას ყოველთვის დამოუკიდებლად, როგორც ინდივიდი ისე ვაღწევდი და არა იმის გამო, რომ გავლენიანი მშობლები მყავდა. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა ჩემს კარიერაში პოზიტიური როლი შეასრულა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ორმაგი ძალისხმევა მჭირდებოდა, „ვიღაცის შვილობის“ კლიშე რომ დამერღვია და პიროვნება გამომეკვეთა.
18 წლის ასაკში, სრულიად უცხო ქალაქში, კიდევ ერთ წინააღმდეგობას წავაწყდი. ეს იყო სტიგმა, რომ მე „ჩამოსული“ ვიყავი. სამწუხაროდ, ეს სტიგმა თბილისი და პროვინციები – ანუ დანარჩენი საქართველო – დღესაც არსებობს და სამარცხვინოა. თუმცა, ეს გამოცდილებაც ჩემს სამომავლო საქმიანობაში გამოვიყენე – ჩემი ერთ-ერთი სტრატეგიული ხედვა ცენტრსა და რეგიონებში თანაბარი განვითარების შესაძლებლობების გაჩენაა.
აუცილებლად უნდა დავარღვიოთ ის ძალიან დიდი უთანასწორობა, რაც ამ მხრივ არსებობს, პირველ რიგში, აუცილებელია, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ასევე, გასამართია ხარისხიან და სწრაფ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა,ზოგჯერ, განსაკუთრებით რეგიონებში, დრო რომელიც სამედიცინო ცენტრამდე მიღწევას სჭირდება, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ამ ყველაფრის მოგვარება, პირველ რიგში, ფინანსური დეცენტრალიზაციით უნდა დაიწყოს. დოვლათის მნიშვენლოვანი ნაწილი, რომელიც რეგიონებში იქმნება, იმ სოფლებსა და ქალაქებს უნდა მოხმარდეს, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და უფლება, ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვასა და განკარგვაში მიიღონ მონაწილეობა. ძლიერი რეგიონების გარეშე საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ვერ შედგება.
მუდამ მქონდა დასავლური განათლების მიღების სურვილი და ინტერესი. ორჯერ გავიმარჯვე მრავალრიცხოვან კონკურსში, მივიღე საერთაშორისო სტიპენდია და სწავლა ჯერ უნგრეთის, შემდეგ კი, ბრიტანეთის უნივერსიტეტებში გავაგრძელე. საზღვარგარეთ სწავლამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა და უამრავი შესაძლებლობის კარი გამიხსნა. ეს გამოცდილებაც ჩემს პოლიტიკურ ხედვებში მაქვს გათვალისწინებული – მინდა, ოდესმე მქონდეს ფინანსები, სასტიპენდიო ფონდი შევქმნა და ახალგაზრდებს მსგავსი შესაძლებლობები მიეცეთ.
პოლიტიკაში წასვლა ქვეყნის არასწორი განვითარების გეზმა, და აქედან გამოწვეულმა შიშმა და გაბრაზებამ გადამაწყვეტინა – შიშმა იმისა, რომ აქ ადამიანებს თანდათან ეკარგებათ უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. თუ უსაფრთხოება არ იქნება ყველასთვის, ის არავისთვის იქნება. დროის ამბავია, როდის მოგიკაკუნებს უსამართლობა კარზე. მაბრაზებს ის, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა ვართ და ძალიან დიდ დროს ვკარგავთ იმის მტკიცებაში, არასწორი გზით რომ მივდივართ, რომ ქვეყანას პერსპექტივა და განვითარება სჭირდება და ა.შ. ამასობაში ვკარგავთ დროს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ფეხზე დასაყენებლად უნდა ვიყენებდეთ.
ქართულ პოლიტიკაში ქალის ხმა უნდა ისმოდეს არა მარტო იმიტომ, რომ ეს დემოკრატიული განვითარების ნაწილია, არამედ იმიტომ, რომ საჯარო პოლიტიკას სჭირდება გააცნობიეროს ადამიანების განსხვავებული გამოცდილებები და გამოწვევები: კაცი დეპუტატი შესაძლოა, არასდროს დაფიქრდეს იმ განსხვავებულ საჭიროებებზე, რაც ქალებს გვაქვს. ეს განსაკუთრებით მძაფრად სამხრეთ აფრიკაში ვიგრძენი, სადაც 6-თვიან სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი. იქ ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. სწორედ მაშინ გავიაზრე, მაგალითად „უსაფრთხო ქუჩა“ რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ცნების შინაარსი კაცისთვის და ქალისთვის (განათების, ინფრასტრუქტურის და სხვ. მხრივ). საჯარო პოლიტიკას ქალის გამოცდილება და პერსპექტივა სჭირდება. თუნდაც, ავიღოთ ჯანდაცვის სერვისები – რამდენად არის მორგებული ქალზე, ბავშვზე ან მოხუცზე? ავადმყოფზე ზრუნვის ტვირთი, როგორც წესი, ქალებს აწევთ და შესაბამისად ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები ხშირად მათ ბუნებრივად უკეთ იციან. საჯარო პოლიტიკა ნორმალური რომ იყოს და ადამიანებისთვის მუშაობდეს, მან უნდა მოახერხოს და ადამიანების განსხვავებული გამოცდილებები გაითვალისწინოს.
ჩემი და ”ლელოს” ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა, შრომითი მიგრანტების ღირსეული დაბრუნება საქართველოში. ამ მიგრანტების უმრავლესობა კი ქალები არიან და უდიდეს გამოცდილებასა და ცოდნას ფლობენ. მათთვის უნდა გაჩნდეს დასაქმებისა და ღირსეული ანაზღაურების შესაძლებლობა. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, ქუთაისში დაფუძნდეს საერთაშორისო საფონდო ბირჟა; სხვა სიკეთეებთან ერთად, ის შესაძლებლობას მისცემს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ თავიანთი დანაზოგის ინვესტირება მოახდინონ ბიზნესში. დააგროვონ კაპიტალი და საკუთარ ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური შემოსავალი გაუჩნდეთ.
ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ბებიამ შეასრულა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდით. თავისი მძიმე წარსულითა და გამოცდილებით, ბებია ჩემი როლური მოდელი გახდა. ის და მისი ოჯახი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი იყო. ვინაიდან მისი მამა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ბაბუა კი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი. ოჯახი ხალხის მტრად გამოაცხადეს, ყველაფერი ჩამოართვეს, ბებიას განათლების უფლება არ მისცეს, უნივერსიტეტიდან გამოაგდეს. ამდენი დევნის მიუხედავად, ის სულიერად არ დაცემულა, ფარხმალი არ დაუყრია, იბრძოდა საკუთარი თავის და დედმამიშვილების გადასარჩენად. სწავლისადმი ჩემი ასეთი ინტერესიც, სიმბოლურად, ალბათ, ბებიას ვერშესრულებული ოცნებების ახდენაც იყო, სულ ვფიქრობდი, რომ ამით იმ დიდ უსამართლობას და დანაკლისს ვანაზღაურებდი.
სწორედ 37-იანი წლების რეპრესიების ოჯახურმა ისტორიამ და ამის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა დიდმა პროტესტმა სისტემის მიმართ, დაბადა ჩემში მოქალაქე და ჩამომიყალიბა პოზიცია ძალიან ბევრ კრიტიკულ საკითხზე: მათ შორის რუსეთზე. რეპრესიების წლებშიც, და ახლაც, როცა ოკუპაციითა და ამავე დროს – რბილი ძალით მოქმედებს, რუსეთს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს სახელმწიფო დასუსტდეს და თავისი ისტორიული არჩევანიდან – პროდასავლური კურსიდან გადაუხვიოს. აუცილებელია, კარგად შევისწავლოთ ჩვენი წარსული, ვიცოდეთ, რა ფორმით გვებრძოდნენ, ის საფრთხეები რომ ამოვიცნოთ, რომლებიც დღესაც აქტუალურია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი. წარსული უნდა გადავფურცლოთ, მაგრამ სანამ გადავფურცლავთ, კარგად უნდა ვიცოდეთ ის. თუ შენი ქვეყნის წარსული არ იცი, ის შენ წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული.
ლელო ახალი ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ახალგაზრდა, მოტივირებულ, პროფესიონალ ადამიანებს გვაერთიანებს და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ვარ აქ.”
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტოს დამუშავება: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.