ოქტომბერი 5, 2020 In ა-დ, აქტივისტი ქალები, თბილისი, თემები, რეგიონები, სხვადასხვა ბრძოლები
ანა სუბელიანი, 31 წლის, თბილისი
„ბევრჯერ მიფიქრია, რომ მთელი ჩემი პიროვნება და ცხოვრებისეული გზა ჩემივე ბავშვობის ტრავმებმა განაპირობა. ნიჭიერი, გახსნილი და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, შემეძლო, მთელი სამყარო შემესრუტა და მეც დიდი და ნათელი ენერგია გამეცა საპასუხოდ. სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ვიდექი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, გამორჩეულად კარგი მოსწავლე, ლაღი და ბედნიერი ბავშვი ვიყავი. შემდეგ კი, ოჯახს თავს ერთიანად დაატყდა დიდი ადამიანური დანაკარგები და გლოვა, სიღარიბე, დედას ჯანმრთელობის პრობლემები. მე ამ ყველაფრის ტყვე აღმოვჩნდი. ჩემი სოციალური გარემო სკოლითა და სახლით შემოიფარგლებოდა – ორი უალტერნატივო სივრცით, რომელიც ვერ მხედავდა, ვერ ამჩნევდა ჩემს საჭიროებებს, ტკივილებს, მეტიც, ხშირად ძალიან მაზიანებდა. მახსოვს, ცუდად როგორ ვხდებოდი უმიზეზოდ, თანაც, ძალიან ხშირად. შემდეგ გავიგე, რომ ეს ფსიქოსომატური რეაქცია ყოფილა ჩემს შფოთვებზე, შიშებსა და ტკივილებზე. სიდაბლე თუ ღარიბულად ჩაცმა ხშირად გამხდარა ჩემი დამცირების საფუძველი. ოჯახში აღარავის შერჩენოდა ჩემთვის სიყვარულის მოცემისა და ჩემთან მეგობრობის რესურსი, ბავშვის ცემა კი, აღზრდის ჩვეულ ფორმად იქცა.
სწავლა შევწყვიტე, უბრალოდ, აღარ შემეძლო – მთელი ენერგია საკუთარი თავის გადარჩენისკენ მქონდა მიმართული. უნდა გადავრჩენილიყავი ყველასგან, სრულიად მარტო. სახლიდან გასული, გარეთ ყინვაში დავხეტიალობდი საათობით. ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. იმის ფონზე, რომ ზოგიერთ საგანში გამსვლელი ნიშანი სანატრელი მქონდა, მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადებში ვიმარჯვებდი, ეს იყო ერთადერთი, რაც ძალისხმევის გარეშე გამომდიოდა. მაშინ კი, როცა შანსი მქონდა, ოთახში შევკეტილიყავი, მეცადინეობის ნაცვლად, დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკაზე ვცეკვავდი საათობით, ჩემთვის სასურველ რეალობაზე ვოცნებობდი, დეტალებში წარმოვისახავდი სცენებს, სადაც აღიარებული და სასურველი ვიყავი, სადაც ბევრ სიყვარულს ვიღებდი, სადაც ჩემით ამაყობდნენ. სწორედ ამან მომაძლიერა, გადამაწყვეტინა, რომ საკუთარი თავის დაცვისთვის ჩრდილიდან გამოვსულიყავი და აქტიურად მებრძოლა ისე, როგორც შემეძლო.
უფროს კლასებში უკვე ჩვეულებრივ ამორძალად ვიქეცი – ხშირად, ბოლო ხმაზე ვუყვიროდი და ვაგინებდი ყოჩ, მჩაგვრელ ბიჭებს და ასე ვიცავდი მათგან თავსაც და სხვა ბავშვებსაც. ღიად ვუპირისპირდებოდი მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს უსიყვარულოდ და უსამართლოდ გვეპყრობოდნენ – რეალურ ჩაგვრაზე თვალს ხუჭავდნენ, ჩემი პირიდან ამოსულ ცუდ სიტყვებზე კი, წიწმატდებოდნენ და გოგოობას მიწუნებდნენ. გულს მირევდა ისიც, რომ როცა მასწავლებელს მთელი კლასის სათქმელს ძალიან კორექტულად, მაგრამ მკაფიოდ ვეტყოდი, კლასელი გოგოები მკიცხავდნენ უფროსთან შეკამათების გამო. სამართლიანობის სანაცვლოდ, სულ მთხოვდნენ ამ იერარქიის დაცვას ხან ბიჭებთან და ხანაც – უფროსებთან, მე კი არასდროს ვთმობდი. მერვე კლასში, განათლების სამინისტროში წერილი გავგზავნე, სადაც ჩემს მართლაც დაჭაობებულ სკოლაში არსებულ კორუფციასა და უსამართლობებზე ვწერდი ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ერთ თვეში კი დირექტორი გაათავისუფლეს. ეს რომ ღიად გამეკეთებინა, ცხადია, მე ჩამშვების იარლიყსაც ავიკრავდი იმ გარემოში, რომელიც კონფორმისტული და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოების მცირე მოდელი იყო. თუმცა ჩემი პირველი დიდი გამარჯვება მაინც მოვიპოვე და ჩემი აქტივიზმის საწყისიც ეს მგონია.
სკოლისგან განსხვავებით, ოჯახში არასდროს მიგრძვნია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული იერარქია. საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ ძმებს, დებთან შედარებით, უამრავი პრივილეგია ჰქონდათ, რომ ქმრები ცოლებს ჩაგრავდნენ, რომ ქალებს ბევრი რამ ეკრძალებოდათ. ამისთვის, ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ სწორედ ჩემი მშობლებისგან, ჯერ კიდევ ძალიან პატარას, მესმოდა, რომ მე ძლიერი, ყოჩაღი და მებრძოლი გოგო ვიყავი და ეს კარგი იყო. მამა ზღაპრებით მაძინებდა, სადაც მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი – „რკინისმკვნეტელი ანუკი“, რომელიც საგმირო საქმეებს ჩადიოდა. ალბათ, ასეთმა ეპიზოდებმაც შემძინა საკუთარი თავის რწმენა და ყველა კრიზისიდან გამოსვლის უნარი.
ხოდა, ამ უკვე მოძლიერებულმა და მებრძოლმა თინეიჯერმა გადავწყვიტე, ყველას დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გავმხდარიყავი სტუდენტი და მესწავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არავის მოუწევდა ერთი თეთრის დახარჯვაც კი ჩემი განათლებისთვის. ასეც მოხდა. სკოლის მასწავლებლები ვაიძულე, რომ საფუძვლიანად ჩაეტარებინათ ჩემთვის გაკვეთილები და გულდამშვიდებულები არ ყოფილიყვნენ იმით, რომ ყველა მაინც ემზადებოდა რეპეტიტორებთან, რადგან მე ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი. საუკეთესო ქულებით გავხდი სტუდენტი, სრული დაფინანსებით. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი. აქედან დაიწყო ბევრად საინტერესო ეტაპი – ახალი, დიდი და საინტერესო კავშირების შეძენა, ჩემიანების პოვნა და მთავარი აღმოჩენა, რომ მარტო არ ვყოფილვარ. სრულიად გაცნობიერებულად გადავწყვიტე, რომ ადამიანის დახმარებაზე ორიენტირებული პროფესია ამერჩია. თავიდან, ფსიქოლოგობას ვგეგმავდი, შემდეგ სოციალური სამუშაოთი დავინტერესდი და სწორედ ამ პროფესიის წყალობით აღმოვჩნდი იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა. საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი დრო დავუთმე ბავშვთა დაცვას და იმაზე ზრუნვას, რომ მათთვის მაინც ამერიდებინა ან შემემსუბუქებინა ჩემთვის ნაცნობი ტკივილები. ამით თითქოს საკუთარ დანაკლისს ვაკომპენსირებდი, საზრისს და მნიშვნელობას ვაძლევდი საკუთარ გამოცდილებას. ცოტათი ეგოისტურიც კია, მაგრამ არ არის ცუდი ასეთი ეგოიზმი.
19 წლის ასაკში დავორსულდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გეგმებთან და ოცნებებთან ეს მოვლენა არავითარ შემხებლობაში არ იყო, უსწრაფესად ვადაპტირდი ახალ მოცემულობასთან, მაშინვე შემიყვარდა თვალითუხილავი არსება და შემიყვარდა დედა ჩემში. მე და ჩემი შეყვარებული ყველას სიხარულით ვამცნობდით, რომ მშობლები ვხდებოდით, ძალიან გავბედნიერდით ამ ამბით. ასე „შემომექმარშვილა“.
ჯერ კიდევ ორი თვის იყო დადა, როდესაც ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყების პირველი შესაძლებლობა გამიჩნდა. მანამდე ისეთმა ორგანიზაციამ მითხრა დასაქმებაზე უარი ორსულობის გამო, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. მაშინ ჩავთვალე, რომ ამ შანსს თუ ხელიდან გავუშვებდი, მერე კიდევ უფრო გამიჭირდებოდა პროფესიულ წრეში თავის დამკვიდრება და ჩემი კოლეგებისთვის კონკურენციის გაწევა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ წარმატების მიღწევა და ფინანსური დამოუკიდებლობა ერთადერთი გზა იყო იმისთვის, ღირსეულად რომ გვეცხოვრა მეც და უკვე ჩემს შვილსაც. ორი თვის ბავშვით, კვირაში ოთხ დღეს რეგიონში ვატარებდი, მთელი დღე ველზე ვმუშაობდი, პარალელურად კი, ტელეფონით ლევანს ვამშვიდებდი და ვაკვალიანებდი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით. არადა, ისიც ისევე იყო პირველად მამა, როგორც მე – დედა. სახლში დაბრუნებულს, კვლავ სამუშაო მქონდა, ბავშვი უკვე მე მეწვინა მუხლებზე, თან ვარწევდი, თან ვეფერებოდი და ასე ვწერდი ანგარიშებს. ძალიან განვიცდიდი ბავშთან ურთიერთობის დაკარგულ თითოეულ წუთს და ამის კომპენსირებას მსხვერპლშეწირვით ვცდილობდი, რაც ახლა ძალიან არასწორი მგონია – სრული უძილობისთვის ვწირავდი თავს, ღამის განმავლობაში, სულ მცირე 3-4 გაღვიძებისა და ძუძუთი კვების პარალელურად, მეორე ძუძუს ვიწველიდი, დღის დოზაც რომ დამეტოვებინა, რაც, თავის მხრივ, ბოთლისთვის საძინებელსა და მაცივარს შორის გამუდმებულ სირბილსაც მოითხოვდა. დარჩენილი სამი დღიდან, ერთს თბილისის ოფისში მუშაობას ვუთმობდი, ორს კი – სწავლას. არცერთი წამი საკუთარი თავისთვის, სიამოვნებისთვის, დასვენებისთვის. ასე დაიწყო წლები, რომლებიც სავსე იყო მხოლოდ პასუხისმგებლობებით. თუკი ჩემი თანატოლები მშვიდად ზრუნავდნენ საკუთარი თავის განვითარებასა და გართობაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა, მე სულ ახალ-ახალ სიმძიმეებს ვეჭიდებოდი. სულ ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ მიუხედავად პატარა ბავშვის მოვლისა, არავისზე ნაკლებად არ შევასრულებდი საქმეს და როგორც წესი, ყველგან გამორჩეულად კარგი შედეგები მქონდა. თითოეული შემდეგი სამსახური წინაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო, ძალიან სწრაფად ვვითარდებოდი. ყველაფერს ვიკლებდი, რომ ჩემს შვილს არაფერი მოკლებოდა, რომ ქმარ-შვილთან ერთად დამესვენა ზაფხულშიც და ზამთარშიც, რომ ჩვენი სახლი გვქონოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, მარტომ, ბუნებრივია, ვერ შევძელი. საზოგადოების თვალში რაღაცნაირად მაინც ისე გამოდიოდა, რომ ამ ყველაფრის გამო, არ ვიყავი საკმარისად კარგი დედა. დადას მამა კი გმირი იყო, რადგან მივლინებებში მომყვებოდა, ბავშვს ასეირნებდა და „მეხმარებოდა.“
რამდენიმე თვე პროკურატურაში მუშაობაც მოვასწარი, პროტესტითა და ჩხუბით გამოვიქეცი იქიდან, რადგან პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემი ქალობა ჩემი ნაკლი იყო. ხო, გავიარე ურთულესი და უდიდესი კონკურსი, რომ საუკეთესო 14 ადამიანში მოვხვედრილიყავი და შემდეგ, მათ შორის საუკეთესოც გავმხდარიყავი. პირობა ასეთი იყო – ის, ვინც უმაღლეს ქულებს მიიღებდა ურთულეს გამოცდებში, გახდებოდა ახლადშექმნილი სამსახურის უფროსი. ასეც მოხდა, ყველას ვაჯობე. მთავარმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ დამიბარეს და მომილოცეს. შემდეგ კი, მეორე ადგილზე გასული ბიჭი დანიშნეს ჩემ ნაცვლად ისე, რომ არავინ არაფერი მითხრა. ამ ბიჭმაც კარგად მოირგო უსამართლოდ მოპოვებული თანამდებობა, მე კი, როდესაც პასუხი მოვითხოვე ზემდგომი ქალისგან, მოვისმინე, რომ მართალია, ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მაგრამ „ამ სისტემაში ქალი უფროსები არ უყვართ“. შოკში ვიყავი, კარის მოჯახუნებით გამოვედი. ამაზე პროტესტის გამოთქმის გამო კი, ნიუ-იორკში რამდენიმე კვირიანი სასწავლო ვიზიტიდანაც ჩამხსნეს და ჩემ ნაცვლად სხვა გაუშვეს. ხო, ამ უკიდურესად მამაკაცურ სისტემაში ქალმა ლიდერებმა დამჩაგრეს ქალობის გამო. ალბათ, მაშინ საკმარისი გამოცდილება და ძალა მაინც არ მქონდა, საჯაროდ რომ ამეტეხა ამბავი. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვით უსამსახუროდ ვრჩებოდი.
ეს ამბავი იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს მოვუყევი, რომელიც მიცნობდა, როგორც პროფესიონალს, მე კი ვიცნობდი, როგორც გამორჩეულად სწორი ღირებულებების მქონე საჯარო მოხელეს. მახსოვს მისი გულწრფელი შეშფოთება, რამდენიმე დღეში სხვების ნაცვლად ბოდიში მომიხადა და აპარატში გადასვლა შემომთავაზა. იმ დროისთვის, ბევრად დაბალი ხელფასი, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო და საამაყო საქმის კეთების შესაძლებლობა მივიღე, ამიტომ, სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯმენტში ჩავერთე თამაზ ახობაძესთან ერთად, საოცარი შედეგები გვქონდა მოკლე დროში და პროგრამამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პარალელურად, საგრანტო პროგრამას ვხელმძღვანელობდი და დანაშაულის პრევენციის სხვა პროექტებსაც ვახორციელებდი. სახლში, როგორც წესი, ისეთ დროს მივდიოდი, როცა ბავშვის დაძინება მასთან ურთიერთობის ერთადერთი ხელმისაწვდომი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, ისიც, ყოველთვის არა. არ გამაჩნდა შაბათ-კვირა, შვებულებას სრულად ვერ ვიყენებდი და როცა ვიყენებდი, მაშინაც დისტანციურად ვმუშაობდი. რთული იყო, მაგრამ ამ სირთულეს სწრაფად მიღწეული, საამაყო შედეგებით გამოწვეული საოცარი კმაყოფილების განცდა აბალანსებდა.
შემდეგ რამდენიმე ადამიანმა ”დანაშაულის პრევენციის ცენტრი” შევქმენით და იქიდან გავაგრძელეთ პროგრამების მართვა. უკვე ახალი მთავრობის პირობებში, შევქმენით გუნდი და პროგრამათა ერთობლიობა, რომელიც ციხეებიდან სრულიად გაუაზრებლად, ერთიანად გამოშვებულ პატიმრებს უნდა დახმარებოდა, დაბრუნებულიყვნენ საზოგადოებაში. თეა წულუკიანთან ერთად ერთი წელი ვიმუშავეთ. მუდმივად გვიწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ ადრე დაწყებული უმნიშვნელოვანესი მიმართულებები გეგმის მიხედვით წარმართულიყო. მთავარი კონფლიქტი კი მაშინ წარმოიქმნა, როდესაც საარჩევნო აქტივისტების დასაქმება მთხოვეს მედიაციის სახლში და ამაზე ცივი უარი განვაცხადე, შემდეგ კი, ცენტრის დირექტორიც უსამართლოდ გაათავისუფლეს და მის ნაცვლად წულუკიანის შტაბის უფროსი დანიშნეს. წულუკიანმა პერსონალური ბრძოლა გამოგვიცხადა მე და თაზოს. ერთი თვე გვავიწროვებდნენ, რომ თავად დაგვეტოვებინა პოზიციები, მაგრამ ჩვენ დაუმორჩილებელი ბრძოლის გზა ავირჩიეთ. გათავისუფლებამდე, უკვე ვასაჯაროვებდით თითოეულ სიახლეს და შემდეგ სასამართლოში გავაგრძელეთ ხუთწლიანი ბრძოლა. სამივე ინსტანცია მოვიგეთ, სარჩელი თავად მოვამზადეთ, მოწმეები პირადად დავკითხე და იძულებული გავხადე, წულუკიანის ქმედებები დაედასტურებინათ სასამართლოს წინაშე, რაც კომფორტული ნამდვილად არ იყო მათთვის. მოგებულ საქმის აღსრულებამდეც დიდხანს გვაწვალეს, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან მართლები ვიყავით და ერთმანეთი გვყავდა. ჩვენ დაუმორჩილებელი, პრინციპების ერთგული საჯარო მოხელეები ვიყავით პირველივე დღიდან ნებისმიერი მთავრობის პირობებში და ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთად აღმოვჩნდით საოცრად მაგარი საქმის კეთებაში და შემდეგ უპრეცედენტო ბრძოლაშიც.
სულ ვამბობ, რომ მადლობელი ვარ წულუკიანის. მას რომ არ გამოვეშვი, იმ საქმეს, რომელიც საკუთარი შვილივით მიყვარდა, ადვილად ვერ დავტოვებდი. თუმცა, მისი გადაწყვეტილების შემდეგ, არანაკლებ საინტერესო საქმეების კეთება დავიწყე, გამოთავისუფლებული დრო კი საკუთარი ცხოვრების დალაგებას მოვახმარე. სწორედ ამ დროს „მოვიცალე“ ქმართან დასაშორებლადაც. ვიცოდი, რამხელა წინააღმდეგობების გადალახვა მომიწევდა. ვიცოდი, რომ მხარდამჭერი არავინ მეყოლებოდა. ასეც მოხდა – ურთულესი პროცესი გავიარე, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემებამდე და პოლიციის ჩართვამდეც მიმიყვანა. ეს რთული ბრძოლაც გადავლახე და მოგვიანებით, ჩემი შვილის მამასთან მეგობრობის დაწყებაც შევძელი.
ამას მოჰყვა რამდენიმე წელი, რომელიც, ალბათ, კომპენსაცია იყო მანამდე გამოტოვებული თუ პასუხისმგებლობებისთვის მიძღვნილი წლებისა. ერთიანად, მთელი ძალით დავიწყე სრულიად ახალი ცხოვრება. ცეკვა აღმოჩნდა ჩემი გათავისუფლების მთავარი წყარო, როგორც 12-13 წლის ასაკში. ოღონდ ამ შემთხვევაში, ოთახში ჩაკეტილი კი არა, სხვებთან ერთად ვცეკვავდი ბევრს და დაუღალავად, მთელი ძალით! ეს იყო საკუთარ თავთან ჩაღრმავების, კვლევის, თავგადასავლების, სამყაროსთან შერწყმის, გათავისუფლების პერიოდი, გათავისუფლების ყველაფრისგან და ყველასგან. ამ კვლევის ნაწილი იყო საკუთარი სექსუალობის კვლევაც, სურვილებზე დაკვირვება და შედეგად, საკუთარი სხეულის შეყვარება და მიღება. სწორედ ამ გათავისუფლების პერიოდში დავეხმარე ალბათ ყველაზე მეტ ადამიანს, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მქონდა ამის რესურსი. ვიბრძოდი ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბავშვების, ლგბტ ადამიანების გადასარჩენად სრული ენთუზიაზმითა და უდიდესი ენერგიით. მომწონდა ის, რომ ეს ბრძოლა არ იყო პირდაპირ კავშირში ჩემს იმდროინდელ სამსახურთან, მოქმედების სრული თავისუფლება მქონდა, არანაირი ვალდებულება, მხოლოდ შინაგანი მოტივაცია. ასევე, ვალდებულებების გარეშე ვუერთდებოდი სხვადასხვა მოძრაობას და მიჩნდებოდა განცდა, რომ ძალიან ძლევამოსილი ვიყავი, რომ ბევრი თანამებრძოლი მყავდა და ბევრის თანამებრძოლი ვიყავი. მეგონა, რომ თავისუფლება ყველას ერთნაირად გვიყვარდა და ყველა ეს ბრძოლა, სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. მაგრამ 2018 წელს მომხდარმა მოვლენებმა გამომაცალა ეს ყველაზე დიდი საყრდენი. მე არ დავუნგრევივარ ისედაც ჰომოფობი, ახალგაზრდებისა და პროგრესის მოძულე ადამიანების მხრიდან აგრესიას – იმის გააზრება აღმოჩნდა ყველაზე მტკივნეული, რომ ვინც თანამებრძოლი მეგონა, მზად იყო, წაქცეულისთვის წიხლი მოეყოლებინა. ჩემი ცეკვის გამო, სამმა შეშინებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა, საჯაროდ მოეხადა ბოდიში და ტიტები მიეტანა მემორიალთან. როგორი ყალბი და თან სასტიკი იყო მათი ეს ნაბიჯი. თავის გადარჩენა და სუფთად გამოძრომა ჩემგან გამიჯვნით სცადეს, როდესაც ორკები სიცოცხლის მოსპობითა და წამებით მემუქრებოდნენ.
13 მაისს, საღამოს, კუდამოძუებულები გავბრუნდით სახლში და ამის ფონზე, 17 მაისის წართმევაც სცადეს. ცალსახა იყო, რომ ეს იქნებოდა უპრეცედენტოდ მასშტაბური 17 მაისი, რადგან ჩვენ ყველანი ერთ საერთო ბრძოლაში ვიყავით, მუხტიც ჯერ კიდევ მაღალი იყო. ცხადია, მთავრობას საპროტესტო ტალღის შემობრუნება არ აწყობდა და ყველაფერი გააკეთა თემის შიგნით განხეთქილების წარმოსაქმნელად. რამდენიმე აქტივისტმა, წინა ღამეს ოფიციალურად გაუქმებული დემონსტრაციის მიუხედავად, კანცელარიასთან გასვლა მაინც გადავწყვიტეთ. სხვებიც შემოგვიერთდნენ და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მაინც აღვნიშნეთ. სრული ქაოსი და სიგიჟე ხდებოდა იმ დღეებში. სამსახურში, სადაც რამდენიმე თვის მისული ვიყავი მთელი ამ ჩემი დაგროვილი ენთუზიაზმით, აუტანელი ბულინგი გამოვიარე. აღარც ძალა მქონდა ბრძოლის და სიმართლე რომ ვთქვა, მათთან ბრძოლა არც მინდოდა. მივიღე ბრალდებები, რომ მე ვყოფილვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რომ რატომღაც, მე ამ ბრძოლის უფლება არ მაქვს. სრული აბსურდი, რომელიც მაშინ ძალიან მტკიოდა და მეხებოდა.
ამავდროულად, უცხო ადამიანებისგან უამრავ ზიზღსა და უსაზღვრო სიყვარულს ვიღებდი. საშინლად დამაბნეველი იყო. გონება ამ დროს ისტერიულად მუშაობს. ერთდროულად გმირი და მსხვერპლი გგონია თავი. დამატებით პასუხისმგებლობებს გიჩენენ, რომელთა ტარებაც, უბრალოდ, აღარ შეგიძლია. ამას დაემატა უახლოეს ადამიანებთან გაფუჭებული ურთიერთობები და ფესტივალზე პირველი ფიზიკური თავდასხმა, მთელი თავისი თანმდევი, სასტიკად მატრავმირებელი გამოცდილებით. დომინოს პრინციპით ჩამომენგრა ყველაფერი და დეპრესიამდე და შფოთვით აშლილობამდეც მივაღწიე. ამ პერიოდზე, ალბათ, ყველაზე მეტი შემეძლო მესაუბრა, მაგრამ დღემდე მიჭირს. ვიცი, რომ ბოლომდე არ მაქვს გადალახული და როგორც არ უნდა დავძლიო, მაინც უდიდეს იარებს დამიტოვებს.
იარები მერე და მერე დამემატა, სულიერიც და ფიზიკურიც. პირად ურთიერთობებში დიდი ქაოსი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულისა და ნამდვილის პოვნა და შემდეგ დიდი ნგრევა. მეტისმეტად მგრძნობიარე და ემოციური ვარ. უფრო სწორად, ვიყავი და ალბათ, ისეთი აღარასდროს ვიქნები. უდიდეს კომპრომისებზე წავსულვარ სიყვარულისთვის. პრობლემა კი, ხშირად, ჩემი თავისუფლება და სილაღე იყო, ჩემი სიძლიერე და აქტიურობა, ჩემი პირდაპირობა, ჩემი ყოფილი პარტნიორების რაოდენობა და ჩემი დედობაც კი – ყველაფერი ის, რაც ჩემი პიროვნებისა და ისტორიის ნაწილია და რისიც არასდროს შემრცხვება.
წარბთან რეალური იარაც მაქვს. კინოთეატრ ”ამირანთან” რამდენიმე ქვიარ ადამიანს მათივე თხოვნით გავყევი, ესენი და იქ მყოფი სხვა ადამიანებიც შევაცილე, საკუთარ თავს კი საფრთხე ვერ ავარიდე. ბევრმა ჩემიანმა პირდაპირ ეთერში სისხლიანი მნახა. მე კი საშინელი ტკივილი მახსოვს, ფიქრი, რომ თვალი დავკარგე და რომ ეს მხოლოდ ჩაქოლვის დასაწყისი იყო. ესეც გადავიარე და კიდევ ერთხელ დავდექი ფეხზე.
დღეს მე უკვე დიდი გოგო ვარ, უფრო სწორად, ქალი. სრულიად დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი სისუსტეებით, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მივიღე. ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება. უკან რომ დავბრუნდე, არაფერს შევცვლიდი. ახლა ვიცი, რომ წამოდგომას ნებისმიერი წაქცევის მერე შევძლებ. ვიცი, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნო და ბოლომდე შევიყვარო იმისთვის, რომ კარგი საქმეების კეთება კიდევ შევძლო და იმისთვისაც, რომ უბრალოდ მე ვიყო კარგად.“
ავტორი: ანა სუბელიანი
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი