ანა ჯაფარიძე, 15 წლის, გორი
სკოლა
————-
“გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ვსწავლობ. სკოლას რომ შევხედოთ სხვადასხვა მხრიდან, ბევრ დადებითს და უარყოფითს აღმოვაჩენთ. დავიწყებ იქიდან, რომ სკოლა ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის და აღზრდისთვის, რადგან ჩვენი ცხოვრების და ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს სკოლაში ვატარებთ. ასე ვთქვათ, იქ ვანსხვავებთ შავს და თეთრს, იქ ვაწყდებით წინააღმდეგობებს და ა.შ. მაგრამ სხვა მხრიდან თუ შევხედავთ განათლების სისტემას, უამრავი პრობლემაა და ბევრი რამ არ მომწონს. მგონია, რომ სკოლა არის ის დაწესებულება, რომელიც, თითქოს, ერთ ნაჭუჭში გვაქცევს და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იბრძოლოს, რომ რეალიზება მოახდინოს იმ ცოდნის, რასაც სკოლიდან იღებს. განათლების სისტემა არ ფიქრობს მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზე და იმაზე, რამდენად გამოადგება მის პროფესიას კონკრეტული საგანი. ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ ბევრი მოსწავლის, რომ ჩვენ თვითონ ვქმნიდეთ საკუთარ ცხრილს და სასწავლო გეგმებს, რომელიც ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის გამოგვადგება. ამით ჩამოყალიბდება ის პროფესიონალიზმი, რომელიც დაამსხვრევს არაკვალიფიციური კადრებისგან შემდგარ სისტემას და აღმოფხვრის პრობლემას.
ერთ-ერთი დიდი და რეალური პრობლემა არის ბულინგი სკოლებში. ეს ეხება, არამხოლოდ, იმ ინდივიდს, რომლის თავსაც ეს ხდება, არამედ მთლიან საზოგადოებას. ბულინგის არსებობა არის დასტური იმისა, რომ ბოროტება და აგრესია გავრცელებულია მოსწავლეებში. სახელმწიფოს მხრიდან ის ქმედებები, რაც რამდენიმე თვის წინ მომხდარ ცნობილ ტრაგედიას მოჰყვა, უმჯობესი იყო მანამდე ყოფილიყო და იქნებ თავიდანაც აგვეცილებინა მსგავსი ტრაგედიები. დღეს პოლიციის ეკიპაჟი მუდმივად დგას სკოლასთან და აკონტროლებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, მაგრამ მხოლოდ პოლიცია და გამკაცრებული კონტროლი არ არის გამოსავალი. ჩემი აზრით, პრობლემის გადაჭრის სხვა გზებზეც უნდა ვიფიქროთ. მაგალითად, სკოლაში სისტემატურად უნდა დადიოდეს ფსიქოლოგი, რომელიც არამარტო ბავშვებთან, არამედ მშობლებთანაც იმუშავებს. დღეს ასე არ არის. ჩვენთან ფსიქოლოგმა იმ ტრაგედიის შემდეგ ერთი საერთო შეხვედრა ჩაატარა სკოლაში, სადაც დასწრება ნებაყოფლობითი იყო. გულდასაწყვეტია, მაგრამ ბევრი არ დაესწრო ამ შეხვედრას. ამიტომ ვთვლი, რომ ფსიქოლოგთან შეხვედრები სავალდებულო ან საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს. მაგალითად, ფსიქოლოგი რომ შედიოდეს კლასში ინტენსიურად და ბავშვებს ესაუბრებოდეს. მგონია, რომ ფსიქოლოგს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ბავშვის აგრესიული ქცევა. საინტერესო იყო ამ საერთო შეხვედრისას წამოჭრილი საკითხები. მაგალითად, კითხვაზე ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში (ავტ. იგულისხმება ტრაგედია, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა რამდენიმე თვის წინ), გოგოების უმრავლესობამ უპასუხა, რომ დარეკავდა 112-ში ან პოლიციას მიმართავდა. ბიჭები კი ამბობდნენ, რომ თავად მივიდოდნენ და არ ჩარევდნენ პოლიციას.
რაც შეეხება მასწავლებლების დამოკიდებულებებს, ვხვდები სტერეოტიპებით მოაზროვნე მასწავლებლებსაც და ამ სტერეოტიპებისგან თავისუფლებსაც. მაგალითად, მახსოვს ერთხელ ბიჭს დაავალა ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაფის გაწმენდა. ჩემმა კლასელმა ბიჭმა ეს გააპროტესტა – მე რატომ უნდა გავწმინდო, როცა კლასში 15 გოგოაო. საპასუხოდ კი მასწავლებელმა თანასწორობაზე საუბარი დაიწყო და ეს ძალიან მესიამოვნა. ხომ შეიძლებოდა გაჩუმებულიყო და არც არაფერი ეთქვა? თუმცა ისიც მახსოვს, ცინიზმით როგორ თქვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ორსულ გოგოზე, რომ მოსწავლეების საყურეებით სიარულს ვინ ჩივის, როცა „ამხელა მუცლით“ უზის გოგო კლასში. ასევე, მეგობრებისგან ხშირად მსმენია როგორ ეუბნებიან მასწავლებლები, რომ კონკრეტულ ლექსსის ან ნაწარმოების ჩაბარებისას ბიჭებზე გაამახვილებს ყურადღებას, ან ბიჭებისგან დაიწყებს გამოკითხვას, რადგან გოგოებს არ ეხებათ პატრიოტიზმის თემა. ისიც მსმენია, რომ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და მსგავსი საგნები დიდად არ მოეთხოვებათ გოგოებს და ვერც გაართმევენ ისე თავს, როგორც ბიჭები მოახერხებენ და ა.შ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ეს ბოლო მაგალითები ჩემს თვალწინ არ მომხდარა. მე არც გავჩუმდებოდი ამაზე, რადგან კარგად გავიაზრე, რომ გაჩუმებით პრობლემა არ გვარდება და თუ თითოეული ჩვენთაგანი არ ვეცადეთ ჩვენი წვლილის შეტანას, იქამდე ვერ გავალთ იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.
მე ჟურნალისტობას ვაპირებ. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მინდა ჟურნალისტობა არის ის, რომ ხალხთან მქონდეს უშუალო კავშირი. მინდა მათ ვუთხარ, რომ ის გასაჭირი რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა, გაივლის მაშინ, როცა აღარ შეგვეშინდება ხმის ამოღების და ჩვენი აზრის დაცვას შევძლებთ.”
ახალგაზრდა ფემინისტები
———————————————–
“ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ, ანუ თავს ფემინისტად ვთვლი. მანამდე არაფერი ვიცოდი ფემინიზმის შესახებ, სანამ სოციალურ ქსელში სულ შემთხვევით არ ვნახე ინფორმაცია სამუზეუმო კვლევის შესახებ, რომელიც ფემინისტ ქალებს შეეხებოდა. ესენი არიან ის ქალები, რომლებმაც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორია შეცვალეს, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით მათ შესახებ. ასე მოვხვდი ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფში, სადაც ბევრი რამ გავიგე ფემინიზმის შესახებ. მას მერე, რაც გავიგე რას გულისხმობს და მოიცავს ფემინიზმი, ბევრი მოვლენა ამომიტივტივდა გონებაში ჩემი ცხოვრებიდან, რასაც მანამდე სახელს ვერ ვარქმევდი და მაწუხებდა. მაგალითად, მახსოვს ორი წლის წინ საავადმყოფოში ასეთ სურათს წავაწყდი. ცოლ-ქმარი იყვნენ, რომლებიც ბავშვის სქესის გასაგებად იყვნენ მოსულები. კაცს თან მეგობარი ახლდა და სანამ ქალი ექიმის კაბინეტში იმყოფებოდა ქმარს მეგობარი ამშვიდებდა, რომ აუცილებლად ბიჭი იქნებოდა „ვაჟკაცს ხომ ბიჭი შეეფერება“. ქალი როდესაც გამოვიდა და თქვა, რომ ბიჭია, მახსოვს ქმრის საოცრად გაბრწყინებული თვალები და სიტყვები „ძლივს შვილი მეღირსა!“. აღმოჩნდა, რომ მათი პირველი შვილი გოგო იყო. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ვერც გავაანალიზე, მაგრამ დამამახსოვრდა და ჩამრჩა.
საზოგადოებაში და ჩემს ირგვლივ, არცთუ ისე კარგი დამოკიდებულებებია ფემინიზმის მიმართ. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ საზოგადეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია ფემინზმის შესახებ. ფემინიზმის შესახებ საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს, ხშირად საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. ფემინისტები ჰგონიათ კაცთმოძულე ქალები, რომლებიც ქალების უფლებების წინ წამოწევით აკნინებენ კაცების უფლებებს. ვგრძნობ, რომ კაცებს ძალიან ეშინიათ ქალების ძალას და წინააღდეგობას როცა ხედავენ.
ჩვენს საინიციატივო ჯგუფში განსაკუთრებით ვღელავთ, როცა ნაკლებ ინტერესს ვხედავთ ახალგაზრდებში ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, მაქსმალურად ვცდილობთ გავაზიაროთ ცოდნა და ინფორმაცია, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რაც ფემინიზმთან არის დაკავშირებლი და მეტი ახალგაზრდა გავხადოთ ჩვენი გუნდის წევრი.
მე, 15 წლის ასაკში, თავს ფემინისტად იმიტომ ვთვლი, რომ მგონია ვალდებული ვარ ხმა ამოვიღო იმ მილიონობით შეშინებული და გაჩუმებული ქალის ნაცვლად, ვინც დღემდე ითმენს ტკივილს და ზეწოლას. მინდა მათ ჩემი ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, რომ არ გაჩუმდნენ. თუკი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში იყვნენ კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა ქალები, რომლებიც იბრძოდნენ დამახინჯებული აზროვნების წინააღმდეგ, რატომ არ შეიძლება, რომ ოცდამეერეთე საუკუნეში ხალხმა გაიცნოს ანა ჯაფარიძე და ის ახალგაზრდა ფემინისტთა ჯგუფი, რომელიც დღეს იბრძვის ძალადობრივი და უთანასწორო საზოგადოების წინააღმდეგ.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სოფო აფციაური