ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ გაიგეთ აქ ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც შეიძლება გარეთ არ გადიან, მაგრამ ცოცხლობენ და აზროვნებენ… არადა ჩვენ აქაც მოგვწონს ყოფნა. როგორც სახლში ისე ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან ვურთიერთობთ. მახსოვს, ერთი ქალი წავიდა ამ სახლიდან, ოჯახში ვბრუნდებიო, მაგრამ ვერ გაძლო და ისევ უკან დაგვიბრუნდა.

სიყვარულზე და მიმტევებლობაზე მინდა გელაპარაკოთ. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მართალია ეკლესიაში ხშირად ვერ დავდიოდი და ვერც ახლა დავდივარ, მაგრამ ქრისტესი მჯერა და მისი გზის. აი, ახლა ტელევიზორს რომ ჩართავ და ათას უბედურებას უსმენ, ხან ვის ცემენ, იმიტომ რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვს, ხან ვის კლავენ, რომ ისე არ გამოიყურება, როგორც სხვები. ეს ხომ არ არის ნორმალური, ამას ხომ არ გვასწავლიდა ღმერთი?! მახსოვს ჩემს პირველკლასელობაში გურჯაანში ჩვენს სოფელში ჩემს კლასელს ყავდა დეიდა, რომელსაც ერთი ქალი უყვარდა. ეს ყველამ იცოდა სოფელში, მაგრამ ყველა ერთნაირად კი არ იქცეოდა. ზოგი კიცხავდა, ზოგიც ჩვეულებრივად იღებდა. იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ის ხომ ასეთი გაჩნდა და დედამ ასეთი მიიღო. ის ქალი თავის მეგობართან ერთად ასე ბედნიერად დაბერდა. ახლა მეორე ამბავს გავიხსენებ, ტელევიზორში ვნახულობ-ხოლმე, კაცი, რომ იყო და ქალი გახდა. რატომ უნდა გავლანძღონთ ასეთი ადამიანი, ის ხომ არავის არაფერს უშავებს, დედამ გააჩინა ასეთი ბუნების და უნდა გააკეთოს ის, რაც მას უნდა. მთავარია სხვას არ ავნოს და სხვას არ გაუკეთოს სიბოროტე, თორემ ვისაც როგორი უნდა ისეთი იყოს. ასე მგონია მე სიყვარული და მიმტევებლობა. ყველას გილოცავთ ახალ წელს.”

მსგავსი ისტორიები