ანიჩკა ბებო, 82 წლის, ხადას ხეობა, სოფელი წკერე
„18 წლის ვიყავი შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე ქმარი, შემდეგ შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ. მე აქ მარტო ვარ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში შვიდი-რვა კომლი იკრებს თავს. როგორც კი აცივდება ყველანი ქვევით მიდიან და ვრჩებით მარტო 2 კომლი: მე – მარტო და ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი.
ზამთარში წკერეში თითქმის არავინ ამოდის. როცა მოთოვს, მხოლოდ ტრაქტორს შეუძლია მოსვლა, ისიც ქვედა ხიდამდე და მერე ფეხით უნდა იაროს მგზავრმა. მახსოვს, ადრე საქონელს აკვლევინებდა მოსახლეობა გზას და მერე მარხილებით დავდიოთ ზევით და ქვევით. ახლა ზამთარში გაუდაბნოებულია აქაურობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრე, წკერეში და სხვა ახლომახლო სოფლებში 4 კლასიანი სკოლები იყო და ბავშვები იქ დაყავდათ მშობლებს. ქვეშეთშიც იყო სკოლა-პანსიონი და მერე ბავშვები იქ აგრძელებნენ სწავლას და დარჩენაც შეეძლოთ, რომ ყოველდღე თოვლში კილომეტრები არ ქონოდათ გასავლელი. ახლა სკოლები აღარ გვაქვს. მარტო ქვეშეთშია საჯარო სკოლა და ბავშვებს ხომ არ დატოვებენ ოჯახები საშუალო განათლების გარეშე?! ამიტომ აიყრებიან ხოლმე აგვისტოში და მიდიან ივნისამდე ქვევით: ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგიც პატარა ქოხში, რომ როგორმე შვილებმა საშუალო განათლება მიიღონ. ასე იცლება სოფლები. ამიტომაც დაიცალა წკერე.
ვცდილობ შემოდგომაზე, სანამ კიდევ მანქანებს ამოსვლა შეუძლიათ, მოვიმარაგო ზამთრის სანოვაგე. ძალიან დავბერდი, ფეხები მტკივა და ვეღარც საქონელს ვუვლი, ვერც ბოსტანს. ამიტომ ყველაფერს ვყიდულობ და ვიმარაგებ, რომ ზამთარში არაფერი მომაკლდეს, თორემ აქ არც მაღაზიაა და ვერც ვერავის გავაგონებ ხმას, რამე რომ დამჭირდეს. პენსია 216 ლარი მაქვს და დახმარება 50 ლარი. პენსიას მარტო ქვედა სოფელში თუ აიღებ, ამიტომ ჩემით ვერ ჩავდივარ და იქაურ სოფლელებს ვთხოვ, ჩემს მაგივრად აიღონ და შემინახონ. როცა კი ვინმე ამოივლის მანქანით, ვთხოვ-ხოლმე, რომ წამიყოლოს, შენახული პენსიის გამოსართმევად.
მახსოვს 3 წლის წინ ზამთარში სულ მარტოკა ვიყავი. 3 თვის განმავლობაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ჰოდა ვიყავი მარტო და ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს. საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი და ასე ვერთობოდი. მაშინ ტელევიზორიც არ მქონდა და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, რომ მეგრძნო, ცოცხალი ვიყავი. მაშინ ვიფიქრე, ერთი პატარა კნუტი როგორ გამართობდა: დაველაპარაკებოდი, მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, მოვეფერებოდი…
მატყლთან მუშაობა ძალიან მიყვარს: მატყლს ვრეცხავ, ვჩეჩავ და ვართავ ძაფს. ამ ძაფებსაც მე ვღებავ. მომწონს ნაირნაირი ფერები, მახალისებს. ზამთარში მოქსოვილ წინდებს ზაფხულში ტურისტებზე ვყიდი. წკერეში ბევრი ტურისტი ამოდის, ზოგმა რუსულიც კი არ იცის და ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ, მაგრამ იმით ვხალისობ, რომ ფოტოებს მიღებენ, თან ჩემი ნახელავიც მოსწონთ. ერთმა ტურისტმა 300 ლარის წინდა იყიდა ჩემგან, ალბათ თავისი ოჯახის წევრებისთვის. უცხოელებს უფრო მოსწონთ მატყლის ნაქსოვი ნივთები. თორემ ახლა იმდენი თანამედროვე ტანსაცმელი შემოვიდა, ვიღას ახსოვს მატყლის წინდა.
როგორც მთის მუდმივ მაცხოვრებელს, ზამთარში გაზი უფასო მაქვს. მარტო მაისიდან ოქტომბრამდე ვიხდი გაზის საფასურს. მაგრამ სახლში წყალი არ მომდის და გზის გადაღმიდან მომაქვს ვარცლებით, რომ სარეცხი დავრეცხო. გაგეცინებათ, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს ღმერთთან, რომ როცა წამიყვანს, ზამთარში ნუ იზამს ამას. არ მინდა ხალხი შევაწუხო ამ მთის წვერზე თოვლში ფეხით ამოსვლით.“