ანი ქარდავა, 25 წლის, გალი

„ძალიან პატარა ვიყავი გალი რომ დავტოვეთ, სადღაც წლის და 8 თვის, ამიტომ სახლის დატოვების მომენტი და მგზავრობა კარგად არ მახსოვს. მახსოვს თბილისში ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, როცა ჩამოვედით.

მახსოვს 14 ლარზე რიგში დგომა, რომ წყალი არ გვქონდა, რომ 2 გაჩერება უნდა გევლო ფეხით წყლის მოსატანად. მახსოვს, მამაჩემის წასვლა რუსეთში სამუშაოს მოსაძებნად, დეიდაჩემის წასვლა თურქეთში, ასევე, სამუშაოდ. მახსოვს, ჩემი ძმა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო და თანხის გადახურდავების ჯიხურში მუშაობდა. მთელი ოჯახი მისი შემოსავლით ვცხოვრობდით. მოგვიანებით, მდგომარეობა უფრო გაუარესდა, მამაჩემი ვერაფერს გვიგზავნიდა, დეიდაჩემის გამოგზავნილი თანხით კი მე, დედა და ჩემი 3 ძმა ვერ ვიცხოვრებდით, ამიტომ მე, დედა და ჩემი უმცროსი ძმა თბილისში დავრჩით, ჩემი ორი ძმა კი თურქეთში წავიდა დეიდაჩემთან სამუშაოს საპოვნელად. ერთი 15 წლის იყო, მეორე 17-ის. მახსოვს, მათი წასვლის შემდეგ დედა დაახლოებით 2 თვე ტიროდა. ნერვიულობდა და ცუდად იყო, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდა და დედამაც სხვანაირად დაიწყო ფიქრი.

ჩემი ძმები თეთრეული „დო-რე-მი“-ს (ახლანდელი „თაჩი“) საწყობში მუშაობდნენ. უფროსი ძმა იხსენებს ხოლმე, რომ ძალიან მინდოდა იმ ბიჭებივით ვყოფილიყავი, საღამოობით მეგობრებთან ერთად რომ დასეირნობდნენ მშვიდად ქუჩაშიო, მაგრამ ეს ფუფუნება იყო ჩემთვის, რადგან დღეში 12 საათს ვმუშაობდიო.

ჩემი ძმა დღეს „თაჩი“-ს გენერალური დირექტორია მოსკოვში.
არცერთს ბავშვობა არ ჰქონდათ, სულ მუშაობდნენ, სულ ჩვენ გვარჩენდენ და ჩვენთან აგზავნიდნენ გამომუშავებულ თანხას, ალბათ, ამიტომაცაა, რომ უფროსი ძმა დღემდე შვილების სათამაშო მანქანებით თამაშობს ხოლმე, რადგან ის პერიოდი, როდესაც ბავშვურად უნდა ეცხოვრა, მას არ ჰქონია.

წასვლიდან დაახლოებით 7 წელიწადში დაბრუნდნენ უკან და დღემდე ვგრძნობ იმას, რაც ამ წლებმა დააკლო ჩვენს ურთიერთობას. ისეთი და-ძმური ურთიერთობა, ახლო და მჭიდრო ვეღარ გვაქვს. ძალიან ბევრი დაგვაკარგვინა იმ 7-მა წელმა, თუმცა, ფაქტია, გადაგვარჩინა კიდეც.

ამ რთული პერიოდიდან ჩარჩენილი მაქვს ერთი მოგონება: ბაღში საახალწლო წვეულება გვქონდა, მე წითელქუდას როლი მერგო და მასწავლებელმა მკაცრად დაიბარა, რომ წითელი კაბით და ქუდით მივსულიყავი. ძალიან გვიჭრიდა მაშინ, ჩემი ძმები ახალი წასულები იყვნენ თურქეთში, იყო დღეები პურის ფული სანატრელი გვქონდა, ამიტომ, როგორც ბავშვი, ძალიან განვიცდიდი, რომ წვეულებაზე შეიძლებოდა სხვების მსგავსად შესაბამისად ჩაცმული ვერ მივსულიყავი. მახსოვს, ბაღში ვიჯექი ერთ-ერთ ოთახში, გარშემო დედები შვილებს აცმევდნენ, პრანჭავდნენ, თმებს უკეთებდნენ. მე სკამზე ვიჯექი მარტო და დედას ველოდებოდი, რომელიც შემპირდა ვიშოვი რამენაირად კაბას, არ ინერვიულო, და მოვალო. მახსოვს, გადალაპარაკებები, რომ დევნილი ვიყავი და ძალიან გვიჭირდა. ძალიან ვღელავდი, მეგონა, დედამ ვერ მიშოვა კაბა, მაგრამ მეხსიერებაში კარგად მაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა ოთახში დედა დავინახე წითელი კაბით და ქუდით ხელში.“

მსგავსი ისტორიები