ანი წითლიძე, 29 წლის, ზუგდიდი
„ძაღლში გაცვლილი გურული ხარო“, მაგრამ მერვე თაობაა ზუგდიდში ვცხვრობთ.
სკოლა 2003 წელს დავამთავრე. მაშინ, როცა მისაღებ გამოცდებზე ისევ დიდი კორუფცია იყო. დედა მასწავლებელი მყავს, მამა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უმუშევარია და ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ძმა ჩემზე პატარაა. შესაბამისად, შესაძლებლობა არ მქონდა თბილისში წავსულიყავი სასწავლებლად. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ 6 წელი ევროპაში ვიცხოვრე დამოუკიდებლად, თავი ვირჩინე, ვისწავლე და თბილისში რატომ ვერ ვიზამდი, მაგრამ პატარა ვიყავი და გადავწყვიტე ზუგდიდში ჩამებარებინა. მაშინ თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი იყო, სადაც მოხვედრა, თან იურიდიულ ფაკულტეტზე, ძალიან რთული იყო კორუფციის გამო. ოჯახის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთადერთი რაშიც რეპეტიტორთან მომზადებას ვახერხებდი, სამართალი იყო.
სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ამავე დროს, რამდენჯერმე გარიცხვის კანდიდატიც ვიყავი, რადგან სულ ვაპროტესტებდი იმ პრობლემებს, რაც დღესაც არის სკოლებში. მახსოვს, ერთხელ ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა ერთ-ერთ ბიჭს ხელი გაარტყა იმის გამო, რომ დავალება არ ჰქონდა. მე პროტესტის ნიშნად გაკვეთილი დავტოვე და მთელი თვე აღარ შევდიოდი მათემატიკის გაკვეთილზე. სასაცილო ის იყო, რომ იმ ბიჭმა მასწავლებეთან ურთიერთობები დაალაგა და მე გარიცხვის კანდიდატი აღმოვჩნდი. მასწავლებლის წინააღმდეგ აქციაც გავმართეთ ჩემი ინიციატივით. წარმოიდგინეთ, დედაჩემი იმ სკოლის მასწავლებელი და თან ერთადერთი შემომტანი იყო ოჯახში. მაგრამ, მაშინ ვთვლიდი, რომ მასწავლებელი ასე არ უნდა ურთიერთობდეს მოსწავლესთან. პრობლემები მქონდა იმის გამოც, რომ ჯინსით დავდიოდი სკოლაში და მაშინ ეს არ შეიძლებოდა. ერთხელ დავწერე, შუშანიკი გმირი არ მგონია და აბო კიდევ, ჩვენთვის თუ გმირი იყო, არაბებისთვის ხომ მოღალატე იყო-თქო და ამაზე იმხელა ამბავი ატყდა, რომ დედაჩემი დაიბარეს, შენი შვილი სადაც გინდა იქ წაიყვანეო. ნუ, ბოლო ერთი წელი, პრაქტიკულად, სკოლაში აღარ მივლია და ჩემით ვემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის.
ის, ვინც მუდმივად მხარს მიჭერდა, მამაჩემი იყო. მამა ყოველთვის თვლის, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, შუშანიკზეც და სხვა დანარჩენზეც. რამდენჯერმე მივიდნენ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები მასთან, ალბათ, ეგონათ მამა გამაჩუმებდა. მამამ უპასუხა, ჩემი შვილი ანტი-სახელმწოფოებრივ ქმედებას რომ არ ჩაიდენს, ამაში დარწუნებული ვარ და რაზე გაკრიტიკებთ კი არ მინახავს, მაგრამ მჯერა მართალი იქნებაო.
ბრძოლა
———–
ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ იურიდიულზე ისეთი ამბავია, ვერ ჩააბარებ და ტყუილად გული დაგწყდება, ჯობია, პედაგოგიურზე ჩააბარო და მშვიდად იყოო. ნუ, მე კატეგორიულად ვთქვი, რომ იურიდიულზე ჩავაბარებ. ორი ათიანით და ერთი რვიანით სტუდენტი გავხდი, მაგრამ თითოეული ქულისთვის დიდი ბრძოლა მომიწია. მახსოვს, ისტორიის გამოცდაზე პირდაპირ კომისია მოვითხოვე. სამ საათზე მეტ ხანს მცდიდნენ. კომისიის წევრები პანიკაში იყვნენ, რადგან მე იმ სიაში არ ვიყავი, ვისაც ფული ჰქონდა გადახდილი, მაგრამ ვერ ჩამჭრეს. ვეუბნებოდი, არ დავთმობ, ჟურნალისტებს მოვიწვევ და მათ წინაშე ჩაგაბარებთ-მეთქი. 10 ქულით გამოვედი გამოცდიდან და ასე გავხდი სტუდენტი. ზუგდიდში ვისწავლე 4 წელი. მაშინდელ სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. სტუდკავშირის ალტერნატიული მოძრაობა შევქმენით უნივერსიტეტში და დიდი დაპირისპირება გვქონდა მაშინდელ სტუდკავშირთან.
2006 წელს, მეოთხე კურსზე, მაგისტრატურაზე სწავლისთვის გრანტი მოვიპოვე სამეფო კოლეჯში, დიდ ბრიტანეთში. 80% აფინასებდნენ ისინი, 20% მე უნდა დამეფინასებინა, მაგრამ ძალიან დიდი თანხა იყო. მერე აღმოვაჩინე, რომ იგივე პროგრამა – ევროპათმცოდნეობა – რიგაშიც იყო და იქ გადმოვიტანე, მაგრამ ეს 20% მაინც დასაფინანსებელი მრჩებოდა. სულ 5000 ევროზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს იმხელა თანხა იყო, ერთი სახლს თუ გაყიდიდნენ, მეტს ვერაფერს იზამდნენ. მაშინდელ გუბერნატორს, რომელსაც არ ვიცნობდი, კაბინეტში დავადექი და მოვუყევი ვინ ვიყავი, სად ჩავაბარე და ა.შ. ვუთხარი, რომ თქვენ გევალებათ ხელი შემიწყოთ და დამაფინანსოთ, თქვენი (პარტიის) კადრი არ ვიქნები, მაგრამ საქართველოს კადრი ვიქნები-თქო. რომ გაიგო რამდენი მაკლდებოდა, მითხრა „კარგიო“. თან დავუბარე, ერთ კვირაში მივფრინავ და თქვენ თუ ეს არ დამიფინანსეთ, იცოდეთ, ამით დიდ შეცდომას უშვებთ და რეგიონი დაკარგავს კადრს-თქო. მართლა არ ვიცი რამ გაჭრა, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ სწავლის ფული გადარიცხული იყო.
ზუგდიდიდან პირდაპირ რიგაში აღმოვჩნდი. თავის რჩენისთვის მძიმე შრომა დამჭირდა. პირველი რაც გავაკეთე, სწავლის პარალელურად სამ ადგილას დავიწყე მუშაობა, მათ შორის, ღამის სმენაშიც. ასევე, ვსწავლობდი ლატვიურს და ფრანგულს. სამი თვის მერე, მეორე სიგიჟე გავაკეთე. წერილი დავწერე და მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გავუგზავნე – ვიცი საელჩო იხსნება ლატვიაში და პრაქტიკების გავლა მინდა ამ საელჩოში-მეთქი. ნუ, საბოლოოდ მე დავინიშნე ელჩის დროებით თანაშემწედ ისე, რომ არავინ მიცნობდა. ელჩიც კი არ მიცნობდა. საელჩოში დილის 9-სდან საღამოს 8-მდე ვმუშაობდი. მერე მივდიოდი საერთო საცხოვრებელში, ვისვენებდი ერთი საათი და 9 საათზე მეწყებოდა ღამის სამუშაო, როგორც გამყიდველს და ოფიციანტს. აი, ასეთ რეჟიმში ვიცხოვრე, დაახლოებით, 3 წელი. 2 მაგისტრატურა დავამთავრე, თან ფრანგულის გამოცდა და ლატვიური ენის სახელმწიფო გამოცდები ჩავაბარე.
2012 წელს იქვე ჩავაბარე დოქტორანტურაში, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული პროგრამა იყო, ამიტომ, მერე ამერიკაში უნდა წავსულიყავი. ზუსტად იმ პერიოდში ჩამოვედი საქართველოში, სადაც 6 წელი არ ვიყავი ნამყოფი და მაშინ გადავწყვიტე, რომ დაბრუნებისთვის საუკეთესო დრო იყო, რადგან მე თუ კიდევ 5 წელი სხვაგან ვიცხოვრებდი დოქტორანტურის გამო, ალბათ, საერთოდ აღარ დავბრუნდებოდი.
პოლიტიკაSHE
—————–
დაბრუნების შემდეგ, პოლიტიკურ-პარტიული ცხოვრების შუაგულში აღმოვჩნდი. პარტიაში მისვლა რთულ პერიოდში მომიხდა. სულ ამბობდნენ, რომ მე ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს და მალე გავიქცეოდი. ამიტომ, სერიოზულად არავის აღვუქვივარ თავიდან. 2014 წელსაც, ადგილობრივი არჩევნების სიის მეორე ნომერი რომ გავხდი ამბობდნენ, ეს ვერ გაუძლებს ზეწოლას „რადგან არის ქალი“, “რადგან არის პატარა“ და „რადგან არის ძალიან გამხდარი“. ეს დამოკიდებულებები დღემდე მომყვება. ყველაზე რთული ასატანი, ჩემი არასეიოზულად აღქმა იყო. კაცის სრულიად იდიოტობა შეიძლება სერიოზულად აღქმულიყო და ჩემი კარგი იდეები არც მოესმინათ. მაგრამ მე ერთ რამეს მივხდი, რომ შენი პოზიციები უნდა დაიცვა, თუნდაც ამისთვის ისტერიკები დაგჭირდეს. საკრებულოს წევრად გახდომის შემდეგ, ხშირად მიწევდა მოსმენა „ქალი ხარ და რამდენს ლაპარაკობ“, „ქალი ხარ და არ გრცხვენია?!“. საინტერესო რა არის იცით?! ამას ქალებიც მეუბნებოდნენ. მე რა ვქენი? საქმით ვაჩვენე, რომ ყველა საკრებულოში მჯდომ კაცზე უკეთესად შემიძლია ჩემი გადაწყვეტილებების მიღებაც, პოზიციის დაცვაც და განცხადებების გაკეთებაც. ჰო, მე ჩემი სქესის გამო, მუდმივად, მიწევს ბრძოლა საკრებულოსთანაც, საკუთარ პარტიაშიც და მოსახელობასთანაც.
სულ მეუბნებიან, რომ სხვანაირად უნდა ჩავიცვა, რომ არასერიოზულად არ აღმიქვან. ჩემთვის მთავარია, კომფორტულად მეცვას. მე დავიწყე ჯინსებით და კეტებით შეხვედრებზე სიარული, თანაც ველოსიპედით. ამაზე თქვეს, რომ „ამას თავის თავისთვის ვერ უშველია, ჩვენ რა უნდა გვიშველოსო“. იმიტომ, რომ კაცები სულ დიდი ჯიპებით დადიოდნენ. სასაცილო შემთხვევა მქონდა ცოტა ხნის წინ. პოლიცია მირეკავს, ერთ-ერთი დევვნილი კაცი თავს იკლავს, წითლიძე მომიყვანეთ, მხოლოდ ის დამეხმარებაო. მივედი, ცხადია. ორმეტრიანი კაცია თავად და რომ დამინახა პოლიციელს მიუტრიალდა „ამან მე რა უნდა მიშველოს, თავისი თავისთვის ვერ უშველია, რანაირი გამხადრია, ტელევიზორიდან სულ სხვანაირი ჩანსო“. სხვათაშორის, მერე იმ კაცს, ჩვენი დახმარებით აღუდგა ქირა. მას მერე სულ ამბობს, ის კი ვთქვი, მაგრამ 10 კაცს ჯობიაო. აი, ასეთი მაგალითებით ხვდებიან, რომ სინამდვილეში სქესს და სხეულის წონას არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში. მერე უკვე იცვლება ხოლმე დამოკიდებულებები.
საკრებულოშიც ვეღარ მეუბნებიან უკვე, რომ არ უნდა ვილაპარაკო, არ ვარ სანდო ან რამეს ვერ ვიზამ, რადგან ქალი ვარ და ა.შ. ზოგჯერ ქალებსაც გვიწევს მასკულინური მეთოდების გამოყენება იმის დასამტკიცებლად, რომ არ გვეშინია და არც სუსტები ვართ. მე, მაგალითად, ჩემთვის შეგინებისთვის მომითხოვია პასუხი კაცებისთვის, რაც ქალისგან, ალბათ, „არ მოსულა“.
ქალები, იცით რა არგუმენტით არ მოდიან, ხშირად, პოლიტიკაში? შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, ამაზე მათმა შვილმა ან ქმარმა უნდა გასცეს პასუხი. ახლა მაჟორიტარობის კანდიდატ ქალებს ვეძებ და ზუსტად ეს პრობლემა მხვდება. თავად კი უნდა იყოს აქტიური, მაგრამ ეშინია, რომ ამით ოჯახის წევრი მამაკაცი არ გახვიოს რაიმე შარში. კიდევ ერთ-ერთი მიზეზია ბინძური ჭორების კამპანია ქალების წინააღდეგ და ამაზე ჩემს მაგალითს ვუყვები. 2014 წლის არჩევნების დროს მეც ამიგორეს ასეთი ბინძური ჭორი, რაც ძალიან მძიმედ გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც. მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ მე თუ დავიხევდი უკან და მოვხსნიდი კანდიდატურას, ჩემს გარშემო სხვა ქალები აღარასოდეს გამოიხედავდნენ არანაირი საზოგადოებრივი აქტიურობისკენ. სულ ვუყვები ხოლმე ამაზე ქალებს და ვეუბნები, რომ პირველმა მე ვისაუბრე ამაზე ღიად მეორე დღესვე. მესამე დღეს ეს ჭორები აღარავის ახსოვდა.
მას მერე, რაც სხვადასხვა პროცესები დაიწყო პარტიაში, მახსოვს ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ შენ სამეგრელოს პარტიის თავმჯდომარედ საერთოდ არ განიხილებიო. ვკითხე რატომ-თქო „იმიტომ, რომ ქალი ხარ და ზუგდიდში პარტიის მართვა, არ არის, ანი, ეგრე ადვილიო. შენ კი ხარ ძაან მაგარი, მაგრამ არ განიხილებიო“. ჩემი პასუხი იყო „კარგი, მაგასაც განახებთ-თქო“. გავიდა დრო და მართლაც ვარ ზუგდიდში პარტიის თავმჯდომარე. ჰო, რომ დავინიშნე პარტიის წევრებს ურეკავდნენ „ასეთი რა გაგიჭირდათ პარტიას ზუგდიდში, რომ ქალი გყავთ თავმჯდომარეო“.
ჩემთვის ორი მთავარი გამოწვევაა ახლა – (1) მეტი ქალი კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში და (2) იმის დამტკიცება, რომ ბევრად კარგად შეგვიძლია ქალებს საარჩევნო კამპანიის ჩატარება, საარჩევნო უბნების დაცვა და უკეთესადაც შეიძლება ვიცოდეთ საარჩევნო ხრიკები, რომლებსაც ამ კამპანიის დროს გამოვიყენებთ და ასევე, ბევრად უკეთესად შეგვიძლია დავაკომპლექტოთ ქალებმა მაჟორიტარები, მერობის და გამგებლობის კანდიდატები.
(ავტორი: იდა ბახტურიძე)