ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე 1833-1895

ამბებზე და პრობლემებზე, რომლებზეც თანამედროვე ქალები საქართველოდან ამ გვერდის საშუალებით გვიყვებიან, ჯერ კიდევ საუკუნის წინ მცხოვრებმა ქალებმა დაიწყეს წერა და ხმამაღლა საუბარი. ბევრი თქვენგანი, შესაძლოა, უკვე იცნობდეს მათ – ქალებს, რომლებმაც, თითქმის, საუკუნის წინ საქართველოს ქალთა მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვინდა გაგახსენოთ ისინი:

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე 1833-1895

“პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ `შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,… სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო~. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: `მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდე, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა ლუკმას ვერ შესჭამო, _ რა იყო უფრო დაემონებინა… მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: `თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით,… ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი…

…ჩვენმა იესო ქრიტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არც დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.
საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა, და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?..

…ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე.” (1893, ჟურნალი “კვალი”, N16).

 

ფოტო: გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი
წყარო: http://www.feminism-boell.org/…/06/13/barbare-eristavi-jorj…

მსგავსი ისტორიები