გედა დარჩია 26 წლის, ლანჩხუთი/თბილისი

ფოტოგრაფია თავიდან უბრალოდ ჩემი ჰობი იყო, რომელსაც მოგვიანებით სერიოზულად მოვეკიდე.  ძალიან მომწონს თვითონ გადაღების პროცესი. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აპარატიც დიდად ხელს არ მიწყობს, რადგან მოძველდა უკვე, ჩემთვის ფოტოგრაფია არის ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ზოგადად ხელოვნებაც ხომ ეგ არის, ადამიანი რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ, ან ვიღაც ადამიანში რასაც ხედავ, შენ იმ ემოციებს, იმ ხასიათს იჭერ და შენებურადვე გამოხატავ.  ზოგი ამას მუსიკით, ზოგიც ფილმებით ან ნახატებით გამოხატავს, მე ამისთვის ფოტოგრაფია მაქვს. აპარატი ქენონ 500დ მაქვს, რომელიც საკმაოდ მოძველებულია. ამდენი ხანია ამ კამერით ვიღებ, შესაბამისად, ხარისხს ძალიან შეეტყო. კამერა დაჩიმ მაჩუქა, როცა 20 წლის გავხდი.

დაჩი

14 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. გული აწუხებდა. დაჩი 12 წლით უფროსი იყო ჩემზე. მამას სიცოცხლეშივე ძალიან მზრუნველი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ და განსაკუთრებით უკვე, როცა მამა გარდაიცვალა ორმაგად და სამმაგად აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა. დაჩი იყო მამაც, ძმაც, მეგობარიც და ჩემი ყველაზე დიდი იმედიც.   გარდა იმისა რომ ყველანაირად ხელს მიწყობდა რომ მესწავლა, განვვითარებულიყავი და წარმატებული გავმხდარიყავი და ამისათვის მართლა შეუძლებელს აკეთებდა, სულ ცდილობდა ჩემი ინტერესების, მიზნების, სიხარულისა თუ სევდის გაზიარებას. ნებისმიერ თემაზე შეგვეძლო საუბარი. ნებისმიერი საკითხი, რაც მე მაწუხებდა შეეძლო გაეგო. ის სიცარიელე, რაც მამას გარდაცვალების შემდეგ მქონდა და ის განცდა, რომ არ ვიცოდი მამის დაკარგვის შემდეგ როგორ მოვახერხებდი ცხოვრების გაგრძელებას, რადგან მამაც ჩემი ასეთი კარგი მეგობარი იყო – მოახერხა და დაჩიმ შეავსო. ის სიცარიელე, რაც ასე მღრღნიდა, დაჩიმ ამოავსო თავისი მზრუნველობით და კარგი ძმობით, მეგობრობით და მხარდაჭერით.

დაჩი 2014 წლის 30 აგვისტოს მოკლეს.

პროფესიით რეჟისორი იყო, ბევრგან მუშაობდა, ხმის ოპერატორადაც მუშაობდა, დიჯეიდაც სხვადასხვა კლუბებსა და კაფეებში. იმ ღამითაც „სქაი ბარში“ მუშაობდა. როცა ის სამსახურიდან გამოვიდა და ტაქსს აჩერებდა, ის ვიღაცამ მოკლა. ზურგში ჩაარტყა ჩემს ძმას დანა. პოლიციამ ერთი ტიპი დაიჭირა, რომელიც მოგვიანებით დამნაშავედ სცნეს.

რატომ და რისთვის? ამ კითხვებს დღემდე არ გაეცა პასუხი. უსამართლობის გრძნობა მე და ჩემს ოჯახს და ჩვენს სამეგობროს სწორედ ამან შეგვიქმნა. ვერ გავიგეთ რატომ და ვერ გავიგეთ რის გამო.

ჩვენთვის, ეს უსამართლობის განცდა რომელიც ჰქონდა ჩემს ოჯახს და დაჩის სამეგობროს და ყველა იმ ადამიანს ვისთანაც დაჩის ჰქონდა ურთიერთობა, დაგვიტოვა იმ ფაქტმა, რომ მთავარ კითხვაზე, რატომ და რისთვის მოკლეს ის – ამ კითხვებს არ გაეცა პასუხი. არც სასამართლოსგან, არც პროკურორის მხრიდან. სასამართლოზე წარდგენილი ვიყავი როგორც დაზარალებული მხარე. ჩემი და ჩემი ადვოკატის მთავარი მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, იყო ის, რომ გამეგო მიზეზი. ერთი მხარეა ამხელა შოკი, უზარმაზარი და მოუნელებელი ტკივილი და მეორეა ცოდნა, რომ იცოდე რატომ მოხდა ეს, რომ იცოდე რა მოხდა და რომ იცოდე რისთვის გაიმეტეს ასე შენი ცხოვერბის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ადამიანი. მკვლელმა დუმილის უფლება გამოიყენა და არაფერი თქვა. გამოძიებამ ფაქტიურად დაადგინა ის, რომ ამ ბიჭმა დაარტყა დანა, სხვა არაფერი. სხვა კითხვის ნიშნები კი, რაც არსებობდა და არსებობს, პასუხგაუცემელია.

სასამართლოზე მოსამართლემ პირადად მიმართლა ბრალდებულს, რომ ხმა ამოეღო, ადვოკატიც მისგან ითხოვდა, რომ ამ ბიჭს ეთქვა რა მოხდა და როგორ, მაგრამ მაინც დუმილის უფლება არჩია. 15 წელი მიუსაჯეს.

დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი, ან კი როგორ უნდა გადაეტანა. ჩემი დამწვრობის შემდეგ კი, ჩემნკენ მობრუნდა და დაინახა, რომ მეორე შვილიც ჰყავს.

დამწვრობა

დაჩის გარდაცვალების შემდეგ, ერთი პერიოდი  დაჩის მეგობრის სახლში ვცხოვრობდი, რადგან არ ვმუშაობდი. დედაც არ მუშაობდა მაშინ და მე  რვა თვის მანძილზე ლალი დანილიუკის სახლში ვცხოვრობდი, ლიკა შუბითიძის შუამავლობით. დიდი დახმარება იყო ეს ჩემთვის.  მერე, როგორც სოციოლოგმა, მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ორგანიზაციაში, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან, მაშინაც სამუშაოს დაწყებაში დაჩის მეგობარი ზაქარია ჭელიძე დამეხმარა.

დაჩის გარდაცვალების შემდეგ მეგონა, ვეღარ გავაგრძელებდი ცხოვრებას, ვერ ვიმუშავებდი, ვერაფერს ვიზამდი. მეგობრების ნახვაც არ მინდოდა, ან თუ ვნახულობდი – ძალით. ვერ ვკონტაქტობდი ადამიანებთან. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან მუშაობა ძალიან დამეხმარა.

როცა დავიწყე რაღაც დოზით, შეიძლება ძალიან მცირედით, სხვებზე ზრუნვა, საუბრები, მათი პრობლემების გაზიარება, მათაც დაინახეს რომ მეც შეიძლება მათნაირი პრობლემა მაქვს და ამით უფრო დამიახლოვდნენ, მიმიღეს. 13 მოზარდი იყო 16-18 წლამდე. მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან მაგარია, როცა შეგიძლია ვინმეს დაეხმარო და პირიქით, ისინი შენ გეხმარებიან, რომ გახდე უფრო ძლიერი. თავიდან ისეთი დამოკიდებულება ჰქოდათ, რომ შენ რა უნდა გვასწავლო, თითქმის ჩვენი ტოლი ხარო, მაგრამ მერე და მერე, როცა მოვუყევი ჩემი ისტორიებიც და როცა გაიგეს, რომ მეც შეიძლება არანაკლები პრობლემები მაქვს, უფრო მიმიღეს და ძალიან დავუახლოვდი ყველას. მანდ ვიგრძენი პირველად დაჩის ამბავის მერე, რომ მე კიდევ ცოცხალი ვარ და კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება. აქ მუშაობის პერიოდში გადავწყვიტე უკვე, რომ საჭირო იყო გადავსულიყავი სადმე და სახლის ქირაობაზე მეზრუნა, თუმცა, ხელფასი არ იყო ამისთვის საკმარისი, ამიტომ, მომიწია სამსახურის შეცვლა. შემდეგ მოვხვდი ნეტკრედიტში, ვიქირავე ბინა და მარტო გადავედი საცხოვრებლად.

ერთ დღესაც, ძალიან დაღლილი მივედი გადაღების შემდეგ სახლში. გარეთ ვაპირებდი გასვლას, მაგრამ ისეთი გადაღლილი ვიყავი, სახლში დარჩენა ვამჯობინე, წამოვწექი და დავიძინე. ცოტახანში გამაღვიძა შემგრძნებამ, რომ ვეღარ ვსუნთქავდი. დაჩის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ხშირად მქონია, მსგავსი შეტევები, ემოციების ფონზე რომ სუნთქვა მეკვროდა და ვერ ვსუნთქავდი. ვიფიქრე, წინა კვირას მისი წლისთავი იყო, გურიაში ვიყავი ჩასული, იქ დედა ვნახე, ემოციური ფონი დამემატა, ალბათ ამან იმოქმედათქო. ხელის ცეცებით ავანთე შუქი, რომ სამზარეულოში გავსულიყავი და წყალი შემესხა სახეზე. ავანთე თუ არა იფეთქა. თავს ზევით გაჩნდა ცეცხლი. ინსტინქტურად ხელები ავიფარე სახეზე და კარებისკენ გამოვიქეცი. ამის გამო ხელები დამეწვა უფრო მეტად. კარს ვეცი და კარი არ გაიღო, თან მოწამლული ვიყავი ამ გაზისგან და უკვე გული მიმდიოდა, ვგრძნობდი რომ ვითიშებოდი. უცებ წარმოვიდგინე, რომ ხვალ ჩემი მეგობრები გაიგებენ ჩემი სიკვდილის ამბავს, მერე დედაჩემს ეტყვიან, რომ გედა აღარ არის. ამის წარმოდგენაზე ისეთი ძალა მომეცა, სამზარეულოში გავიქეცი, მაგიდაზე ავედი, ფანჯარა გამოვგლიჯე ფაქტიურად და გადმოვხტი ფანჯრიდან.  მოვახეხე ის რომ, თუ ამას გადარჩენა ქვია, მარტო ხელები და სახე დამეწვა. გვერდით მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა, სანამ სახანძროში დარეკავდნენ, ცეცხლი ჩააქრეს. ესენი გმირს მეძახდნენ და ვერ ვხვდებოდი რატომ მეძახდნენ ასე. შემდეგ უკვე დამეწყო ის, რომ თვალებში ვერ ვხედავდი ვერაფერს.

საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს, მეორე დღეს დედას დავურეკე და ჩამოვიდა. ძალას ის მმატევდა, რომ ჩემი ძმის შემდეგ კიდევ მე არ უნდა ვყოფილიყავი ცუდად და დედასთვის მდგომარეობა რამენაირად უნდა შემემსუბუქებინა. 6 დღე საერთოდ ვერაფერს ვხედავდი. იყო საშიშროება, რომ თითებს ვერ გავამოძრავებდი. გადაწყვიტეს კანი გადაენერგათ. საბედნიეროდ არ მიჭირს ახლა არანაირი მოძრაობა, არც წერა, არც ფოტოს გადაღება.  რეანიმაციაში რომ ვიწექი არავის უშვებდნენ, არც დედაჩემს. მაგრამ მე თავიდანვე მჯეროდა, რომ შევძლებდი და მხედველობა დამიბრუნდებოდა. დედას ეუბნებოდნენ ჩემზე, რომ ძალიან ძლიერი შვილი გყავთ, აქეთ გვამხნევებს და იძახის, რომ მალე ისევ ფოტოების გადაღებას შეძლებსო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის ძალიან მშიშარა და გაუბედავი ადამიანი ვიყავი, დაჩის სიცოცხლეშიც და დაჩის გარდაცვალების შემდეგაც. ყველაფრის შიში დამეუფლა საერთოდ.  ცხოვრების შიში დამეუფლა, ყველა პასუხისმგებლობა რომ ჩემზე იყო გადმოსული.

ჩემი დამწვრობის შემდეგ ძალიან ბევრი კომპლექსიც გამიჩნდა. დღემდე მიწევს ექიმთან სიარული და ტკივილების ატანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის შემდეგ დიდი სიძლიერე ვიგრძენი და აღმოვაჩინე საკუთარ თავში.

ამ ხანძრის შემდეგ, საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი დამჭირდა, რომ შემძლებოდა ისევ მუშაობა, რამდენიმე თვე აქტიურად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. როცა უკვე შევძელი გარეთ გამოსვლა და კვლავ დავდექი ფეხზე, ძალიან დამეხმარა ჩემი მაშინდელი უფროსი ნეთკრედიტში – ზვიადი აიწურაძე. მიუხედავად იმისა რომ ამ ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე წამოვედი სამსახურიდან, მან კვლავ დამაბრუნა უკან და ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ერთი რაშიც მიმართლებდა ყოველთვის, იყო ის, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში  ყოველთვის ჩნდებოდნენ ადამიანები ჩემ ირგვლივ, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ რაღაცების გადალახვაში. დაჩის მეგობრები, რომლებიც დღემდე ზრუნავენ და მკითხულობენ, ალბათ ესეც დაჩის სიყვარულით. ხან ცდილობენ დამატებითი სამუშაო მომიძებნონ, ხან მორალურად მაგრძნობინებენ თანადგომას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

დედა ახლა ჩემთან ცხოვრობს,  ხანძრის შემდეგ ვეღარ დამტოვა მარტო, ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში. ვმუშაობ საბავშვო ფოტოსტუდიაში, ფოტოგრაფად. პარალელურად ვმუშაობ ხოლმე კერძო შეკვეთებზე, როცა დრო მაქვს და ვახერხებ, რადგან ერთი სამსახური არ არის საკმარისი, როცა ქირით ცხოვრობ, თან დედა არ მუშაობს.  თუმცა ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ ამ აპარატის გამო უარი მითქვამს გადაღებებზე, იმდენად გაუფუჭდა უკვე ხარისხი.

ძალიან მინდა ვიდეოს გადაღება დავიწყო, რისთვისაც ასევე კამერა არ მიწყობს ხელს და ჯერჯერობით გამოცვლასაც ვერ ვახერხებ. მგონია, რომ როცა ამ საქმეს ვაკეთებ, როცა ვიღებ რაღაცას, თითქოს, დაჩის სფეროსთან და დაჩისთან ვარ ახლოს და იმას ვაგრძელებ, რასაც ის აკეთებდა.  

ვცხოვრობ იმ ადამიანებით და მეგობრებით, ვინც არიან ჩემ გარშემო: დაჩის მეგობრებით, ვინც მაძლევს ძალას და მაძლიერებს. მიუხედავად ძალიან მძიმე წარსულისა, მგონია, რომ ადამიანს ყოველთვის შესწევს ძალა დაძლიოს ნებისმიერი სირთულე. მე ძალიან დამეხმარნენ ამაში ჩემი მეგობრები, დაჩის მეგობრები, მაგრამ მთავარი ძალები მაინც საკუთარ თავში ვიპოვე.