გვანცა გაბუნია, 33 წლის, თემი ქედელი/სიღნაღი

„ჩემი ცხოვრება იყო ღამის სიბნელე“

——————————————————————–
„გადმოცემით ვიცი, დაბადებისთანავე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს, სადაც 4 წლამდე ვიზრდებოდი. ამ პერიოდიდან იწყება საკუთარი მეხსიერება. 4 წლის ასაკში სენაკის ბავშვთა თავშესაფარში გადამანაწილეს და აქ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც. ამ პერიოდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ იმიტომ რომ აღარ დაუშვას ქვეყანამ ისეთი შეცდომა, როგორიც ასეთი ბავშვთა სახლების მოწყობა იყო, მაინც მიწევს ძალების მოკრება და იმ პერიოდის გახსენება.

სანამ პატარა, დაუცველი ვიყავი, მუდმივად ფიზიკურად ძალადობნენ ჩემზე ძიძებიც და მოზარდებიც. ვერც კი ვაცნობიერებ, რა დანაშაულს ჩავდიოდი ასეთს პატარა ბავშვი, რომ უმოწყალოდ მცემდნენ. კი, ცელქი ვიყავი, მიყვარდა სირბილი, ენერგია ხომ უნდა დამეხარჯა სადმე. დასჯის და ცემის მიზეზები არასდროს ილეოდა. ფიზიკურად გვისწორდებოდნენ და გვჩაგრავდნენ ჩვენზე უფროსებიც და ყველაზე რთული გადასატანი ის უსუსური მდგომარეობა იყო, რომლიდანაც თავს ვერ ვიხსნიდით, არავინ მოდიოდა ჩვენს გადასარჩენად. ერთადერთი გადარჩენა იყო უსიტყვო მორჩილება, მოთმენა ან საუკეთესო შემთხვევაში იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც არ ჩაგიდენია და რომლის აღიარების მიზნითაც გვცემდნენ. ასე გვასწავლეს ტყუილების თქმა ბავშვებს…

რამდენიმე ნათელი სურათი დამამახსოვრდა ამ სიბნელეში. ერთი, როცა საკუთარი ფოტო ვნახე პირველად. მეგობარმა მოიპარა არქივიდან და მაჩვენა. უცებ ჩემთვის ორი სხვადასხვა დრო გაიხსნა – ერთი იქ სადაც ვიყავი, ცუდი, ბნელი და მეორე ფოტოზე, სადღაც სხვაგან, შორს იმ რეალობიდან სადაც ვარსებობდი. ვუყურებდი საკუთარ თავს ფოტოზე და მშურდა მისი მდგომარეობის.
მეორე სურათი კოკა-კოლას საახალწლო რეკლამა იყო – თბილი, მხიარული, მოსიყვარულე გარემო, მუსიკის ხმა. არასდროს არ მქონია ახალი წელი და საზეიმო განწყობა. პირველად ეს სიხარული ამ რეკლამაში ვნახე და წლიდან წლამდე ველოდებოდი მის ხელახლა ნახვას…“

„ძალადობა იწვევს ძალადობას“

——————————————————————————
ცოტა რომ გავიზარდე, თავად გავხდი მოძალადე. თითქოს ეს ასეთი ცხოვრების წესი იყო – რადგან მე ვიჩაგრებოდი, როგორც სუსტი, ისევე უნდა დამეჩაგრა სხვაც, რომელზეც ძლიერი ვიყავი. ჩემი ასაკის მატება და ფიზიკური ზრდა, ჩემი ძალაუფლების იარაღი გახდა და ამ ძალაუფლების დემონსტრაციის გარეშე წარმოუდგენელი იყო იმ სისტემაში გადარჩენა. ამ სისტემის შესაცვლელად კი ყველაზე ძლიერი ადამიანებიც კი, როგორიც იყო თუნდაც დირექტორი, არაფერს აკეთებდნენ.
ასეთი ბავშვთა სახლები ჩვეულებრივი ციხის პრიციპით მუშაობდა. პრაქტიკულად გამოკეტილები ვიყავით. კარზე, ფანჯრებზე გისოსები ეკიდა, რომ არ გავპარულიყავით. დღეში 2 საათი შემოღობილ მინდორზე გვასეირნებდნენ, რომ სუფთა ჰაერი ჩაგვეყლაპა. საკვები არ გვყოფნიდა, ან როგორ გვეყოფოდა. წარმოიდგინეთ წვნიანი, რომელიც მხოლოდ 1 თავი კომბოსტოთი და ხახვით მზადდება და ეს წვნიანი 100-მდე ბავშვმა და მოზარდმა უნდა ჭამოს…
საკუთარი თავის გადასარჩენად ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი. ცოტა მეტი უფლება, თუნდაც გარეთ გასვლის და მეზობლებთან კონტაქტის, რომ მომეპოვებინა, თავშესაფრის სამზარეულოში დავიწყე მუშაობა, რაშიც თვეში 9 ლარს მიხდიდნენ. რამდენჯერ მეზობლებს ეზოს ან ბოსტნის დალაგებაში მივხმარებივარ მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ცალი ნაყინი ეყიდათ…“

ჩემი ოჯახი

——————————————————————-
„ერთხელ დირექტორის ინიციატივით, ყველა აღსაზრდელს მოგვაწოდეს ინფორმაცია ჩვენი ოჯახების შესახებ. ეს ინფორმაცია ძალიან მცირე იყო – მხოლოდ ოჯახის წევრების რაოდენობა. ასე გავიგე, რომ მყავს დედა და ჩემზე 2 წლით უფროსი და. მეგობრების დახმარებით, ჩუმად გავიგე მისამართი და ძიძის დახმარებით წერილი მივწერე. პასუხიც მომივიდა, „გვანცა, მამაშენი ორსულობის დროს სულ მცემდა და შენ როგორ ხარო?“ მას მერე ბევრი წერილი მივწერე და პასუხი არასდროს დამბრუნებია უკან… მერე მეც აღარ მიცდია დაკონტაქტება. ცოტა გვიან ასაკში, უკვე 30 წლისა რომ ვიყავი, დას დავეკონტაქტე ფეისბუქით და მერე ტელეფონით ვსაუბრობდით, თუმცა როცა მივედი სანახავად, ვერ მიმიღო, კედელი აღიმართა ჩვენს შორის. ახლაც მეშინია ამ კედლის სიცივის და თავს ვარიდებ მასთან კონტაქტს.“

როგორ ვისწავლე კითხვა
———————————————————————–

„თავშესაფარში იყვნენ მასწავლებლები, თუმცა არავინ არაფერს გვასწავლიდა. უკვე 16 წლის ვიყავი და წერა-კითხვაც კი არ ვიცოდი. რომ ვხედავდი, ძიძები გაზეთებს კითხულობდნენ, მეც ინტერესი მიჩნდებოდა და ბევრი თხოვნა-ხვეწნის შემდეგ, წერა-კითხვა ვისწავლე. ამას მალევე მივაყოლე მათემატიკა და გამრავლების ტაბულა დავისწავლე. მგონია, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, ნებისმიერ ასაკში და სიტუაციაში მიიღებს იმას, რაც მას ძალიან უნდა“
ჩემი ბრძოლა თავისუფლებისთვის

„რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო დიდ საფრთხეს წარმოვადგენდი ადმინისტრაციისთვის. რადგან უკვე ხალხშიც შემეძლო გასვლა, უფრო მძაფრად დავინახე ის უსამართლო სისტემა, რაშიც ამდენი წელი ვცხოვრობდი. და დავიწყე ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა: ყოველთვის გამოვთქვამდი პროტესტს იმაზე, როცა რაღაც არ მომწონდა; თუ სტუმრები მოდიოდნენ ბავშვთა სახლში, ვცდილობდი მომეყოლა იმ ძალადობის შესახებ, რაც იქ ტრიალებდა. ერთხელ მახსოვს ინგა გრიგოლია გვესტუმრა. მე ჩუმად წერილი დავწერე, სადაც ვყვებოდი ამ სისტემის დანაშაულზე. მაგრამ დირექტორმა ხელით დამიჭირა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე ვეკავე, რომ არ ავმდგარიყავი და ინგას არ მივახლოვებოდი. ინგას ის წერილი ვერ მივეცი…

ვხედავდი, როგორ იშორებდნენ ჩემს თანატოლებს, ვინც სისტემას შეებრძოლებოდა და პროტესტს გამოთქვამდა. ჩემი ერთი მეგობარი გოგო, რომელიც მართლა ჯანმრთელი იყო, ფსიქიატრიულში გამოკეტეს. მაგრამ იქაც არიან ალბათ ადამიანური ადამიანები და ეს გოგოც გააპარეს. ახლა მას ოჯახი ყავს და მიხარია, რომ თავს ბედნიერად გრძნობს.
მეც მეშინოდა ჩემთვის რამე არ დაეშავებინათ. თანაც 22 წლის ვიყავი და ისეთი ასაკი მქონდა, იმ ბავშვთა თავშესაფარში ვეღარ გამაჩერებდნენ. როცა ხუთშაბათს დირექტორმა მითხრა, პარასკევს სხვაგან გადადიხარო, კინაღამ მოვკვდი. მიჩვეული უბედურება მერჩივნა ახალ ჯოჯოხეთს.
ძალიან გამიმართლა, რომ ქედელში აღმოვჩნდი. ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების თემი, სოფელი, სადაც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ და ყველა ჩვენი პირადი, თავისუფალი სივრცე გვაქვს. სადაც ადამიანად ვგრძნობ თავს და ის, რომ დამოუკიდებლად შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად ვისუნთქო.

თუმცა აქაც მქონდა ბრძოლები, რადგან იმ ჯოჯოხეთური რეალობიდან ახალ და თბილ სამყაროში რომ მოხვდები, ვერ იჯერებ, არ ენდობი ადამიანებს. მქონდა რამდენჯერმე გაპარვის მცდელობაც.

სენაკის ბავშვთა სახლის მიერ მოყენებული ტრავმა ფსიქოლოგიური თერაპიებით მომირჩინეს. თავს დაკარგულად ვგრძნობდი. მინდოდა ჩემს სხეულში დავბრუნებულიყავი, ისევ გამთბობოდა გული და ისევ გავმხდარიყავი მე, გვანცა გაბუნია, აი ისეთი, იმ ფოტოში რომ ვნახე პირველად.“

ახალი ცხოვრება
——————————————————————————–
„ახალ სახლში ნდობა დამიბრუნდა. თავისუფლება ბოლომდე შევიგრძენი. ღამით რომ ვიძინებ, მიხარია, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და ახალ შესაძლებლობებს მომცემს. ყველაფერი ხალისიანი გახდა, ფერადი და თბილი, ისეთი როგორიც მაშინ, კოკა-კოლას რეკლამაში ვნახე.

ახლა თემისთვის პურს ვაცხობ დამოუკიდებლად. ცოტა ხანში სიღნაღის სკოლის მაღაზიაში დავიწყებ მუშაობას და ჩემი ხელფასიც მექნება. ეს კი ძალიან მახარებს და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მომცემს.
ვფიქრობ დაოჯახებაზეც, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ 33 წლის ვარ, ჯერ არ ვჩქარობ. ჯერ იმდენი სასიამოვნო სიურპრიზი მელოდება წინ და მინდა სათითაოდ გავხსნა და შევინახო. ერთი სიტყვით რომ ვთქა, აქ ვიპოვნე ახალი ოჯახი, მოსიყვარულე და თბილი. იმედი მაქვს, რომ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც მე ბავშვთა სახლში გამოვიარე, არც ერთი ბავშვი აღარ გამოცდის. ასეთი ტიპის ბავშვთა სახლები მხოლოდ მოძალადეებს გაზრდიან. მე ძალიან მჯერა, რომ ადამიანებს, ვინც გაბოროტებულია, მხოლოდ სითბო და სიყვარული უშველის და შეცვლის კარგისკენ. ერთი დღით ცხოვრებაც კი ღირს ამ ქვეყანაზე, ასეთი თავისუფლების და სიყვარულის შესაგძნობად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინა ბაიდაური

მსგავსი ისტორიები