გულიკო ხანგოშვილი, 56 წლის, პანკისი

„ქისტი ვარ. პანკისის ხეობაში გავიზარდე და აქვე დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. რადგან სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, თბილისში წავედი და 10 კლასი იქ დავამთავრე ოქროს მედალზე. მაშინ სამედიცინოზე ოქროსმედალოსნებს მარტო ერთი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. ფიზიკა ავირჩიე, მაგრამ ოთხიანი მივიღე. ჩავიჭერი. მეორე წელს მომიწია გათხოვება, მთელი 2 წელი დანიშნული ვიყავი და დრო იყო. 21 წლისა შევქმენი ოჯახი. მაინც არ ვეშვებოდი სწავლაზე ფიქრს და მეორე წელს ისევ გადავწყვიტე ბედი მეცადა. ირონია ის იყო, რომ 3 აგვისტოს დაინიშნა მისაღები გამოცდა და 2-ში შემეძინა პირველი შვილი. მაინც ვაპირებდი გამოცდაზე გასვლას, მაგრამ ექიმებმა არ გამიშვეს.

მოგვიანებით დავეუფლე კბილის ტექნიკას და პროტეზების დამზადებაზე ვიმუშავე წლების განმავლობაში ჯერ თბილისში, შემდეგ ახმეტაში. ბოლოს გადავწყვიტე ისევ პანკისში დავბრუნებულიყავი და მეურნეობისთვის მიმეხედა.
2008 წელს დუისში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. იქ ჩეჩნეთიდან ლტოლვილ ქალებს კულინარიას და სხვა ხელობას ვასწავლიდი. შემდეგ ქალთა კლუბს ჩავუდექი სათავეში. ვიკრიბებოდით ქისტი ქალები, ვეცნობოდით გაზეთებს, ხეობაში მიმდინარე პრობლემებზე ვსაუბრობდით გულღიად და მაშინ ყველა ერთხმად მივედით იმ აზრამდე, რომ პანკისელი ქალების უფლებები ხშირად ილახებოდა. ქალებს პრობლემები ჰქონდათ ოჯახებში, ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლი და ამასაც კი ვერ აცნობიერებდნენ.

რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ქისტმა ქალებმა გადავწყვიტეთ ქალთა საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც ადვოკატირებას გაუწევდა პანკისელ ქალებს.
ოდითგანვე მოყოლებული ჩვენთან პანკისში ფუნქციონირებს უხუცეს კაცთა საბჭო: კაცთა საბჭო წყვეტს ყველა პრობლემულ საკითხებს, რაც კი ხეობაშია. უმთავრესად, ადგილობრივი მოსახლეობა ამ საბჭოს ექვემდებარება. აქამდე, ქალს უხუცეს საბჭოს წინაშე სიტყვა არ ეთქმოდა. მისი ძმა ან მამა იღებდა გადაწყვეტილებას. ჩავთვალეთ, რომ ქალის უფლებები ირღვეოდა, იმითი, რომ ქალის ხმას არაფრის შეცვლა შეეძლო. ამიტომ გადავწყვიტეთ ქალების დასახმარებლად და მათი უფლებების დასაცავად შეგვექმნა ქალთა საბჭო, რომელიც უშუალოდ ქალის უფლებებს დაიცავდა და მედიატორის როლს შეასრულებდა ქალებსა და კაცთა საბჭოს შორის და ქალების გასაჭირს უკეთ გააგებინებდა საბჭოს კაცებს.
2011 წელს შეიქმნა პანკისელ ქალთა საბჭო.

პანკისის ყველა სოფელი მოვიარეთ, რომ წევრები შეგვეგროვებინა. გვინდოდა უხუცესი ავტორიტეტული ქალების არჩევა, რომლებიც თამამად ისაუბრებდნენ, გამოცდილებაც ექნებოდათ და მათი სიტყვაც დაეჯერებოდა ხეობას. მაგრამ ასაკოვან ქალებს უჭირდათ ფიზიკურად სიარული და ამიტომ, წევრების ასაკი 40-45 წლამდე დავწიეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პანკისში ქალთა საბჭო შეიქმნა. კაცებისთვის ეს გაუგონარი ამბავი იყო. თავიდან წინააღმდეგობაც გაგვიწიეს. მაგრამ ჩვენ ძალიან ტექნიკურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, შეპარვით. ვესაუბრებოდით და ვარწმუნებდით, რატომ იყო მათთვისაც სასარგებლო ასეთი საბჭოს არსებობა.
ადრე ვერ წარმოგვედგინა, რომ უხუცეს კაცთა საბჭოს წევრებთან ერთ მაგიდაზე ქალები დავსხდებოდით. თავდაპირველად მათ ოჯახებში მივდიოდით, ნათესაური კავშირები გამოვიყენეთ, ვესაუბრებოდით და ეს კაცები, თავის მხრივ, სხვა კაცებს აჯერებდნენ. ეტყობა თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ არც გაამართლებდა ჩვენი ინიციატივა და ისე დაგვეთანხმნენ, იმ იმედით რომ დავიშლებოდით მალევე. ამის მერე შევადგინეთ 25 ქალიანი სია და კაცებს წარვუდგინეთ დასამტკიცებლად. ზოგიერთი ქალი ამოგვაღებინეს სიიდან და საბოლოოდ 15 ქალზე შევჯერდით.

ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე, რომელსაც ქალთა საბჭომ ხელი მოკიდა, პანკისის ერთ-ერთ სოფელში გაცილებული ქისტი ცოლ-ქმრის საქმე იყო. ქისტი თემის ტრადიციებიდან და ადათ -წესებიდან გამომდინარე, ოჯახი როცა იყრება, ცოლი მამის სახლში ბრუნდება, ბავშვები კი მამასთან რჩებიან. თანამედროვე გარემოში ოჯახებს არ უნდათ ეს ასე მოხდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა მარტივი საქმე არ არის. მაგრამ ადათს პატივს სცემენ და ასე დამოუკიდებლად ვერ დაარღვევენ. ამ შემთხვევაში ცოლი მამასთან იყო წამოსული. სამი შვილი ყავდათ და დედას ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. ბავშვების მამა ავადმყოფი იყო. უფროს ბავშვს სასკოლო ასაკი რომ მოუვიდა, მამის ოჯახში არავის შეეძლო ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა და განათლებაზე ზრუნვა. ამიტომ ამ ქალმა ჩვენს საბჭოს მიმართა დასახმარებლად. ასეთ დროს, ვცდილობთ საქმეში ჩავრთოთ ისეთი ქალები, რომლებიც უშუალოდ იმ სოფელში ავტორიტეტები არიან, საიდანაც არის მსხვერპლი. სპეციალურად შექმნილი ქალების კომისია კარგად სწავლობს საქმეს და ადგენს ოქმს, რომელიც წარედგინება უხუცეს კაცთა საბჭოს. ამის შემდეგ მოვიწვიეთ კაცების საბჭო, იურისტებთან ერთად, რომლებმაც აუხსნეს მათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დედას გაამართლებდნენ მაინც. ამ შემთხვევის მერე დედა დაბრუნდა ქმრის ოჯახში და ახლაც იქ ცხოვრობს. ამის მერე მონიტორინგსაც ვაწარმოებთ, მივდივართ და ვიგებთ თუ როგორი მდგომარეობა არის, ქალის უფლების დარღვევა ხომ არ ხდება.

ვაგვარებთ ასევე ოჯახში ქალებზე ძალადობის შემთხვევებს. რამდენიმე ქალი უკვე გავარიდეთ მოძალადე ქმრებს და თავშესაფრებში გადავიყვანეთ. ქისტ თემში პრობლემურია ქალისთვის ქონების დაკანონება. განსაკუთრებით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი არ ჰყავთ, ქონება ავტომატურად ფორმდება ნათესავ ბიჭზე. პანკისში ჩავუტარეთ ტრენინგები ქალებს, რომ იცოდნენ საკუთარი უფლებები, რაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული. სხვათაშორის, ერთმა ქალმა მოძალადე ქმრის ქონების დაკანონება შეძლო, მართალია შვილის სახელზე, მაგრამ ის განკარგავს მაინც ამ ქონებას.

რამდენჯერ ჩემს ეზოში ქისტი კაცი მოსულა და ჩემთან შეხვედრა სდომებია, რომ მისი მხარე დაგვეჭირა ქალებს კონფლიქტის დროს. უსამართლოდ არავის მხარეს არ ვიჭერთ და ამას პრინციპულად ვუხსნით ყველას. სიამაყეს ვგრძნობ, რომ ქალებს სიტყვა გვეთქმის და ამ სიტყვით ჩვენს უფლებებს სამართლიანად ვიცავთ.“

მსგავსი ისტორიები