გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია…

გული ჭითანავა:

„ბოლო ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც სოხუმი დაცემის დღეს დატოვა. მანამდე იქ ვიყავი. ჩემი ძმა და შვილი იბრძოდა და ხომ ვერ მივატოვებდი?! გაუბიცებს რომ ისროდნენ, ხმას როგორც კი გავიგებდით, ბუნკერებში გავრბოდით თავის შესაფარებლად. კი არ გვაფრთხილებდნენ, ინტურიციით ვხვდებოდით, რომ უნდა გავქცეულიყავით და მივრბოდით. ღამით სანთლებსაც არ ვანთებდით, რომ ფანჯრებიდან შუქი არ გამოსულიყო და სამიზნე არ გავმხდარიყავით.“

ლია ჭითანავა:

„არ ვიცი, რა დროს დაიწყო აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი. ბუნებრივად არ დაწყებულა ეს ამბავი. მეც და ჩემს დასაც გვახსოვს, ლხინის და ჭირის სუფრებზე როგორ ვეზიდებოდით ერთმანეთთან სურსათ-სანოვაგეს, როგორ ვედექით ერთმანეთს გვერდში. ომის დროსაც მოქონდათ საჭმელი აფხაზ მეგობრებს ჩვენთან, გვპატრონობდნენ. სოხუმი რომ დაეცა, აფხაზებმა მიგვაცილეს სვანეთის გზამდე, მანქანით. „არ წახვიდეთო, იქნებ დარჩეთ რამენაირად თქვენს სახლში, იქ სად უნდა შეაფაროთ თავიო.“ ხანდახან ვფიქრობ, მართლაც რომ დავრჩენილიყავი საკუთარ სახლში, იქნებ ასე მოწყალების შემყურე 25 წელი არ გამეტარებინა…“

გული ჭითანავა:

„სოხუმი რომ დაეცა, მოვიდნენ და გვითხრეს, უნდა წახვიდეთო. ისტერიული სიცილი დავიწყე, მეგონა მეხუმრებოდნენ. რეალობა რომ იყო, მაშინ გავიაზრე, როცა ჭუბერის გზაზე, მთაზე ჭიანჭველებივით მიმავალ ასეულობით დევნილს ჩავუდექით რიგში. 92 წლის 11 სექტემბერი იყო. სოხუმისთვის ეს პერიოდი „ბარხატნი სეზონია“, სვანეთისთვის უკვე ზამთრის დასაწყისი. სარაფნებით და შლოპანცებით მივდიოდით და თავზე გვათოვდა. „არ წახვიდეთო, იქნებ დარჩეთ რამენაირად თქვვენს სახლშო. ცოტა ხანს გაგიჭირდებათ და მერე ერთად მოვახერხებთ რამესო“, თითქოს ყოველწუთს ვნანობდი, რომ არ დავუჯერე, როცა ამ ჭიანჭველების დაუსრულებელ ზოლში სამუდამოდ დავარდნილ კაცებს და ქალებს ვხედავდი. ისინი გზაში იხოცებოდნენ“

ლია (ჭითანავა):

„დავარდნილი ადამიანი თვითონვე გთხოვდა, დაგეტოვებინა. ყველა თავისთვის იყო. მარტო, საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ყველაზე დიდი უბედურებაც ეგ იყო, რომ ეს ყველას გააზრებული გვქონდა. გზაში მარხავდნენ დედები შვილებსაც. ერთი ქალი მოდიოდა ჩემს გვერდით, მთელი ორი დღე გულზე მიხუტებული ხურჯინი ეკავა. ვფიქრობდით, საჭმელს ინახავდა საგულდაგულოდ. ხმას არ გვცემდა არავის. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვილი ყოლია გარდაცვლილი. არ უნდოდა გამხელა, რომ არ დაეტოვებინა იქ, ჭუბერის გზაზე, ტყეში. კაცებმა დამარხეს ის ბავშვი.“

გული ჭითანავა:

„კაცები ვერ უძლებნენ გზის სიმძიმეს და ემოციებს. ჩვენი მეზობელი, შუქრი, თავით გადაეშვა კლიდან, ცოლის თვალწინ. ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და ამ ტანჯვის ყურება. რაც კი ადამიანური საშინელება შეიძლება არსებოდეს, ყველაფერი იქ ტრიალებდა – სიცივე, შიმშილი, სიკვდილი. ვერტმფრენიდან გვიყრიდნენ პურს, რომელიც ხშირად მიუვალ ადგილას, კლეებში ვარდებოდა. კაცები ჩადიოდნენ და წვალებით ამოქონდათ. სიცოცხლის ფასად პური ამოქონდათ კლდეებიდან. ყველა რომ მორჩებოდა თავისი წილი პურის ჭამას, გავიხედავდით და კაცები დარჩენილ ნამცეცებს აგროვებდნენ გაზეთებიდან და პირში იყრიდნენ“

ლია (ჭითანავა):

„ცრემლის გარეშე ვერ უყურებდი, როგორ იდგნენ აკანკალებული კაცები ცხელი ფაფის რიგში, რკინის „მისკებით“ ხელში. მე-11 დღეს ჭუბერში მომზადებულები დაგვხვდნენ. ცხელი საჭმელით და თბილი ტანსაცმელით. ვიგრძენით, რომ მარტო არ ვართ ადამიანები. „არ წახვიდეთო“, ვიფიქრეთ, კიდევ კარგი წამოვედით და გადავრჩით.“

გული ჭითანავა:

„თავიდან ზუგდიდში ჩაგვასახლეს, საერთო თავშესაფარში. მუდმივ საცხოვრებელს დაგვპირდნენ და აგერ უკვე 25 წელია, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ვერ დავდექით ფეხზე. ანაკლიაში, რუსეთში წასულმა ახლობლებმა დაგვითმეს სახლი და კარ-მიდამო და მესამე წელია მიწას ვამუშავებთ. ისინიც ხომ დაბრუნდებიან ოდესმე და მოგვიწევს ამ მიდამოს დატოვება. ფესტივალებით ცოტას სულს ვითქვამთ. აქ სასადილოში ვმუშაობ ხოლმე, ხაჭაპურს ვაცხობ და ის შემოსავალი მთელ წელზე უნდა გადავანაწილო. სოციალურად დაუცველების ძალიან დაბალი ქულები კი გვაქვს, მაგრამ მარტო დევნილების დახმარებას ვიღებთ. ერთი პერიოდი წამოსცდებოდათ ხოლმე, თქვენ არ ხართ ჩვენი დევნილებიო, მერე იმის თქმასაც გვიბედავდნენ, აღარ ხართ უკვე დევნილებიო. აბა, ვინ ვართ? საიდან ვართ? ვისები ვართ?!“

ლია (ჭითანავა):

„ინტერნეტით ვნახე ჩემი სოხუმის სახლი ამას წინათ. სასტუმროდ გადაუკეთებიათ. ოთახს 50 დოლარად აქირავებენ. აფხაზებს აუღიათ. როდის დაიწყო ეს კონფლიქტი ჩვენს შორის, ვერ ვიხსენებ. პოლიტიკური თამაშის ბრალია, თორემ ჩვენ ისეთი კარგი მეგობრობა გვქონდა, ისე ვედექით ერთმანეთს მხარში. „არ წახვიდეთო“. იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, რომ დავრჩენილიყავი იქ, სახლში“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი