გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი
—————-
“თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე არტისტი ვარო და ისევ არტისტობა დაიწყო.

მაშინ ახალციხეში სტალინის გადაწყვეტილებით სომხური დასი დახურეს და ახალი ქართული დასისთვის მსახიობებს ეძებდნენ. მამაჩემი დიდი პატრიოტი კაცი იყო, ოღონდ საქართველოსთვინ კაი რამე გაეკეთებინა და პირველმა მამამ აიწია თურმე ხელი „მე წავალო“. მე მაშინ 10-11 წლის ვიყავი, დედა უკვე აღარ მყავდა, 4 წლის ვიყავი ტუბერკულიოზით რომ გარდამეცვალა. დამავლო მამამ ხელი კატის კნუტივით და წამიყვანა ახალციხეში. მამამ მსახიობად დაიწყო მუშაობა იქ და მე კიდევ სულ თან ვყავდი თეატრში. დედაც ის იყო ჩემთვის და მამაც, რა ექნა საწყალს. ძალიან რთული იყო მაშინ ცხოვრება. ახლა აბანო რომ ყველას გვაქვს სახლებში, მაშინ სად იყო. ამ პირობებში, მე თან ვსწავლობდი და თან თეატრშივე ვცხოვრობდით, რადგან იქვე გამოგვიყვეს ოთახი. თავისუფალ დროს სულ თეატრის მხატვართან ვიყავი. ახლა არ ვიცი როგორ აკეთებენ, მაგრამ მაშინ იხატებოდა ხოლმე დიდი უკანა ფარდა, „ზადნიკი“ ერქვა რუსულად და ამ უზარმაზარ ტილოს რომ გაშლიდნენ, ზედ ამ ტილოზე დავრბოდი ხოლმე. ასე გავიზარდე თეატრში – მხატვარს ხან ფუნჯს ვაწვდიდი, ხან საღებავს და როცა ბავშვი დასჭირდებოდათ სპექტაკლში, სცენაზეც ამიშვებდნენ ხოლმე. ისე, რომ 8 კლასი დავამთავრე ახალციხეში. ამ დრო უკვე კარგად ვხატავდი და ძალიან მიყვარდა ხატვა. მამამაც ხელი შემიწყო. მეუბნებოდა ხოლმე „შვილო, ოღონდ მსახიობი არ გამოხვიდე, რაც გინდა ის გამოდი, თორემ მშიერი მოკვდებიო“. ერთი სიტყვით, წამოვედი ახალციხიდან და სამხატვრო სასწავლებელში, ნიკოლაძეში ჩავაბარე. ხუთწლიანი სასწავლებელი ხუთებზე დავამთავრე. გამიმართლა და ძალიან კარგი პედაგოგები შემხვდნენ. სამხატვრო აკადემიაშიც მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მე ისეთი მძიმე ბავშვობა მქონდა… აბა, 4 წლისას რომ ბავშვს დედა მოუკვდება. მაგ დროს მამაც უკვე მოხუცი იყო, პენსია 62 მანეთი ჰქონდა და ნახევარზე მშივრებიც ვყოფილვართ. თან მამაც მალევე გარდამეცვალა. მოკლედ, ბევრი ბრძოლა და მუშაობა მიწევდა არსებობისთვის და ამან შემიშალა ხელი, თორემ სწავლის გაგრძელება როგორ არ მინდოდა.

მამა მართლა კარგი კაცი იყო. ჩვენ ძალიან ახლო და გახსნილი ურიერთობა გვქონდა, არასოდეს მექცეოდა მკაცრად და მეც არაფერს ვუმალავდი. ერთხელ, ერთ ბიჭს მოვწონდი (სხვათაშორის, მერე თბილისის მთავარი არქიტექტორიც გახდა ეს ბიჭი). კინოდან მოვდიოდი, გვიანი იყო და გზაზე თურმე ხეს იყო ამოფარებული. უცებ გამოვარდა, მეცა და ლოყაზე მაკოცა. სირცხვილისგან ერთი კვირა გარეთ ვეღარ გავდიოდი. ასე მეგონა, მთელმა უბანმა დამინახა. მამაჩემი მეკითხება, რა მოხდაო. მოვუყევი გივიმ მაკოცა-მეთქი. მერე, მარტო გაკოცაო? კიდე რა უნდა ექნა, ხომ არ გაგიჟდო მეთქი?! ეგ არაფერი შვილო, მერე რა მოხდაო. აი, ასეთი თავისუფალი კაცი იყო. მართლაც და რა დაშავდა მაგით? მაგრამ მე ვიყავი ძალიან მორცხვი და მამაჩემის ამ ხასიათმა მიშველა, ალბათ, თორემ რომ ვეკონტროლებინე ზედმეტად, უფრო გავაკეთებდი რამე ცუდს. საერთოდ, ბავშვთან ზედმეტი კონტროლი არ არის საჭირო.”

თეატრში დაბრუნება
—————————————–
“ახლა უნდა მოვყვე, რატომ წავედი ფოთში. რა არის დასამალი და ერთ ფოთელ ბიჭს მოვწონდი. მეც მიყვარდა. მე რომ დავამთავრე, ის იმ წელს მოეწყო აკადემიაში და ხატვაში მე ვამზადებდი. სხვათაშორის, მერე კარგი მოქანდაკე დადგა… ჰოდა, იმ ბიჭმა – აქ რომ დაგტოვო, შენ გამითხოვდებიო და ამიტომ ფოთში უნდა წაგიყვანოო. ასე ჩავედი ფოთში. მამაჩემს ფოთის თეატრში ბევრი ნაცნობი ყავდა და თეატრში მიმიღეს. იქ არტისტად ვმუშაობდი, ლამის, ორი წელი, მაგრამ მერე ვეღარ გავძელი და წამოვედი. გორში ჩამოვედი და აქაურ თეატრში მივედი. მამაჩემს ამ თეატრშიც იცნობდნენ, აქაც ჩამიხუტეს და ეგრევე სცენაზე შემაგდეს. მაგრამ, გორის თეატრში ერთ წელზე მეტი ვერ გავძელი. სულ ვეუბნებოდი, „სცენა არ მინდა მეთქი, კაცო, არა ვარ არტისტი“, მაგრამ ეტყობა მქონდა მონაცემები და როლებს მთავაზობდნენ. ჰო, რატომ გავანებე თავი თეატრს ახლა ამას მოგიყვებით. ერთხელ დამიბარა მთავარმა რეჟისორმა და მითხრა, პიესა „ემილია გალოტი“ უნდა დავდგათ და შენ გამიკეთე დეკორაციებიო. კარგი-მეთქი. ორი თვე ვიჯექი ბიბლიოთეკაში და მაშინდელი ინგლისის ცხოვრებას ვსწავლობდი – რა ეცვათ ან როგორ ცხოვრობდნენ და 4-5 ესკიზი გავაკეთე. ერთ დღესაც შევდივარ თეატრში, სადაც გამოკრულია სია ვინ რა როლზეა დამტკიცებული და მხატვრის გასწვრივ ვკითხულობ სხვის გვარს და არა ჩემსას. აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ რეჟისორი მე არ მენდო, მაგრამ თან იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, რომ უფრო ადრე ეთქვა ეს ყველაფერი. არადა იცოდნენ, რომ ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და ამ სპექტაკლისთვის ვემზადებოდი. ძალიან მეწყინა. გული ისე დამწყდა ისე, რომ ეგრევე გამოვტრიალდი. არც განცხადება დამიწერია და არც არაფერ. მას შემდეგ თეატრში აღარ მივსულვარ. სხვათაშორის ძალიან კარგი ვქენი, რომ წამოვედი.”

 

56 წელი გორის სამხატვრო სკოლაში
———————————————————
“მაშინ უკვე ვიცოდი, რომ სამხვატრო სკოლა იყო გორში ხუთი წლის გახსნილი. კითხვა-კითხვით მივაგენი სკოლას. პატარა ქოხი ჰქონდათ ერთ-ერთ ეზოში. შევედი და ანა ფერაძეს შევხვდი, ვისი სახელობისაცაა დღეს ჩვენი სკოლა. მას ყველაფერი მოვუყევი. მეორე დღეს ჩემი ნამუშევრებიც ნახა და მითხრა „გულიკო, საათები არ მაქვს ახლა, მაგრა ჩემს საათებს გითმობ. უნდა მოხვიდე და იმუშაო ჩემს სკოლაში“-ო. აი, იმის შემდეგ ვარ ამ სკოლაში, გასულ ოქტომბერს უკვე 56 წელი შემისრულდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ამ ანა ფერაძისგან. მახსოვს შორს ვცხოვრობდი და ბინა თავისთან ახლოს მაქირავებინა. ხშირად დამიძახებდა ხოლმე და თავის სახლში მასადილებდა. ღმერთო, ისეთ პატივს მცემდა, მეტი რომ არ შეიძლება…

ჩემი პირველი და ერთადერთი პერსონალური გამოფენა წელს მქონდა გორში, რომელიც ამ სკოლის ახლანდელი დირექტორის ინიციატივით გაკეთდა. ჩემი ყოფილი მოსწავლეა და ნამუშევრები რომ ნახა, ძალიან მოინდომა გამოფენის გაკეთება. ერთი კვირა უნდა ყოფილიყო გამოფენილი და სამი კვირა დატოვეს, არ დაგვახურინეს. სკოლებიდანაც მოჰყავდათ ბავშვები. დამთვალიერებლები ნახატებზე მეკითხებოდნენ და მეც ლექციას ვუკუთხავდი მათ. მოკლედ, სამი კვირა სულ საგამოფენო დარბაზში ვიყავი. მე ფერწერა დავამთავრე, მაგრამ ფაქტიურად გრაფიკაში ვმუშაობ. გრაფიკა ფერწერის დონემდე ავიყვანე და ალბათ, ამ ტექნიკით ვარ გამორჩეული.

ზოგადად, რასაც ხელი მოვკიდე, ყველაფერი გამომივიდა. მაგალითად, ეს სახლი კერვით ავაშენე. მაშინ, აბა, ვინ მიცნობდა, როგორც მხატვარს… მდგმურად ვცხოვრობდი ერთ კარგ ქალთან. მან მათხოვა საკერავი მანქანა და კერვა ასე დავიწყე. მერე იმდენი კლიენტი შემომესია, დღეში 8 საათი ვიჯექი და სხვებს კაბებს ვუკერავდი. მაგრამ, ეს სახლი როგორც კი ავაშენე და შემოვედი, არცერთი კლიენტი აქ აღარ შემოვუშვი. კერვა დროებითი საქმიანობა იყო, ფული რომ მჭირდებოდა სახლისთვის. არ მინდოდა მხატვრობა მიმეტოვებინა და მკერავად გადავქცეულიყავი. ამიტომ, არ მივეცი მისამართი არავის. კიდევ კარგი, რომ დავუბრუნდი მხატვრობას.”

ხელოვანი ქალის ქორწინება
———————————-
“სად გაიცანი ალექსეი ჩერკასოვიო რომ მეკითხებიან, აფრიკაში-მეთქი ვეუბნები და რა შუაშია აფრიკა, გეტყვით ახლა. ალექსეი პიანისტი იყო და სამი თვით გასტროლებზე იყო აფრიკაში იმ დროს, როცა იმ ანა ფერაძის უმცროსი ვაჟი, რომელმაც მე სამხატვრო სკოლაში მიმიღო, ასევე იყო აფრიკაში მივლინებით, როგორც ბავშვთა ექიმი. მათ იქ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ამიტომ, ალექსეი რომ ჩამოდიოდა გასტროლებზე თბილისში, მათთან სახლში რჩებოდა. ანა ფერაძე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ მისი გახსენება. ის ლექსებსაც წერდა და შემოქმედებითი საღამო მოვუწყვეთ. რა თქმა უნდა, მისი შვილებიც დავპატიჟეთ. ისე დაემთხვა, რომ ალექსეი ჩერკასოვიც თბილისში იყო და ანას შვილს ჩამოჰყვა გორში ამ საღამოზე დასასწრებად. საღამო ჩავატარეთ და ანას ვაჟის თხოვნით, რამდენიმე კომპოზიცია ალექსეიმაც დაუკრა. საღამოს რესტორანში მოლხენის შემდგომ კი მისამართი მთხოვა და მეც მივეცი.

ამ ამბიდან ერთ კვირაში მომდის შვიდფურცლიანი წერილი, სადაც მთელს თავის ბიოგრაფიას მწერდა. მე უკან მოკლე მადლობის და მოკითხვის წერილი გავუგზავნე. ამის შემდეგ კი, კვირაში ორი წერილი მომდიოდა მისგან და სკოლიდან მოსულს, მისი წერილებით სავსე საფოსტო ყუთი მხვდებოდა. თავის ამბებს მწერდა – სად იყო, ვისთან ერთად დაუკრა და ა.შ. მე კიდევ ვფიქრობდი, ამ კაცს მეტი საქმე არ აქვს-მეთქი?! ერთ დღეს მომდის დეპეშა, სადაც მატყობინებდა, რომ ჩამოდიოდა თბილისში, რადგან ახალი წლის ჩვენთან გატარება უნდოდა და აეროპორტში დახვედრას მთხოვდა. დავხვდი, რა თქმა უნდა. აქ ჩემთან სახლში რომ შემოვედით, დადგა ჩემოდანი კედელთან, ზედ დაჯდა და თქვა „Я отсюда никуда не пойду“-ო. მართლა სასწაული იყო – სტუმრად მოსული კაცი, უკან ვერაფრით ვეღარ გავაგდე. ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, მე უკვე მიყვარს ეს ქალი, ცუდს არაფერს ვაპირებ და მისი ცოლად მოყვანა სერიოზულად მინდაო. ბოლოს ყველამ მირჩია, გამოჩენილი პიანისტი და განათლებული კაციაო. ოჯახიც ძალიან გამორჩეული ჰყავდა – ძმა ცნობილი დირიჟორი და საკავშირო ტელევიზიის მთავარი მუსიკალური რედაქტორი იყო, ალიოშას მამის ძმა კი ფილმის – „ივანე მრისხანე“ – მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც პუშკინის გვერდით არის დაკრძალული. ხოლო, მამა გენერალ – მაიორი იყო. ლენინგრადში ცხოვრობდნენ და 1941 წელს ომი რომ დაიწყო, სტალინმა არაჩვეულებრივი ბინა მისცა მოსკოვში და ოჯახით გადმოიყვანა. გენერალი ჩერკასოვი მთელი ომის განმავლობაში სტალინს წინ ეჯდა თურმე, როგორც მრჩეველი და მას არც ომში უშვებდა.

მე რა რეაქცია მქონდა მის დაჟინებულ ქორწინების იდეაზე? 42 წლის ვიყავი, მანამდე ქმარი ვერასოდეს წარმომედგინა და არც დაოჯახება მინდოდა. ვფიქრობდი ჩემთვის ვარ და ვხატავ, რად მინდა ქმარს ვურეცხო ახლა წინდები-მეთქი. მაგრამ, რა ვქნა, ვეღარ გავაგდე ეს კაცი. ვერ მოგატყუებთ, მისი შეყვარება ვერ მოვასწარი. სიყვარულს რაღაც სხვა ჩანასახი სჭირდება მემგონი. მაგრამ, უდიდესი პატივისცემა კი გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს აუცილებელია ცოლ-ქმარს შორის.

მეც მიკვირდა, მაგრამ ალიოშა გორში ჩამოვიდა საცხოვრებლა. ამბობდა, აქ მშვიდად ვგრძნობ თავს და ვისვენებო. თბილისის ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა. მთელი თბილისი და მუსიკალური საზოგადეოება იცნობდა მას. რა თქმა უნდა, გასტროლებზე სულ დადიოდა, მაგრამ გორში ცხოვრება ძალიან მოსწონდა. ზოგადად, ძალიან კარგი კაცი იყო – ლმობიერი და სტუმართმოყვარე. აი, მაგალითად, ჩაალაგებდა საჭმელ-სასმელს და მშენებლობაზე მუშებთან დადიოდა. მერე მიყვებოდა აღფრთოვანებული, იცი რა საინტერესო ხალხიაო? ისინი ჩემს ამბებს მეკითხებიან და მე იმათ ამბებს ვისმენო.

მაგრამ, ხელოვანი კაცები იქეთ მოითხოვენ დიდ დროსა და ხელშეწყობას. 8 საათი ეჯდა ფორტეპიანოს. კაცი როცა დილით მიდის სამსახურში და საღამოს მოდის, იმას აიტან. მაგრამ, ქმარი მთელი დღე რომ სახლშია, შენ დადიხარ სამსახურში და ის გელოდება, ეს საშინელებაა.

მე როგორც ხელოვანს, ქმარი ძალიან მიშლიდა ხელს. აი, 11 წელი ვიყავით ერთად და მხოლოდ სამი ნამუშევარი გავაკეთე იმ წლების განმავლობაში, მეტი ვერა. ვერ ვიცლიდი ამისთვის. “Ты должна рисовать! Ты должна рисовать!” – მეუბნებოდა ხოლმე. должна … должна, მაგრამ როდის-მეთქი?! სამსახურში ვმუშაობ, რომ მოვალ უნდა გაჭამო-გასვა, მერე საღამოს ნარდი გეთამაშო და როდისღა დავხატო-მეთქი. ვწუხდი, რომ ვეღარ ვხატავდი, მაგრამ ამ კაცთან ცხოვრება არასოდეს მინანია. კარგად ვიყავით, ვეფერებოდით, პატივს ვცემდით ერთმანეთს და ბევრს ვმოგზაურობდით ერთად. ალიოშა უკან არასოდეს ჩამომიტოვებდა და ყოველთვის გვერდით ვყავდი. მასთან განვლილი 11 წელი დამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.

შესაძლებლობა რომ მქონოდა, მე, ალბათ, მუსიკოსი გავხდებოდი. სხვათაშორის, გიტარას ნოტებით ძალიან კარგად ვუკრავდი. მერე ვთქვი, ორი მუსიკოსი ერთ ოჯახში არ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. ერთხელ ალიოშამ რა გააკეთა იცით? ზის და რახმანინოვის მეორე კონცერტს უკრავს. მე აქეთ ოთახში ვარ და განგებ არასწორი აკორდი აიღო. მე ეს არ გამომპარვია და იმ წუთში დავუბრახუნე აქედან კედელზე. შემოვიდა და „ах ты стерва!“-ო მეუბნება. ბავშვობიდან მელომანი ვარ და სმენაც ბრწყინვალე მაქვს, ამიტომ კარგად ვუგებდი მას, როგორც ხელოვანს.

1988-1989 წლებში ალიოშას პარიზიდან მოწვევა მოუვიდა, სამუშაოდ ეპატიჟებოდნენ. ვერ იტანდა კომუნისტებს და მეუბნებოდა – „გულინკა, მალე კომუნისტები გადაშენდებიან, გზა გაიხსნება და წავალთ. შენ ხატავ, მე ვუკრავ, სხვა ენის ცოდნა იქ დიდად არც გვჭირდება და კარგად ვიქნებით“-ო. კი დავუქნიე თავი, მაგრამ თან ვფიქრობდი, მე აქედან როგორ წავალ-მეთქი. არ შემიძლია, სულ რომ ოქროში ჩამსვა, საქართველოდან ვერ წავალ. მამისგან გამომყვა, მეც პატრიოტი ვარ. თუმცა დაფასება ამ ქვეყნისგან და ამ ქალაქისგან მე მაინცდამაინც არ მიგრძვნია, მაგრამ ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა… 1990 წელს რომ არ გარდაცვლილიყო ალიოშა, ალბათ, წავიდოდა პარიზში.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები