დადუ, 38 წლის, თბილისი

“პირველად, როცა ეს გავაანალიზე, ვიყავი ალბათ 8-9 წლის. როდესაც მივხვდი, რომ გოგოების მიმართ სხვანაირი გრძნობები მიჩნდებოდა. საკმაოდ საზრიანი ბავში ვიყავი და, რა თქმა უნდა, ამ თემაზე დავფიქრდი. რა ხდება, რატომ ხდება… მაგრამ არ შემშინებია, უბრალოდ მივიღე საკუთარი თავი.

ორი წლის წინ მქონდა ერთ გოგოსთან ურთიერთობა. 2 წლის განმავლობაში ვხვდებოდით. სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და ძალიან გვინდოდა ერთად ყოფნა, მაგრამ ამის გამო ლამის თოფის ლულას გვადებნენ შუბლზე, იყო უამრავი მუქარა, დაშინება, მისი მშობლების მხრიდან. მე 10 წელია, რაც მშობლები აღარ მყავს. ხანდახან ვფიქრობ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ამდენ რამეს ვერც გადაიტანდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მინდა მივეკედლო, ჩავეხუტო, ძალიან მინდა მათ ხელებში დავიმალო და ვთქვა, რომ კი, მე მეშინია. კი, მეც არ მსიამოვნებს და კი, მე მინდა, რომ ვიღაცამ მეც შემიცოდოს. ცუდი ნათქვამია, მაგრამ ასეა. მინდა. იღლები ადამიანი იმით, რომ სულ ძლიერი იყო.

ყველაზე მძიმე იცი რა არის? არა თუნდაც ის, რომ თავს გვესხმიან, ყელს გვჭრიან, საყურეს ხელით გვაძრობენ, ხელს გვირტყამენ არაფრის გამო, ეს ყველაფერი გაივლის, მოშუშდება. ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში არის მშობლის რეაქცია. ძალიან ბევრი მშობლისგან მსმენია, თუ შვილის განსხვავებული ორიენტაციის შესახებ გაიგებენ, ამბობენ „მე შვილი აღარ მყავს“. რატომ? რას ჰქვია შვილი აღარ გყავს? 20 წელი გყავდა, 15 წელი გყავდა შვილი და ახლა აღარ გყავს? და რის გამო? იმიტომ, რომ შენს შვილს სიყვარულის ნიჭი აქვს და იმიტომ, რომ უყვარს? თავზე გვახვევნ დემოგრაფიის პრობლემას, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ შენ უკვე შენს არსებულ შვილზე ამბობ უარს. შენს გაზრდილ შვილზე ამბობ უარს და ისიც იძულებული ხდება, რომ შენზე თქვას უარი.

რამდენი ადამიანის ფსიქიკა არის დარღვეული და რა საშინელ წნეხში ვართ. საშინელებაა ეს. საბოლოო ჯამში ადამიანები ვართ, ციდან არავინ ჩამოსულა და სახლში ფრთები არავის დარჩენია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ”.

მსგავსი ისტორიები