დალი ვეშაგურიძე, 52 წლის, ზემო ალვანი

„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი, სოფო კი, რომელმაც უკუღმა რომ ჩადგას ნერგი, მაინც ფესვიანდება, თავისი მოწეული ბოსტნეულით გვიმასპინძლებოდა. სამეურნეო კოოპერატივის გაკეთების იდეაც ჩვენი სადილობის პერიოდიდან მოდის. რადგან ასეთი გამოცდილება გვქონდა დაგროვილი სოფლის მეურნეობაში, გადავწყვიტეთ კოოპერატივი დაგვერეგისტრირებინა, კიტრისა და პომიდვრის ბიზნესი გვეწარმოებინა და გრანტების მოძიებაზე გვეზრუნა. ეს კი ჩვენს შემოსავალს გაზრდიდა და დამატებითი დასაქმებისა და განვითარების საშუალებას მოგვცემდა.

კოოპერატივში 5 ქალი გავერთიანდით და თან ჩვენი ქმრებიც შემოვიერთეთ. ქალებმა ინტერნეტით გავიგეთ, რომ არსებობს გრანტები სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა. პროექტის დაწერის დროს ყველა წევრი ვიღებდით მონაწილეობას: სადაც საუბარი იყო საჭირო, ქართულის მასწავლებლები მოვიშველიეთ, ბუღალტერია და ცხრილები სადაც იყო საჭირო, მე ვეხმარებოდი. ბიზნეს პროექტის წერა არ ვიცოდით. ანკეტაში მოცემულ კითხვებს ვცემდით პასუხს. ამის შემდეგ მოგვდიოდა კომენტარები დონორისგან შესწორებებთან დაკავშირებით და ასე წელიწადნახევარი ვწერეთ პროექტი. კიდევ კარგი ხელს გვიწყობდნენ დონორები, რომ მათ ვინც არ ვიცოდით ბიზნეს პროექტის წერა, მომენტალურად არ გვბლოკავდნენ და გამოსწორების შანსს გვაძლევდნენ. პარალელურად დონორები მოდიოდნენ, გვატრენინგებდნენ, გვეხმარებოდნენ, რომ სრულყოფილი პროექტი წარგვედგინა. აქვე, სკოლაში გვიტარებდნენ ტრენინგებს. წარმოიდგინეთ, დილის 9 საათიდან საღმოს 5 საათამდე სკოლაში ვმუშაობდით, შემდეგ სახლებში ვბრუნდებოდით და საოჯახო საქმეებს ბავშვების დაძინებამდე, ანუ საღამოს 10 საათამდე ვაკეთებდით. აი, მერეღა ვიწყებდით პროექტის წერას. მახსოვს, რომ ჩვენი კოოპერატივის წევრებს ღამეებიც კი გაგვითენებია პროექტის წერაში. ვიკრიბებოდით შორენასთან, ერთ-ერთ ჩვენს კოოპერატივის წევრთან და დილის 4 საათზე ვასრულებდით მუშაობას. ღამეში 4 საათი გვეძინა. 8 საათზე ისევ ფეხზე ვიყავით, რომ სკოლაში ჯერ ბავშვები გაგვეშვა და შემდეგ ჩვენ მივსულიყავით სამუშოდ. ასე ვცხოვრობდით წელიწადზე მეტ ხანს. პროექტის წერის პერიოდში მხოლოდ ქალები ვიღებდით მონაწილეობას, ხანდახან რა თქმა უნდა ვეკითხებოდით აზრს ჩვენს ქმრებს, ძირითადად ტექნიკის სახეობაზე და სარწყავი სისტემების ტექნოლოგიებზე, მაგრამ იდეოლოგები ჩვენ ვიყავით. ისიც კი გვახსოვს, რომ ჩვენი კაცები ძალიან ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ჩაგვძახოდნენ: რა პროექტი, რის პროექტი, რაში ხარჯავთ დროს, ვინ მოგცემთ თქვენ დაფინანსებასო. რწმენა არ ქონდათ, არ ჯეროდათ ჩვენი. ზოგადად სიახლეების მიმართ ხომ კაცები უფრო არ არიან გახსნილები, ასეთები უფრო ქალები ვართ, იმიტომ, რომ სულ მუდმივად ახალი გამოსავლის ძიებაში ვართ. არ ფიქრობდნენ, რომ დაგვაფინანსებდნენ, რა ძალა გადგათ, ღამეებს რომ ათევთო. საბოლოოდ 40 გვერდიანი ბიზნეს გეგმა წარვუდგინეთ დონორს. ჩვენი გეგმა 3 წლიან განვითარებაზე გავთვალეთ, რომლის მიხედვით რისკები პირველ 2 წელს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და მესამე წელს მოგებაზე უნდა გავსულიყავით. კიტრის და პომიდვრის სათბურის გასამართად 85,950 ლარი მოვითხოვეთ, საიდანაც ჩვენი თანადაფინანსების წილი იყო 22,000 ლარი. კოოპერატივის წევრმა ქალებმა სახელფასო უზრუნველყოფით ავიღეთ კრედიტები და დონორმაც გაგვიმართა სათბური. სხვათა შორის მას შემდეგ, რაც კაცებმა დაინახეს, რომ ავიღეთ დაფინანსება, მერე, იცოცხლე, კი დაგვიდგნენ გვერდში და მოასუფთავეს სასათბურე ნაკვეთი.

ახლა ორი სათბური გვაქვს, ტყუპებს ვეძახით, ორივე ერთად 900 კვადრატული მეტრია და 1,300-მდე ძირ პომიდორს და კიტრს ვახარებთ.

პირველ წელს კიტრის მოსავალი გვოქნდა 4 ტონა, წესით უნდა ყოფილიყო 15, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბიო პროდუქტის წარმოების ამბიცია. ჩვენ კიტრს გარეცხვა არ ჭირდება და მის გასახარებლად ვიყენებთ არა ქიმიურ, არამედ ბიოლოგიურად სუფთა სასუქს. ზოგადად ბიო პროდუქტი არ გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. პირველ წელს 6,000 ლარი მივიღეთ შემოსავალი გაყიდული პროდუქციიდან და რეინვესტირებას მოვახმარეთ: გაზი შემოვიყვანეთ, მთელი წლის მარაგი ორგანული სასუქი შევიძინეთ და იმის გამო, რომ წყალი არ გვყოფნიდა, ამაზონიდან გამოვიწერეთ წყლის რეზერვუარი. აქ რომ უნდა გადაგვეხადა 5 ტონიან რეზერვუარში 1,200 ლარი, ამაზონზე 250 ლარი მივეცით. ახლა კიდევ გვჭირდება სხვადასხვა დანადგარები, როგორიცაა გათბობის სისტემა და გენერატორი, რომ ყინვასა და დენის წასვლის პერიოდში მოსავალი არ გაგვიფუჭდეს.

ვფიქრობთ, რომ კოოპერატივთან ერთად ჩვენც ვიზრდებით. სოფლის მაცხოვრებლის ცხოვრება ხომ იცით როგორია? აი, დაიბადები სოფელში და აღმოჩნდება, რომ მთელი ცხოვრება მარტო სოფლის სასაფლაოს გზისკენ გივლია თურმე. ახლა ასე არ არის ჩვენი ცხოვრება, ქალები უფრო აქტიურად ვცხოვრობთ, ვეცნობით მთელ საქართველოს, დავდივართ სასწავლო ტურებზე. ჩვენი თვითშეფასებაც ამაღლდა. აი, მაგალითად სოფო, ჩვენი კოოპერატივის წევრი, ამას წინეებზე სოფლის მაღაზიაში შევიდა და უცებ გამყიდველმა უთხრა, შენ ის, არ ხარ, სათბურის გოგოვო?! ცნობადები გავხდით. გავრისკეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა ცუდად. ერთმანეთის იმედი მოგვეცა და ჩვენი ნაცრისფერი ცხოვრებაც გაფერადდა: სასწავლო პროცესი რომ დამთავრდება, მერე უკვე სხვა ცხოვრება გვეწყება, კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო.“

მსგავსი ისტორიები