ეთერი გვარამაძე, 86 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი
„წარმოშობით გურული ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდი. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მდგომარეობის გამო მოვხვდით რუსთავში. რუსთავი ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი იყო, არავინ მყავდა აქ. ქალაქის ნაწილი რომ იყო, ან უნდა გაიზარდო აქ, ან სწავლობდე ან უნდა მუშაობდე, მე ეს ყველაფერი თბილისში მქონდა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომწონს რუსთავი, ძალიან შევეჩვიე აქაურობას.
ჩემი ოჯახის ბინაში ჩემი და დარჩა. კიდევ ორი ძმა მყავდა, მაგრამ ერთი გარდაიცვალა. მამაჩემი პროფესორი კაცი იყო და როგორც მრავალშვილიანს, თბილისის ზღვაზე ნაკვეთი მისცეს, სადაც მამამ კერძო სახლი ააშენა. იქ ჩემი ძმა წავიდა, გრიბოედოვზე კი – ჩემი და დარჩა. ჩემი და უკვე 90 წლისაა, შვილები ჰყავს ბიჭები და შვილიშვილებიც ბიჭები და ახლა, მე იქ მივალ მეორე ბებია კიდევ მოსავლელად?! არა! მე მაგაში სხვანაირი ვარ, ჩემი შეწუხებული არ არსებობს არავინ! ვახტანგის სიკვდილის შემდეგ მივიდე და შევეკედლო – მე არ მინდა!
ერთოთახიანი ბინა გვქონდა და ვცხოვრობდით აქ, მაგრამ მეუღლე გარდამეცვალა უკვე 11 წელია, შვილები არ გვყოლია, მარტო დავრჩი. ვინც მყავს ყველა თბილისში მყავს, მაგრამ ცოტა ისეთი ხასიათი მაქვს ამიტომ, არავის მივეკედლე. არავისთან მინდა შეკედლება, უკვე მოხუცი ვარ…
ყოველთის ძალიან მიყვარდა ხელოვნება და არ მინდოდა ეკონომიური დამემთავრებინა, ჟურნალისტიკა მინდოდა. მამა გადაიყვანეს „გეპეიში“ კათედრის გამგედ, პროფესორი იყო და ამიტომ ჩამაბარებინეს მანდ, მაგრამ ძალიან მეჯავრებოდა მათემატიკა. ლიტერატურა მიყვარდა, ჟურნალისტიკა მიყვარდა, მაგრამ მანდ ჩაბარების იმედი არ მქონდა, რადგან ძალიან დიდი კონკურსი იყო. „გეპეიში“ კიდევ მამას ხათრით ჩავაბარე. მაგრამ მეორე კურსიდან წამოვედი და 54-ში თსუ-ში ჩავაბარე, რომელიც 59-ში დავამთავრე. უნივერსიტეტის დამთავრების მერე კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა. „ვერის უბნის მელოდიებზე“ ვმუშაბოდი, ასევე „Ожерелье для моей любимой“, „სანაპიროზე“, რომელიც ბათუმში გადაიღეს, „ფორე მოსულიშვილი“ კახეთში გადაიღეს – მე ვიყავი ამ ფილმების დამფინანსებელი. „ვერის უბნის მელოდები“ მილიონ ნახევარი მანეთი დაჯდა მაშინ, რაც ძალიან დიდი თანხა იყო. როგორც კი დასრულდა ფილმის გადაღება, ფიზკულტურის ინსტიტუტში გადავედი სამუშაოდ.
ასე მგონია, ჩვენს მსახიობებს გულის ნაწილები გავატანე იმიტომ, რომ ბევრი წასულია უკვე. ძალიან მიყვარდა ყველა. ჩემთვის სიხარული და ბედნიერება იყო, როცა ვხედავდი ჟორჟოლიანს, ხვიჩიას…
შემდეგ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე თითქმის ჩემი მეზობელი იყო. მე გრიბოედოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩემი ვახტანგი კი – უკან, ზუბალაშვილების ქუჩაზე. რადგან ვახტანგი რუსეთში სწავლობდა, მისი და, ანუ ჩემი მული, ოჯახში ცხოვრობდა მე რომ გავყევი. მე ვუთხარი – „ვახტანგ, მე იქ არ წამოვალ, იზა იქ ცხოვრობს და სად უნდა დაიწყოს ბინის ძებნა, ბავშვები იქ გაიზარდნენ და არ მინდა შევავიწროვო, ერთი და-ძმა ხართ და არ მინდა მაგაში ჩავერიო-თქო“. ამიტომ, რამოდენიმე ხანი ნაქირავებში ვიცხოვრეთ, შემდეგ კაზრეთშიც ვცხოვრობდით. შემდეგ კი, საბოლოოდ, რუსთავში გადმოვედით. თბილისი მაინც ახლოსაა და სულ ჩვენს ნათესავებთან ვიყავით.
სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, ოჯახებს, მშობლებს. მაგრამ სიყვარული არ ყოფილა. ვახტანგმა, თუ არ გამომყვება და სხვას გაყვება ვინმეს, ციმბირში წავალ და ჩემს ლანდს ვეღარ ნახავთო უთქვამს. მე მომწონდა. მე მას ძალიან ვაფასებდი. მას მერე, რაც 30 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ლექსი დავუწერე:
„ხომ ხედავ, ცხოვრების ბოლოში გავედით,
ვაითუ იმ ქვეყნად ცალ-ცალკე წავედით,
და თუ მე პირველმა დაგტოვე ეული,
ვერ გაძლებ უჩემოდ, ჩემთან შეჩვეული.
მაგრამ თუ დამტოვე მოხუცი, სნეული,
მარტოკა ამქვეყნად, ცრემლებად ქცეული,
სჯობს ერთად დავლიოთ სამსალა წყეული
დეე, დავრჩეთ ჩვენ ყველასგან გამორჩეული.
მეშინია, არ მასვენებს სევდიანი ფიქრები,
ერთ დღეს წახვალ და დამტოვებ,
ქვეყნად მარტოდ ვიქნები,
მე დაგასწრო და წავიდე,
უფრო ცოდვა იქნები.
მოდი, ერთად წავიდეთ და ისევ ერთად ვიქნებით.“
მაგრამ გამასწრო. გამასწრო და ეს დავუწერე:
„შენი წასვლით, ჩემთვის ქვეყანა დაცარიელდა,
უშენობას, ჩემო კარგო, ვერ ვეგუები,
შენმა სიკვდილმა, ჩემი სიკვდილი გამიადვილა,
არ მეშინია, რადგან იმქვეყნად შენ მეგულები.
შენზე ფიქრებით მითენდება და მიღამდება,
თუმცა აღარა ხარ, მაგრამ მე კი შენს მოსვლას ველი,
გთხოვ მაპატიო, ამდენი ხანი დაგტოვე მარტოდ,
ცოტაც მადროვე, მალე მოვალ, ვიცი რომ მელი.“
მე და იზა ერთად გადავდივართ გლდანში საცხოვრებლად. თუმცა თბილისი ჩემთვის ვაკე, ვერა, რუსთაველია… იზა ჩემთან რომ მოდის სანახავად შვილიშვილებთან ერთად, ისე ხშირად არ შემიძლია უკვე გასვლა, მიჭირს. ფანჯარასთან მივდივარ და ცრემლები მომდის. ეს მაქვს. ესაა ჩემი ბოლო.
„თვალებში შიში ჩამდგარა,
სულში სევდა და ნაღველი,
ისე მივდივართ იმქვეყნად,
ბევრი რამ გვრჩება სათქმელი.
განა დაგაცდის საწუთრო
სიცოცხლის გულის შერევას?!
დღესა ხარ – ხვალ არ იქნები,
ძნელია დასაჯერებლად.
ამიტომ უნდა გვიყვარდეს
მზე, ვარსკვლავების ციალი,
თორემ ვინ იცის სად მოგსპობს
სიკვდილი ოხერტიალი.“