ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება

„არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა როგორც ბიჭს, იმიტომ რო ჩემში საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ხედავდა. მეგობრებიც ბიჭები მყავდა. ერთადერთი ვინც მეჩხუბებოდა და მზღუდავდა, ბიჭებთან რომ ვთამაშობდი ეზოში ფეხბურთს, ჩემი ძმა იყო, რომელსაც თითქოს ეუხერხულებოდა ის ფაქტი, რომ მისი და მაინცდამაინც გოგოების თამაშებით არ იყო გატაცებული. თანაც გამოდიოდა, რომ ბავშვობაში მისი კონკურენტიც ვიყავი ფეხბურთში. თუმცა მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა და თითოეულ ჩემს სურვილს აკმაყოფილებდა. და მეც ფანატურად ვიყავი მამაზე შეყვარებული.“

მამა და შეზღუდვები ანუ რაც მამას უნდა

„რამდენადაც თავისუფლად მზრდიდა მამა ბავშვობაში, იმდენად მკაცრი იყო ჩემი საჯარო მოღვაწეობის მიმართ. მანამ სანამ ეზოში, ბიჭებთან ფეხბურთის თამაშით ვიყავი გატაცებული, ეს მისაღები აღმოჩნდა. თუმცა, როგორც კი პროფესიონალი მწვრთნელებისგან შეთავაზება მიიღო ჩემი ნაკრებში გაწევრიანების შესახებ, უპასუხა, დაანებეთ თავი ჩემს ქალიშვილს, ადექით და თქვენი გოგოები გააწევრიანეთო. ეს იყო პირველი შეზღუდვა, რაც მამაჩემისგან მივიღე.

ვინაიდან სპორტი სულ მიზიდავდა, ცურვით დავინტერესდი და საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, აუზზე გავაგრძელე ვარჯიშები. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სერიოზული მიღწევები მქონდა, რომ სპორტის ოსტატის კანდიდატი გავხდი. ეს იყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთული პერიოდი, 90-იანი წლების დასაწყისი, ამიტომ გორის საცურაო აუზმა ვერ შეძლო ფუნქციონირება და მალე დაიხურა. შედეგად, თითქმის ყოველდღე თბილისში ჩამოვდიოდი, რომ ვარჯიშში წყვეტა არ მქონოდა. შეჯიბრისთვის ვემზადებოდი. იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი მავარჯიშებდა და ჩემი შედეგების გამო, შემომთავაზა მოსკოვში სპორტული მოღვაწეობის გაგრძელება, რაზეც მამამ უარი უთხრა. საბოლოოდ, უკვე თინეიჯერობის ასაკში ცურვაზეც თავი დამანებებინა, იმ მიზეზით, რომ გოგო ვიყავი და ცურვა მხრების მუსკულატურას განავითარებდა. ქალის სტანდარტში კი ეს არ ჩაჯდებოდა.

ამის შემდეგ კალათბურთით დავინტერესდი. უფროსების გუნდში მოვხვდი. თუმცა ცურვაზე მამისგან ჩუმად დავდიოდი, ვვარჯიშობდი და ადგილობრივ შეჯიბრებებშიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს მამაჩემს არ გაუგია. ხშირად ხდებოდა ისე, რომ წინა დღეს ცურვაში მქონდა შეჯიბრი და მეორე დღეს კალათბურთის მატჩში ვიღებდი მონაწილეობას.

სხვათაშორის, იმ პერიოდში დავინტერესდი ჭიდაობით და კარატეთი. ჩემი მეგობრის, კობა კურტანიძის მეუღლე, მანანა ჭიღლაძე იყო არაჩვეულებრივი მოჭიდავე. მახსოვს, ერთხელ გავყევი ვარჯიშზე, მე უნდა დამეწყო. მამამ მომაგნო და სულ ძალით გადმომიყვანა ტატამიდან. კარატეც მამის სურვილის გამო დავთმე.

მიუხედავად იმისა, რომ მამა კაცური სპორტით სერიოზულად დაინტერესებას მიკრძალავდა, ის არასდროს მზღუდავდა ჩაცმულობასა და მეგობრებთან სიარულში. ამ მხრივ, ვისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ჩემი ძმა იყო, რომელიც მუდმივად მიკონტროლებდა ჩემი შორტისა და კაბის სიგრძეს, დეკოლტეს რადიუსს, მეგობრებს. თუ ბიჭთან ერთად დამინახავდა, აუცილებლად მანქანაში მაიძულებდა ჩაჯდომას და სახლში მივყავდი. არადა, უმეტესად ბიჭებთან ვმეგობრობდი. თუმცა ახლა უკვე ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

აბიტურიენტობის პერიოდში, ძალიან მინდოდა ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარება. ჩემი მისწრაფება იყო მწვრთნელი გამოვსულიყავი, მაგრამ აქაც წინააღმდეგობა დამხვდა ოჯახისგან. ოჯახში ყველა ექიმები იყვნენ და ჩემგანაც ამ ტრადიციის გაგრძელება მოითხვეს. ასე ჩავაბარე სამედიცინოზე, რაც პრაქტიკულად არაფერში გამომიყენებია.“

მიზანში სროლა, როგორც მედიტაცია

„სროლით სულ ვიყავი დაინტერესებული. თუმცა სერიოზულ მსროლელთა კლუბში არასდროს ვყოფილვარ. ძირითადად მარტივი ტირებით შემოვიფარგლებოდი და ეს საქმეც კარგად გამომდიოდა. უკვე 2 შვილი მყავდა, როცა მეგობარმა შემომთავაზა, სკა-ზე წავიდეთ და პროფესიონალურ ტირში ვისროლოთო. იმდენად კარგი შედეგები მქონდა, რომ დედაჩემმა, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, პრაქტიკულად მაიძულა, რომ ამ სპორტით სერიოზულად დავკავებულიყავი. თავად დედაც საუკეთესო მიზანში მსროლელია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დედაჩემის ასეთი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტიც, მოთხოვნა, ალბათ ამ სპორტს არ გავყვებოდი. ჩემი შედეგებით შეგულიანებულმა, იქვე მწვრთნელს დაველაპარაკე, რომ მინდოდა ამ სპორტით სერიოზულად დაკავება. სოსომ, ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, მითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა ნინო სალუქვაძესთან თუ ვივარჯიშებდი, რომელსაც ახალი დაქომპლექტებული ჰქონდა გუნდი თავისსავე ტირში. ერთი თვის მისული ვიყავი სროლაზე, რომ პირველივე შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავე. ასე დავრჩი ნინოსთან და მასთან ერთად ვასპარეზობდი ევროპისა და მსოფლიო თასის შეჯიბრებში.

იცით რა მომწონს სროლაში?! აქ არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც ფიზიკურ აგებულებას, მთავარია გქონდეს ნებისყოფა და მტკიცე ნერვები. და კონცენტრაციის უნარი. თუ სროლის დროს სხვა ფიქრი მოვიდა თავში, გარდა მიზნისა, სულ სხვაგან გაიქცევა ტყვია. სროლა მედიტაციასავითაა – სრულად უნდა მოახდინო გონების გათავისუფლება ნებისმიერი ყოფითი ფიქრისგან, აკონტროლო სუნთქვა, რაც გეხმარება გადატვირთვაშიც. თუმცა საკმაოდ შრომატევადი სპორტია, დღეში მინიმუმ 3 საათი ფეხზე გიწევს დგონა. 2 დღეც რომ ჩააგდო და არ ივარჯიშო, უკვე ნეგატიურად აისახება შენს შედეგებზე.

ეს იყო სპორტი, რომელიც მივიღე ჩემად და აქ ვაპირებდი საკუთარი თავის რეალიზაციას. თან ძალიან გამიმართლა, რომ არავინ მზღუდავდა. ყველა გვერდით მედგა, მათ შორის ჩემი მეუღლეც, რომელმაც პირადად მაჩუქა საკუთარი სპორტული იარაღი. ევროპაში ასპარეზობაზე სიარულის პრობლემაც არასდროს მქონია. ბავშვებთან დედა რჩებოდა. (მამა უკვე ჩვენს ოჯახში აღარ ცხოვრობდა და მასთან დისტანცირებაც ამ ფაქტმა გამოიწვია). სხვათაშორის, გერმანიასა და იტალიაში ასპარეზობაში მონაწილეობას ზუსტად იმ პერიოდში ვიღებდი, როცა მესამე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ეს სრულიადაც არაფერში მიშლიდა ხელს.

მშვიდობით, იარაღო…

რამდენიმე წლის წინ ჩემს ქმარს საკუთარ რესტორანში უბედური შემთხვევა ჰქონდა – გაზმა გაჟონა, დაგროვდა და სარდაფში იმ დროს აფეთქდა, როცა ზურა იქ იმყოფებოდა. 70%-იანი დამწვრობა მიიღო, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. როცა გადარჩა, უკვე საუბარი იყო კიდურების ამპუტირებაზე. ახლა ჩემი სპორტით გატაცების დრო აღარ იყო. მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი და გადამერჩინა. სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ, ბევრი ვიმუშავეთ მეც და ექიმებმაც და კიდურებიც შევუნარჩუნეთ. საკუთარი ხელით ვუტარებდი ყოველდღიურ გადახვევების პროცედურებს. აქ გამომადგა ჩემი სამედიცინო განათლება. ზურას რეაბილიტაციას 7 თვე დასჭირდა. ეს პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სპორტულ სფეროს ჩამოვშორებოდი და თავი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ჩემი პნევმატური იარაღი სათუთად შევინახე სეიფში…

ბიზნესში

„რადგან სპორტი გარკვეული მიზეზების გამო არ გამომივიდა, ჩემი ძალები ბიზნესში მოვსინჯე. რესტორნების საოჯახო ბიზნესი გვქონდა გორსა და ქობულეთში და იქ ჩავუდექი სათავეში მენეჯმენტს. ადმინსტრაციული საქმიდან დაწყებული, მომარაგებამდე დამთავრებული, ყველაფერს მე ვაკეთებდი და სხვათაშორის ძალიან წარმატებით წავიდა ბიზნესის საქმე. ის კი არადა, ქობულეთში რესტორნის მშენებლობა რომ დავიწყეთ, 2003 წელს, უშუალოდ მე ვმონაწილეობდი სამშნებლო და სამღებრო საქმიანობაში. მოგვიანებით, გორში მოზრდილთა ამბულატორიული კლინიკის დირექტორის პოზიციაც გადავიბარე. მივხვდი, რომ მენეჯმენტი კარგად გამომდიოდა.

თუმცა ჩემი პირველადი სურვილი, ვყოფილიყავი სპორტში აქტიურ სპორტსმენად და მწვრთნელად, არ განელებულა. იმდენად დიდი სურვილი მქონდა მწვრთნელი ვყოფილიყავი, რომ გორში ბავშვთა საცურაო აუზზე დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველდღე თბილისიდან დავდიოდი ბავშვებთან. წარმოიდგინეთ ხელფასი 16 ლარი მქონდა და საწვავში 60 ლარი მეხარჯებოდა. ფინანსური დაინტერესება საერთოდ არ მქონია, იმდენად მსიამოვნებდა ეს საქმე. ძალიან კარგი ბავშვები გამოვზარდე…
ეს ინტერვიუ შესაძლოა ჩემი მოტივატორი გახდეს. იმდენად ორგანულია ჩემთვის სპორტი, რომ არ მეთმობა. იქნებ ჩემი სეიფიც გავხსნა, სადაც ჩემი სპორტული იარაღი ინახება და ახლიდან დავიწყო ვარჯიში.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: ნინო ბაიდაური

მსგავსი ისტორიები