ეკატერინა ორბელაძე, 41 წლის, ბათუმი

“არ ვიცი, თქვენი სხვა გმირების ფონზე, რამდენად საინტერესო იქნება ჩემი ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სათქმელი ბევრ ქალს აქვს და მათ შორის, მეც. განსაკუთრებით, მომავალი ჯანსაღი და თავისუფალი თაობების გამო.

ხშირად, ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება, რომ თუ რაღაც ინსპირაციული არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ის თითქოს არ არის მნიშვნელოვანი და არაღიარებულია. მე კი ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური, არც ისე რთული ცხოვრების მქონე ქალების ისტორიების მოყოლაც. რეალურად, ეს ადამიანები ქმნიან ამინდს, ეს არის მასა და ამ ადამიანებსაც სჭირდებათ იდენტური ტიპები, რომლებიც გაჟღერებული იქნებიან. სულ მგონია, რომ აი, ეს ყოველდღიური, შეუმჩნეველი, ჩვეულებრივი ქალები არიან ფონის შემქმნელები და ეს არის მასა, რომელსაც ცვლილების მოტანა შეუძლია.

მე

შეიძლება ითქვას, თეატრში გავიზარდე. დედაჩემი იქ მუშაობდა და პატარ-პატარა როლებს თანამშრომლების შვილებს გვათამაშებდნენ ხოლმე, ხანდახან დღეში სამ სპექტაკლსაც ვთამაშობდი. გარდა ამისა, ვცეკვავდი და ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით, ოპერისა და ბალეტის თეატრის დასშიც მოვხვდი, ბედნიერი ვიყავი. სცენაზე ყოფნა არცერთ ჩემთვის ნაცნობ მდგომარეობას არ შეედრება – ესაა აბსოლუტური ბედნიერებისა და სიხარულის განცდა საკუთარ თავთან ყოფნის და ასევე, სხვასთან ერთიანობის საოცარი შეგრძნება. მსახიობობა ძალიან მინდოდა.
ინსტიტუტში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, თეატრალურში მივდიოდი, მაგრამ დედაჩემმა, რომელიც 20 წელი თეატრში მუშაობდა და მასზე უზომოდ იყო შეყვარებული, მითხრა, წინააღმდეგი ვარო. პირველი მიზეზი ის იყო, რომ მაშინ თბილისში წამოსვლა უსაფრთხო არ იყო, მეორე და მთავარი მიზეზი – ჩემი სოციალურ-ფინანსური მდგომაროება ადარდებდა. მსახიობებს ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ, მით უმეტეს, 90-იანებში, ამიტომ, ჩემი ”უკეთესი მომავლის“ გამო, მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობა ავირჩიე. დედამ, ჯერ ეს ისწავლე თუ მაინც მოგინდება თეატრალური, მერე გადადიო. ”მერე” კი მერედ დარჩა… დღევანდელი გადმოსახედიდან, დედაჩემი შეიძლება მართალიც იყო და ჩემგან დიდი მსახიობი ვერ დადგებოდა, მაგრამ გული მაინც მწყდება, როგორც უამრავ ადამიანს ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით, ალბათ, ქალებს, სოციალური მდგომარეობისა და წინასწარ აღებულ-გაჟღერებული პასუხისმგებლობის გამო.

დედა

დედამ 20 წელი თეატრში, რეჟისორის თანაშემწედ იმუშავა. თეატრი უყვარდა. თავის დროზე თეატრალურზე ვერ ჩააბარა, თუმანიშვილმა უთხრა, მსუქანი ხარო. იქვე თქვა უარი თავის ოცნებაზე და ამ ამბავს იმით იკომპენსირებდა, რეჟისორის თანაშემწე რომ იყო. როცა მამა გარდაიცვალა, პორტში მოუწია სამსახურის დაწყებამ. საშინლად არ უნდოდა თეატრის მიტოვება, მაგრამ ორი შვილით მარტო დარჩა, სრულიად უუნარო და უმოქმედო იმიტომ, რომ რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა, აკეთებდა უბრალოდ თავისთვის.

თავიდან ყველაფერი ელემენტარული გულმავიწყობით დაიწყო, აი, მაცივარში პური რომ დაგრჩება, რაც ყველას შეიძლება დაგვემართოს და ყურადღებას არ მიაქცევ. ერთხელაც, სამსახურის გზაზე, ქუჩაში დაავიწყდა, სად მიდიოდა. ასი წლის უნახავ მეგობართან შევიდა სახლში, რატომღაც ახსოვდა, იქ ახლოს რომ ცხოვრობდა და ამ მეგობარმა დამირეკა, ძალიან ცუდად არის და მოდიო. რომ მივედი, ისეთი დაბნეული დამხვდა, მივხვდი, რაღაც წესრიგში ვერ იყო. მერე გავაცნობიერე, რომ თითქოს მანამდეც ვხვდებოდი, რაღაცნაირი განგაში და ღელვა მქონდა, მაგრამ თვალს არ ვუსწორებდი ამ ამბავს. თვითონ კი ძალიან ოსტატურად მალავდა ამ ყველაფერს,ზოგადად, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო.

მაშინ დედა 52 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა ამ დაავადებისთვის. ალცჰაიმერის დიაგნოზი რომ დაისვა, თბილისში, პროფესორმა ასეთი რამე თქვა – სკლეროზსა და ამ დაავადებას შორის ნიშანდობლილი სხვაობა ისაა, რომ სკლეროზის შემთხვევაში, ადამიანები ბედნიერები არიან, მათ არაფერი ახსოვთ და პაციენტი თავს უბედურად არ გრძნობს. ალცჰაიმერის დროს კი, ”они блуждают в потёмках”-ო (ისინი ბურუსში დაეხეტებიან). ისინი გრძნობენ პრობლემას, თუმცა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიან, ვერაფერს მართავენ. შეიძლება უცხო ადამიანისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სკლეროზია ეს თუ ალცჰაიმერი, მაგრამ იმ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ამას ეჯახება და აუცილებელია,ზუსტად ის ერქვას, რაც არის. დიაგნოზის დასმის შემდეგ, გვითხრეს, ძალიანაც ნუ ეცდებით რაღაცებსო, ტეტჩერი, არძინბა და სხვა ცნობილი პიროვნებები ჩამომითვალეს, რომლებსაც ალცჰაიმერი ჰქონდათ და ვერ უშველეს. დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე, მაგრამ მინდოდა, სიმართლე ბოლომდე მცოდნოდა. დავიწყე კითხვა, ინფორმაციის მოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, სანუგეშო ვერსად ვერაფერი ვიპოვე – უნდა შევგუებოდი აზრს, რომ ნელ-ნელა დემენცია წავიდოდა.

დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. იყო აგრესიული სტადიებიც. სკლეროზის დროს, რაღაც ეტაპები ახსოვთ და რაღაც – არა. ალცჰაიმერის შემთხვევაში, არის მოტორიკის, ქცევის, ჩვევის ცვლილება, მაგალითად, შეეძლო, ტანსაცმელი არასწორი მიმდევრობით ჩაეცვა. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მძიმე მაინც მისი პიროვნული დაკარგვა იყო – მანამდე საოცარი მეხსიერებისა და ფილოლოგიური განათლების მქონე ადამიანი, სრულიად უუნარო გახდა. ამას ყოველდღე ვუყურებდი და ვერაფერს ვშვებოდი. იქამდე მივედი, რომ ვეჯექი და ანბანს ვასწავლიდი, ვაწერინებდი, ვამეცადინებდი, სახელს და გვარს ვწერდით… მშვიდად ყოფნა არ ვაცალე. მერე მეტყველების პრობლემები დაიწყო, მარცვლებით მეტყველებდა. რაღაცას გელაპარაკებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, ზუსტად იცოდა, რას გეუბნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ისე გამოიყურებოდა, როგორც დამარცვლული, გაუგებარი საუბარი. გუმანით ვხვდებოდი, რამეზე აღშფოთებას თუ გამოხატავდა. ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება, თან, სახლში ბავშვები იყვნენ და არ მინდოდა, ბებია ასეთი ენახათ, მინდოდა, ისეთი დამახსოვრებოდათ, როგორიც ადრე იყო. თუმცა ყველა დიდ ყურადღებას აქცევდა – ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ოჯახის წევრები, მასთან კომუნიკაციაში ყველა შედიოდა. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო – გული და სხვა ორგანოები ჯანმრთელი ჰქონდა, მაგრამ ეს დაავადება რაღაც დროის მერე ორგანოებს ურტყამს. დედაჩემის შემთხვევაში, ეს სისხლის მიმოქცევა იყო, მერე ლოგინადაც ჩაწვა. ბოლოს, წონაში ძალიან დაიკლო და ნათელი იყო, რომ ორგანიზმი ფუნქციონირებაზე უარს ამბობდა. ძალიან მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ეს დასასრული იყო.

არაფერი ახსოვდა, შვილების სახელებიც კი, მაგრამ ყოველთვის თვალები უნათდებოდა ხელოვნებაზე. მაგალითად, ანტონ ფილიპოვის, მისი ახლო მეგობრის ნამუშევრებზე, რომლებიც სახლში მრავლად გვქონდა, თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებზე, იქვე მდგარ პატარა სუვენირებსა და მუსიკაზე. დედას ფორტეპიანოზე დაკვრა ყოველთვის უყვარდა. საოცარი იყო ის, რომ დაბნეული დაბორიალობდა ოთახებში, თითქმის ვერ მოძრაობდა, მოტორიკა მოშლილი ჰქონდა, ვერაფერს წერდა, ორ ასოს ვერ აბამდა ერთმანეთზე, ფაქტობრივად, ბურდღუნებდა, მაგრამ ბოლომდე უკრავდა ვაჟა აზარაშვილის ”ტანგოს,” ძალიან უყვარდა ეს მელოდია და ახსოვდა მისი დაკვრა. ალბათ, თეატრს ახსენებდა. ექიმებისთვისაც გაუგებარი იყო, ეს როგორ ხდებოდა.

ეს ყველაფერი 3 წელი გაგრძელდა. დედა 11 წლის წინ გარდაიცვალა.

———————–

ჩემს დღევანდელ ცხოვრებას რაც შეეხება, ბოლო 15 წელია, ბანკირი ვარ. სამი შვილი მყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. უფროსი 19 წლისაა, სტუდენტია, შუათანა – 16 წლის და პატარა – 7-ის.

არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ გადავუწყვეტ ჩემს შვილებს, სად ისწავლონ. როცა ამაზე ვფიქრობ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში პიროვნების მიმართ პატივისცემა გვაკლია, ყველაზე მეტს, ალბათ, შვილებთან ვაშავებთ იმიტომ, რომ ეს მესაკუთრული დამოკიდებულება არსებობს. ამას ემატება – ”მინდა, ჩემმა შვილმა ის გააკეთოს, რაც მე ვერ გავაკეთე.“ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე თავის მშობლებს აკრიტიკებდნენ ამის გამო, მერე ისე მარტივად აკოპირებენ მათ ქცევებსა და დამოკიდებულებებს, ვერც კი ხვდებიან.

„ასე სჯობს, ცხოვრებაში გამოგადგება“ – ასე ვმოძღვრავთ თაობიდან თაობას, ის რომ არ აკეთონ, რაც უყვართ. ამას კიდე ის ემატება, რომ ”ეს ქალის პროფესია არაა,” ამ ყველაფერს შინაგანად აპროტესტებ, მაგრამ სოციუმის წნეხი იმდენად დიდია, მაინც ისე შემოგეთვალისწინება, ვერც მიხვდები. სხვისი მოგონილი პროლოგით, ფაქტობრივად, მთელ ჩვენს ცხოვრებას ვაანონსებთ, ამას წესად ვაყალიბებთ, ვემორჩილებით და შთამომავლობას გადავცემთ, სპონტანურობას ვკლავთ და გრძნობებს ვაიგნორებთ. მერე, როცა ადამიანი ნომინალში დგება ავადმყოფობით, ასაკითა თუ სხვა რაიმე მიზეზით, იქამდე მიდის, რომ თავისუფალია ზურგზე მოკიდებული პასუხისმგებლობებისგან და მხოლოდ ის ახსოვს, რაც მნიშვნელოვანი იყო და აბედნიერებდა. როგორც დედას აზარაშვილის ”ტანგო.”

ამდენი აგრესია, კომპლექსი, განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციისა თუ აღმსარებლობის გამო დევნა, აღზრდის და მენტალური განვითარების, საკუთარი თავისუფლების არარსებობის შედეგი მგონია.

მინდა, ჩემმა შვილებმა ისეთ საზოგადოებაში იცხოვრონ, სადაც თვითონ გადაწყვეტენ, რა სჯობს ცხოვრებაში, ტოლერანტულები იყვნენ და პატივს სცემდნენ ყველას აზრს. ნუ იქნებიან გამოჩენილი მეცნიერები, ვირტუოზი შემსრულებლები, ნობელის პრემიის ლაურეატები, „საამაყო შვილები” – ესეც ხომ წნეხია, გაამართლო მოლოდინები და შენით იამაყონ. უბრალოდ, ისე იცხოვრონ, როგორც უნდათ.

ვაცადოთ შვილებს ოცნება, ვაცადოთ ”ტანგო,” რომელიც უკეთეს საზოგადოებას შექმნის.”

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური