ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით იმ ათი ფერმერიდან, რომელიც NEO-მ დააფინანსა. სამეგრელოში მარწყვის გაშენებას ეჭვის თვალით უყურებს ბევრი: მეხილეობის ექსპერტი და ადგილობრივი ფერმერიც, მაგრამ ფერმერებმა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შევძელით ალტერნატიული კულტურების გაშენება.

სამეგრელოში ქალების ბიზნესში ჩართვას სათანადოდ ვერ აფასებენ. მახსოვს ერთ-ერთმა შუა ხნის მამაკაცმა, ირონიით რომ გამოაცხადა, ამათ გალაკულ ფრჩხილებს შეხედეთ, ესენი რა მარწყვის მომყვანები არიანო. ეს მითიც მალევე დავანგრიეთ. საკმაოდ ლამაზ, მკვრივ მსხვილ ნაყოფს ეჭვის თვალით შეხედა მყიდველმა. ჩათვალა გენმოდეფიცირებული ნაყოფი იყო ჩამოტანილი, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა მარწყვის ფესტივალი. ეს იყო ყველაზე სწორი მარკეტინგული სვლა. გაიზარდა ინტერესი ქვეყნის მასშტაბით კენკროვანი კულტურების მიმართ. 2012 წელს შევქმენით “ხილ-კენკროვან კულტურათა ასოციაცია”, რომელიც დღეს 38-მდე ფერმერს აერთიანებს. აქედან 18 ქალი ფერმერია. ვეხმარებით, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად გამოყვანილი, ახალი ჯიშების მიწოდებაში, ასევე ვუტარებთ ტრენინგებს აგროტექნიკაზე, ვეხმარებით მოწეული ნაყოფისა და ნერგების გაყიდვაში. მიმაჩნია, რომ ცოდნა აუცილებლად სხვას უნდა გადასცე, რომ არა მარტო შენ იყო კარგად, არამედ შენს გარშემო სხვა ადამიანებიც. ჩვენი ასოციაციის წევრებს ახლა შეუძლიათ როგორც ღია გრუნტის, ასევე სასათბურე ჯიშების მარწყვის მოყვანაც. ჩვენ სათითაოდ ჩავდივართ ყველა რეგიონში და ვუტარებთ ტრენინგებს მათ, გადავცემთ ნერგებს. თუმცა ახლა ბავშვს ველოდები და ცოტა გამიჭირდა. ამიტომ, მხოლოდ ნანას უწევს მივლინებებში სიარული.

საერთოდ, სოფლად მცხოვრებ ქალებს ბევრად უფრო მეტი ფიზიკური შრომა უწევთ, ვიდრე კაცებს. ჩვენი დილა უფრო ადრე იწყება, რადგან ოჯახი უნდა მოაწესრიგო, ოჯახი დააპურო და მერე გახვიდე ველზე სამუშაოდ. ველზეც ძირითადად ხელით გიწევს შრომა, იმიტომ რომ ქალებს ტრადიციულად არ შეუძლიათ მექანიზაციაზე მუშაობა. არადა ჩვენს ლექსიკაში ხომ გვაქვს სიტყვა „გუთნის დედა?!“, ნეტავ როდის დავკარგეთ ქალებმა უფლება მექანიზაციაზე, როცა უძველესი სოფლის მეურნეობის ტექნიკაც კი მდედრობით სქესთან არის დაკავშირებული. სამუშაოდან დაბრუნებულს, დასვენების დრო არ გაქვს იმიტომ, რომ ისევ ოჯახის საქმეებია მოსაგვარებელი: სარეცხი, ჭურჭელი, სადილი. ამ მხრივ ვერ ვიტყვი სამდურავს ჩემს მეუღლეზე, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და ჩემთან ერთად იზიარებს ყველანაირ შრომას.

ბოლო წლებში სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა სოფელი შემოვიარეთ, ვხედავ როგორ გაიზარდა ინტერესი ქალების მხრიდან ფერმერულ მეურნეობაში ჩართვის. თუმცა პრობლემას ვაწყდებით და ჩვენს მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე, როცა ქალებს ველოდებით, მაინც ძირითადად კაცები მოდიან. ბევრჯერ ვიკითხეთ მიზეზი და გვეუბნებიან, ქალებს ოჯახი აქვთ მისახედი და არ სცალიათ ტრენინგებისთვისო. მიხარია, რომ ქალები ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ მათი გაძლიერება მათი პირადი ეკონომიკური განვითარებით უნდა დაიწყოს.”

მსგავსი ისტორიები