ეკა ტყემალაძე, 33 წლის, თბილისი

“უკრაინაში დავიბადე, ქალაქ ოდესაში. ჩემი ბავშვობიდან რაც მახსოვს, ჩემი სახლია. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი უკრაინაში, მეორე სართულზე… მტვრიანი იყო, რაღაც ფიცრებიც, ალბათ, რემონტისთვის ემზადებოდნენ… გაბურძგნული კატა მახსოვს კიდევ და ის, რომ რატომღაც ჩაუცმელი ვიყავი სახლში და ამ გაბურძგნულ კატას ვიხუტებდი სხეულზე… ალბათ, 4 წლის ვიქნებოდი გარეთ ქვიშაში რომ ვთამაშობდი. ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა და ჩემი ჩაგდება უნდოდა მანქანაში ორ ფორმიან პოლიციელს… კივილი დავიწყე. ჩემს კივილზე დედაჩემი გამოვიდა სახლიდან. ჩამორბოდა კიბეებზე თეთრ პერანგში, მახსოვს და ცდილობდა ჩემს განთავისუფლებას იმ კაცებისგან, მაგრამ ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს… აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში, სადაც ბევრი ბავშვი იყო, რომლებიც იზრდებოდნენ დედ-მამის გარეშე.

ბავშვთა სახლში ვიყავი, ალბათ, ერთი წელი. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მნახველი მყავდა, მაგრამ ორი ქალი მოვიდა ჩემს სანახავად… სულ რაღაც, ალბათ, 10 წუთი დამათვალიერეს და წავიდნენ. რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევ ის ორნი მოვიდნენ ჩემს წასაყვანად. მერე, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ამ ქალებიდან იყო დედაჩემი (გამზრდელი), მეორე კი დედაჩემის მეგობარი, რომელმაც მერე მომნათლა. მე ბავშვთა სახლიდან საქართველოში წამოსვლა არ მინდოდა, რადგან იქ უკვე მყავდნენ მეგობრები და ამიტომ, გაბრაზებული ვიყავი. რამდენიმე დღეში სუფრა გაკეთდა ჩვენთან სახლში (თბილისში), ალბათ, იმის აღსანიშნავად, რომ დედაჩემმა შვილი აიყვანა. დედა მაშინ 50 წლის იყო. მახსოვს ნათესავები შემომესივნენ, მე მაშინ რუსულად ვსაუბრობდი და არ მესმოდა, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ მოვეწონე და ცდილობდნენ დამტვრეული რუსულით ჩემთან კონტაქტში შემოსვლას. კუთხეში ვიყავი მიმწყვდეული და ყველა ზემოდან დამძახოდა რაღაცას. გაბრაზებული ვიყავი ყველაზე, რადგან ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრნენ უხეშად, რაც დღემდე არ მიყვარს, მაღაზიაში გასაყიდი თოჯინა მეგონა თავი და ყველას ცუდი სიტყვებით ვპასუხობდი. დედაჩემმა ყველა გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში რუსულად არ უნდა ესაუბრათ ჩემთან და ნუ, რამდენიმე თვეში დავიწყე ქართულად ლაპარაკი.

დედაჩემი მარტოხელა ქალი იყო და მომცა ის, რისი საშუალებაც ჰქონდა. თან მაშინ 90-იანი წლები იყო, ყველაზე მძიმე პერიოდი და მახსოვს, ჰუმანიტარული დახმარების რიგებში როგორ ვიდექით, სოფელი არ გვქონდა და დასასვენებლად დედაჩემის თანამშრომელს მივყავდი ჟინვალში. იქეთ ნათესავების ნაწილი საჭმელს გვაძლევდა, ნაწილი მაცმევდა და კიდევ იცი რა მახსოვს?! ბავშვობაში ან დიდი ფეხსაცმელი მეცვა, ან პატარა, ჩემი ზომა არასდროს მქონდა. მაგრამ იმ პერიოდში ყველას ძალიან უჭირდა… მერე დედაჩემი სამსახურიდანაც გამოუშვეს, ასაკიანი ხარ და ახალი თაობა უნდა მოვიდესო. ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი, რადგან მთლიანი პასუხისმგებლობის აღება დედაჩემზეც და საკუთარ თავზეც მარტოს მომიწია. ხან კაფეში ვმუშაობდი მიმტანად, ხან ვალაგებდი, სულ ვმუშაობდი…

დედაჩემი სულ მიმალავდა იმ ამბავს, რომ აყვანილი ვარ. ერთხელაც ვუთხარი, რომ ყველაფერი მახსოვდა და მინდოდა მოეყოლა, მაგრამ არასოდეს მესაუბრებოდა ამაზე. მას, ალბათ, ჩემი სამუდამოდ დაკარგვის ეშინოდა, მაგრამ მე მიყვარს დედაჩემი (გამზრდელი) და არასოდეს დავტოვებდი მას. მე ვფიქრობ, არასწორია და ბავშვს არ უნდა დაუმალო, რომ აყვანილია, თავიდანვე ტყუილში არ უნდა აცხოვრო ადამიანი… იცი რა, მე იმ ასაკში ვიყავი აყვანილი, რომ ყველაფერი მახსოვდა და სპეციალურად, თითქმის, ყოველ ღამე, ჩემს თავს ვახსენებდი ამ ისტორიას. სულ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი და ბიოლოგიურ დედას ვიპოვიდი, მე ის არ უნდა დამვიწყებოდა, რადგან მახსოვდა დედაჩემი როგორ კიოდა მაშინ. ამიტომ, არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ მან მიმატოვა. კარგად მახსოვდა, რომ ეს იყო წაგლეჯვა, თითქოს შუაზე გაჭრეს, რადგან ყურებში მქონდა მისი განწირული კივილი… მოგვიანებით კი ყველაფერი გავიგე, რატომაც მოვიდა მაშინ პოლიცია. დედაჩემი ფსიქიკურად იყო ავად და მას ბავშვები წაართვა სახელმწიფომ… ძალიან მინდოდა ის მეპოვნა და მეგრძნობინებინა, რომ მას ჩემი თავი არ დაუკარგავს, აი, ეს მომენტი მქონდა.

მოკლედ, არ ვეშვებოდი და ძალიან ბევრჯერ ვთხოვე დედაჩემს ეთქვა სიმართლე – რა ერქვა ჩემს ბიოლოგიურ დედას, სად ცხოვრობდა… უკვე 28 წლის ვიყავი და ალბათ, საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მე მისთვის არასდროს მიღალატია და თვითონვე გამომიტანა შვილად აყვანის მოწმობა. მითხრა, რომ დამეთვალიერებინა და მაშინვე დამებრუნებინა უკან. ნუ, შეიძლება ცუდად მოვიქეცი და მოვატყუესავით დედაჩემი, მაგრამ დედანი დავიტოვე და მას ასლი მივეცი. მე ეს მჭირდებოდა. იცი რატომ? მე ამ დედას რომ ვუყვარვარ, რომელმაც გამზარდა, ბიოლოგიურ დედასაც ვუყვარვარ, ვინც მშობა და რომელმაც იმ მიზეზების გამო დამტოვა, რაშიც თვითონ არ იყო დამნაშავე.

უკვე ხელში მქონდა საბუთი, სადაც ეწერა, რომ 1983 წელს დაბადებული ლუდმილა ვაინშტეინი გახდა ეკა ტყემალაძე. ამ საბუთში შემიცვალს სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და ყველაფერი. ეს საბუთი მეჭირა და ისეთი შეგრძნება იყო, როგორ აგიხსნათ, თითქოს, ყველაფერი ხელში მქონდა, რომ მეპოვა ჩემი ბიოლოგიური მშობლები. ამ საბუთით დავიწყე ჩემი ცხოვრების შეცვლა, მიახლოება ჩემს ფესვებთან…

საბუთი უკრაინაში გავაგზავნე, ჩემი დაბადების მოწმობა მოვითხოვე და 4 წელი ვაკეთებდი ამ ყველაფერს. 4 წელი არ არის ცოტა დრო, თან როცა ამ ყველაფერს მარტო აკეთებ, მაგრამ 28 წელი ველოდებოდი ამას. დიდი ნებისყოფა მაქვს… მივიღე ჩემი, ანუ ლუდმილა ვაინშტეინის დაბადების მოწმობა და ჩავედი უკრაინაში. ფული სულ მქონდა 100 დოლარი და იქ ჩასულმა მხოლოდ ჩემი ბავშვთა სახლის მისამართი ვიცოდი, მაგრამ საერთოდ არ მეშინოდა. ჩემს მოლდოველ მეგობართან ერთად, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა დასახმარებლად, ყოველ დღე, დილის ხუთ საათზე გავდიოდი ჩემი სახლის და მშობლების საძებნელად.

მოკლედ, ჯერ ვიპოვეთ ჩემი ბავშვთა სახლი, იქ ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახლის მისამართი… აღმოჩნდა, რომ დედაჩემს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და თუ არ ვცდები, 28 წლის ასაკში მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მეც მომიწია იქ ცხოვრება იმიტომ, რომ მაშინ ძუძუს ვჭამდი, მაგრამ დედა არ იყო მუდმივად დაწესებულებაში… მოკლედ, ვიპოვე ჩემი სახლიც და თითქმის ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მახსოვდა. შემხვდნენ მეზობლებიც რომელსაც ვახსოვდი… ყველაზე მტკივნეული რა იყო იცით?! ერთი მეზობელი მეუბნებოდა, რომ დედაშენი ფსიქიატრიულში დაიღუპა, მეორემ თქვა რომ გამოჯანმრთელდა და სამუშაოდ წავიდა სადღაც, მესამე მეუბნებოდა საერთოდ რაღაც სხვას… მოკლედ მთელი ოდესა მოვიარე, პოლიციაში განცხადებებიც კი დავწერე, სადაც დამცინეს. ვიყავი ყველა ფსიქიატრიულში და იქაც აღმოვჩნდი, სადაც დედაჩემთან ერთად მეც ვიწექი და დირექტორს ეს ახსოვდა… მორგშიც კი ვეძებდი.

ოთხჯერ ვიყავი უკრაინაში, უკვე ყველგან მცნობდნენ, ვიპოვე დეიდა და დეიდაშვილიც, რომლებიც ერთი ისრაელში ცხოვრობს და მეორე ამერიკაში, მაგრამ ვერავინ დამეხმარა და დედაჩემის კვალს ვერ მივაგენი დღემდე. თუ გარდაცვლილია, ხომ უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი საბუთი?! სად გაქრა ადამიანი, დღემდე არ ვიცი. პირველ ჩასვლაზე აღმოვაჩინე, რომ უფროსი ძმა მყავდა და ისიც გააშვილეს. მეზობლებისგან გავიგე, რომ ის „ბომჟია“ და არ მირჩევდნენ მის მოძებნას. მე მაინც ყველა ორგანიზაცია ვიპოვე, სადაც ამ ადამიანებს აჭმევენ, სადაც ისინი დადიან. ქუჩებში და პარკებში ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი რუსლან ვაინშტეინზე, ზოგი მატყუებდა კიდევაც და სადღაც მივყავდი… ეს ყველაფერი არ იყო უსაფრთხო და გაურკვეველ სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, მაგრამ არ მეშინოდა, მე ხომ ჩემი სხეულის ნახევარს ვეძებდი?! ყველა ადგილი ვიპოვე, სადაც ის სუნთქავდა, დადიოდა, ეძინა, მაგრამ დავაგვიანე… ის ჩემს ჩასვლამდე, 2008 წელს გარდაცვლილა, ქუჩაში გაიყინა…

მე ახლა არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ ყოველ წელს, ხანდახან ორჯერაც, ჩამოვდივარ დედასთან თბილისში, ინტერნეტის საშუალებით კი ყოვედღე ვსაუბრობთ, რომ არ იგრძნოს უჩემობა. ამჟამად მას ჰყავს მომვლელი და უხარია ჩემი წარმატება ხელოვნების სფეროში. კი, დედაჩემს აქვს ეგოისტური სიყვარული ჩემს მიმართ და უნდა, რომ ფიზიკურად მასთან ვიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ მე არ მყავს არავინ, საკუთარი თავის გარდა, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია. ამიტომ, ვაკეთებ ყველაფერს ჩემთვის და დედასთვის, რომ ის არ იყოს მშიერი და არ სციოდეს. არანაირ დაბრკოლებას არ ვუფრთხი და სულ ვცდილობ, რომ დიდი ტკივილი მივიღო, მაგრამ ძალიან მალე დავივიწყო და ეს მიადვილებს ცხოვრებას.

მინდოდა მეთქვა, რომ არ ვიზიარებ იმას, რომ რაღაც ასაკის მერე ბავშვები აყავთ იმ მიზნით, რომ სიბერეში მომვლელი ყავდეთ. ეს არის დიდი შეურაცხყოფა იმ ბავშვისთვის და იმ ადამიანისთვის, ვინც აიყვანეს. ადამიანს გაზრდის გარდა, განვითარების შესაძლებლობა სჭირდება და მას ამის უფლება არ უნდა წაართვა.“

მსგავსი ისტორიები