October 3, 2020 In #პოლიტიკაSHE
ეკა ქვლივიძე – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი
პოლიტიკური პარტია – „ლელო საქართველოსთვის“
“წინასაარჩევნო კამპანიამდე ოჯახის წევრები გავაფრთხილე, არ ენერვიულათ იმ კომენტარებზე, რომლებიც, შესაძლოა, ჩემი, როგორც კანდიდატის მიმართ მოესმინათ. ჯერჯერობით ამომრჩევლისგან აგრესია არ შემხვედრია, როცა ახალი ფურცლიდან იწყებ მოღვაწეობას, რთულია, რამე დაგიპირისპირონ. თუმცა მუდმივად იგრძნობა საზოგადოების ნიჰილიზმი – ადამიანები მიეჩვივნენ, რომ პოლიტიკური აქტორები დაპირებებთან ერთად ქრებიან. არსებობს სტიგმა, რომ თითქოს პოლიტიკა ბინძური საქმეა და აქ ქალებს არაფერი ესაქმებათ. ზუსტად ამ სტიგმის დამსხვრევა და იმის დამტკიცება მინდა, რომ პოლიტიკა მეცნიერებაა და თუ მას ისე განვახორციელებთ, როგორიც მისი ნამდვილი შინაარსია, ქვეყანას სწორი გზით წავიყვანთ.
პოლიტიკაში მოსვლა სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო.
პატრიოტული ემოციები ბავშვობიდან დიდი დოზით იყო ჩემში. იმდენად, რომ როცა სიღრმისეულად ვფიქრობდი ჩემს ქვეყანაზე, ცრემლი მადგებოდა. ამიტომ, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, ფორმა ჩამეცვა, სამხედრო პირი გავმხდარიყავი და ეს სიყვარული, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის მსახურებაში გამომეხატა. ჩემს სურვილს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ოჯახი ფიქრობდა, გაიზრდება და გაუვლისო. მშობლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ქუსლებზე ჩავიცვამდი, მუსიკასა და ცეკვაზე ვივლიდი, თუმცა, უკვე მე-9 კლასში, უფრო დავავიწროვე ჩემი ხედვა და გადავწყვიტე, სამხედრო ავიაციის მიმართულებით წავსულიყავი. ჩემი პრინციპულობის შედეგად, ბოლოს და ბოლოს, ოჯახისგანაც მივიღე მხარდაჭერა.
2003-ში, როცა უნდა ჩამებარებინა, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქალთა კატეგორია არ არსებობდა. ამიტომ საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე – საფრენოსნო ჯგუფში არაფრით არ მიმიღეს და საინჟინრო ფაკულტეტზე მოვხვდი, რაც ერთი ნაბიჯით მაახლოვებდა საოცნებო პროფესიას. მთელს სასწავლებელში გოგო მარტო მე ვიყავი. საავიაციოზე გოგოების სწავლა ისეთი იშვიათობა იყო, მახსოვს, ჯგუფის კარს გამოაღებდნენ და ამბობდნენ – „ეს, ის გოგოა.” პირველი წელი ძალიან რთული აღმოჩნდა: საკითხავი მასალები რუსულად იყო, ჩემი შესაძლებლობები რომ დამემტკიცებინა, სამჯერ უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა, თუმცა, მაინც უმაღლესი შედეგები დავდე – ყველა საგანში 100 ქულა მქონდა. შედეგად, პირველივე წელს გავხდი ”ბოინგის” სტიპენდიანტი, რამაც კიდევ ერთხელ მიმანიშნა, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემი მაგალითის კვალობაზე, ახლა ეს მდგომარეობა შეცვლილია – საავიაციო უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას, რომ გენდერულად სენსიტიურია და ყოველწლიურად ჰყავს მფრინავი ქალების გამოშვება.
საავიაციო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მფრინავის პოზიციაზე გამოაცხადა მიღება. გასაუბრებაზე რომ მივედი, შანსი მომცეს – 5 ენაზე ვსაუბრობდი, ბევრი კურსი მქონდა გავლილი და ჩემი ცოდნა დააფასეს. თავიდან საცდელ პოზიციაზე მიმიღეს და ფრენა დავიწყე.
თავდაცვის სფეროში 11 წელი ვიმსახურე.
ამ წლებმა გამზარდა: მასწავლა კრიტიკული აზროვნება და კრიზისულ სიტუაციებში ადეკვატური ქმედება. კაპიტნის წოდება მივიღე და უკვე, როცა მაიორობა მიწევდა, სამსახური პროტესტის ნიშნად დავტოვე – ვხედავდი, როგორი უგულებელყოფილი იყო ავიაციის დარგი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ამერიკაში გავიარე საავიაციო სფეროს განვითარების კურსი და სტრატეგიული რეფორმების ხედვით დავბრუნდი, ახალი მიდგომების დანერგვისა და განვითარების შესაძლებლობა აღარ მომეცა. ისე მოხდა, რომ ყველაზე დაბალ რგოლში აღმოვჩნდი იზოლირებული. ამან ძალიან დიდი პროტესტი გამიჩინა – რა მიზნითაც მოვედი, ქვეყნისთვის რომ მემსახურა, ამას ვერ ვახორციელებდი, დარგი გაჩერებული იყო და საქართველოს მოქალაქეებს ამაზე ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ. მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საქართველოსაც არაერთგვაროვანი რელიეფი აქვს და მუდმივადაა ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება ქვეყნის მოსახლეობის გადასარჩენად, ქვეყნის შიგნით საავიაციო სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის საპირისპიროდ, ვხედავდი, ხელოვნურად როგორ ხდებოდა საავიაციო თავდაცვის განადგურება და პროფესიონალი კადრების ქვეყნიდან გადინება. შიგნიდან დავიწყე რეფორმებისთვის ბრძოლა, პასუხად კი მივიღე, რომ არსებული რესურსების ქალზე გახარჯვას არ აპირებდნენ. ეს იყო ბოლო წერტილი და წამოსვლა გადავწყვიტე.
შემდეგ სამოქალაქო ავიაციაში მომიწია მუშაობამ. ერთი პერიოდი, ემიგრაციაშიც კი ვაპირებდი წასვლას.
საავიაციო უნივერსიტეტში მაგისტრატურა დავამთავრე, ლექციებსაც ვკითხულობდი და ფრენას ვასწავლიდი – ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მომწონს. პრაქტიკულად, იმას ვაკეთებდი, რაც ჩემი პროფესიის ადამიანს შეიძლებოდა ეკეთებინა. მაგრამ გულში ხინჯად მქონდა, რომ ჩემი ქვეყანა ასეთ სამხედრო ავიაციას არ იმსახურებდა.
პოლიტიკაში მოსვლაც ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა: ჩემი ბრძოლის ველი და სიტყვები – „ვემსახურები საქართველოს,“ იმ სცენიდან უნდა განვახორციელო, სადაც ახლა ვდგავარ და საქართველოს უკუსვლას წერტილი დავუსვა.
ჩემი პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ავიაციის განვითარება იქნება. ჩვენს მოსახლეობას, რომელიც მთიან რეგიონში ცხოვრობს, სადაც სტიქიური უბედურებები და კატასტროფები ხშირია, მუდმივად სჭირდება ვერტმფრენებით მხარდაჭერა, რეგიონები რომ ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული, სახელმწიფოებრივი განვითარების წინაპირობაა და ეს მიმართულება გასააქტიურებელია. მცირე ავიაციის განვითარებაში, მნიშვნელოვანია, არსებული ძველი აეროდრომების აღდგენა. თითქმის ყველა რეგიონშია ასეთი აეროდრომი და ისინი მცირე ზომის თვითმფრინავებს მოემსახურება, ამ თვითმფრინავებით უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე, ტვირთების გადაზიდვა. ეს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩართული ვიქნები თავდაცვასა და უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიების განვითარებში.
ჩემთვის პრიორიტეტული იქნება ქალთა სოციალური პრობლემი და საჭიროებები. ქალებს ყოფით, სოციალურ პრობლემებთან გვაქვს შეხება. ამიტომ, ისეთი საკითხები, როგორიც სოფლებში წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიური საკითხების გადაჭრაა, ჩემი სტრატეგიის ნაწილიც იქნება.
პანდემიის დროს სოფელში გადავსახლდი და უფრო მეტი დრო მქონდა, თავადაც ჩავრთულიყავი სოფლის მეურნეობაში და ადგილობრივი ფერმერების გამოწვევებს დავკვირვებოდი. სოფლის მეურნეობას სისტემური ხედვა აკლია. წერტილოვანი დახმარებები და ცალკეული კულტურების წახალისება, რომელიც რეგიონისთვის ენდემური არ არის, არაეფექტურია. ინფრასტრუქტურის გამართვა, წყლის პრობლემის მოგვარება, ფერმების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა – სოფლის მეურნეობის სტრატეგიული მიდგომები უნდა იყოს.
ყოველთვის ვამბობ, რომ ყოფილი სამხედროები არ არსებობენ. ჩემთვის უმთავრესია არა მოგება, არამედ ღირსეული ბრძოლა. ოპონენტთან ურთიერთობაც ღირსების ამბავია, სუფთა ბრძოლის წესებს არასდროს გადავუხვევ. შეიძლება ოპონენტის აზრს ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ღირსეული და სამართლიანი უნდა იყოს.”
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.