ემილი, 25 წლის, გაგრა

„დაახლოებით სამი წელია „პარტიზანი მებაღე“ ვარ, ჯგუფს ჩამოყალიბებიდან რამდენიმე თვეში შევუერთდი და იქიდან მოყოლებული მოძრაობის აქტიური წევრი ვარ.

პირველად, ამ მოძრაობის შესახებ ვაკის პარკის მწვავე შემთხვევის დროს გავიგე. უცებ აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, ვინც მწვანე საფარს იცავდა და ხმამაღლა საუბრობდა ამაზე, პროტესტს გამოთვქვამდა. მაშინ პირველად შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ეს საკითხი, როგორც მწვავე პრობლემა. საპროტესტო ტალღის არსებობის გაგებისთანავე შევუერთდი მოძრაობას იმიტომ, რომ რაც ხდებოდა, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

მართალია, ამ, ანუ ეკოლოგიურ საკითხებს, სკოლაში დიდად არ გვასწავლიან, თუმცა მე სოფელში გავიზარდე და აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან ახლო კავშირი მაქვს ბუნებასთან. მას შემდეგ, რაც ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად, მწვანე საფარის პრობლემა სულ მაწუხებდა. ძალიან გამიხარდა, რომ დავინახე არსებობდა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა. იქიდან მოყოლებული აქტიურად ვარ ჩართული „პარტიზანი მებაღეების“ საქმიანობაში.

დღესდღეობით, საკმაოდ მასშტაბური პრობლემები დგას ჩვენს წინაშე. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ მარტო ხეებს ან მწვანე საფარს ვიცავთ, მაგრამ ეს ასე არ არის. პრობლემების ძალიან გრძელი ჯაჭვია, რომელიც ეკოლოგიას, გარემოს ეხება. პირველ რიგში ის, რომ ქალაქი არ არის დაგეგმარებული ანუ ქალაქს არ აქვს განაშენიანების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რაც ნიშნავს, რომ რეალურად არ არსებობს სტრუქტურა (მერია უნდა იყოს ეს სტრუქტურა), რომელიც ამას გააკონტროლებს – სად რომელი შენობა დაიდგას, რომელი ხის მოჭრის უფლება უნდა გაიცეს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი პრობლემა არის ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არარსებობა. ეს პრობლემები კანონების დონეზეა შესაცვლელი. თბილისის მასშტაბით, მაგალითად, თუ ხე ზეხმელია (ან დაავადებულია), ამაზე შესაბამისი ორგანო გასცემს ბრძანებას, რომ ეს ხე მოიჭრას, მაგრამ თბილისს გარეთ ეს პრობლემა უკონტროლოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის ეზოში, ეზოს წინ, ან კერძო საკუთრებაში მქონე ტერიტორიაზე მოჭრას ხე და ამისთვის მას ნებართვა არ სჭირდება.

ანუ, თბილისში ხომ როგორი კატასტროფული მდგომარეობაა, მაგრამ ასე თუ ისე რაღაც კანონი გვაქვს და ხის მოჭრისთვის ნებართვის აღებაა საჭირო. ცალკე საკითხია ვინ როგორ იღებს ან გასცემს ამ ნებართვას. მაგრამ უფრო სავალალოა, რომ არ არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს, თუ რის საფუძველზე გაიცა კონკრეტული ხეების მოჭრის ნებართვა…

მოძრაობის დაფუძნების დღიდან ვითხოვთ სანიტარულ ჭრებს ქალაქში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდის ფერდობებზე, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს დაავადებული წიწვოვანი ხეების მოჭრა და გატანა. შორიდან, შეუიარაღებელი თვალით შეხედვითაც კი ჩანს, რომელი ხეა დაავადებული და მოსაჭრელი. სანიტარულ ჭრებს იმიტომ ვითხოვთ, რომ დაავადება სხვა ხეებზეც ვრცელდება. ამ მოთხოვნის პარალელურად კი, პანორამას გაყოლებაზე 800 ხეზე ისე გაიცა მოჭრის ნებართვა, ყოველგვარი გართულების გარეშე… გვიმტკიცებენ რომ ის ხეები დაავადებულია, მაშინ, როდესაც ასევე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ იმ ხეების უმრავლესობა ჯანსაღია. ამ ქალაქს, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ და რაც ყველაზე მთავარი და სამწუხაროა, იგივენაირად ექცევიან კანონსაც.

1-2 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარემოსდაცვით კანონზე უნდა ემუშავა. საბოლოოდ, ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები შევთავაზეთ, მაგრამ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც ახლოსაც კი არ არის ჩვენს წინადადებებთან.

ჩვენს მოძრაობაში უმეტესობა ქალები ვართ. კაცებიც არიან, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი. ანუ, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემებით ქალები უფრო მეტად არიან დაინტერესებული. ძირითადად, რასაც ვხედავ, ზოგადად, ქალები უფრო არიან აქტივიზმში ჩართული. ამაზე ხშირად გვიმსჯელია და იყო სხვადასხვა ვარაუდები, მაგალითად, რომ ქალებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, ქალები უფრო მეტად ვამჩნევთ პრობლემას. ვფიქრობ, კაცებს ცვლილების ან რამის შეცვლის შიში უფრო აქვთ, ვიდრე ქალებს. ისინი ელოდებიან რაღაცას, არ ვიცი ოღონდ რას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან, ეს ასე ჩანს.

შესაძლოა, ქალები უფრო მეტად ეჯახებიან ქალაქში არსებულ პრობლემებს. ავიღოთ, დედები, რომლებსაც უფრო მეტად უწევთ შვილებთან ყოფნა. ძალიან ცოტა პარკი და სკვერია, სადაც დედები შეძლებენ შვილების გასეირნებას. მეორე საკითხია, სანამ პარკამდე მიიყვან, ჰაერში უნდა ატარო ბავშვი ეტლიანად. იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, კოლმეურნეობა-ვორონცოვი, ნახევარი მეტრის სიმაღლეზე არის დაგროვილი ისეთი ნივთიერებები, რომელიც არ შეიძლება ბავშვმა ისუნთქოს. ასევე არ არის მოწესრიგებული ტროტუარები და პანდუსები და ა.შ.

ყველაზე მეტად, რაც დღეს გვჭირდება სამოქალაქო აქტივიზმის გასააქტიურებლად, ეს არის ინფორმაციის გავრცელება და ამ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიწოდება. ცხადია, ყველაზე სწორი და ფუნდამენტური გამოსავალია განათლების სისტემის შეცვლა, სადაც თავიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს მოზარდებში სწორი ეკოლოგიური აზროვნება. თუმცა, სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს შორი პერსპექტივაა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს განათლების სისტემაში ხდება.

როცა რაღაც პრობლემაზე ვიწყებთ მსჯელობას, ხშირად ჩვენი აქტივისტებისგანაც არის მიდგომა „აქვს კი აზრი?!“ ადამიანებს სურთ, მაინცდამაინც ფაქტობრივი შედეგი დაინახონ, რომ ნაბიჯი გადადგან. ვა-ბანკზე წასვლა, ან უბრალოდ ცდა უჭირთ. არადა, თუ ნაბიჯს არ გადადგამ, შედეგს ვერასოდეს დაინახავ.

ამ მოძრაობაში ყოფნამ და სამოქალაქო აქტივისტობამ მომცა რწმენა, რომ მინიმალური რაღაცის გაკეთებასაც აქვს აზრი და შემდეგ შედეგიც. არ უნდა ველოდო, სანამ ვიღაც გაიღვიძებს, არამედ მე თვითონ, ერთ ადამიანს, სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც იგივენაირად ფიქრობენ, შემიძლია გარემო უკეთესობისკენ შევცვალო. შესაძლოა ეს აწმყოში, დღეს და ხვალ არ გამოჩნდეს, მაგრამ თვეების შემდეგ გვქონია შედეგი და მჯერა იმის, რომ წლების შემდეგ უკეთესი შედეგები გვექნება.

ძალიან დიდი ძალაა იმის რწმენა, რომ მე ერთ ადამიანს შემიძლია გარემოს შეცვლა უკეთესობისკენ…“

მსგავსი ისტორიები