თამარ ბელქანია – წალენჯიხის მერის მოადგილე

თამარ ბელქანია – წალენჯიხის მერის მოადგილე

,,დავიბადე წალენჯიხაში – ექიმების ოჯახში.
მთელს ჩემს ოჯახს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მე კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. პირველი ჩემი სერიოზული არჩევანი სწორედ პროფესიის არჩევას უკავშირდება. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხარისხიც სამხატვრო აკადემიაში მაქვს დაცული, კულტურის კვლევათა დოქტორი გახლავართ და, ამავდროულად, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. ვარ ერთი მონოგრაფიის, რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი და ამჟამად ვმუშაობ დამხმარე სახელმძღვანელოზე, თუ როგორ შუქდება ტერაქტი.

მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა „დილის გაზეთში“ დავიწყე მუშაობა კულტურის ჟურნალისტად. მიმუშავია „დილის გაზეთში“, „ახალ ქართულ გაზეთში“, „ახალ ეპოქაში“, გაზეთ „მოქალაქეში“, მერე ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოვჩნდი. სამი წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დავიწყე მუშაობა. ეს ძალიან საინტერესო ეპოქა იყო ჩემს ცხოვრებაში – ვაკეთებდი ფილმებს პატრულზე, ვინ არიან, საიდან მოდიან, როგორ მიმდინარეობს რეფორმა და რა გზა გამოიარეს მილიციიდან პატრულამდე. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახურული არქივის კურატორი ვიყავი, დაახლოებით ორ წელიწადში ამ არქივის ხელმძღვანელი გავხდი და იქვე გამოვცემდით ჟურნალს – „საარქივო მოამბე“.

არქივიდან 2011 წელს წამოვედი, მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შემეცვალა. ახალი ცხოვრება დავიწყე იმით, რომ 9-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გავხდი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსი მივიტანე დახურულ არქივზე. ასე გავხდი თსუ-ს ჯერ ლექტორი და შემდეგ პროფესორი. მინდოდა, მომავალი თაობისთვის მეჩვენებინა ის ალტერნატიული ისტორია, რომელიც დახურულ არქივებში ინახება. აქვე ვიტყვი, რომ საჭიროა, ოკუპაციის ისტორიის შექმნა და ლუსტრაციის კანონის მიღება, თუ ჩვენ გვინდა თავი დავაღწიოთ საბჭოთა ნეგატიურ მემკვიდრეობას. შემდგომი წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ადგილას ვიმუშავე საკუთარი საავტორო გადაცემებითა და პროექტებით. ეს იყო „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იბერია“, ტვ „ერთსულოვნება“, „JM-ტვ“; ვარ ავტორი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის. ძალიან საინტერესო და დატვირთული 13 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.

მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა და პროფესიული გამოცდილებისა, პოლიტიკაში მოსვლაზე, სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ეძებდნენ ადამიანს, რომელიც ტიპური გაგებით პოლიტიკოსი არ არის და არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას სამეგრელოში. შემომთავაზეს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობა. ჩხოროწყუ ჩემი დედულეთია, ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული – მოკლე დოკუმენტური ფილმების სახით, რომლებიც ცალკეული კუთხეების უცნობ ისტორიებს შეეხებოდა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხისგან განსხვავებით, მარტვილი და აბაშა ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი სივრცეები იყო, მაგრამ აზარტული ადამიანი ვარ და შემოთავაზებაც იმიტომ მივიღე, რომ თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელიც „ლელოს“ ლიდერია, განათლების მიმართულების პრიორიტეტულობა და მხარდაჭერა დამიდასტურა.
მაშინვე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმებულვარ – ვიცოდი, ეს რამხელა პასუხისმგებლობა იყო. მე მგონია, პოლიტიკა არის, როდესაც შენ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან ერთად აკეთებ საქმეს, გაქვს მზაობა, ელაპარაკო სწორედ შენგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური შეხედულებების ადამიანს… და მათთან ერთად აკეთო ხილული, ხელშესახები სიკეთე ადამიანისათვის და ეს უნდა იყოს არა ხვალ, არამედ დღესვე.

მაჟორიტარობას დავთანხმდი, ამის პარალელურად, ცხოვრებაში პირველად, ყველაფერი „დავარცხნილი“ მქონდა – ბავშვი წამოიზარდა, სამსახურებიც დალაგდა, ასე თუ ისე, ნორმალური ბიუჯეტი მქონდა, რომელიც ჩემს პატარა ოჯახსა და ჩემს მშობლებს ჰყოფნიდა. თუმცაღა ვიფიქრე, რომ, აი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემი შვილი მკითხავს, რას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც ოკუპაცია ნელ-ნელა წინ მოიწევდა და თავის თანატოლებს აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლასა და საუბარს უკრძალავდნენ, მივხვდი, რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო და ჩემი წვლილი უნდა შემეტანა რეალური ისტორიისა და დეოკუპაციის შესახებ განათლების როლის წინ წამოწევაში. თან, ეს ის პერიოდია, როდესაც ფახულანს (წალენჯიხა, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფელი), სტატუსი და, შესაბამისად, სტუდენტებს დაფინანსება შეუწყდათ. მაშინ მოვიარე მთელი ეს სივრცე და ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად მივაღწიეთ, რომ სოფელს და სტუდენტებს სტატუსი აღვუდგინეთ.

მე ვარ ქალი ლიდერი, რომელიც შვილს მარტო ვზრდი, რადიკალურად შევცვალე დალაგებული ცხოვრება და ძალიან ბევრი რაღაცის წინააღმდეგ წავედი. ვცდილობდი, ვყოფილიყავი პოლიტიკოსი, რომელიც შევცვლიდი არსებულ სტერეოტიპს პოლიტიკოსზე, რომელმაც შეიძლება ფეხით ან ველოსიპედით იაროს, იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, ჰყავდეს 1996 წელს გამოშვებული მანქანა, აკეთებდეს ისეთ საქმეს, რომელიც ხელშესახებია განათლებაში, ქმნის ისეთ სიკეთეს, რომლისგანაც არა ხვალ, ზეგ ან მაზეგ – დღესაც შეიძლება ნახოს ადამიანმა ხეირი.

გულწრფელად ვამბობ, რომ გამიმართლა, როგორც პარტიაში, ასევე, პოლიტიკურ პარტნიორებთანაც გია ხარჩილავას სახით, მან შემომთავაზა მერის მოადგილეობა, სადაც ძალიან ბევრი საგანმანათლებლო თუ სხვა პროექტის განხორციელების საშუალება მომეცა. მერის ბრძანებით, ჩემი დელეგირების სფეროა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება, დეოკუპაცია და ახალგაზრდული მიმართულება.

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელისშემშლელი ბარიერი სტერეოტიპებია. ძალიან ხშირად წინააღმდეგობა მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ ქალი ვარ, კაცი რომ ვიყო, დარწმუნებული ვარ, ეს წინააღმდეგობა საერთოდ არ მექნება, დარწმუნებით შემიძლია ამის თქმა. ქალები იჩაგრებიან, ზოგ შემთხვევაში კაცი ვერ ხვდება, რომ კონკრეტული საქციელით ქალს ჩაგრავს. შეიძლება, პირდაპირ არავინ არაფერი გითხრას, მაგრამ ნელ-ნელა მიგიყვანენ იქამდე, რომ შენ თვითონ თქვა უარი შენს სურვილებზე, ამბიციებზე, შენი შესაძლებლობის რეალიზებაზე. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალი თანასწორად აღიარონ.
მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც მხოლოდ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს და მეტი არაფერი შეუძლია. არა – სადილსაც კარგად ვამზადებ, ბოსტანშიც კარგად შემიძლია მუშაობა, ვაზის გასხვლაც ვიცი, შეშის დაჩევხაც და მაღალ ქუსლებზეც ძალიან კარგად დავდივარ. უბრალოდ, როდის რა არის კომფორტული და როდის რა მოიტანს შედეგს, იმის მიხედვით ვმოქმედებ. არც კარიერისტი ვარ, უბრალოდ, აზარტული ადამიანი ვარ და ახალი გამოწვევები მაცოცხლებს – რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო მეტია ჩემი მხრიდან აზარტი და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.

წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, ბევრი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იღბლიანი ადამიანი ვარ, სულ ისეთი ქალები მხვდებოდნენ, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მასწავლიდნენ. ჩემი პირველი რედაქტორი მანანა კარტოზია იყო, როგორც კი შემომხედა, მითხრა – „ახლა შენ ბეჭდურ მედიაში იწყებ მუშაობას, მაგრამ ისეთი გამორჩეული ხმა გაქვს, წესით, ტელევიზიაში უნდა იყო.“ ასევე იყო მანანა დუმბაძე, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ხელფასი ჩემთვის გაეყო. მესამე ქალი, რომელიც ცხოვრებაში შემხვდა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, მარინა ვაშაყმაძეა – ჩემთვის პროფესიონალიზმისა და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი იყო ყოველთვის. სულ ახლახან მყავდა უფროსი, თსუ-ის მულტიმედიაცენტრში (სადაც 6 წელი ვიმუშავე), მარინა სალუქვაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი და პარტნიორი, და დედაჩემი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, მისგან ვისწავლე, რომ სიკეთე უბრალოდ, უკანმოუხედავად უნდა აკეთო. აი, ამ უფროსი ქალებისგან, გვერდში დგომის გარდა, ვისწავლე ერთი რამ – რახან შენ ხარ ხელმძღვანელი, შენ გაქვს პასუხისმგებლობა, გადაინაწილო შრომაც, შენ გაქვს პასუხისმგებლობა, შეუქმნა კომფორტი შენს თანამშრომელს. ეს ქალები არიან ლიდერის თვისებების მატარებლები, მათ აქვთ სწორი ღირებულებები, აქვთ სამშობლოს სიყვარული და განათლების დაფასება შეუძლიათ. ვინც ჩამოვთვალე, ყველა ამ ადამიანის გავლილი გზა ადასტურებს, რომ მუდმივი-უწყვეტი განათლება, შრომისუნარიანობა და იღბალი არის წარმატების ფორმულა.

ქალები ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, მაგალითად, მუნიციპალიტეტში არ არის სამშობიარო, რადიოლოგი. რეალურად, ქალებს არ აქვთ წვდომა ფუნდამენტურ უფლებებზე, იმაზე, რომ მიიღონ უწყვეტი განათლება, მიიღონ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ორსულობის დროს, მიიღონ დახმარება მშობიარობის შემდგომ სტრესულ პერიოდში, ქვეყანაში არც დეკრეტული პოლიტიკაა გამართული და რეალობას მორგებული. 32 000 ადამიანი ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და ბოლო 10 წლის განმავლობაში წალენჯიხაში მხოლოდ 6 ადამიანი დაიბადა. მშობიარობენ ზუგდიდში, სენაკში, თბილისში, ქუთაისში… სამშობიარო აუცილებელია, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, მშობიარობა რომ დაიწყება, ზუგდიდში ან სხვაგან გაიქცეს. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია, მაგრამ ძალიან დიდ რესურსები და თანხებია საჭირო. განსაკუთრებული მხარდაჭერა საოკუპაციო გამყოფი ხაზის ქალებს სჭირდებათ.
ქალთა საკითხები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავ, რომ ქალების როლი ლამის მხოლოდ დედის ფუნქციამდეა დაყვანილი (თუმცაღა ეს ყველაფერია), როცა მათ აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი. ვარ საკრებულოში არსებული გენდერული საბჭოს წევრიც, სადაც ქალებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის წამოწევასა და მოგვარებას ვცდილობთ. ქალი არ არის მარტო თამარ მეფე, რომელსაც გამუდმებით ახსენებენ ყანწით ხელში, როდესაც ქალის როლზე მიდგება საუბარი. რეალურად, ქალს მეტი მხარდაჭერა სჭირდება და აქვე ვიტყვი, რომ მისთვის ოჯახის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო დროს ვცხოვრობ. მთავარია, შანსის გამოყენება და უნარი – საჭირო დროს იყო საჭირო ადგილას და არ დაგეზაროს შრომა! ვფიქრობ, უკვე დროა, ადამიანები მიხვდნენ, რომ პოლიტიკა სხვა რამეა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეში, როგორიც პოსტსაბჭოთა საქართველოა და რომელსაც ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისა და გადანაწილების ფონზე, პარტიათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია არა დესტრუქცია, არამედ კონსტრუქციული დიალოგი და ერთი მიმართულებით ყურება. ეს მიმართულება არის ეროვნული ღირებულებები! ღირებულებები, რომლებსაც საწყის ეტაპზე სწორედ ოჯახი აყალიბებს!

ბოლოს კი გეტყვით, რომ დავიბადე წალენჯიხაში, ჩემი გვარი ჯგალიდან არის და ის უკავშირდება ციხესიმაგრის მცველებს. ანუ, ჩვენ ვიყავით ციხესიმაგრის მცველები, რომელთაც, პარალელურად, თვეში ერთი კოკა ღვინისა და ხორბლის ფქვილის მიტანა გვევალებოდა ციხესიმაგრეში. წალენჯიხაც სწორედ ეტიმოლოგიურად ციხესიმაგრეს ნიშნავს და გამოვიდა, რომ მე დავიბრუნე ჩემი გვარის მისია. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა უტრირებულია, თუმცაღა ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა, ვიყო იქ, სადაც ჩემი გვარი მეძახის.“

————————————————–
ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.
The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.
#პოლიტიკა