დეკემბერი 3, 2020 In ე-ი, თემები, რეგიონები, შიდა ქართლი, შშმ ქალები და მათი აგენტობა
თამარ წერაძე, 41 წლის, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პანსიონი
„გალში დავიბადე. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი აცრა არ გამიკეთეს, 5 წლის ასაკში პოლიომიელიტის ვირუსი შემეყარა. სოფელში ისე ვერ მიმკურნალეს, როგორც საჭირო იყო – ხერხემლიდან არასწორად ამომიღეს დიდი რაოდენობის სითხე და რაღაც ნაწილი მაშინ დაზიანდა. მას მერე, ფეხზე აღარ დავმდგარვარ.
ამ მდგომარეობის გამო, ბიოლოგიურმა დედამ უარი თქვა, ჩემზე ეზრუნა და სხვას მიმაშვილა. მზია გასაშვილი მართლაც ადამიანი აღმოჩნდა – თავად დაოჯახებული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა და ჩემზე მზუნველობა თავის თავზე აიღო. იმ პერიოდში ეტლი თვალითაც არ გვქონდა ნანახი და თუ სადმე სატარებელი ვიყავი, დედას ხელით დავყავდი. ერთხელ, მახსოვს, სიცხიანი ექიმთან მივყავდი წვიმაში და ქუჩაში პატარა გოგო დავინახეთ, მზია დედამ ისიც სახლში წამოიყვანა და დღეს ეს გოგო ჩემი დობილია. აი, ასეთი საოცარი ადამიანია ჩემი გამზრდელი დედა.
ქმრის გარდაცვალების მერე, დედაჩემს ძალიან გაუჭირდა ჩემი მოვლა. მეც გავიზარდე და ჩემი ხელში აყვანა და ისე გადაადგილება მარტივი აღარ იყო. მთელი დღე ერთი მომვლელი მარტო მე მჭირდებოდა. იმ პერიოდში აფხაზეთშიც დაიძაბა ვითარება და ეკონომიურად ძალიან გაგვიჭირდა. დედა იძულებული იყო, სამუშაო მოეძებნა და მე მზრუნველის გარეშე ვრჩებოდი. ამიტომ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სენაკის ბავშვთა პანსიონში გადმოვედი საცხოვრებლად.
სენაკის სახლში ბევრი ძალადობა და უსამართლობა ხდებოდა, თუმცა მე ამ ძალადობას მხოლოდ იმიტომ გადავურჩი, რომ პატრონი მყავდა. დედაჩემი თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიოდა ჩემს სანახავად, მოჰქონდა ტკბილეული და საჩუქრები. დღესასწაულებზე კი, გალში მივყავდი. თუ ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, დირექტორთან ჰქონდა ყოველდღიური სატელეფონო საუბარი და ჩემს ამბავს კითხულობდა, ამიტომ, იმდენს ვერ მიბედავდნენ. იცოდნენ, დედაჩემის რისხვას ვერ გადაურჩებოდნენ.
დედასთან კონტაქტი აფხაზეთის ომის დროს შეწყდა. მესმოდა ამბები, რომ აფხაზეთში საშინელება ხდებოდა, სოფლები იბომბებოდა. იმ პერიოდში სატელეფონო ხაზებიც დაზიანებული იყო და ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები, ესეც არ ვიცოდი. სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვეში, დირექტორის კაბინეტში დამიბარეს და ტელეფონის ყურმილი მომაწოდეს. მეორე ხაზზე დედაჩემის ხმა გავიგონე – დედიკო, ცოცხალი ვარ და სამშვიდობოს ვარო. მეორედ დავიბადე. დედამ თბილისში ჩამოაღწია და რთულ 90-იანებში თავს ძლივს ირჩენდა. ამიტომ, მე ისევ სენაკში დავრჩი და დისტანციური კონტაქტი გვქონდა.
15 წლამდე ეტლი არ მყოლია, ხოხვით გადავაადგილდებოდი. ერთი ეტლი დირექციას კაბინეტში ჰქონდა შენახული, სტუმრებისთვის კონცერტებს რომ ვაწყობდით, მაშინ გამოჰქონდათ და მათ დასანახად გვსვამდნენ. იმ პერიოდში ბევრი უცხოელი მოდიოდა, მაგრამ სულ ცდილობდნენ, მე და ჩემნაირი შეზღუდვების მქონე ბავშვები არ გამოვეჩინეთ – რომ არ ენახათ, რა დღეში ვიყავით. ერთხელ, ამერიკელები გვესტუმრნენ და პირადად მე, ”მუსტანგის” ფირმის წითელი ეტლი მაჩუქეს. სტუმრები წავიდნენ თუ არა, ეტლიდან ჩამომაგდეს და გააქრეს. ალბათ, გაყიდეს.
პირველი საკუთარი ეტლი მას მერე მივიღე, როცა პარლამენტმა ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის შესახებ” კანონი მიიღო. დაახლოებით, 1995 წელი იქნებოდა. მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი და ეტლი ძალიან ვიუხერხულე. ასე მეგონა, ეტლში თუ ჩავჯდებოდი, ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა. ვფიქრობდი, რომ ეტლი იქნებოდა სტიგმა, რომელიც ხელს შემიშლიდა ურთიერთობებში. არავის უსწავლებია ჩემთვის, რომ ეტლი ჩემი შესაძლებლობაა, ჩემი ფეხებია, ღია კარია სხვადასხვა სივრცეებში შესაღწევად. ეს ცოტა გვიან გავიაზრე, მაშინ, როცა უკვე სრულწლოვანი გავხდი და დუშეთის პანსიონში გადმოვედი. მანამდე იზოლაციაში ვცხოვრობდი.
დუშეთის შშმ პირთა პანსიონში ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებით ვცხოვრობ. აქამდე მექანიკური ეტლით თუ დავდიოდი, დღეს ელექტრო ეტლი მყავს და ძალდაუტანებლად შემიძლია გარეთ გასვლა, ქალაქში, მაღაზიაში წასვლა საყიდლებზე. ერთი, რაც ხელს მიშლის, არაადაპტირებული გარემოა: არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზია თუ აფთიაქი, ადაპტირებული არაა. ამიტომ, ხშირად, ადამიანების შეწუხება მიწევს, ჩემთვის საჭირო ნივთები რომ მიყიდონ.
პანდემიამდე გარეთ უფრო ხშირად გავდიოდი და თბილისშიც ბევრჯერ ჩავსულვარ დედაჩემისა და ჩემი მეგობრების სანახავად. ერთხელ, ქორწილშიც კი ვიყავი დაპატიჟებული – პანსიონმა ადაპტირებული მანქანა გამომიყო და დარბაზში რომ შევედი, გაოცებული სტუმრები ტაშით შემეგებნენ იმის აღსანიშნავად, რომ ეტლით მოვახერხე, სტუმრებს შორის ვყოფილიყავი. წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ როგორ უკვირთ ადამიანებს, არადა ადაპტირებული სივრცეები რომ იყოს, უფრო ხშირად დაგვინახავდნენ და ჩვენც ამ საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებოდით.
როცა სადმე ვარ წასასვლელი, წინასწარ ვიკვლევ, არის თუ არა ადაპტირებული ტრანსპორტი, სასტუმრო ან კაფე, რადგან ხელში აყვანა და ადამიანების შეწუხება, ჯერ ერთი, არ მსიამოვნებს და შეურაცხმყოფელია, მეორეც, ჩემი ხერხემლისთვის უხეში გადაადგილება არ შეიძლება. ამიტომ, ხშირად, გარეთ გასვლაზე უარს ვამბობ.
დუშეთის პანსიონში ჩემი პატარა ოთახი მაქვს და ჩემს ფისოსთან ერთად ვცხოვრობ. გარდა პენსიისა, რომელიც 250 ლარია, ჩემი საქმიანობიდანაც მაქვს მცირედი შემოსავალი. დედასთან დაბრუნებაზე მიფიქრია, თუმცა ჩემი ეკონომიკური მდგომარეობისა და სერვისების გათვალისწინებით, ვფიქრობ, პანსიონში ცხოვრება უფრო გამიადვილდება. ყველაზე მეტად, არ მიდა, ვინმეს დავაწვე ტვირთად და სხვისი მოსავლელი გავხდე. პანსიონში კი ადამიანებისთვის, ვინც მეხმარება, ეს მათი სამსახურია. ასე, რომ ჩემთვისაც უფრო კომფორტული და ნაკლებად უხერხულია მათი მომსახურებით სარგებლობა.
ერთადერთი სიკეთე და ცოდნა, რაც სენაკის თავშესაფრიდან დამრჩა, ქსოვაა. ჯერ წინდების ქსოვა დავიწყე და იქაურ ბავშვებს თბილ წინდებს ვუქსოვდი, ახლა უკვე ნებისმიერი სირთულის ტანსაცმლისა და ოთახის ჩუსტების მოქსოვა შემიძლია. შეკვეთებს, ძირითადად, დუშეთის პანსიონის პერსონალისგან ვიღებ, რადგან ჯერ ბევრი არ მიცნობს და ისეთ სივრცეებზე, სადაც გავყიდი, ხელი არ მიმიწვდება. ამ პანდემიის დროს, საქსოვი ძაფების ყიდვის პრობლემაც შემექმნა, ამიტომ, თანამშრომლები მჩუქნიან და მეც ვქსოვ და ვქსოვ ამ კარანტინში. პანდემიამ უფრო მეტად შეზღუდა ჩემი გადაადგილება. სულ იმას ვამბობ, როცა კორონა დასრულდება, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ და უამრავ ადამიანს გავიცნობ.“
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.
UN Women Georgia