თამარ წიქარიშვილი, 39 წლის, სოფელი კლდე, ახალციხის მუნიციპალიტეტი

„ფიზიკური მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის უცხო. დღესაც ვმუშაობ და არ ვჩერდები. ახლა თან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი ვარ.

ყველაფერი სოფლის მეურნეობით დავიწყე. მყავდა ცხვარი. რომ გავპარსეთ ეს ცხვარი, მატყლისთვის რამე ხომ უნდა გვექნა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი გავრეცხავ ამ მატყლს და რამეს შევკერავთქო. როგორ შეიძლება ქვეყანა სულ იმპორტზე იყოს დამოკიდებული, ჩვენც ხომ უნდა ვაწარმოოთ რამე.

მოვიფიქრე შემეკერა მატყლის ლეიბები და საბნები. ახლების შეკერვა რომ დავიწყე, ხალხისგან მოთხოვნა ძველების განახლებაზე წამოვიდა. სულ თავიდან სამი ქალი ვიყავით. სამივენი საბნებისა და ლეიბების წარმოებაზე ვმუშაობდით. თუმცა, თუ რამე მჭირდება, ჩემი ძმა სულ მეხმარება. ვხუმრობ ხოლმე, გაუფორმებელი „პრარაბი“ მყავსთქო.

2010 წელს რეგიონული განვითარების ასოციაციისთვის დავწერეთ პატარა პროექტი. ძალიან მცირებიუჯეტიანი, სულ რაღაც 1200 ლარიანი პროექტი იყო. თავიდან უნდა გენახათ საიდან დავიწყეთ. გვქონდა ერთი დანგრეული პატარა ოთახი. ამ თანხით წყალი მოვიყვანეთ აქამდე და ეზოში რაღაც მონაკვეთი ბრეზენტით გადავხურეთ. ვრეცხავდით ამ მატყლს და ვაშრობდით. მე თვითონაც ფიზიკურად ვმუშაობდი. ცოტახანში მივხვდით, რომ ამ ერთ ოთახში ვეღარ ვეტეოდით. ყველაფერი აქ ხდებოდა: შეკვეთების მიღება, ახალი ლეიბებისა და საბნების კერვა, ძველების განახლება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სამსახურის ხელფასი მომაქვს და ისევ ამ ბიზნესში ვდებ. ის სამსახური რომ არ მქონოდა, ამდენს ვერ გავაკეთებდი იმიტომ, რომ თავიდან აქ იმდენი შემოსავალი არ იყო. მოკლედ, ყველანაირ შემოსავალს ამ ბიზნესში ვდებდი. თუმცა, მაინც სეზონურად ვმუშაობდით, რადგანაც ზამთარში წყალი იყინებოდა. იმის გამო, რომ შემოსავალი სეზონურად ჰქონდათ, თანამშრომლები ხშირად დამიკარგავს. ყველას თავისი ოჯახური და ეკონომიკური პრობლემა აქვს.

2014 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps გამოჩნდა. ჩვენ გაგვიმართლა იმიტომ, რომ აქამდე მათ რეგიონში მხოლოდ ყველის ქარხნები ქონდათ დაფინანსებული და მატყლზე მუშაობის თვალსაზრისით რეგიონში უკონკურენტოები ვიყავით – თან რაღაც სახის ბაზა და გამოცდილება გვქონდა ამ საკითხში, თან ჟინი გვქონდა და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც ვაგრძელდებით მუშაობას. Mercy Corps-ს მოკრძალებული პროექტი შევთავაზეთ, როგორც მიჩვეული ვიყავით. მე კი მქონდა გეგმაში, რომ ოდესღაც უფრო დიდ საწარმოდ მექცია ჩემი ბიზნესი, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებზე გადასვლა მაინც მოულოდნელი იყო. ცოტა არარეალური მეგონა, რომ ვინმე მოვიდოდა და ხელს ასე გამომიწვდიდა. თუმცა, ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ 50% ჩემი თანადაფინანსება უნდა ყოფილიყო და ამაზე ცოტა დავფიქრდი, მითუმეტეს რომ აქამდე მხოლოდ სეზონური მუშაობის გამოცდილება მქონდა. ჩემი წილი თანადაფინანსების თანხა ბანკში უნდა ამეღო. მაინც გავბედე. პირველი ეტაპის შემდეგ მონიტორინგზე რომ ჩამოვიდნენ, სახტად დარჩნენ. ბევრი კაცისთვის მიგვიცია ასპროცენტიანი დაფინანსება, მაგრამ ვერც ერთმა საქმე ასე ვერ გააკეთაო. შედეგებით კმაყოფილებმა, კიდევ 20 ათასი დოლარით დაგვაფინანსეს.

ამ დამატებითი თანხით დანადგარები და ორი მანქანა ვიყიდეთ და საწარმოს მშენებლობა დავასრულეთ. უკვე აღარ გვეშინია, რომ წვიმა წამოვა და მასალა გაგვიფუჭდება, ან შევკერავთ და დასაწყობებას ვერ მოავხერხებთ. ყველაფრისთვის თავისი ადგილი გვაქვს განკუთვნილი.

ამ ეტაპზე უკვე 7 ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი მყავს დასაქმებული და შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. ოჯახური გარემო გვაქვს შექმნილი და მინდა, რომ ყველას უხაროდეს აქ მოსვლა. თუმცა, ისეც ხდება, რომ ბევრი გარბის – სოფელში მაინც ბევრი საქმეა. ჩემთვისაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ 48-საათიანი მორიგეობა მიწევს საბაჟოზე. ყოველ მეხუთე დღეს იქ მიწევს ასვლა. სამი წელია დასვენება რა არის არ ვიცი, ხანდახან სიზმარშიც კი ვალაგებ – აქ რა უნდა დავტოვო და მოვაწესრიგო, რომ მერე სამსახურში წავიდე.

ამ ყველაფრის პარალელურად ერთ ჰექტარზე კარტოფილი მაქვს დათესილი. ვერ ვეშვები სოფლის მეურნეობას. საერთოდაც, ამით დავიწყე ყველაფერი. არ შემიძლია, გული მიკვდება, რომ სხვა ამუშავებს მიწებს და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. მართალია, დაქირავებული მყავს ხალხი, ვინც მეხმარება, მაგრამ მე თვითონაც ვმუშაობ, სხვის იმედად ვერ იქნები. ერთი რამე იცოდეთ, სადაც შენი ხელი არ ურევია, არც ერთი საქმე არ გაგიკეთდება.

ჩვენი მიზანი და დევიზი ხარისხიანი პროდუქციის გამოშვებაა, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ დაგვრჩეს. ყოფილა შემთხვევა, როცა მომხმარებელს რაღაც არ მოსწონებია, მე ჩემი მანქანით მივსულვარ, წამომიღია, დამიშლია და თავიდან შემიკერავს. ადამიანები ვართ, შეიძლება რაღაც დეტალი შეგვეშალოს, ზომები აგვერიოს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და უკმაყოფილო არავინ დაგვრჩეს.

გასაღების ბაზარს რაც შეეხება, იმდენი შეკვეთა მაქვს ახალ პროდუქტზე თუ განახლებაზე, ვეღარ ვასწრებ. გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს, კერძო შეკვეთებით თუ ადგილობრივ ბაზარზე გატანით. თან, კლიენტს მოჰყავს კლიენტი, მითუმეტეს თუ ხარისხიანად აკეთებ. რამდენჯერ ჩემთვის ლილოში ნაყიდი ლეიბი მოუტანიათ და შიგნით არც ბამბაა, არც მატყლია, საერთოდ ვერ გაიგებ რა არის.

მატყლის შეძენა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 56 ფერმერის სია გვაქვს, რომლებსაც მატყლი მოაქვთ და თავის მხრივ, მათაც არ აქვთ მატყლის გასაღების პრობლემა. თუმცა, ჩვენ მაინც იმდენს ვერ ვამუშავებთ, რამდენსაც ისინი აწარმოებენ. ამდენად, ისე არ მინდა გავაკეთო, რომ ჩემთან მოსული ფერმერები უკან გავაბრუნო და ვაპირებ, რომ თავიანთი წარმოებული მატყლის საზღვარგარეთ გატანაში დავეხმარო.

ამიტომ, სამომავლო გეგმად მაქვს მატყლის მიმღები პუნქტი ავაშენო. მიწა უკვე შეძენილი მაქვს. მინდა, რომ რეგიონში ასეთი საწარმო იყოს, რომ არც ერთი ფერმერი უკმაყოფილო არ გავაბრუნო უკან და ის ნედლეული (მატყლი) ჩავიბარო, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არ ფასდება. ხვალ და ზეგ ვიტყვით, რომ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მუდამ იმპორტზე იქნება დამოკიდებული. ოდესმე უნდა დადგეს ის დრო, როცა თვითონ ვაწარმოებთ რაღაცეებს.

ყოველთვის ვამბობ, რომ, რასაც გულით მოინდომებ ყველაფერს გააკეთებ. მთავარია საქმე ბოლომდე მიიყვანო. ძალიან ბევრი საქმე დამიწყია და ახლაც, მართალია ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ის საქმეებიც არ მიმიტოვებია. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ბევრი შრომა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამდენი შრომა ჩავდე და ყურადღებას ვერ მოვადუნებ, პირიქით, უფრო მეტზე ვფიქრობ.“

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები