თამთა კაპანაძე, 20 წლის, სოფელი ტყემლანა, ახალციხის მუნიციპალიტეტი

”როგორც ყველა ბავშვი სოფელში, მეც ისე გავიზარდე. მშობლებს სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი, ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ოჯახში სულ მესმოდა, რომ სწავლის ფასი არაფერია, დედა მათემატიკოსია, მამაც ძალიან განათლებული ადამიანია ამიტომ, ვცდილობდი, კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. ცოტა კი მეზარებოდა ხოლმე, მაგრამ როცა ვხედავდი, რამხელა მხარდაჭერა მქონდა და როგორ წვალობდნენ, მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი. ვმონაწილეობდი პროექტებში, დავდიოდი ბანაკებში და ამან ძალიან განმავითარა. თან, ბავშვი რომ სოფელში იზრდება, მას ნაკლები კომუნიკაცია აქვს ხოლმე და იმდენად არ ვიყავი უცხო ხალხს მიჩვეული, პირველად რომ ბანაკში წავედი, ცოტა ჩავიკეტე. სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ სისულელე იყო ასე მოქცევა და მეორედ როცა წავედი, იქ უკვე ყველაფერი ავინაზღაურე – ძალიან თავისუფალი გავხდი და ვცდილობდი, მაქსიმალური მიმეღო. ამ მხრივ, სკოლის პერიოდი, განსაკუთრებით, ბოლო კლასები, კარგად გამოვიყენე.
აბიტურიენტობის დროს, გადავწყვიტე, რეპეტიტორებთან არ მევლო – არ მომწონს ეს ტენდენცია, თითქოს აუცილებლობაა. ვემზადებოდი დამოუკიდებლად, თუ აბიტურიენტები სკოლაში საერთოდ არ დადიან, მე რამდენიმე დღე მექნება გაცდენილი და სკოლის მასწავლებლებიც მეხმარებოდნენ. მათემატიკას სახლში ვმეცადინეობდი და სწავლის პროცესში მთელი ოჯახი ჩართული იყო, თუ რამე ამოსახსნელი მქონდა, გამორიცხული იყო, მშობლებს სხვა საქმე გაეკეთებინათ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ტექნიკური მიმართულებით წავიდოდი. მათემატიკა ძალიან ბევრი მიმართულების წინაპირობაა და ამიტომ ავირჩიე. ბევრს ეგონა, რომ მასწავლებლობა მინდოდა, მეუბნებოდნენ, მასწავლებელი იქნები და თან, ოჯახსაც მიხედავო, ზოგი მეუბნებოდა, რამე ნორმალურ ფაკულტეტზე ჩააბარეო – არის ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებები პროფესიების მიმართ, თუმცა მე ჯიუტად წავედი ამ სფეროში.
მე-11 კლაში ვიყავი, როცა FLEX-ის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემი მეორე მცდელობა იყო. ბოლო ტურში რომ გადავედი და უკვე მეგონა, ამერიკაში წავიდოდი, უარი მომივიდა. იმდენად განვიცადე, დღესაც, როცა FLEX-სა და ჩემს აუხდენელ ამერიკულ ოცნებაზე ვსაუბრობ, ძალიან რთულია, მაგრამ ამ შემთხვევამ ჩემი მომავალი შეცვალა – მარცხის შიში საერთოდ აღარ მაქვს და გამორიცხულია, თუ სადმე რამე საინტერესო გამოჩნდა, ბედი არ ვცადო. ამიტომ, სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგმაც დამაინტერესა. თან, ”ინოვაციური განათლების ფონდთან” ურთიერთობის გამოცდილებაც მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც გრანდიოზულთან მექნებოდა საქმე.
ტრენინგების პროცესი ძალიან კარგი იყო, ტრენერიც საოცარი გვყავდა და გუნდიც – კარგი. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ემთხვეოდა და დასვენების დღეები იყო, სიხარულით მივდიოდით, იმდენად კარგი გარემო გვხვდებოდა. გამორიცხული იყო, დახმარება დაგვჭირვებოდა და მეგი, ან რომელიმე თანაგუნდელი არ დაგხმარებოდა. სწავლის პროცესი სახალისოც იყო და პროდუქტიულიც, მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. საბოლოოდ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ – ბიზნეს გვერდის გაკეთება, გარეკლამება, ვისწავლეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი მომხმარებლამდე, ზოგადად, როგორი კონტენტი უნდა შეგვექმნა, WordPress-ზე გვერდის აწყობა და ამასთან ერთად, ჯგუფური მუშაობის უნარი შევიძინე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა ტრენინგები მორჩა, სტაჟირების გავლას არ ვაპირებდი, მეგონა, უნივერსიტეტის პერიოდს დაემთხვეოდა. პროექტი ძალიან კარგი ქულებით დავასრულე და მეგის გული ძალიან სწყდებოდა, შენი მაქსიმუმი სცადე და უარი არ თქვაო, ამიტომ სტაჟირების ფორმა მაინც შევავსე. ასე მოვხვდი ”ალდაგში.” ძალიან გამიხარდა. ერთ-ერთი პროგრამის პიარი მევალებოდა. შევქმენი კონტენტი, ბროშურები და ავირჩიე ჩემი რეგიონი – სამცხე-ჯავახეთი, სადაც მის პოპულარიზაციაზე უნდა მეზრუნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური და მუშაობა აქ ვისწავლე. სტაჟირება რომ მორჩა, ყველას მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ლისაბონში გასამგზავრებლად აპლიკაცია შეგვევსო. დიდი იმედი არ მქონდა, რადგან მართლა ძალიან კარგი გოგოები და ქალები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, თუმცა, საბოლოოდ, მოვხვდი იმ ოთხ მონაწილეს შორის. წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ მაინტერესებდა, რეალურად, დღეს რა დონეზე იყო მსოფლიო. იქ აქცენტი უფრო სტარტაპებზე კეთდებოდა, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს, ამიტომ უფრო ისეთ სესიებს ვესწრებოდი, რაც პროგრამირებაზე იყო მორგებული. ვაკვირდებოდი, რა შეიძლებოდა სამომავლოდ მესწავლა და რა იყო პრიორიტეტული, რისი ანალოგის გაკეთება შემეძლო ქუთაისში და ზოგადად, საქართველოში.
სანამ ლისაბონში წავიდოდი, ვნახე, რომ Google იწყებდა დეველოპერების სტუდენტური კლუბის პროექტს ევროპის მასშტაბით, რაც ”გუგლ დეველოპერების” პროდუქტების პოპულარიზაციასა და სტუდენტებისთვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობას გულისხმობს. იმას, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ამ სფეროში, გამოადგება, რომ უფრო მეტი ისწავლოს, ხოლო ვისაც გამოცდილება არ აქვს, დაეხმარება, გადავიდეს ტექნოლოგიებში. მიუხედავად იმისა, რომ არარეალურად მეჩვენებოდა, გავიარე გასაუბრება და ამირჩიეს. ამ პროექტის ფარგლებში, ვიყავი პარიზში, დეველოპერების სტუდენტური კლუბის ევროპის სამიტზე და აქ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ქალი ტექნოლოგიებში. როცა პროექტი დასრულდა, გადავწყვიტე, რომ ქუთაისს სჭირდებოდა ”ჯი დი ჯი ქუთაისი” – ანუ გუგლ დეველოპერების გუნდი და გავაკეთე. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ივენთის გაკეთება მოვასწარით. ვგეგმავდი ტექნოლოგიური ფესტივალის ჩატარებას ქუთაისში, უნივერსიტეტშიც შევიტანე ეს პროექტი, ”გუგლსაც” მივწერე, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებული მქონდა, თუმცა ხელი პანდემიამ შეგვიშალა. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, აუცილებლად გავაკეთებ. ”გუგლმა” შემდეგ მენტორების პროექტიც დაიწყო მენტორადაც ამირჩიეს, ახალ ლიდერებს რომ დავეხმარო.
დავიჯერე, რომ პროგრამირების სფერო ჩემია და ჩაბარებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვაპირებ. კი ამბობენ, რომ პროგრამირებას დიპლომი არ სჭირდებაო, მაგრამ მინდა, ყველა ეტაპი გავიარო. უკვე ვიცი, როგორი უნდა იყოს სტუდენტობა, გარდა იმისა, რომ ცოდნა მინდა მივიღო, ასევე, სტუდენტობის ყველა სარგებელი უნდა გამოვიყენო – იქნება ეს პროექტებსა თუ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა.
ახლა მეოთხე კურსზე ვარ და უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვისებში ვმუშაობ, ვგეგმავ და ვახორციელებ პროექტებს, ვთავაზობ იდეებს და ა.შ. სამომავლოდ, ბიზნესის დაწყებასაც ვაპირებ, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალციხეში დავბრუნდები. სკოლის პერიოდში, სულ გული მწყდებოდა, რომ ახალციხეში არ იყო ”კომაროვის” მსგავსი ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა, ამიტომ, ძალიან მინდა, ასეთი სკოლა გაკეთდეს, ახალციხეში მართლა ბევრი ბავშვია, ვინც მათემატიკა კარგად იცის და ნამდვილად გვჭირდება. ბიზნესის დაწყებას ჩემს სოფელში ვგეგმავ – სოფელი იცლება და მინდა, ცოტა ხალხს შევეშველო, სამუშაო რომ ჰქონდეს. ზოგადად, სოფელში ცხოვრებას ვგეგმავ, მაგრამ გეგმები მაქვს ქალაქთან დაკავშირებითაც: მინდა, საგანმანათლებლო სფერო წინ წამოვწიო, შეიძლება, მე ახალი ვერ შევქმნა, მაგრამ ვიცი, რას გადმოვიღებ. ჩემს რეგიონში დაბრუნების შემდეგ პროგრამისტად მხოლოდ ფრილანსერად ვიმუშავებ. მინდა, პროგრამირების უფასო წრეები გავაკეთო ახალციხეში, განსაკუთრებით, ქალებს მინდა დავეხმარო, რადგან სტერეოტიპები ყველგან ყელში უჭერს ქალებს და რეგიონებში – კიდევ უფრო. ვიცი, ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ შეუცვლელი არაფერია.”
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: დავით შველიძე / გედა დარჩია
”თამთა კაპანაძე იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“
UN Women Georgia
gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com