თამთა კურცხალიძე, 28 წლის, ბათუმი

“ოჯახიდან არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული ან სახლში გამოკეტილი. პირიქით, როგორც კი ავიდგი ფეხი და გარეთ გამოვედი, მას მერე სულ გარეთ ვარ. მაგრამ, სამსახურთან დაკავშირებით კი მქონია პრობლემები. მთელი ბათუმის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში ვაგზავნიდი სამსახურზე განაცხადებებს და თითქმის ყველგან მაქვს გაგზავნილი. გასაუბრებაზე პირდაპირ მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ არა მე მუშაობას. მერე მეუბნებოდნენ, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ არავინ არასდროს რეკავდა. არ უყურებდნენ ჩემს განათლებას და გამოცდილებას, უყურებდნენ ვიზუალს. ეს ერთ-ერთი დიდი ბარიერი და პრობლემა იყო ჩემს ცხოვრებაში, ანუ, რადგან შშმ პირი ვიყავი, არ უნდა მემუშავა. მაგრამ, ახლა ეგეც გადავლახე და ავტობუსის გამცილებლად ვმუშაობ. მუშაობა როდესაც დავიწყე მგზავრებისგან მსმენია „ცოდოა… პატრონი არ ყავს ამას? რატო უშვებენ?“ მათთვის იქვე მიპასუხია და მიკითხავს, რომ რატომ არ უნდა ვიმუშავო? რადგან შშმ პირი ვარ?! ჩემს მეგობრებსაც სულ ვეუბნები, რომ არ იყვნენ ჩაკეტილები, გამოვიდნენ გარეთ, გამოიყენონ საკუთარი განათლება და გამოცდილება.

მოგზაურობა მიყვარს, ჯერ კი არ მიმოგზაურია, მაგრამ მინდა განათლების გაგრძელება ტურიზმის მიმართულებით, რომ ბევრი ვიმოგზაურო. კიდევ, ძალიან მაინტერესებს ფოტოგრაფიის სწავლა და მომავალში ვაპირებ. ძალიან სპორტული ადამიანი ვარ. მაგალითად, ბადმინტონი იმდენად მიყვარს, მთელი დღე შემიძლია ვითამაშო. მახსოვს სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე გოგოებს რომ სულ კაბინეტში გვსხავდნენ და მხოლოდ ბიჭებს ათამაშებდნენ, როგორ ვაპროტესტებდით. ჩვენც გვინდოდა სპორტი და თამაში, მაგრამ რადგან გოგოები ვიყავით, არ გვქონდა ფიზკულტურა.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ეს იყო დიდი ხნის წინ, როდესაც მყავდა ერთი შეყვარებული და მისი ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ ეს ურთიერთობა იმის გამო, რომ ვარ შშმ პირი. მაგრამ ახლა მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის მშობლებმაც მიმიღეს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ვარ ძალიან ბედნიერი.”