თეო წოწოლაშვილი, 48 წლის, ნიუ-იორკი
საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება
,,საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გრძელხნიანი ფიქრი, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა ის ყოფა, რომელიც არ მომწონდა. არ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში თავი ამოვწურე. თითქოს მშვენიერი ცხოვრება მქონდა, საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაც მაქვს, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდოდა. მინდოდა, მეტი მეცხოვრა. ამის საპასუხოდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს კი არა, საერთოდ გამონათებასაც ვერსად ვხედავდი.
მიუხედავად იმისა, რომ მხიარული ადამიანი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს და საქართველოშიც, როგორც აღვნიშნე, საინტერესოდ და სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვმუშაობდი სწორი ღირებულებების მქონე კომპანიაში, მქონდა სტაბილური და კარგი შემოსავალი, მაინც დავკარგე ყველაზე მთავარი – მომავლის ხედვა და იმედი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობდი მომავლის ჭრილში, რომ, აი, გავა კიდევ 5, 10, 15 წელი, ვიქნები ამდენი და ამდენი წლის, მერე გავალ პენსიაში, დიდი ალბათობით, დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა არ მექნება და ტვირთად დავაწვები ჩემს შვილებს. ეს პერსპექტივა რომ დავინახე, შემეშინდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მე ეს არ დამიმსახურებია.
ამას დაერთო ისიც, რომ მუდმივი უსამართლობის განცდა სულ უფრო და უფრო მამძიმებდა ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე და ჩემს ოჯახს უსამართლობა ასე პირდაპირ არ შეგვხებია, მაგრამ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ხომ ერთმანეთის უბედურებებსა და უსამართლობაში ვიხარშებით. სოციალურმა ქსელებმა საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ემოციები, შეხედულებები და, საერთოდაც, ცხოვრება. ადრე როგორ იყო? არ იცოდი, რა ხდებოდა შენ გვერდით და აგრძელებდი მშვიდად ცხოვრებას. ახლა კი თითოეული ისტორია და ამბავი შენს გულსა და გონებას სწვდება. თანამონაწილე ხდები, გინდა ეს თუ არა. უსამართლობა შეიძლება შენ არ გეხება, მაგრამ ეხება იმ ადამიანს, რომელსაც ყოველდღე ვირტუალურად ესალმები, ხედავ მის ყოველდღიურობას, მის ოჯახს და აიგივებ შენს თავთან. პირდაპირ გეტყვით, რომ ამან საშინლად დამასევდიანა. შესაძლოა, სიტყვა ,,სევდა’’ სულაც არ ჟღერს ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის საფუძვლად, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყოველდღიური სევდა დამანგრეველია. ამდენი უსამართლობის შეგრძნებისგან ცუდად ვიყავი. არასდროს მიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე – არც მაშინ, როცა მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ვსწავლობდი, არც მაშინ, როცა საქმიანი ვიზიტით ან სამოგზაუროდ უცხო ქვეყნებში ვიყავი წასული. მაგრამ დადგა ეგ დღეც. რამდენიმე წლის წინ ჩავალაგე ბევრი ჩემოდანი და გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო ჩემს მეუღლესთან ერთად. ეს ფანჯარა აუცილებლად უნდა გამეღო.’’
ემიგრაციის სევდა
,,მე და ჩემს ქმარს ორივეს გვქონდა ამერიკის ვიზა და, საბედნიეროდ, არ მოგვიწია იმ ჯოჯოხეთური გზის გავლა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადის მექსიკის საზღვართან.
წამოსვლის წინ მე და გიორგი ბევრს ვკამათობდით, შვილები და მშობლები როგორ დაგვეტოვებინა და გვინდოდა თუ არა, გავმხდარიყავით ემიგრანტები. ქართველებს არ გვიყვარს ეს სიტყვა. უფრო სწორად, ამ სიტყვით საკუთარი თავის მოხსენიება. ჩვენი ისტორიული და სოციალური გამოცდილებით, რაღაცნაირად ამ სიტყვამ შეიცვალა დატვირთვა და თითქოს ასოცირდება საკუთარი თავის დაკარგვასთან. ასოცირდება იმასთან, რომ შენ ვიღაცის სარჩენად ხარ წამოსული და შენი ცხოვრება აღარ გაქვს. გაჭედილი ხარ დროში, რომელიც იქ სხვაა, შენთან სხვა, და ალბათ ყველაზე მძიმე – რომ შენ იქეცი საკრედიტო ბარათად.
ემიგრანტობის ტვირთი საქართველოში უმთავრესად ქალებმა ასწიეს, გაღარიბებულ ოჯახებს რომ შეშველებოდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, უამრავი ოჯახი ქალაქად, მაგრამ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები, სადაც ბავშვები, პირდაპირი გაგებით, შიმშილობენ. დედებს შვილები ჰყავთ დატოვებული და ძალიან ბევრი ქალი ვიცი, რომლებიც რამდენიმე ოჯახს არჩენენ. უზარმაზარი ტრაგედიაა, როცა ოჯახები ასე გახლეჩილები არიან და ერთმანეთთან მხოლოდ ვირტუალური და თან გაუცხოებული კავშირი აქვთ. წლები გადის და ,,კიდევ ერთი წელი’’ არ მთავრდება. სულ ახალ-ახალი საჭიროებები იჩენს თავს და ამ ქალების ეს ფინანსური კონტრიბუცია არასდროს სრულდება.
რა არის ემიგრაციაში ყველაზე რთული? ალბათ, საყვარელი ადამიანებისგან მოწყვეტა – შვილებთან და მშობლებთან დისტანცია, მეგობრების თანდათანობით დაკარგვა. დროში სხვაობა, მანძილი და განსხვავებული პრობლემები თავისთავად აისახება მეგობრობის ხარისხზეც, ხვდები, როგორ შორდები ნელ-ნელა და გრძნობ, რამხელა ნაპრალი ჩნდება თქვენ შორის. ძალიან მძიმე და მტკივნეულია ეს ჩემთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რას გაიმეტებ შენი თავისთვის, როცა ხარ ემიგრაციაში.
საქართველოში რაღაც ასაკის შემდეგ ჩამოწერილი ხარ და ეს ის ასაკია, როცა სხვა ქვეყანაში ადამიანები სწორედ მაშინ იწყებენ ცხოვრებას. „თრეინსფოთინგი“ არასდროს ყოფილა ჩემი უსაყვარლესი ფილმი, მაგრამ ბოლო დროს ამ ფილმიდან ერთი ფრაზა მქონდა აკვიატებული – ,,აირჩიე სიცოცხლე.” ძალიან მნიშვნელოვანია, ემიგრაციაში მყოფმა ადამიანმა საკუთარი თავისთვის გამოყოს დრო და საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული. ძალიან გამიმართლა, რომ მარტო არ ვარ, გიორგისთან ერთად ვარ. ორივე ვმუშაობთ, მაგრამ მეგობრებს ხშირად ვხედავთ. ამასთანავე, ვიცნობთ ახალ ადამიანებს, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, არაფერი გამოვტოვოთ, კონცერტი იქნება, წარმოდგენა, გამოფენა თუ სხვა აქტივობა. ძალიან ბევრ მუსიკას ვუსმენთ ცოცხალი შესრულებით. ეს ის უზარმაზარი სიამოვნების ოკეანეა, რომელში ყოფნაც სულ მინდოდა. მთელი სიცოცხლე. ბედნიერებაა, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ ბავშვობის ნატვრა რეალობად აქცია. ამიტომ არასდროს არის გვიან. არასდროს.”
კავშირი სამშობლოსთან
,,განუწყვეტლივ მტკივა საქართველო. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ არ მეშინია ამ პათეტიკის. იმიტომ, რომ ზუსტად ის გრძნობაა, რასაც სამშობლოს მიმართ ვგრძნობ. ალბათ, სიმბოლურია, რომ ჩემი პირადი მონაცემებიდან ყველა ციფრი და ნომერი დამავიწყდა, ჩემი საქართველოს პირადობის მოწმობის ნომრის გარდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოდუნდე და დაკარგო ემოციური კავშირი სამშობლოსთან. ოღონდ იმდენად ბევრ რამეს აფუჭებენ და ისეთი სისწრაფით ეშვებიან ქვევით, რომ ადამიანი ვერ ხარ მშვიდად. ან როგორ უნდა იყო მშვიდად? სიცოცხლით ვერ ტკბები კი არა, ყოველდღე რაღაც ახალი უბედურების ლოდინში ხარ.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რა სტატუსითაც არ უნდა იმყოფებოდეს ის საზღვრებს გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ზოგი ვერც კი იაზრებს, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისთვის ერთი დღე გამოყოს და არჩევნებზე მივიდეს. რეალურად, შენ ამ დროს საკუთარ თავზე ხარჯავ. არჩევნების უფლება ყველაზე დიდი უფლებაა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გეძლევა და შეგიძლია, აირჩიო ან გადაირჩიო ის ხელისუფლება, რომელსაც არა მხოლოდ ხელფასს უხდი, არამედ პრემიებსაც. მისი შვილების კარგ სკოლაში სწავლის ქირასაც შენ იხდი და ოჯახის წევრების მოგზაურობის ხარჯებსაც უფარავ. მძღოლების, ძიძების, დამლაგებლების… ყველაფრის ფულს შენ იხდი. ამ ხელისუფლების მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ბევრ აქტიურ მოქალაქეს დაეტოვებინა ქვეყანა და გაეწყვიტა ემოციური ძაფები მასთან. ჰოდა, მე კი დავტოვე ქვეყანა, მაგრამ ჩემი ძაფები მყარადაა.
მიმაჩნია, რომ იმაზე მეტს ვერ გაუკეთებ ვერც შენს ქვეყანას, ვერც შვილებს და ვერც საკუთარ თავს, ვიდრე არჩევნებზე მისვლა და საკუთარი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისთვის არჩევანის გაკეთებაა.
ემიგრანტებში საკუთარი ქვეყნის მიმართ ბრაზია დაგროვილი. დალხენილი ცხოვრება აქ ძალიან ცოტას აქვს. ბევრია, ვისაც საქართველოში კარგი სამსახური და თანამდებობა ჰქონდა, მაგრამ აქ უწევს მომსახურების ისეთ სფეროში მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, სახლის დალაგება, ბავშვის გაზრდა, მოხუცის მოვლა ან მიმტანად მუშაობა. ბევრი ადამიანის ფსიქიკა ამას ვერ უძლებს და შედეგად, ბევრი სრულიად ჩამოშლილი ადამიანი მყავს ნანახი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების შემოდინება ყოველ წელს უფრო თვალშისაცემი ხდება. ეს კი იმის შედეგია, რომ საქართველოში საშუალო ფენა იმაზე სწრაფად გაღარიბდა, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით. ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა მაგრამ ასეთი მასშტაბები ვერავინ გათვალა.
ჩემს შემთხვევაში ამან სიმშვიდე, უფრო სწორად, ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა დამაკარგვინა. 10 წლის წინ თუ საზღვარგარეთ წელიწადში 3-4 -ჯერ დავდიოდი, ბოლო პერიოდში ვეღარ ვმოგზაურობდი, ან კვირაში თუ ვხარჯავდი 300 ლარს საკვებზე, ბოლო პერიოდში იგივე პროდუქტი 700-800 ლარი მიჯდებოდა, ხარისხი კი გაცილებით დაბალი იყო. სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა იმიტომ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ცოტა, ან საერთოდ აღარ შემოდის. მსგავსი პროექტები ხელს უწყობდა დასაქმებას, ღირსეული ანაზღაურებით ცხოვრებას და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდასაც. გაღარიბდნენ და, ხშირ შემთხვევაში, ლიკვიდაციაზე წავიდნენ წვრილი და საშუალო სიდიდის კომპანიებიც. ბიზნესი გახდა ფრთხილი, დასაქმების პირობები კი – ხისტი.
პირდაპირი ინვესტიციების ნაკლებობა და გაწელილი პროექტები პირველ რიგში საშუალო ფენაზე აისახა. ძალიან მარტივად ვიტყვი – ღარიბი ადამიანის მართვა გაცილებით მარტივია, რადგან მას უწევს საბაზისო საჭიროებებზე ფიქრი, საკუთარი უფლებების დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად კი დრო აღარ რჩება. ამ დროს ფრთხილი და მოზომილი ხარ. ნაკლებ ფულს ხარჯავ განათლებაზეც. ამ მთავრობამ ზუსტად ეს გააკეთა – გააღარიბა და პირდაპირ თუ ირიბად დააშინა ადამიანები.
ზემოთაც ვახსენე ემიგრანტების ფინანსური კონტრიბუციების ზრდა. ეს დამატებითი ბრაზის წყაროა. მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ბრაზი ხშირად სულაც არ არის ხელისუფლებისკენ მიმართული. ზოგი ბანკზეა გაბრაზებული, ზოგი სოციალურ ფონზე და ადამიანების განწყობებზე. თითქოს არ არის რთული, გაიაზრო, თუ რატომ არ გაქვს წვდომა იაფ და დაცულ საბანკო სესხზე, რატომ ვერ იღებ ჯანდაცვის ხარისხიან სერვისს, ან რატომ არ ჰყოფნის პენსია შენს მშობელს, ჰო? მაგრამ, როგორც ვხედავ, მაინც რთულია. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლების ბრალი არ იყოს მოსახლეობის მიგრაცია? როგორ შეიძლება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ იყოს ის, რომ ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ღირსეულად დაბერების და შრომის შედეგად შექმნილი დანაზოგით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებობა ჰქონდეს? სამწუხაროდ, ახლა ღირსებაც და დანაზოგიც ერთ სიბრტყეზეა.”
რატომ ამერიკა
,,ამერიკა დიდი, თავისუფალი და ახალი შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ აქ ცხოვრება არ არის მარტივი – რამდენ კარსაც გააღებ, შიგნით იმდენივე გხვდება, თუმცა კარგია, რომ კარია და არა კედელი. აქ ყველა პროფესიის, შესაძლებლობების და გაქანების ადამიანისთვისაა ადგილი. მათთვისაც კი, ვისაც აქამდე საკუთარი თავი არ უპოვია. აქ მიგრაციის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ ისაა, რომ გაწეული შრომისთვის იმ ანაზღაურებას, რასაც ეს ქვეყანა გიხდის, სხვაგან ვერ მიიღებ. ასე უცებ ფინანსურად ფეხზე სხვაგან ვერ დადგები და ვერ დაეხმარები ოჯახს, რა თქმა უნდა, თუ ეს არის ქვეყნის დატოვების მიზეზი. და მთავარი – 10-20 წლის ჭრილის პერსპექტივაში ხედავ საკუთარ თავს და იცი, რომ თუ მიზანს დაისახავ და არაფერს დააკლებ, ამ მიზანს განხორციელებ, აუცილებლად მიიღებ სასურველს. დაგიფასდება შრომაც, მოტივაციაც და მიზანსწრაფვაც.
მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენს ასაკში ხალხი არ უნდა ტოვებდეს საკუთარ სახლს და არ უნდა მიდიოდეს ემიგრაციაში. ჩვენ უნდა ვტკბებოდეთ სიცოცხლით და ვხარჯავდეთ დანაზოგს. ვმოგზაურობდეთ, ვიძენდეთ ახალ გასართობ პროფესიებს, ვხარობდეთ ჩვენი შვილების, მეგობრების შვილების წარმატებით. სახლებიდან ისინი უნდა მიდიოდნენ – ახალგაზრდები, უნდა მიიღონ განათლება და გაიფართოონ თვალსაწიერი. გაიცნონ ახალი ადამიანები, ერები, კულტურა. გადალახონ სიძნელეები, დამარცხდნენ, ფეხზე წამოდგნენ. მოკლედ, იცხოვრონ რა. ეს ხომ უმნიშვნელოვანესია ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბების გზაზე. სწორი ფასეულობების ინდივიდი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. უკეთ იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას. ანუ თავად მას.”
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: სოფო ლევადნაია