თიკო კვალიაშვილი, 26 წლის, თბილისი

„საკუთარ თავს არ ვუწოდებ ცხოველთა უფლებადამცველს. ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს ცხოველები. რომ გერქვას ცხოველთა უფლებადამცველი, ვფიქრობ, ეს დიდი პატივია და ამისთვის ბევრი უნდა გააკეთო, მე კი, ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ამ სახელით მოხსენიებას ვიმსახურებდე.

ცხოველები ბავშობიდანვე მიყვარდა. მამაჩემის სამსახურის გამო, 12 წლამდე სოფელში ვცხოვრობდი. მამამ კი პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ გაიჩინა ცხოველები: ძაღლი, კატა, საქონელი. ბავშვობიდანვე მქონდა, ანუ, შეხება ცხოველებთან. ვიცოდი, რას გრძნობდნენ, როგორ უნდა მიმემართა მათთვის, როგორ უნდა მეკონტაქტა.

თბილისში რომ ჩამოვედი აქაც გაგრძელდა ჩემი მხრიდან ცხოველებზე მზრუნველობა. დაახლოებით 4 წლის წინ, ფეისბუქის მეშვეობით გავიცანი სხვადასხვა ჯგუფში ცხოველთა მოყვარულები. ერთ დღესაც ერთი ქალი წერდა, რომ ჰყავდა გასაჩუქებელი ლეკვები. ლეკვები მუშტაიდის ბაღში, ერთ-ერთ ძაღლთან იყვნენ მიკედლებული. რამდენიმე ლეკვი დაიღუპა, ზოგი მანქანამ გაიტანა, ზოგი გაიქცა და ა.შ. და მაშინ გავაკეთე პირველად ფეისბუქზე „ივენთი“ სახელწოდებით „ჩუქდებიან ლეკვები“. დავდიოდი და წარწერებს ხან ქუჩაში ვაკეთებდი ამის შესახებ და ხან ჩემს უნივერსიტეტში. სხვათაშორის, ძალიან კარგად იმუშავა ამ პატარა აქციამ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შევძელი ინტერნეტის მეშვეობით რაღაც სასიკეთოს გაკეთება.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ამ „ივენთის“ მეშვეობით რაღაც რაოდენობის ხალხი, რაღაც სეგმენტი შემოვიკრიბე გარშემო, რომლებიც მუდმივად ინტერესდებოდნენ იმით, რასაც ცხოველების შესახებ ვწერდი და ვავრცელებდი. მაშინ უკვე შევქმენი გვერდი ფეისბუქზე და დავარქვი სახელი „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“. ეს სახელი წამოვიდა ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციიდან, რომლის წევრებიც რადიკალი ვეგანები არიან. ისინი შედიან ფერმებსა თუ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ცხოველებს საშინელ მდგომარეობაში ამყოფენებენ და ჩუმად ათავისუფლებენ მათ. მეც ძალიან რადიკალი ვარ და მეც ძალიან მოძრავი და აქტიური ვარ. მუდმივად სხვადასხვა სახის აქტივობაში ვარ ჩართული, შესაბამისად, ბევრი მქონდა საერთო ამ ორგანიზაციასთან, რომელსაც ხშირად ტერორისტულსაც კი უწოდებენ.

დღეს უკვე 41 ათასი გამომწერი ჰყავს გვერდს. თავიდან, ძირითადად, ყველა იმ თემაზე ვწერდი, რომელიც მაწუხებდა, მაგალითად, ბეწვის მომხმარებლებს, ხორცის მჭამელებს, ტყავის მოყვარულებს ვაკრიტიკებდი. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდი, რომ ჯობს ავირჩიო მიმართულება და იმ კუთხით ვაკეთო საქმე. თავიდან ძალიან რთული იყო ცხოველების დახმარება, რადგან ამას საკუთარი ფინანსებით ვაკეთებდი, ეს კი ძალიან ძვირია, თან ბევრი ცხოველია, რომელსაც დახმარება სჭირდება. ახლა უკვე ხალხი მენდობა და ცხოველებს შემოწირულობებით ერთად ვეხმარებით. ამ ხალხის დახმარებით, უკვე ვეღარც ვითვლი, რამდენი ცხოველი გადავარჩინეთ. ცალკე რამდენი გავაჩუქე, მათ შორის მძიმე პრობლემების მქონე შინაური ცხოველები.

ორი წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ლეკვები მღვიმეში იყვნენ ჩაყრილები. ოცი მეტრის სიღრმეზე ჩავედი მაშინ თოკებით და 7 ძაღლი ამოვიყვანეთ (არადა, საშინელი სიმაღლის შიში მაქვს). უამრავია ასეთი ისტორია. რასაც ვუყურებ, ძალიან გაიზარდა საზოგადოება, ხალხი. რაც ყველაზე მეტად მიხარია არის ის, რომ ხალხი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. შემიძლია ვთქვა, რომ მე და ეს ადამიანები ერთად მოვედით, ერთად გავიარეთ ბევრი რამ, გავიგეთ, ვისწავლეთ და ერთად გავიზარდეთ.

როდესაც მეუბნებიან, რომ სადღაც რომელიღაც ცხოველი ცუდადაა, მაშინვე ვთხოვ, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო გადაიღონ, რომ გვერდზე დავდო და ხალხმა ნახოს. შემდეგ უკვე ვიწყებ რეკვას ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მანქანით წამიყვანონ, ფული თუ მაქვს ბენზინს ვასხამთ. ჩანთაში სულ მიდევს ანტიბიოტიკები, რომ პირველადი დახმარება მაინც გავუწიო ძაღლს, ან კატას ადგილზე. ამან ბევრჯერ გადაარჩინა სხვადასხვა ცხოველი. შემდეგ უკვე, დღის რა მონაკვეთია არ აქვს მნიშნელობა, სასწრაფოდ გავრბივართ.

ორი დღის წინ ჩამოვიყვანე 13 ლეკვი. ამათგან ათის დაბინავება უკვე მოვახერხე. ზოგი ბათუმში დავარიგე და ზოგიც თბილისში. სახლში უკვე პროტესტი აქვთ, რადგან ძალიან ბევრი ცხოველი მყავს შეფარებული. 40 კატა და ორი ძაღლი მყავს სახლში. რამდენიმე ხნის წინ ჩემმა ძაღლმა მიკბინა სახეზე, მაგრამ იმ იშვიათ გამონაკლისში შევდივარ, რომელიც საკუთარბა ძაღლმა დაკბინა. თუმცა ამის გამო არც თავშესაფარში ჩამიბარებია და არც დავაძინე. მე მას გავუგე იმიტომ, რომ ჩემი ბრალი იყო, მე შემეშალა და ამიტომაც მიკბინა. სახეზე შრამი დამრჩა, მაგრამ ეს მე ვარ, ასეთი ვარ“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები