თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი
„ბავშვობიდან ვხატავ. სარეკლამო დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ასევე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაკეთებ. რადგან ცხოელები ძალიან მიყვარს, თავშესაფარს ვეხმარები, როგორც მხატვარი და როგორც მოხალისე. ვმონაწილეობ აუქციონებში, ვყიდი თოჯინებს და ნახატებს და შემდეგ ამ თანხას ცხოველების თავშესაფარს ან სხვა სოციალურ საჭიროებებს, ბავშვებს ან გაჭირვებულებს ვახმარ. ასევე, ვაკეთებ საავტორო თოჯინებს, ვმუშაობ სთრით არტშიც, ვხატავ რეკლამის და წიგნების ილუსტრაციებს.
სთრით არტი და ზოგადად, მხატვრობა, ჩემი აზრით, სოციალურ პრობლემებს უნდა ეხმიანებოდეს, მაგრამ დღეს, ფაქტობრივად, სთრით არტი მერიამ მიისაკუთრა და მხოლოდ იმ ადგილებშია ხატვა შესაძლებელი, რაც თვითონ გამოყვეს. არადა, ძალიან ბევრ მხატვარს აქვს ძალიან კარგი სოციალური პროექტი და თვითგამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეთ იმიტომ, რომ სოციალურმა პრობლემამ უნდა იარსებოს ნახატში, რომ ხალხს არ დაავიწყდეს.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დახმარებით გავაკეთე სოციალური პროექტი ლგბტ თემაზე. პროექტის მიზანი იყო ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება და ხუთი კედელი უნდა მომეხატა. ნახატები, რა თქმა უნდა, პოზიტიური უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე, კომიქსის სტილში დამეხატა. მიუხედავად იმისა, ბევრი კაფე-ბარი ღიაობას იჩემებს, მათგან ძალიან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა კედლების მოხატვაზე. საბოლოოდ, მოგვიწია „მოძრავი კედლების“ აშენება და შემდეგ ამ კედლებს დავატარებდით სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ამ სოციალური პროექტების დროს გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი. ყველა ქალია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქალები პასუხისმგბელობის მაღალი გრძნობით გამოირჩევიან მიუხედავად იმისა, რომ კაცი ითვლება ყველაფრად ოჯახში. გავიცანი ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, მაგრამ მაინც ცდილობენ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში. როდესაც 35 წლის ქალი სოფლიდან მიდის ორ შვილთან ერთად და აწყობს საკუთარ კარიერას, შენც უნდა მიხვდე, რომ შენი ცხოვრებაც შესაძლებელია შეცვალო. ამიტომ, მინდოდა გამეკეთებინა დიდი ისტორია ამ ქალების შესახებ და გამეერთიანბინა სხვადასხვა ისტორია და მოტივაცია მიმეცა გოგონებისთვის. ასე შეიქმნა პროექტი „მე-13 პორტრეტი“ „დრიმინგსტანის“ ნაწილი, რომელსაც 12 ქალი გმირი ჰყავს.
„დრიმინგსტანი“ არის ოცნების ქალაქი, რომელშიც რეალური ხალხი ცხოვრობს. ეს ხალხი მთელი ცხოვრება იბრძოდა. ეს თორმეტი ქალი „დრიმინგსტანის“ პირველი მაცხოვრებლები არიან, რეალურები არიან და ჩვენს საზოგადოებაში არიან, მაგრამ ოცნებობენ, რომ გააუმჯობესონ და უკეთესი გახადონ გარემო. რომ არ იოცნებონ, ვერც გააკეთებენ, სავარაუდოდ ამას. ადამიანები, ვინც ოცნებობენ და შრომობენ, ყოველთვის მიაღწევენ მიზანს. ისინი ძალიან ძლიერი ქალები არიან.
ყველა ისტორიაში შეიძლება დავინახოთ საკუთარი თავი. ყველა ისტორია დრამატული არ არის. ზოგი, პირიქით, პოზიტიურია, მაგრამ ყველასთვის საკუთარი პრობლემა არის დიდი. ამ ქალებიდან ერთი არის მაია ფელიშვილი, უბრალო გოგონა, რომელიც მოხვდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ვერ ხვდებოდა, რამდენად კარგი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება. მან 35 წლის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრება შეეცვალა. მეორე გმირი არის ნატა ფერაძე, რომლის ისტორიითაც მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს თორმეტი ქალი მარტივები არ არიან. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ქალი უნდა იყოს ძლიერი. ამიტომ ავირჩიე ნატა.
მესამე ისტორიაში იმის ჩვენება მინდოდა, რომ შესაძლებელია ცხოვრება მაშინაც, თუ ვინმე მოგიკვდება. ქეთო ქვრივია. ქეთო კობერზაშვილია. ორი წლის წინ მოუკვდა ქმარი და დარჩა მარტო. მინდოდა მეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ამას გაუმკლავდე.
შემდეგი გმირია ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. ეს ისტორია არის შრომის თემა. თან ქალი ფოტოგრაფი საქართველოში ცოტა ისეთი თემაა. ნათელას შემდეგ მოდის კამილა. კამილასთან ერთად ვმუშაობდი ტელეკომპანია პიკში. ეს არის ოჯახი და საზოგადოების თემა. ძალიან კლასიკურ ოჯახში გაიზარდა. რთულია, როცა ასაკი გემატება, ზეწოლა უფრო ძლიერია. ან, პირიქით, აღარ არის და ეს უარესია. არ ვიცი რომელია უკეთესი. როცა უკვე ხელს იქნევენ თუ ჯერ კიდე იმედი რომ აქვთ. და ჩემი აზრით კამილასნაირ გოგოებს კიდევ დიდ ხანს ექნებათ რთული ცხოვრება ჩვენს საზოგადოებაში. შემდეგი იყო მარიკა სლოვინსკი, ფანტასტიური ქალი, ძალიან განვითარებული. განათლებული. პერფქციონისტია და რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი ბოლომდე მიყავს. არასოდეს ამბობს რამდენი რამ აქვს გაკეთებული საზოგადოებისთვის და ქველმომქედებისთვის. მაგრამ, რეალურად, ეს არის ადამიანი, რომელიც დგას კულისებს მიღმა. მაქსიმალურად ცდილობს ამოწუროს საკუთარი თავი საქმეში. ამავე დროს სხვისგან ამას არ ითხოვს.
შემდეგია ნინა გოგორიშვილი, გორის ჰოსპიტალის ექიმი. ქმარიც ჰოსპიტალში მუშაობდა, ახლა უკვე პენსიაზეა. შვილი ციხეში მუშაობდა თინეიჯერებთან. მეორე შვილი სამხედროა. მთელი ოჯახი დაძაბულ სიტუაციებში მუშაობდა. ძალიან საინტერესო ქალია, ძალიან მშვიდი. ეხმარება ოჯახს და არასოდეს ამბობს, რომ რაღაცა გააკეთა.
შემდეგ მოდის სალომე, რომელიც დევნილია სოხუმიდან. მისი ისტორიით მინდოდა აფხაზეთისა და საქართველოს პრობლემაზე გამემახვილებინა ყურადღება. და ბოლოს, რუსუდან გოცირიძე იმიტომ შევარჩიე, რომ ჩემი აზით ყოველთვის ყველაზე სწორი პოზიცია აქვს რელიგიის კუთხით. ჩემი მიზანია, რომ ნახატების ფონზე ხალხი უფრო გაიხსნას და რომ შეხედავს და წაიკითხავს ისტორიას, პოზიტიურად განეწყოს სხვადასხვა თემის მიმართ.
სამომავლოდ ვაპირებ ამ პროექტის განვითარებას და ინფორმაციის გავრცლებას მის შესახებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა მეტ საშუალებას მისცემს და არ დაბლოკავს კარგ პროექტებს იმიტომ, რომ მხატვრებმა უნდა გააზიარონ თავისი და არა მხოლოდ თავისი შეხედულებები.
მინდა ყველა არტისტს მოვუწოდო არ დანებდნენ , ბევრჯერ მესმის, რომ აი, გამოფენის გაკეთება ძვირია ან სად რა უნდა გააკეთო და მართლები არიან. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ხმა მიაწვდინო, თუნდაც ყურადღება მიიქციო პროექტზე ან პასუხი მიიღო (უარიც კი), ძალიან რთულია. მაგრამ თანამედროვე ხელოვნებამ უნდა იარსებოს და ყოველთის არ არის საჭირო რომ იყოს კლასიკური, გაპიარებული საგამოფენო დარბაზი. მინდა მხატვრებს მოვუწოდო აკეთონ გამოფენები არასტანდარტულ სივრცეებში, იარონ ქალაქში, ნახონ საინტერესო ბარები, კაფეები, პარკები.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სოფო აფციაური