თურაჯ იბრაჰიმოვა, 30 წლის, მარნეული

„დავიბადე და გავიზარდე ჯანდარაში, ეს არის დაბა ქ. მარნეულში. სკოლაც ჯანდარაში დავამთავრე. სწავლის პერიოდში ქართული ძალიან ცუდად ვიცოდი, თუმცა მისი ცოდნა დიდად არც მოგვეთხოვებოდა. მოგვიანებით, ნელ-ნელა ამ კუთხით სიტუაციაც შეიცვალა და ქართული ენის ცოდნაც სავალდებულო გახდა, რადგან სახელმწიფო ენაა, გვჭირდება და ა.შ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალში და ნელ-ნელა ენაც ვისწავლე. მეორე კურსზე რომ ვიყავი, აქტიურად ჩავერთე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამიტომ, დავიწყე ინგლისურზე, ქართულზე და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე სიარული.

სკოლაში ორი ქართულის მასწავლებელი გვყავდა, ორივე ეროვნებით აზერბაიჯანელი. ქართულის გაკვეთილზე აზერბაიჯანულად გველაპარაკებოდნენ და მარტო ლექსებს გვაძლევდნენ დასაზეპირებლად. კი ვიზეპირებდით ამ ლექსებს, მაგრამ რა შინაარსი ჰქონდა არ ვიცოდით. სკოლა რომ დავამთავრე ქართულად მარტო „მე მქვია თურაჯ იბრაჰიმოვა“ ვიცოდი.

ქართულის სწავლის ძირითადი მოტივი სამსახური იყო, ამბობდნენ, რომ თუ სახელმწიფო ენას არ ისწავლი, ვერ იმუშავებო. ამიტომ ვისწავლე. თან, მიყვარდა ქართული ენა. ჩემი კლასიდან კიდევ ერთი გოგოა, რომელმაც იცის ქართული. ისიც იმიტომ, რომ „იმედზე“ სერიალებს უყურებდა და იქიდან ისწავლა. 28 ბავშვიდან, ქართული მხოლოდ ორმა ვიცოდით.

ჩემი ოჯახი დიდად შეძლებული არ ყოფილა. ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ. ერთი ტელევიზორი გვქონდა, რომელიც მხოლოდ ერთ არხს აჩვენებდა – მარნეულის ტელევიზიას, სადაც სულ რუსული ფილმები, რუსული გადაცემები გადიოდა, მარტო საინფომაციო და რეკლამები იყო სახელმწიფო ენაზე. ამ ტელევიზიის რეკლამის საშუალებით გავიგე, რომ ტელევიზიაში კომპიუტერის მცოდნე სჭირდებოდათ. გასაუბრება გავიარე, რომლის შემდგომაც სამუშაოდ ამიყვანეს. მეგონა, მხოლოდ კომპიუტერზე მომიწევდა მუშაობა, მაგრამ მეორე დღესვე მითხრეს, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. მუშაობა მაისში დავიწყე, ხოლო ოქტომბრამდე მუდმივად ტრენინგებს ვესწრებოდი სხვადასხვა ტელევიზიაში: ბოლნისში, ქუთაისში, თბილისში და ა.შ. საღამოს გვიან მიწევდა სახლში მოსვლა, 9-10 საათზე. ამიტომ ჩემმა მეზობლებმა ლაპარაკი დაიწყეს – რას ქვია, ახალგაზრდა გოგო როგორ უნდა მოდიოდეს ასე გვიან სახლშიო. თან, ჩვენი ტელევიზიის ოფისი ჩაიხანის მეორე სართულზე იყო და ამაზეც ჭორაობდნენ, ახალგაზრდა გოგომ ჩაიხანა როგორ უნდა გაიაროსო.

მამაჩემს თავიდან ჩემს სამსახურზე პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ მეზობლებმა შეაწუხეს, ასე გვიან როგორ უნდა მოდიოდეს შენი შვილი სახლშიო. ეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, არ უნდა გაუშვაო. ამდენი ზეწოლის შემდეგ მამაჩემიც მეჩხუბა. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე ამაზე, ვეხვეწე მამაჩემს ცუდს არაფერს ვაკეთებთქო. მამა კი მეუბნებოდა, მასწავლებელი უნდა გახდე, ჟურნალისტიკა რად გინდაო. ერთი თვე ალბათ სულ ვტიროდი. ტელევიზიის დირექტორიც კი შეხვდა მამაჩემს, დაელაპარაკა, ცუდს არაფერს აკეთებს თურაჯი და თუ სურვილი გაქვთ მოდით და თვითონ ნახეთო. ამის მერე პრობლემა აღარ მქონია. 9 კი არა, ხანდახან 2 საათზეც მივსულვარ სახლში.

ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, როგორები არიან ქართველები, რითი განსხვავდებიან ჩვენგან. ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, დავმეგობრდი ქართველებთან და ძალიან შემიყვარდნენ. ჩვენში ჭორები იყო, თითქოს, სვანები ცუდები არიან, დაგხოცავენო, არადა, ყველაზე კარგი დაქალი სვანი მყავს დღეს.

90-იან წლებში, როცა გამსახურდიამ განაცხადა საქართველო მარტო ქართველებისთვის არისო, ჩვენს სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში „მხედრიონი“ დაბინავდა და არსად გვიშვებდნენ. ბაზარში, ან რამე სხვა საქმეზე წასვლის საშუალება არ გვქონდა. როგორც კი დაინახავდნენ, რომ ვინმე მოდიოდა, აყაჩაღებდნენ, ქალებს ოქროს კბილებს აძრობდნენ, ასეთი საშინელებები ხდებოდა, ამიტომ, ჩვენც ქართველებზე მუდმივად ცუდს ვფიქრობდით…

ოჯახში უკვე მეჩხუბებიან, რომ გათხოვების დროა, ოჯახი უნდა შევქმნა, ბავშვი გავაჩინო და ა.შ. საზოგადოებისთვის კი უკვე „დარჩენილი“ ვარ, „ვეღარ გავთხოვდები“. ხომ იცით, ჩვენთან ძალიან ადრე თხოვდებიან, 18-20 წლის ასაკში გათხოვილები არიან უკვე. მამაჩემსაც უნდოდა დავქორწინებულიყავი, არ უნდოდა სწავლა გამეგრძელებინა: გოგო ხარ და რად გინდა სწავლის გაგრძელებაო, მაგრამ დედას ჰქონდა მიდგომა, რომ მის შვილს განათლება აუცილებლად უნდა მიეღო. თვითონ 19 წლის ასაკში გაათხოვეს და ვეღარ ისწავლა. დედა სულ გვერდში მედგა, სწავლაშიც და მუშაობაშიც. მამაჩემს ეჩხუბებოდა, ჯერ განათლება უნდა მიიღოს და ამის შემდეგ გათხოვდებაო.

დიდიხანია აზერბაიჯანულ თემში ადრეული ქორწინების პრობლემა დგას. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშობლებთან უნდა იმუშაონ, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, რომ ადრეულ ასაკში არ შეიძლება შვილებს გათხოვება დააძალონ. ზოგი ოჯახი მიზანმიმართულად, მხოლოდ გათხოვებისთვის ზრდის გოგოებს. მხოლოდ საოჯახო საქმეს და საჭმლის გაკეთებას ასწავლის. ახლა, ზოგ თემში, მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა იმის გამო, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია აქვს, ზოგს სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს და ა.შ. დღესდღეობით, უფრო მეტი გოგო აგრძელებს სწავლას, ვიდრე ბიჭი. ბიჭები, რომც სწავლობდნენ, უფრო მუშაობაზე არიან ორიენტირებული, რომ ფული შემოიტანონ ოჯახში.

4 წელი ყიზილ-აჯლოს სკოლაში საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი. ეს ის თემია, სადაც ძალიან ხშირია ადრეული ქორწინების შემთხვევები. მე-6-ე კლასს ვასწავლიდი და გოგოები ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდნენ სკოლაში. მაშინ 21 წლის ვიყავი და 21 წლის გოგო „დარჩენილი“ ვიყავი უკვე მაგათთვის.

რამდენიმე თვის წინ, არასამთავარობო ორგანიზაციამ „სიქა“ სოფლის სკოლებში ტრენინგების ჩატარება შემომთავაზა. ტრენინგის ფარგლებში უნდა მესაუბრა, თუ როგორ ყოფილიყვნენ აქტიურები, არ შეშინებოდათ, სწავლა გაეგრძელებინათ, გაეაზრებინათ, რომ დაქორწინება არ არის პრიორიტეტი და ამას ყოველთვის მოასწრებენ. იმ სოფლებში გოგოების პრობლემები რომ ვნახე, ვიფიქრე, რომ ამ კუთხით უნდა ვიმუშაო. ამიტომ, მაგისტრატურაზე გენდერის კვლევების კუთხით მინდა ვისწავლო.

ვნახოთ, თუ შევძლებ.“

მსგავსი ისტორიები