ია უძილაური, 30 წლის, თბილისი

„სკოლის ასაკიდან მიწევდა არჩევანის გაკეთება ჩემს ქცევასა და ინტერესებს შორის. სულ ასე მისვამდნენ საკითხს, როგორ შეიძლება ერთდროულად კარგად სწავლობდე და იყო ცელქი გოგო? ამ სტერეოტიპს მოგვინებით, სტუდენტობის ასაკშიც გადავაწყდი, როცა ჩემს სადოქტორო კვლევასთან ერთად გადავწყვიტე ფიტნეს სპორტსმენი გავმხდარიყავი.

დიდი იმედი მაქვს მალე განვაახლებ მუშაობას ჩემ სადოქტორო თემაზე, რომელიც კრიმინალური სუბკულტურის შესახებ არის. ალბათ ჩემი საყვარელი ლექტორები გამინაწყენდნენ, როდესაც ერთ დღესაც გამოვაცხადე, რომ აკადემიურს ვიღებდი, რადგან სავარჯიშო დარბაზში მეტი დროის გატარება მიწევდა. რაში ხარჯავ შენს უნარებს და შესაძლებლობებსო.
ესეც საინტერესო სტერეოტიპია – სპორტსმენი და წიგნი ერთმანეთისგან შორს მდგომი ობიექტებია. თუმცა, მე არასოდეს მესმოდა რატომ უნდა ავირჩიო მხოლოდ ერთი… რატომ არ შეიძლება მრავალმხრივი ინტერესები გქონდეს და ყველაფერი კარგად გამოგივიდეს.
ბევრი ვერ გამიგებდა, როცა ვთქვი, რომ ჩემს მეორე პროფესიას და ფიტნესის სფეროს შორის დიდი კავშირია. მხოლოდ როგორც მკვლევარი ვიყავი რიგითი დამკვირვებელი. ახლა კი ამ სავარჯიშო დარბაზში, უკვე პროცესის მონაწილე, რომელიც პრაქტიკაში გამოცდის თეორიით მიღებულ ცოდნას. აქ კიდევ უფრო ნათელია იდენტობებს შორის განსხვავებები, უკეთ დ საკუთარ თავზე შევიგრძნობ სტერეოტიპების ჩამოყალიბების და მათ კულტურაზე ზეგავლენის პროცესს.

ფიტნესით, როგორც სპორტის სახეობით 6 წლის წინ დავინტერესდი, როდესაც ქმარს გავშორდი. თავიდან მეც მარტივი მოტივაცია მქონდა – ორსულობის შემდეგ სხეულის რეაბილიტაცია, თან ცხოვრებისეული სტრესებიდან სხვა სამყაროში გაქცევის სურვილიც იყო. სპორტი დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს და ალბათ ესეც მინდოდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მე შემიძლია. მაგრამ მერე ისე ჩავიძირე ამ სფეროში, რომ შეჯიბრებებზეც გამოვდიოდი და არაერთგზის გამარჯვებულიც გავხდი. ფიტნესი ჩემი ცხოვრების წესი გახდა და ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბევრად უფრო ძლიერი, ჯანმრთელი და თავისუფალი ვარ. აქ კიდევ ერთი სტერეოტიპი დავაფიქსირე – ქალის სხეული მოიაზრება როგორც ნაზი და მსხვრევადი ანატომია და სოციუმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი კუნთოვანი აგებულება. სრულიად უცხო ადამიანები დამცინოდნენ და ზიზღნარევ პოსტებს მიწერდნენ.

მოულოდნელი სტერეოტიპი არ იყო, მაგრამ მაინც გულსატკენი იყო, როცა ქმართან გაშორების შემდეგ, უცებ გავხდი ყველასთვის სასურველი ქალი, რომელიც სწორედ განქორწინების მერე თანხმდება ადვილად სექსუალურ კავშირებზე.

სტერეოტიპების გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სწორედ ფიტნეს დარბაზში. არსებობს კულტურით ნაკარნახევი სტანდარტები და ჩვენც ვცდილობთ, რომ ამ სტანდარტებს მოვერგოთ. მაგალითად, ჩვენს ეპოქაში ძალიან მოდურია იყო გამხდარი და გქონდეს ბრტყელი მუცელი. სულ ბოლო ტრენდია ქალებისთვის მოცულობითი და აწეული საჯდომი. ამ სტანდარტების რეპროდუქცია მედიის საშუალებით ხდება ძირითადად. ჩემთან ბევრი რეალიზებული და საქმიანი ქალი მოდის, რომლებიც საქმიანი გრაფიკის მიუხედავად დიდ დროს ატარებენ სავარჯიშო დარბაზში. საქმე იმაშია, რომ თუ ბუნებრივი მოთხოვნაა იყო უფრო ძლიერი და ჯანმრთელი, ეს კარგია, თუმცა ხშირ შემთხვევაში რთულია ზღვარი გაავლო რა არის ბუნებრივი მდგომარეობა და რა სტერეოტიპებით და კულტურული კონსტრუქტით ნაკარნახევი ალტერნატიული რეალობა. იმისათვის, რომ მოცულობითი და აწეული საჯდომი გქონდეს, ამისთვის 1 წელი მინიმუმ, კვირაში 4-5 დღე 2 საათი ინტენსიურად უნდა ივარჯიშო… მხოლოდ ამ იდეით როცა ხარ მოცული, წარმოიდგინეთ რა სტრესულია ეს ქალებისთვის. ჩემთვისაც ძალიან რთული პოზიციაა, ერთის მხრივ რეკლამა გაუწიო ჯანსაღ და ძლიერ სხეულს და მეორეს მხრივ შეეწინააღმდეგო ქალის სხეულის ფორმების ობიექტივიზაციას და გასაგნებას. ამას იმით ვაბალანსებ, რომ ყველას ვეუბნები, ფიტნესი არის გზა იყო უფრო ძლიერი, ჯანმრთელი და ჰორმონალურად დაბალანსებული, ანუ ბედნიერი.

ქალები ხშირად ხდებიან პლასტიკური ქირურგიის არაეთიკური მარკეტინგის მსხვერპლი. სილამაზის ბიზნესი ისე ფუთავს თავის პროდუქციას, რომ ქალები არ არიან ინფორმირებულები იმ რისკების შესახებ, რა რისკებიც ამ ოპერაციებს თან ახლავს. არ გეგონოთ, რომ წინააღმდეგი ვიყო ესთეტიკური ქირურგიის, მაგრამ არა ქალების მოტყუების და მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების სანაცვლოდ.

მე არასდროს დამიმალავს, რომ მკერდის პლასტიკა მაქვს გაკეთებული. შეჯიბრების დროს, პროპორციების დასაცავად აუცილებელი იყო. მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი და მეც მინდოდა. თუმცა სამწუხაროდ ჩემთვის არავის აუხსნია კარგად რისკები. სხვათა შორის, ამის გასაჯაროვების შემდეგ ყველა როგორც ცალკე აღებულ მკერდს, მოსიარულე ობიექტს აღმიქვავდა და დღემდე ასეთი დამოკიდებულება ნეგატიური განწყობის მეტს არაფერს მიტოვებს.

ყველაზე მეტად რაც მწყინს ისაა, რომ მიუხედავად ჩემი წარმატებულობისა ჩემს სფეროში, როგორც სპორტსმენის, ფიტნეს მწვრთნელის თუ მწვრთნელების მასწავლებლის , მედიაში დღემდე „ვიღაცის ყოფილ ცოლად მომიხსენიებენ“. ამ დროს კი კაცების შესახებ ინტერვიუები და ნიუსები მათ დამსახურებაზე, პროფესიულ და საზოგადოებრივ მიღწევებზეა. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩემი შრომისა, სტატუსად ვიღაცის „ყოფილი ცოლი“ მერგო.“