იზოლდა მურუსიძე, 81 წლის, თბილისი

იზოლდა მურუსიძე, 81 წლის, თბილისი

„მე გულახდილი ლაპარაკი მიყვარს… კი, საქართველო თუ ვინმეს უყვარს, ერთ-ერთი მეც ვარ. ძალიან აქტიური და პატრიოტი ვიყავი ყველაფერში, მაგრამ შვილის სიკვდილი იმდენად რთულია, რომ მითქვამს, ლაჩარი მყოლოდა და ცოცხალი მყოლოდა-მეთქი. ამას სიმართლეს ვამბობ. მე არა ვარ კმაყოფილი, რომ ის წავიდა ომში და ორი შვილი დამიტოვა ობოლი. მით უმეტეს, მეც ობლობაში გავიზარდე და გამოცდილი მქონდა რა არის ეს…

მე 9 წლის ვიყავი, როცა აღარც დედა მყავდა და აღარც მამა… მამა ტიფით გარდაიცვალა. დედამ ძალიან განიცადა მამას ამბავი და პარალიჩი დაემართა. ისეთი საშინელებები მაქვს გამოვლილი… აი, დედას რომ აუკანკალდებოდა ხელი და ფეხი, რამდენჯერმე დავჯდომივარ ზედ მე, პატარა ბავშვი, როცა არავინ იყო სახლში, რომ მეშველა მისთვის. 5 წელი ასე იწვალა მან, ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა და გარდაიცვალა.

მაშინ ომი იყო. თუ რამე ძვირფასი გვებადა, გავყიდეთ და ძალიან მძიე პერიოდი გამოვიარე და-ძმებთან ერთად. მოკლედ, ასე გავიზარდეთ… მე უმაღლესი რომ დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე, მაშინ შევხვდი ჩემს მეუღლეს. შეგვიყვარდა ერთმანეთი და ეს თბილსში დაბადებულ-გაზრდილი გოგო, გავთხოვდი სოფელში. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, კარგი შვილები, დედამთილ-მამამთილი – მიხროდა დედას და მამას რომ ვეძახდი. ერთი სიტყვით, ყველა ამბობდა, რომ „ობლის კვერი ცხვა და მაინც გამოცხვაო“, იმდენად ბედნიერი ოჯახი შევქმენი. მაგრამ, თურმე ბედისწერა არ შეგარჩენს ამ ბედნიერებას…

1992 წელი იყო, არჩევნების წელი და იქედან გაიპარა 10 ბიჭი ომში ჩვენი სოფლიდან, მათ შორის ჩემი შვილიც. ნაწილი მალევე დაიღუპა და დარჩნენ 7 ამ ასურეთის ბიჭებიდან. ხანდახან ჩამოდიოდნენ ხოლმე, მაშინაც ჩამოსულები იყვნენ. უკვე ეცემოდა სოხუმი, ის პერიოდი იყო და აეროპორტში წავიდნენ, რომ გადაფრენილიყვნენ უკან სოხუმში. ზუსტად წინა დღეს დაიღუპა ერთი თვითმფრინავი. თურმე მფრინავი დაიმალა, არ უნდოდა გაფრენა, რადგან იცოდა ააფეთქბდნენ და 0% იყო მშვიდობით დაფრენის. ბოლოს მაინც გაფრინდა გაჭედილი თვითმფრინავი 100-მდე მებრძოლით. ეს ის თვითმფრინავი იყო, რომელიც ჩამოაგდეს და ყველა დაიღუპა, მათ შორის, ჩემი შვილიც…

ჰო, ეს, ნამდვილად, იყო ჩემი შვილისთვის პატრიოტიზმი, მაგრა მე, როგორც დედა, ვამბობ, რომ საქართველო კი მიყვარს, მაგრამ ის საქართველო არა, სადაც ჩემი შვილი ვერ დააბიჯებს… რატომ მიმიტოვა ცოლ-შვილი, რატომ დამღუპა?! მე ასე ვმსჯელობ, მაგრამ ჩემი შვილი მაშინ გიჟივით იყო… მახსოვს მას რაღაც დარჩა სახლში და მანქანით ამოვიდა სოფელში. ის რომ შევიდა სახლში, მე გარეთ გამოვედი, ხელები გავშალე და ვუთხარი: „ბესო, თუ გინდა გადამიარე და არ გაგიშვებ-მეთქი.“ „დედა, გადადი, თორემ გადაგივლიო“ – ისეთი ტონით მითხრა, რომ შემეშინდა და ინსტიქტურად მართლა ჩამოვეცალე გზიდან.

იმდენად მტკივა ჩემი შვილი, რომ შეიძლება მთლად სწორი არ არის ჩემი მხრიდან, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს – არ მინდოდა ეს პატრიოტიზმი, ჩემი შვილი მყოლოდა ცოცხალი-მეთქი. ასე ფიქრობს ბევრი დედა. მაგალითად, ჩვენი სოფლიდან ორი ძმა და მათი ბიძაშვილი დაიღუპნენ იმ თვითმფრინავში, ჩემს შვილთან ერთად. აბა, ის დედა ხომ განადგურებულია?!

1996 წელს ჩემი მეუღლე ბრიგადას გაყვა ბიჭების ჩამოსასვენებლად. მაშინ ბაბუშერაში ვინც დაიღუპა, ერთად დაკრძალეს აფხაზების დახმარებით. ჩემი მეუღლე საკუთარი შვილის ნომერთან რომ მივიდა და დაიწყო ამოთხრა, ეუბნებიან თურმე, კომენდანტის საათი დამთავრდა და აღარ გააგრძელოთო. ჩემი ქმარი ჩავარდნილა ამ ნახევრად ამოთხრილ საფლავში, მეც დამაყარეთ ზედ მიწაო. ჩემი შვილი თუ არ წავიყვანე, ისე მე აქედან არ წავალო და იმდენად შეეცოდა თურმე იმ აფხაზს, რომ თავად მიეხმარა ამოთხრაში.

ზოგადად, ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი ყველაფერში და ამ ამბების დროსაც, ერთ-ერთი აქტიური დედა ვიყავი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდი შევქმენით დედებმა მაშინ. მე კი ვიცოდი, რომ ჩემი შვილი კონკრეტულ ადგილზე იყო დასაფლავებული, მაგრამ ზოგმა დღესაც არ იცის. ამიტომ, ვიკრიბებოდით და ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით ოჯახებს მათ მოძიებაში. ძალიან აქტიურად ვიყავი ამაში ჩართული და ბევრი დაკარგული აღმოვაჩინეთ.”

მსგავსი ისტორიები