ლალი ხანდოლიშვილი, 51, სიღნაღი
მახსოვს ის განცდა, გამთენიისას, სიღნაღის ტაძრიდან, დილის წირვისას სახლში რომ ვბრუნდებოდი, როგორი ამაყი და ქედმაღალი ვიყავი, რომ სოფელს ეძინა, მე კიდევ, “ვიშ ნაღვაწი, ნაამაგარი, სხვებისთვის მლოცველი მოვდიოდი…’’
ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრებით, მანამ სიღნაღის გარეუბანში, ქედელში ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანების ერთობა არ დავაარსე .
მანამდე ვიყავი რელიგიური, მაგრამ არ ვიყავი ,,ქრისტიანული მრწამსის’’ მატარებელი. მეგონა სიკეთეს ვაკეთებდი, თურმე საკუთარ ეგოს ვიკმაყოფილებდი.
90-იანებში ჩვენს მეზობლად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ახალგაზრდა მოულოდნელად დაობლდა და სულ მარტო დარჩა. ჩვენ ყველას მის გარშემო გვეცოდებოდა, მაგრამ ის მაინც უცხო იყო – აი ის უცხო, არასასურველი რომ არის, ჭუჭყიანი, რომ არ უნდა მიეკარო და მხოლოდ გეცოდებოდეს. დიდი სახლი მქონდა, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია ჩემს სახლში, ჩემს შვილებთან ერთად ეცხოვრა. ჩემს სახლში როგორ შემოვუშვებდი?! აი, ლოცვაში კი მოვიხსენიებდი.
დავინტერსედი, ასეთ ადამიანებს მშობლების გარდაცვალების შემდეგ, რა ბედი ქონდათ. აღმოვაჩინე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არსობობს ადგილი, სადაც ადამიანური ღირსების შესაფერისად შეეძლოთ ცხოვრება. 98, 99 წლებზე ვსაუბრობ. ამ ძიებაში ვიყავი და თბილისში დღის ცენტრი აღმოვაჩინე. სულ სხვა, განსხვავებული ურთიერთობებით და დამოკიდებულებებით. აქ არ იყო ლოცვა, მაგრამ აქ ღმერთი ცხოვრობდა. გარემომ მომხიბლა და გადავწყვიტე მათთან მეტი დრო გამეტარებინა.
მახსოვს, ის პირველი შეგრძნება საჭმელად რომ დავჯექით, ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და ერთხმად ვთქვით „კურთხეულ არს ტრაპეზი ჩვენი“. ჩემთვის „უცხომ“ მარჯვნივ და მარცხნივ ხელი ჩამკიდეს, საშინელი გრძნობა დამეუფლა. ყელში ლუკმა მეჩხირებოდა, და რაღაც მახრჩობდა. არ მინდოდა ამ რაღაცისთვის სახელის დარქმევა, მაგრამ ეს რაღაც ზიზღი იყო. გრძნობა, რომელიც მაშინ დამეუფლა მორწმუნე, ადამიანის გრძნობა არ იყო. ამან ძალიან შემაშფოთა.
მივხვდი, რომ ღმერთი აქ არის ჩვენს შორის და ხელშესახები მაშინ ხდება, როცა ადამიანებს ზევიდან ქვევით კი არ უყურებ, არამედ თვალის სწორს…
სიღნაღის გარეუბანში ქედელში მამა-პაპისეული სახლი გვქონდა მე და ჩემს ქმარს. ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი, წავიყვანეთ შვილებიც და პირველ ბინადარს წყალტუბოელ დაუნის სინდრომის მქონე დაობლებულ მიშიკოს გავუღეთ კარი… მერე კასპის ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანეთ ბავშვები და ახლა უკვე ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ. ჩვენს ოჯახში 23 წევრია. ჩემი პროფესიაც გამოვიყენე და სასიმღერო გუნდი „ქედელი“ ჩამოვაყალიბეთ. გვესტუმრეთ, კონცერტს გაგიმართავთ.
ქედელი არის მოდელი გასული საუკუნის 50 იან წლებში დაწყებული ,,კემფილის’’ მოძრაობისა, რომელსაც საფუძვლად უდევს ანტროფოსოფია –სულისმეცნიერება ადამიანის შესახებ.
ცხადია ყველაფერი ქართულ ტრადიციებს და ფესვებს მოვარგეთ.
2000 წელს ბელგიაში 3 თვე ვიცხოვრე ასეთ კომუნაში, გამოცდილების გასაზიარებლად. კონცერტი ჩავატარე და ჰონორარით, რომელიც 500 ევროს შეადგენდა, ქედელისთვის ძროხა ვიყიდე. როდესაც ბელგიელები გვესტუმრნენ, კიდევ 1000 ევრო გვაჩუქეს და სამი ძროხა კიდევ შევმატეთ. ასე გავიზარდეთ. ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ვფუსფუსებთ, სიამოვნებას ვიღებთ ყოველი წუთით და ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ერთმანეთისგან ყოველდღე ახალს ვსწავლობთ.
ერთმა ახლობელმა მითხრა კახური სიალალით, შენ აღარ ხარ ქრისტიანი, ეკლესიაში ვეღარ დადიხარ, ისე აღარ მარხულობო. ქედელი არის განსხეულება სულიერი სამყაროსი და ჩვენი ხელებიდან გამოსული კარგი საქმე. ამ ადამიანებმა მაპოვნინეს საკუთარი შესაძლებლობები და მაქციეს ბედნიერ ადამიანად.
ქედელი იყო პატარა თესლი ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისის. ხილულად ვხედავდი როგორ დაიწყო ამ თესლმა აყვავება და ჩემმა სამშვინველმა ახალი სიცოცხლით გაცოცხლება. ამ ადამიანებმა მასწავლეს რა არის სიკეთე, მასწავლეს რომ ჩვენ ციფრები არ ვართ, რომ ერთმანეთზე მეტი ან ნაკლები ვიყოთ. ყველანი თანასწორები ვართ და ერთმანეთის ტოლი. მასწავლეს სიმდაბლე…
ქედელის კარი ყველა ადამიანისთვის, მოხალისესთვის ღიაა. ქედელი სოფლის სახელია და ჩვენ ასე ვამბობთ ქედი, რომელიც ელის… და ელის ახალ განახლებულ სიცოცხლეს.
(ავტორი: მაიკო ჩიტაია)