ლანა გალდავა – ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია – „ლელო საქართველოსთვის“

„ხშირად გამიგონია, რომ პოლიტიკა მამაკაცის სფერო და ბინძური საქმეა. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ჩემთვის პოლიტიკა ყოველდღიური პროფესიული საქმიანობაა და ქვეყნის სამსახურში ძალების მუდმივად დახარჯვას გულისხმობს. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პოლიტიკურ პროცესებთან ვიყავი დაკავშირებული.

თბილისში დავიბადე, რუსთაველზე გავიზარდე და პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი მოსწავლეობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაემთხვა და სანამ სკოლიდან სახლამდე – ოპერამდე მივიდოდი, სამი მიტინგის გავლა მაინც მიწევდა. ყველა პოლიტიკური პროცესი ჩემს თვალსაწიერში ხვდებოდა. მერე სამოქალაქო ომი დაიწყო – დაიწვა ჩემი სკოლა და გაიქურდა ჩემი სახლი. როცა სადარბაზოში პირველი ტყვიები შემოცვივდა, ბავშვები საევაკუაციო კიბით გაგვიყვანეს ეზოში და გადაგვარჩინეს. ამ ყველაფერმა სამართლიანობის დაცვის საჭიროების განცდა დამიტოვა და როცა პროფესიას ვირჩევდი, სამართალმცოდნეობა ავირჩიე. სტუდენტობიდანვე დავიწყე მუშაობა, საჯარო მოხელის ყველა საფეხური მაქვს გავლილი და ეს სისტემა შიგნიდან ძალიან კარგად ვიცი.

სამართლის დოქტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიასა და ოდერის ფრანკფურტის ვიადრინის ევროპულ უნივერსიტეტში მივიღე. შემთხვევითი არ იყო მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში ჩემი სასწავლებლად წასვლა – საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ფაქტორი მაინტერესებდა და ამ მიმართულებითაც საფუძვლიანი განათლება მივიღე. ასევე, მუდმივად მქონდა ჩემი ტრიბუნა და ვამტკიცებდი, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენელი ნაწილები იყო. საქართველო გეოპოლიტიკურ მდებარეობას ვერ შეიცვლის, ვერ შევიცვლით გეოგრაფიულ მეზობლებს, ამიტომ, რუსეთი და მისი პოლიტიკა კარგად უნდა ვიცოდეთ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულებები ანალიტიკურად და სტრატეგიულად რომ გავთვალოთ და ვიმოქმედოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიციური სპეციალისტი გავხდი, რომელმაც კარგად იცის, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, იქნება ეს სამხედრო ინტერვენცია,მცოცავი ოკუპაცია, რბილი ძალა თუ ჰიბრიდული შემოტევები, ასევე, რუსეთის პოლიტიკური ელიტა.

ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს განათლებაში ოჯახს თანხა არასოდეს გადაუხდია. მუდმივად ჩემით ვიკვლევდი გზას, ყველა სასწავლებელში და სამუშაო ადგილას ღია და გამჭვირვალე კონკურსების შედეგად მოვხვდი.

2004 წელს, კონკურსის წესით, გავხდი მართლმსაჯულების ომბუდსმენი, თუმცა 2006-ში გადავდექი, რადგან ბევრი სისტემური დანაშაული ვნახე, მათ შორის, ძალოვან უწყებებში და პენიტენციურ დაწესებულებებში. ამის შემდეგ ვიყავი ანტიკრიზისული საბჭოს მოწვეული ექსპერტი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი, ”ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების, სმარტ – კონტრაქტების, ბლოკჩეინის, კიბერუსაფრთხოების, დეზინფორმაცია-პროპაგანდის მიმართულებით მუშაობდა. ახალი ხელისუფლების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის ძალოვანი უწყებების კურატორი ვიყავი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

პრაქტიკულად, მუდამ ისეთ სფეროებში მიწევდა მუშაობა, რომელიც, სტერეოტიპულად, კაცების სივრცეებად მოიაზრება. სამწუხაროდ, ქალების წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ძალიან ცოტაა. ქალი ე.წ. „გარნირის“ რანგში განიხილება – უნდა იყოს, მხოლოდ არა მთავარ და მნიშვნელოვან პოზიციაზე. მე კი ჩემი ცხოვრებით ვამტკიცებ, რომ ქალი არის კარგი დიპლომატი, უფრო მეტად აკონტროლებს ემოციებს, კონფლიქტის დროს სამშვიდობო პროცესების ყველაზე კარგი განმახორციელებელია. ასევე, ქალი არის საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო ანალიტიკოსი და სტრატეგი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა იყოს.

ვარ პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და სარევიზიო კომისიის მდივანი. პარტიაში ჩემი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება – თავდაცვა-უსაფრთხოებას, ძალოვან უწყებებსა და დეოკუპაციის საკითხებს. აქაც ისეთი სფეროები მაქვს ჩაბარებული, რომლებიც სხვაგან კაცების საქმიანობად მოიაზრება.
სამსახურში გენდერული ნიშნით ჩაგვრა არასოდეს გამომიცდია, მაგრამ ძალიან ხშირად აღმოვჩენილვარ შრომით ექსპლუატაციაში, როდესაც საჯარო სამსახურში ორი ადამიანი შრომობს და ამ შრომას ისინი ითვისებენ, ვინც კორუფციული და ნეპოტისტური გზით არიან შერჩეულები, ან წარმოადგენენ სახელისუფლებო პარტიულ აქტივს ყოველგვარი პროფესიული გამოცდილების გარეშე.

როგორც ქალი, ძალიან დავითრგუნე, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, ამ მხრივ დაიწყო ქალების შანტაჟი და მათი, როგორც პოლიტიკოსების განადგურება. მაშინ ვთქვი, რომ არასდროს დავუჭერ მხარს იმ პარტიას, იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ შანტაჟში მონაწილეობდა. ეს იყო უკიდურესად აღმაშფოთებელი და მიუღებელი ფაქტი. რამდენიმე თვე დავდიოდი და ვფიქრობდი, რამხელა სტრესი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს იმ ქალებისთვის, რომლებსაც შეეხო და მომავალში რამდენი ქალი შეიკავებდა თავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან. ამ ქალების მხარდამჭერ აქციებზე ვიდექი და სოლიდარობას ვუცხადებდი მათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ხელისუფლებას, რომლის მმართველობის დროსაც პირადი ცხოვრება გასაჯაროვდა, არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს სახელმწიფოს მმართველობაში. მან მორალი დაარღვია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქალის პირად სივრცეში შეიჭრა და მის პიროვნულ და პროფესიულ განადგურებას შეეცადა.

ჩემი პირველადი გეგმები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას უკავშირდება ისანში. აქ უკვე დავაარსეთ ქალთა და ახალგაზრდობის საბჭოები, სადაც ისნელ ქალებსა და ახალგაზრდა თაობას თავად მოაქვთ თავიანთი საჭიროებები ჩვენმადე და უშუალოდ მათი მონაწილეობით, ხდება ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა.

შშმ პირებთან დაკავშირებით, გვაქვს სტრატეგია – განსხვავებული საჭიროების მქონე პირებს ჰყავდეთ თავმდგომები, ე.წ. ასისტენტები, რომლებსაც გაწეული შრომისთვის სახელმწიფო აუნაზღაურებს. შშმ პირების თავმდგომები ოჯახის წევრი ქალები არიან, რომლებიც არათუ ვერ მუშაობენ, სახლიდანაც ვერ გადიან. ხშირად, ასეთ ქალებს დამატებით მოხუცები და ბავშვები ჰყავთ ოჯახში მოსავლელი. ქალების ასეთი შრომა აუნაზღაურებელი რჩება მაშინ, როცა გამგეობების ბიუჯეტები პარტიულ აქტივობებსა და კორუფციულ გამარტივებულ შესყიდვებს ხმარდება. ჩვენი გეგმაა, ოჯახში მომუშავე ასეთ ქალებს დაენიშნოთ ფულადი ანაზღაურება. ,,ლელო” ზრუნავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა.

ისანში საჯარო ბაღები მძიმე მდგომარეობაშია. მოსახლეობას არ ჰყოფნის ბაღების რაოდენობა. პანდემიური პროცესების შემდეგ, საჯარო ბაღში სწავლა 1 ოქტომბერს იწყება. სად უნდა წაიყვანოს ბავშვი მშობელმა, რომელიც დასაქმებულია და დამტოვებელი არ ჰყავს?! ჩემი შვილი 4 წლისაა და საჯარო ბაღში დადის. მე მაჟორიტარობის კანდიდატი და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიით დაკავებული ვარ და სულ ვპოულობ გამოსავალს, ვისთან დავტოვო. თუმცა ჩემს რაიონში მცხოვრები ქალების უმეტესობა თვითდასაქმებულია, თავად სხვების ოჯახებში მუშაობენ, ყოველდღიურ გამომუშავებაზე არიან და ჩემგან გასხვავებით, ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ. არადა, სამსახურში თუ არ გავიდნენ, საარსებო წყარო არ ექნებათ.
ბევრი ოჯახისთვის საბავშვო ბაღი ბავშვების გამოკვების ერთადერთი საშუალებაა. ბავშვებს არ აქვთ მინერალებით დაბალანსებული კვება. მათთვის ხსნა საჯარო საბავშვო ბაღებია, სადაც სამჯერ მეტ-ნაკლებად გაზომილი კალორაჟით იკვებებიან და სახელმწიფო ამასაც კი ვერ უზრუნველყოფს ადგილების სიმცირის გამო – ისანში ყოველწლიურად ასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. არიან ოჯახები, სადაც გათბობასაც ვერ რთავენ ზამთარში, ბავშვებს 6 საათამდე ტოვებენ ბაღში და სახლში მოყვანისთანავე, ლოგინში აწვენენ, თბილად რომ ჰყავდეთ. სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა საგანმანათლებლო და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, ხელისუფლება არ ზრუნავს მომავალ თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, ისმის კითხვა – რატომ არ არიან ქალები მაღალ პოზიციებზე? როგორ იქნებიან, როცა მათი სოციალური დაცვის გარანტიები არ არსებობს?! მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ქალების დეკრეტული შვებულებით სრულად სარგებლობის გარანტიებია. ქალები დაცულები უნდა იყვნენ, რომ დეკრეტული შვებულებიდან დააბრუნებენ იმავე პოზიციაზე და სამსახურის დაკარგვის შიში არ ექნებათ. მეძუძური დედა მედიკამენტით არ უნდა იშრობდეს რძეს, არ უნდა გარბოდეს სამშობიაროდან სამსახურში იმიტომ, რომ ეშინია, არ დაკარგოს სამსახური და მშიერი არ დარჩეს. ჩვენ თუ ქალების გაძლიერება გვინდა, დემოგრაფიის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი, დედებს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ თანაბრად განვითარება შეძლონ. ბედნიერი დედა ბედნიერი ოჯახის საწყისია, რაზეც ბედნიერი და ძლიერი სახელმწიფო შენდება.

,,ლელოს” სტრატეგია ძლიერი საშუალო ფენის შექმნაა. დღეს კი გვაქვს აისბერგი, რომლის წვერშიც ადამიანები სრულ ფუფუნებაში, დალხენილად ცხოვრებენ, ხოლო აისბერგის ძირში 500 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს, 750 000 ხელმოკლედ მცხოვრები პენსიონერი და 54000 მოშიმშილე ბავშვი. აქედან გამომდინარე, ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას – აქვს თუ არა მორალური უფლება მმართველ ძალას, მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს?“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.
#პოლიტიკაSHE #მეტიქალიპოლიტიკაში #არჩევნები2020