ლეილა მამედოვა, 43 წლის, მარნეული, მერობის კანდიდატი

„ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ აზერბაიჯანულ თემში გავიზარდე და ჩემს მშობლებს არ ქონდათ უმაღლესი განათლება, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავის ექვსივე შვილს უმაღლესი განათლება მიეღო.

მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით. მახსოვს, ბავშვობაში დედას მცირე ნაკვეთში მოყავდა ბოსტნეული და ბაზარში ყიდდა, რომ ჩვენი განათლება დაეფინანსებინა. სწორედ მშობლების ხელშეწყობით ჯერ სწავლა კიევის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. მოგვიანებით კი ბაქოს უნივერსტიტეტში ფილოლოგიის განხრით ვსწავლობდი.

ტრადიციულად, ოჯახები ცდილობენ განათლება ბიჭებს მისცენ, გოგო კი სარფიანად დააქორწინონ. ამიტომ ძალიან ბევრი გოგონა მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ მიიღოს განათლება, თვითრეალიზებული და მეტად დამოუკიდებელი გახდეს. თუმცა, არიან ჩვენს თემში ოჯახები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ თუ ქალი ეკონომიუკურად ძლიერი არ არის, არსებობს მისი დაჩაგვრის რისკებიც. სხვათა შორის ამას ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების გადმოსახედიდანაც უყურებენ – რადგან თუ ქალი და კაცი თანაბრად არის საბაზრო შრომაში ჩართული, ეს ოჯახიც მატერიალურ კეთილდღეობასაც განაპირობებს. ამიტომაც, თუ ოჯახებს აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, გოგონებს განათლების შესაძლებლობას აძლევენ, რომ მომავალში ის უკეთ იყოს დასაქმებული.

თუმცა ერთი საკითხია, მიიღო განათლება და მეორე, რამდენად შეძლებს ქალი ტრადიციულ კულტურაში თვითრეალიზებას და სოციალური კაპიტალის დაგროვებას. სამწუხაროდ, ხშირად ქორწინების შემდეგ, ქალები ოჯახებში რჩებიან და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეთიშებიან. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავები და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მყავდა, მაინც ვცდილობდი, რომ არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას არ ჩამოვრჩენოდი. სწორედ მაშინ მივხვდი პირველად, რომ ქალისთვის ჩვენს საზოგადოებაში ორმაგად უფრო რთულია ერთდროულად იყო ქორწინებაში და საზოაგადო საქმიანობასაც ეწეოდა, რადგან ოჯახის მოვლის მთელი ტვირთი ქალს აწვება მხარზე. ამიტომ ქალები ორმაგად მეტს შრომობენ და უფრო მეტად მუშაობენ საკუთარ თავზეც.

იმ პერიოდში, კიდევ ერთ ბარიერს გადავაწყდი, რაც მხოლოდ ქალებს ხვდებათ წინ – თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ხარ ჩართული, ან სექსისტური ბულინგის მსხვერპლი ხარ, თითქოს შენი ბილოგიური სქესის გამო მოკლებული ხარ პოლიტიკოსის უნარებს, ან, თუ ხარ ოდნავ ძლიერი, საერთოდ არ მოგიაზრებენ ქალად და შენს სიძლიერეს კაცურ თვისებად მოიაზრებენ. ხშირად მესმოდა, პოლიტიკა ბინძური საქმეა და ქალს იქ არაფერი ესაქმებაო. თუმცა საკუთარ მაგალითზე მივხვდი, რომ პოლიტიკის „ბინძურ საქმედ“ მოაზრებაც კაცების მოგონილია, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან ქალებს, გადააფიქრებინონ კარიერული წინსვლა, შეაშინონ ღირსების შელახვით და ამით საკუთარი ადგილები შეინარჩუნონ. ვამაყობ, რომ მიუხედავად იმისა, საკმაოდ სტრესული იყო ასეთი დამოკიდებულებები, მე დავთრგუნე ეს შიშები და დღეს მარნეული მერობის კანდიდატი ვარ.
კიდევ ერთი მცდარი სტერეოტიპი არსებობს, რომ თითქოს ქალს, სწორედ იმის გამო, რომ ქალია და მისი ღირსება არ შეილახოს სხვადასხვა ჭორების „წყალობით“, ოჯახები არ უდგანან გვერდით. როდესაც ჩემი დაკნინების და დაშინების მცდელობა იყო, პირველი სწორად ოჯახი და მეგობრები დამიდგნენ გვერდით. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ადვილია ქალის რეპუტაციის შელახვა. ის რაც კაცებს ეპატიებათ, მეტიც, რისკენაც წახალისებულები არიან, ქალისთვის უპატიებელ შეცდომად ითვლება. ამიტომ თითეული ჭორი, ხუმრობა, შესაძლოა ქალის კარიერის დასასრულს ნიშნავდეს პოლიტიკაში. ბევრი ქალი ვერ უძლებს კულტურის ზეწოლას, ბულინგს და მიდის პოლიტიკიდან.

ამ გამოცდილების გააზრების მერე, როცა მეუბნებიან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ადვილად გატყდები, რადგან ქალი ხარ, ვპასუხობ, მე უკვე უკან არ დავიხევ, რადგან ეს შიში გადავლახე და სხვა ქალებისთვისაც ვიქნები მაგალითი.
ჩვენს პოლიტიკას აკლია ქალის ხედვა. ქალებს, საკუთარი მზრუნველობითი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო აინტერესებთ სოციალური საკითხები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, უმცირესობებსა და დაჩაგრულებზე ზრუნვა. საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია და ქალების საჭიროებები პოლიტიკის დონეზე არ არის ასახული, რადგან უმრავლესობაში კაცები არიან და მათთვის უცხოა ქალის გამოცდილება და პრობლემები. ამიტომაა მნიშვნელოვანი ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში და ქალების საჭიროებებზე იზრუნონ.

მე, როგორც ქალს, ჩემი ხედვა მაქვს. უცხო არაა, რომ ქალებს ორმაგი წნეხი აქვთ, რადგან ისინი საბაზრო შრომაშიც არიან ჩართულები და საოჯახო საქმეშიც, რაშიც ისინი არანაირ შემოსავალს არ იღებენ. ძალიან უსამართლოდ მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში ქალიც 20%-ს იხდიდეს თავისი შემოსავლიდან და კაციც. აუცილებელია, ისეთი რეგულაციების და მექანიზმების შემოღება, რაც ქალებს შეუმსუბუქებს ორმაგ ტვირთს და ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. ასევე მნიშვნელოვანია, ქალებისთვის იყოს მათზე მორგებული ბიზნესის დაწყების დასაფინანსებელი პროგრამები. ასეთი პროგრამები თითქოს არის, მაგრამ როცა ძირფესვიანად შეისწავლი დეტალებს, ადვილად დაინახავ, როგორი ფასადური და ქალებისთვის არაფრის მომტანი პროგრამებია.

მახსოვს ერთხელ დებატებში, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველოში არ არიან პოლიტიკურად აქტიური ქალებიო. არადა მე ვიჯექი მის გვერდით. ხშირია, როცა ქალები პარტიებში მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, მათ მაინც არ აძლევენ საშუალებას ხელმძღვანელ პოზიციებზე მოხვდნენ.

ჩემი არჩევნებში მერობის კანდიდატად მონაწილეობა არის ერთგვარი მანიფესტი იმისა, რომ ქალები არ არიან მეორეხარისხოვანი მოთამაშეები. შესაძლოა ვერ გავიმარჯვო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მარნეულში მერობის კანდიდატი ქალი ვარ, სხვა ქალებს მისცემს მაგალითს და სითამამეს, რომ მომავალში უფრო მეტი ქალი გაბედულად მონაწილეობდეს არჩევნებში, დათრგუნოს შიშები, რომლებსაც ხელოვნურად უქმნის საზოგადოება და კულტურა და შემოვიტანოთ პოლიტიკაში ის ხედვა, რაც დღეს გვაკლია“.

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტოგრაფი: ნინა ბაიდაური

მსგავსი ისტორიები