ლელა სურმანიძე – ბათუმის მერის მოადგილე
აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. ბათუმის მერის მოადგილეს, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მაბარია. ვერასდროს ვიქნები პოლიტიკურად მიკერძოებული, როცა ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას ეხება საქმე. ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი იდეოლოგიაც.
გზა მერის მოადგილეობამდე
პროფესიით ექიმი ვარ. სანამ საჯარო სამსახურში მოვიდოდი, ექიმ-ანესთეზიოლოგად 15 წელი ვიმუშავე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია და მიზნად არც მქონია საჯარო სამსახურში გადმოსვლა. ეს უფრო შემთხვევითობის თემა იყო: მეგობრების რჩევით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ალბათ, ეს გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩემს პროფესიაში რეალიზების მწვერვალს მივაღწიე. ყოველგვარი „ჩაწყობის“ გარეშე კონკურსში გავიმარჯვე და მომდევნო 10 წელი ამ პოზიციაზე ვმუშაობდი. მოგვიანებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დავინიშნე და ამ მიმართულებით სოლიდური გამოცდილებაც დავაგროვე.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბათუმის მაშინდელმა მერმა თავის მოადგილედ გადმოსვლა შემომთავაზა. ვიცოდი, რომ თუ დავთანხმდებოდი, კომფორტის ზონის დატოვება მომიწევდა, რადგან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში თითქმის 15 წელი გავატარე. გამოწვევები არასდროს მაშინებდა. ასე აღმოვჩნდი ბათუმის მერიაში მერის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც დღემდე ვმუშაობ.
ქალები პოლიტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო თანხმდება, ქალები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტს რომ ფიქრობენ, ცდილობენ ბალანსის დაცვას, ღრმად ჩადიან პრობლემის არსში და სხვადასხვა რაკურსით უყურებენ ერთ საკითხს, მათ უფრო უჭირთ პოლიტიკაში მოსვლა. ვფიქრობ, რომ პრობლემაში ჩაღრმავების უნარია ის, რაც ქალებს უშლის ხელს პოლიტიკასა თუ საჯარო სამსახურში მოსვლის დროს.
ხშირად მიფიქრია, რომ დავუშვათ, პარტიამ წამოაყენა ჩემი კანდიდატურა, ალბათ, მე გამიჭირდება გასვლა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, ისეთი ნიუანსია ბათუმში გადასაჭრელი თუ გასათვალისწინებელი, რომ ამას ვერ შევეჭიდებოდი. ქალები უფრო მეტს სთხოვენ საკუთარ თავს და ეს ამ პატრიარქალური კულტურითაცაა განპირობებული. საზოგადოებაც ქალებისგან მეტ ძალისხმევას ითხოვს, ვიდრე კაცებისგან.
თუმცა ბევრი თამამი ქალის დამსახურებაა, რომ ნელ-ნელა ქალისა და კაცის სფეროების გამყოფი ხაზი იშლება და ახლა უფრო მეტ ქალს ვხვდებით, როგორც საჯარო სექტორში, ისე ისეთ პროფესიებში, რომლებიც ადრე კაცებით იყო დომინირებული.
ქალები ნაკლებად კონფორმულები არიან და, ალბათ, ესეცაა მიზეზი იმისა, რომ საარჩევნო სიებში ბევრ ქალს ვერ ვხედავთ. მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებში ვიყო გულწრფელი, ღიად ვაფიქსირებდე იმას, რასაც არ ვეთანხმები და პირიქით. ეს კომფორტი თითქმის ყველა პოზიციაზე მქონდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა არ გაუთვალისწინებიათ ჩემი აზრი, მაგრამ რამდენიმე თვეში დარწმუნებულან ჩემი მოსაზრების სისწორეში და მოგვიანებით შეუტანიათ ცვლილებები ჩემი შეთავაზების საფუძველზე.
ადამიანებთან ურთიერთობისას დარწმუნებისა და ნდობის მომენტი უფრო მუშაობს, ვიდრე იერარქიული ძალაუფლების გამოყენება. აუცილებელია ადამიანების დაფასება კარგად შესრულებული შრომის გამო. სწორედ ესაა ქალების ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის პრივილეგია – თანამშრომლებთან მათზე ზრუნვისა და მათი შრომის აღიარება-დაფასების რეჟიმში არიან და არა იერარქიული ძალაუფლების დემონსტრირებაში.
ამომრჩეველი ქალები ქალ საჯარო მოხელეებთან თუ პოლიტიკოსებთან უფრო იხსნებიან საუბრის დროს, უფრო თამამად და მარტივად ჰყვებიან თავიანთ გამოწვევებს და გამოსავალსაც თავად გვთავაზობენ, მეტი რწმენა და ნდობა აქვთ ქალების მიმართ. უდავოა, რომ ამომრჩეველი მეტ ქალს ითხოვს პოლიტიკაში, უბრალოდ, ქალები ვერ ხვდებიან საარჩევნო სიებში.
მე რომ მკითხოს „კაცმა“, ყველგან ქალებს დავაყენებდი.
ჩემი, როგორც ქალის ხედვები
ქალებს საჯარო სფეროში ბევრი ისეთი სოციალური საკითხი შემოაქვთ პრიორიტეტებად, რომლებსაც კაცის შემთხვევაში ჯეროვანი ყურადღება არ მიექცეოდა. მე ბევრ სოციალურ საკითხს ქალების თვალით ვუყურებ.
ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ქალების გაძლიერებასა და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებში ჩავსვით ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების კომპონენტი, ასევე, გავზარდეთ მარტოხელა დედების ფულადი დახმარების ბიუჯეტი. ახლა ვმუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების დაუფლების პროგრამაზე. ბავშვების ზრუნვაში, კი მოგეხსენებათ, უმეტესად დედები არიან ჩართული. 2022 წელს ამოქმედდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პირადი ასისტენტის პროგრამა, რომელსაც საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროგრამის ხარისხი მიენიჭა.
ქალებს ვეტყოდი, რომ მეტი თავდაჯერება ჰქონდეთ. მათ უნდა შეძლონ, თავიანთი პოტენციალის რეალიზება, ეჭვების დამარცხება და არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების. ქალები ბევრად სწრაფად შეცვლიან უკეთესობისკენ ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას.
————————————————————
ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.
The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.
#პოლიტიკაshe