October 3, 2020 In #პოლიტიკაSHE
ლელა ქებურია – მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
პარტია – ”ევროპული საქართველო”
„ჩემი ისტორია წალენჯიხის ულამაზესი სოფლიდან, ჯაღრიდან იწყება. 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ქალაქში უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად. დღემდე მახსოვს ბებია-ბაბუას ცრემლიანი თვალები. უკან არ ვიხედებოდი, რომ არ მენახა ბებია როგორ ტიროდა. მაშინ ჩემს თავს დავპირდი, როცა გავიზრდები და გადაწყვეტილებას თავად მივიღებ, ბებიასთან დავბრუნდები და სულ მასთან ვიცხოვრებ-მეთქი. ეს არ და ვერ შევასრულე, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იმ სოფელში დღეს არცერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ცხოვრობს.
სწორია, როდესაც ადამიანები საცხოვრებლად იმ ადგილს ირჩევენ, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ რეალიზების, თუმცა საგანგაშოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადგილები უფრო და უფრო მცირდება და არც წალენჯიხაა ამ ადგილების სიის სათავეში. ჩემი ერთ-ერთი გამოწვევა ეს იყო, როცა საარჩევნო მარათონში ჩავერთე. ვიცი, რომ ადვილი არაა, მაგრამ ოდესმე ვიღაცამ უნდა დაიწყოს.
ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ შემდეგ, როცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო დადგა, მივხვდი, რომ მასწავლებლობა უფრო მინდოდა. იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც სჯეროდა, რომ ”ჩაწყობის” გარეშეც შეიძლებოდა უნივერსიტეტში ესწავლა. ისე მოხდა, სანამ ჩავაბარებდი, გავთხოვდი და ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, შევძლებდი თუ არა სწავლის გაგრძელებას. მაშინ უნივერსიტეტებში მდიდარი მამიკოების შვილები ხვდებოდნენ, მაგრამ მე ყველას დავუმტკიცე, რომ ასეთ დროსაც კი, შესაძლებელია, საკუთარი ცოდნით ჩააბარო უნივერსიტეტში. მჯეროდა და მქონდა ამის მაგალითებიც – ზუგდიდში ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი და ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებმაც მიუხედავად არსებული დროისა, შეძლეს თავიანთი ცოდნის დამტკიცება. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება სტერეოტიპებზე. ასევე, სისტემაზე გამარჯვების სიმბოლოც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და იმ სკოლაში, სადაც მე თვითონ ვსწავლობდი, მასწავლებლად დავბრუნდი. ეს საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისგან, რაც წარმომედგინა. ეს არის საოცარი სამყარო, სადაც ძალიან ბევრს სწავლობ, ვერასდროს მოიტყუები და თუ გულწრფელი არ ხარ, ამას მაშინვე ამჩნევენ. იმ წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მომიწია ურთიერთობა და ეს საქმე დღესაც მენატრება. საპარლამენტო საქმიანობა პედაგოგიურ საქმიანობას არ ზღუდავს, თუმცა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, უსამართლობა იქნებოდა, პარალელურად სკოლაში სწავლება რომ გამეგრძელებინა. დღესაც, ზუგდიდში როცა ჩავდივარ, ყოველთვის მივდივარ ჩემს სკოლაში კოლეგების სანახავად, იქ იმდენად პოზიტიური გარემო მხვდება, ალბათ, ეს არის ყველაზე დადებითი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში.
2012 წელს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გავხდი. ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო – როცა მასწავლებელი ხარ, შეიძლება, ბევრ რამეს იმდენად კარგად ვერ ხედავდე, მაგრამ როდესაც მმართველობით რგოლში ხარ და ამ ყველაფერს აკვირდები, ხვდები, რამდენი პრობლემაა განათლების სისტემაში – იქნება ეს კვალიფიციური კადრების პრობლემა თუ სკოლის რეალური დეცენტრალიზაციის საკითხი, რაც დღესაც არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამეურვეო საბჭო, რომელიც მხოლოდ თეორიული ბუტაფორიაა და არ არის ისეთი ქმედითი, როგორიც უნდა იყოს. მერე ხელისუფლება შეიცვალა და ყველა, ვინც წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო სამსახურში მუშაობდა, რატომღაც „ქვეყნის მტრად“ იქნა შერაცხული და მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები ჩაგვიტარეს და შედეგების მიხედვით, ორივეჯერ პირველ ადგილზე გავედი, გასაცხრილად გასაუბრებები გამოიყენეს. ამის შემდეგ ისევ სკოლაში დავბრუნდი მასწავლებლად.
2014 წელს პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ შემოთავაზება მივიღე, რომელზეც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ამ პერიოდში ყველაფერს ვიფიქრებდი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მოვიდოდი. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გავხდი. ეს ის დრო იყო, ხალხი რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარბოდა, მე კი, იქ მივედი. ეს ბევრს უკვირდა, თუმცა სიძნელეების არასდროს მეშინოდა და გამოწვევებს ყოველთვის ადვილად ვიღებდი. უბრალოდ, რა რეალობის წინაშეც აღმოვჩნდი, მოულოდნელი იყო – ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი უცებ საჯარო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და ეს ყურადღება მხოლოდ პოზიტიური არ იყო, მაგრამ როდესაც საჯარო პირი ხდები, მზად უნდა იყო, ყველას რომ არ მოეწონები. თავიდან ცოტა მტკივნეულად განვიცდიდი კრიტიკას, ქალების შემთხვევაში, ხშირად, სწორედ ეს არის პოლიტიკაში ჩართულობის შემაფერხებელი ფაქტორი, ქალს საკუთარ თავზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ის არის გარშემო ყველას პატრონი – ოჯახის წევრების, შვილების, მშობლებისა და ა.შ. ამდენად, მტკივნეულად განიცდის ამ ყველაფერზე მათ რეაქციასაც. ჩემს შემთხვევაშიც, ზუსტად ასე იყო, მაგალითად, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დიდი როლი ჩემმა შვილებმა ითამაშეს, რომლებმაც აქეთ მასწავლეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს შენ მიმართ დამოკიდებულება და ეს გააზრებული უნდა გქონდეს, როცა ამ ნაბიჯს დგამ. მერე, დროთა განმავლობაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, თუმცა ჩემს პოლიტიკურ რეალობაში, ალბათ, ეს იყო ყველაზე რთული.
მაშინ, ადგილობრივ არჩევნებზე, საკრებულოში ვერ მოვხვდი შემდეგ იყო საპარალამენტი არჩევნები და გავხდი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით. ზუგდიდის მერობის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ზოგადად, ამომრჩეველთან ურთიერთობის გამოცდილება, ყველაზე კარგი გამოცდილებაა. ამ დროს ხვდები, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკოსების ნდობა არ აქვთ, ეს ჩვენი ბრალია და არა – ამომრჩევლის. მათში ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ და როცა არჩევნები მთავრდება, ყველა იკარგება, ყველა სადღაც მიდის და ეს ხალხი თავის პრობლემებთან ისევ მარტო რჩება. ეს წლების განმავლობაში დაგროვებული უნდობლობაა და მგონია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება მართალია. მე ძალიან ვცდილობ, ამომრჩეველთან ამ სახის ურთიერთობა დავარღვიო – პარლამენტის ვებგვერდზე რომელი ტელეფონის ნომერიც მაქვს მითითებული, ისაა ჩემი ნომერი და აბსოლუტურად ყველა ზარს ვპასუხობ. რაღაც ბარიერები ამომრჩეველთან ურთიერთობისას, შემდეგ იმ უნდობლობას ქმნის, რომელიც პოლიტიკოსებსა და მათ შორის არსებობს.
პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმე სქესის წარმომადგენლის მხრიდან რამე განსაკუთრებული წინააღმდეგობა ან მხარდაჭერა მქონია. თუმცა, ქალები რომ უფრო ემპათიურები არიან და უფრო მეტს იბრძვიან ისევ ქალებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, ამას ვაღიარებ. ამიტომ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება გადაწყვეტილების მიმღები, მით მეტად მოგვარდება მსგავსი პრობლემები. როდესაც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, NDI-ს მიერ ორგანიზებულ ინტერპარტიულ ტრენინგში მივიღე მონაწილეობა, მაშინ გაცნობილ პოლიტიკოს ქალებთან დღესაც ვმეგობრობ და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენენ. შიგნით, პარტიაში, ყოველთვის მქონდა თანადგომა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით, მინდა, ხათუნა გოგორიშვილი აღვნიშნო, რომელმაც გზა გამიხსნა პოლიტიკაში და ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ბრძოლის სასწაული მაგალითი იყო ჩემთვის ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი.. ისეთი ქალების გარემოცვაში მომიწია ყოფნამ, ვისწავლე, როგორ იბრძოლო, როცა რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა გინდა. არც დამარცხებისას მქონია ის მომენტი, რომ დავიღალე და მორჩა, მეტი აღარ შემიძლია. ჩემს შემთხვევაში, ეს ყოველთვის სტიმულის მომცემი იყო – „აი, ახლა ბრძოლა თუ წავაგე, ომი ჯერ არ წამიგია და ყველაფერი წინ არის“ .
პოლიტიკაში ქალებისთვის არსებულ ბარიერებს რაც შეეხება, ალბათ, პრობლემა ჩვენშიც არის, რადგან ბოლო კვლევაში, ქალების 1\4 ამბობს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, როდესაც კაცების 1\3 ფიქრობს ასე. მაგალითად, ქალების 1\4 ფიქრობს, რომ მაშინაც კი უნდა დაეთანხმოს თავის მეუღლეს, თუ მის აზრს არ იზიარებს. ეს კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა სტერეოტიპებთან გვიწევს და არა კონკრეტულ პიროვნებებთან. ამ სტერეოტიპებს სქესი არ აქვს და ორივე სქესის წარმომადგენელში თანაბრად შეიძლება იყოს. ჩვენ ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. მე ვფიქრობ, კვოტები ამისი მთავარი გასაღები არ არის, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თუმცა, ჩვენ შიდა პარტიული კონკურენცია გვაქვს და ეს დამოკიდებულება უფრო სწორი მგონია, მთავარია, თანაბარი შესაძლებლობების მიცემა ორივე სქესისთვის, თანაბარი კონკურენციის პირობები.
პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება რეგიონის პრობლემებზე სასაუბროდ, გარკვეულ დადებით შედეგს იძლევა. მე მქონია ასეთი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ფაროსანა სამეგრელოში ძალიან დიდ პრობლემად იქცა, მახსოვს, ყველა სხდომაზე, ფაროსანაზე ვლაპარაკობდი 24-საათიან რეჟიმში, ზოგჯერ არაადეკვატურადაც და ამან, გარკვეულწილად, შედეგი გამოიღო. ასევე, როცა დევნილების ბინით უზრუნველყოფის საკითხი იდგა, კონკრეტული დევნილების სახელები დამისახელებია სხდომის დროს და მათი საკითხი დადებითად გადაწყვეტილა. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანო საკანონმდებლო საქმიანობისთვისაა და აქაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების მიმართულებით ცვლილებების განხორციელება იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს პრობლემა, როგორც სკოლამდელი განათლების, ასევე, სასკოლო და უმაღლესი განათლებისაც – არ ვეთანხმები, როცა სახელმწიფო კონკრეტულ მიმართულებას აფინანსებს და კონკურენტუნარიანი სტუდენტი, რომელიც ბევრად უკეთ აბარებს გამოცდას, დაფინანსების გარეშე რჩება – გრანტს სხვას მისცემენ, რომელიც უბრალოდ ბარიერს გადალახავს, მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო შერჩევითად კონკრეტულ მიმართულებას აფინანსებს. პედაგოგთა მოტივიციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის მიხედვით, თუ რა საჭიროების წინაშე დგანან პედაგოგები და მოსწავლეები, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის იმ წუთას მისთვის მომგებიანი. გათვლა ხდება პედაგოგებზე, როგორც ამომრჩევლებზე და არა, როგორც პროფესიონალებზე, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ პროფერსიული განვითარება.
ჩვენს პარტიას კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიციური მთავრობის შექმნაა. ყველა კვლევა მოწმობს, რომ სწორედ ეს არის ხალხის დაკვეთა. ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლების პრობლემა დგას. დიდი ხანია, ასეა. როდესაც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობ, საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ხდება, ის არ არის რეალურად საკანონმდებლო, ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი და ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო. ეს თუ არ დამთავრდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა და არაფერი გვეშველება. სახელებზე და გვარებზე არ არის საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის ერთი კაცი ან ერთი პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ან ერთპარტიულად მიიღებს. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ყველანი ვთანხმდებით, რომ თუ ჩვენ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო არ გვექნება, ვერც ეკონომიკურად განვვითარდებით და ვერც თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრებთ.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი “პოლიტიკაSHE” ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
The project “politikaSHE” is carried out with the support of the National Democratic Institute (NDI) and with the financial support of UK aid from the British people.