ლია ზურებიანი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

ლია ზურებიანი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

დავიბადე და ვიზრდებოდი აფხაზეთში. 1993 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, 300 000 ქართველი დევნილად ვიქეცით საკუთარ სამშობლოში.

დევნილობის პირველი წლები ქუთაისში გავატარე. 1995 წელს ქუთაისის საბუნებისმეტყველო ლიცეუმში ჩავირიცხე, რომლის დასრულების შემდეგაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, მაგისტრატურაც იქვე დავამთავრე საერთაშორისო მარკეტინგისა და საგარეო კომერციული ურთიერთობების სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდეგ მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი კერძო სექტორში, ამასთან, კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ვითავსებდი.

იმხანად ქვეყანაში შექმნილი უსამართლო და უპერსპექტივო გარემო ახალგაზრდებს ქვეყნიდან გაქცევისაკენ უბიძგებდა. მე ქვეყნიდან გაქცევას სოფელში გაქცევა ვამჯობინე და, საბოლოოდ, ბინა ისტორიულად გამორჩეულ თეთრიწყაროში დავიდე, რომელიც ბუნების მომხიბვლელობით ძალიან ჰგავს ჩემს მშობლიურ აფხაზეთს.

2014 წლიდან პოლიტიკურ თანამდებობას ვიკავებ, ვიყავი სხვადასხვა მერის მოადგილე. 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც ვმონაწილეობდი, გენდერული კვოტირების პრინციპის გათვალისწინებით, სიაში მესამე ვიყავი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი ,,ქართული ოცნების“ პროპორციული სიით, ახალარჩეული მერის გადაწყვეტილებით კი, ისევ მერის მოადგილედ დავინიშნე. ამჟამად მერიაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებებს ვკურირებ. მქონდა შემოთავაზებები, როგორც მერობის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის პოზიციაზე, რაზეც უარი ვთქვი. ზოგადად, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები მსგავს გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურს ვთხოვ საკუთარ თავს და ვთვლიდი, რომ ამ პოზიციისთვის ჯერ მზად არ ვიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული საზოგადოება მკვეთრად დიფერენცირებული გენდერული როლებით ხასიათდება, რაც ქალს სახლის გარეთ მუშაობაში ხელს უშლის, საზოგადოების მოდერნიზაციასთან ერთად დამოკიდებულებებიც იცვლება და მითი იმის შესახებ, რომ საჯარო სივრცე მხოლოდ კაცების მოქმედების არეალია, ნელ-ნელა იმსხვრევა. კანონმდებლობაც დაიხვეწა და, მაგალითად, გენდერული კვოტირების მექანიზმის შემუშავებაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დარეგულირებული, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით.

ქალების პოლიტიკური მონაწილეობისთვის ძირითად ბარიერს საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული შეხედულებები ქმნის, რაც ამცირებს როგორც ქალების შერჩევისა და თანამდებობებზე დანიშვნის, ისე მათ მიერ საკუთარი კანდიდატურების წამოყენების მაგალითებს. ჩემი გამოცდილებით, რეგიონში მომუშავე ქალებისთვის ეს ბარიერები გაორმაგებულია. ვფიქრობ, რომ ქალების წარმომადგენლობამ პოლიტიკაში ე.წ. „კრიტიკულ მასას“ უნდა მიაღწიოს, რათა პოლიტიკაში ქალებისთვის მორგებული გარემო შეიქმნას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი მეტად გამოიკვეთოს. ასევე, ქალი პოლიტიკოსის აქტივობა ერთგვარი მისაბაძი მაგალითია ხოლმე და იზიდავს ქალებს პოლიტიკაში ჩართულობისკენ იმის მიუხედავად, თუ რომელ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ის.

ფაქტია, რომ ქალებს, მათი გენდერული როლებიდან გამომდინარე, განსხვავებული გამოცდილება და ხედვა აქვთ რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ქალებისთვის უფრო ხილვადია მარტოხელა მშობლების პრობლემები, ესმით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობა, სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის, საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა მოვლის სერვისების, ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და სხვა. მაგრამ სოლიდარობის გარეშე წარმოუდგენელია, რომ ქალების ეს ხედვები ხილვადი გახდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩემს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ჩემი გუნდის წევრი ქალების სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია ქალთა საჭიროებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პოლიტიკოსმა, ქალმაც და კაცმაც, უნდა შეისწავლოს ამომრჩევლის პრიორიტეტები და აიღოს პასუხისმგებლობა, გაატაროს მათი საჭიროებების საპასუხო პოლიტიკა. აქვე, მინდა, პირადი გამოცდილებით დავადასტურო, რომ ქალ ამომრჩეველს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა გააჩნია საარჩევნო პროცესში – ქალების აქტიურობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობებს არჩევნების შედეგებს. თვითმმართველობის არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც ვგრძნობდი ქალი ამომრჩევლის განსაკუთრებულ სოლიდარობას, ისინი ღიად და საჯაროდ აფიქსირებდნენ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ქალი კანდიდატების მიმართ.

————————————————–

ინტერვიუ მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.

The interview was supported by the United Nations Development Program (UNDP) and the Government of Sweden, within the framework of the United Nations Joint Program for Gender Equality. The views expressed in this document belong to the authors and may not reflect the official policies or views of the organizations listed above.