ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა სიტყვების გარეშე, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ მე ეს მჭირდება. მიზანი კი არ ყოფილა, რომ აი, წიგნი უნდა დავწერო, მწერალი გავხდე. ეს იყო შეგრძნება – იცი, რომ ამ ფორმით უნდა გამოხატავდე შენს თავს. ეს არის შენი ენა, შენი ლაპარაკი.

წლების განმავლობაში ძალიან ჩაკეტილად ვგრძნობდი თავს, სულ მარტო ვიყავი. ნაკლებად ვურთიერთობდი გარემოსთან და არაფერი გამომდიოდა. რაღაც ახალი გახდა საჭირო, და უცებ ვიპოვე ჩემი ენა. ეს მნიშვნელოვანია ძალიან, შეიძლება გქონდეს სათქმელი, მაგრამ თუ იმ კონკრეტულ ფორმას ვერ პოულობ, რომელიც შენია, არაფერი გამოდის. აღმოვაჩინე ეს ენა და თითქოს თავიდან ვისწავლე ლაპარაკი – წერა დავიწყე. მერე ადვილი გახდა. მე უკვე ვიცი, როგორ გავაგებინო ადამიანებს ის, რაც მინდა. ჩვეულებრივი საუბრის დროს ხშირად გაუგებარია შენს გრძნობებზე, შეხედულებებზე და იდეებზე როცა ლაპარაკობ, რაც არ უნდა კარგად ჩამოაყალიბო, უბრალოდ სიტყვები არ არის საკმარისი, ყველაფერს არ აქვს თავისი შესაბამისი სიტყვა, რაღაც დამატებითი საშუალებები, ხერხებია ამისთვის საჭირო. და შეიძლება ძალიან მარტივი და სულაც სულელური სიუჟეტი გამოიგონო, დაწერო ლექსი, მოთხრობა ან რომანი და ადამიანები უკეთ გაიგებენ, ვინ ხარ შენ და რა გინდა.

ბავშვობა მთაში გავატარე, ხევსურეთში გავიზარდე. ის იყო ზღაპრების, მითების, უძველესი ამბების, თითქოს სხვა განზომილებიდან გადმოსული ადამიანების სამყარო. საკმაოდ კონტრასტულია იქაური და ახლანდელი გარემო და რთულიც იყო ამ განსხვავებასთან შეგუება. თითქოს ორი სრულიად სხვადასხვანაირად დაწერილი ტექსტია. რაღაც თამაშის წესების ათვისება გჭირდება, ახალი ტექსტი რომ გაიგო და მასში მონაწილეობდე. გაგება ერთია და ის, რომ პერსონაჟი გახდე ამ ლიტერატურაში, ამას დრო სჭირდება.

ის სამყარო უფრო ჩაკეტილია, რა თქმა უნდა. პატარა სოფელი, სადაც ყველა ყველას იცნობს. ყველაფერი ხელისგულზეა, სულ ჩანხარ. ეს შეგრძნება მაქვს სოფელთან დაკავშირებით, რომ ეს არის ადგილი, სადაც სულ გიყურებენ. და ეს არის ის, რაც არ მიყვარს სოფელში, რის გამოც მირჩევნია ქალაქში ცხოვრება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ქალაქი საკმარისად „ქალაქია“, მაგრამ მეტი შანსი გაქვს, იბრძოლო პირადი სივრცისთვის, თავისუფლებისთვის.

სოფელში საცხოვრებლად დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. თუ დავბრუნდები, მაშინ უნდა ვიცხოვრო სადმე ტყეში, მარტო, ჩაკეტილ სახლში. აქ, ამ ქალაქში, ხშირად მომისმენია ადამიანები ერთმანეთს რომ ეუბნებიან: „რა ცუდია, რომ აღარ ვეკონტაქტებით ერთმანეთს… რას დაემსგავსა ეს ქალაქი, რას გავს! ქუჩაში ადამიანები ვცნობდით ერთმანეთს და ვესალმებოდით და ახლა გაივსო უცხოებით…“ სინამდვილეში კი, რაც ამ ადამიანებს ენატრებათ, სწორედ ის არის, რაც სოფელს ახასიათებს: ყველა ყველას იცნობს, შენ მიდიხარ, ისინი მოდიან და ა.შ. და რაც მთავარია, ყველა ყველას ცხოვრებაში ცხვირს ყოფს. მე კი მომწონს, რომ არავინ მოვა ჩემთან შეთანხმების გარეშე და მეც არ მივადგები არავის. თუ არ ვარ ხასიათზე ვინმეს მივესალმო, არ მივესალმები, დავბრუნდები სახლში გვიან, ან საერთოდ არ დავბრუნდები. მესტუმრება ვინმე და ამაზე არ ილაპარაკებს მთელი ქვეყანა. იქ, იმ პატარა სივრცეში, ეს იქნება ლაქა, მარგინალი ხდები სულ ადვილად. მუდმივად გიწევს რაღაც წესების დაცვა, უნდა იყო ისეთი, როგორიც საჭიროა. მაგალითად, გაქვს ადამიანს ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება, მარტო ყოფნის უფლება, საერთოდაც, ცხოვრების უფლება. და როცა ქალი ხარ, ეს ყველაფერი სოფელში კიდევ უფრო ძნელია.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შევედით სახლში, რომელიც ააშენეს კაცებმა. იმ სახლში ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც მათთვის არის მოსახერხებელი. ეს ლიტერატურასთან დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას. ამბობენ ხოლმე: „ქალი პოეტი“, „ქალი მწერალი“, „ქალურად წერა“ – და ეს ცოტა დამამცირებლად ითვლება. სინამდვილეში არავითარი „ქალივით წერა“ და „კაცივით წერა“ არ არსებობს. თვითონ ის არის დამცირებული, რაც გაწუხებს შენ, როგორც ქალს. თუ ამაზე ხმა ამოიღე, მაშინვე გაბრალებენ, რომ სენტიმენტალური ხარ, გულისგამაწვრილებელი, სისულელეებს წერ და ა.შ. არსებობს ასეთი კომპლიმენტი: „შენ კაცივით წერ“. მე არ მეუბნებიან ხოლმე ამას და მიხარია კიდეც. იმიტომ, რომ ხშირად ვყვები ჩემი, როგორც ქალის ამბებს და არც გრძნობების გამოხატვისგან ვიკავებ თავს. ეს იმას გავს, დანაშაულს რომ ჩაიდენ და თვითონვე იყვირებ ხმამაღლა, რომ აი, ეს ჩაიდინე და სხვებს ართმევ შესაძლებლობას, გამხილონ ამ დანაშაულში. ჰოდა, ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ: ვაღიარებ, რომ ქალი ვარ, და ხმამაღლა ვყვები იმას, რაც შეიძლება ქალს გადახდეს თავს.

ჩემი მიმართულებით ხშირად მომისმენია „წუწუნა“, „აუ, ეს რაღაც გოგოური ამბები…“. მე ეს ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენე, წიგნსაც ასე დავარქვი სპეციალურად. ხშირად თვლიან, რომ შენ წუწუნებ, კეკლუცობ, ჭირვეულობ, ისტერიული ხარ. როგორც წესი, ეს სიტყვები – ჭირვეულობა, ისტერიულობა – ქალის მიმართ გამოიყენება. ადრე მაბრაზებდა ხოლმე ეს, როცა ჩემზე ამბობდნენ. ახლა – აღარ. აღარ „მრცხვენია“, მე არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც მათ უნდათ, რომ ვიყო.

კიდევ ერთია: მუდმივად გიწევს მტკიცება, რომ გულწრფელი ხარ. ანუ, რაც უფრო მეტად გულწრფელი ხარ, მით უფრო უცნაურად გამოიყურება. „რატომ ხარ ასეთი გულწრფელი?! ესე იგი რაღაცას იტყუები, მატყუარა ხარ, თვალთმაქცობ!“ ადამიანებს აკვირვებთ და აშინებთ გულწრფელობა. კარგად შეფუთული ტყუილებით უფრო ადვილია ცხოვრება. ჩემთვის კი წერა არის მუდმივი რეაქცია ყველაფერზე, რაც ხდება გარშემო, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს უნდა მოვყვე და აუცილებლად სიმართლე უნდა ვილაპარაკო, თორემ დავკარგავ სინამდვილის და საკუთარი თავის შეგრძნებას.

მე გავიზარდე ძალიან პატრიარქალურ გარემოში, სადაც ყველაფერი დალაგებულია თავის ადგილას. შეიძლება ამაზე არავინ ყვიროდეს, არავინ გირტყამდეს, მაგრამ ეს სამყარო ღიად გამოხატული ძალადობის გარეშეც ძალადობს. ბავშვობიდან მაწუხებდა შეგრძნება, რომ სრულფასოვანი არ ვარ, ვგრძნობდი, რომ როცა ქალი ხარ, შენ უბრალოდ შედიხარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ არ ქმნი მას. სულ მინდოდა შეემჩნიათ, რომ მე ვარსებობ. იქნებ ამიტომაც დავიწყე წერა. მახსოვს, როცა ჩვენთან ნათესავები მოდიოდნენ, მინდოდა მათ ვყვარებოდი, როგორც მე – ადამიანი, მე შევემჩნიე. მაგრამ აქ ხომ ასეა: „მისი“ გოგო – იტყვიან, ანუ მამის სახელს იტყვიან და – მისი გოგო, და არა კონკრეტულად ლია. და საერთოდაც, მთელი ცხოვრება „ვიღაცის გოგო“ უნდა იყო. დღეს კი იმ ადამიანებმა იციან ლია. მე აღარ ვარ ვინმეს გოგო. აღარ ვარ უჩინარი. და ჩემი თავი ვარ. ასეა: რაღაც უნდა ჩაიდინო, უნდა იყვირო, რომ დაგინახონ.“

მსგავსი ისტორიები