ლუდა შიოშვილი, 73 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„ცხოვრება კიბეა… ხან ზევით ხარ, ხან ქვევით აღმოჩნდები. მთელი ჩემი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმეს მივუძღვენი, მთავარი იყო მესწავლა და მემუშავა. ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი ორი და, როცა დედა გარდაგვეცვალა. მამა პედაგოგი იყო და მისი მცირე ხელფასით ძალიან შეჭირვებულად ვცხოვრობდით. და აი, ალბათ ამიტომ, მიზნად დავისახე, რომ ისე უნდა მემუშავა, არაფერი გაგვჭირვებოდა.

17 წლის ვიყავი სკოლა რომ დავამთავრე და თბილისის ცენტრალურ ბანკში დავიწყე კურიერად მუშაობა. სწორედ იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა კანონი, რომ თუ ვინმეს უმაღლესი სასწავლებელი არ ექნებოდა დამთავრებული და დიპლომი ხელში არ ეჭირებოდა, მაღალ თანამდებობებზე ვერ იმუშავებდა. მაგრამ ეს კანონი იმას გამოიწვევდა, რომ ძალიან ბევრ ჭკვიან ადამიანს დაკარგავდნენ, ამიტომ მოიფიქრეს ასეთი რამე, რომ ვინც მუშაობდა, იმათთვის გაიხსნა უმაღლესის საღამო დასწრებული და საღამო დაუსწრებელი ფაკულტეტები. ჩავაბარე ეკონომიკურზე და ავიღე საღამოს დასწრებული. ჩემი რეჟიმი ასეთი იყო – დილით 9 საათზე მივდიოდი სამხსახურში და იქიდან საღამოს 7 საათზე – უნივერსიტეტში. ასე ვისწავლე 5 წელი.

მესამე კურსზე ვიყავი, როცა უნივერსიტეტიდან რეკომენდაცია გამიწიეს და კურიერის ადგილიდან ეკონომისტად გადამიყვანეს ბანკში. ამ პერიოდიდან იწყება ჩემი საბანკო კარიერაც – მოგვიანებით ბანკში სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ უკვე უფროსიც და ბოლოს ცენტრალური ბანკის ჩუღურეთის ფილიალის ბანკის მმართველიც. არასდროს მიფიქრია გათხოვებაზე. ვიღაცეებისთვის ეს ტრაგედია იყო, მეუბნებოდნენ, რომ გაუთხოვარი დარჩებიო. არ მიმაჩნდა ეს პრობლემად და არც ახლა მიმაჩნია, როცა საკუთარი დისშვილისა და ამ თავშესაფრის კედლების გარდა არაფერი გამაჩნია…

ამიტომ ვამბობ, ცხოვრება კიბეა თქო… ბანკის მმართველობის პერიოდში ისიც კი გადამხდა თავს, რომ ვიღაც ჯიბგირებმა მომიტაცეს. ფეხით მიწევდა სიარული სახლიდან სამსახურში და ერთ საღამოს, თავში ჩამარტყეს, შემაგდეს მანქანაში, თვალები ამიხვიეს და 3 დღე მამყოფეს უცხო სახლში. 5 მილიონის მოტანას მთხოვდნენ. დღეში ერთხელ მაჭმევდნენ. იცით, საერთოდ არ შემშინებია. იქით მასხრად ვიგდებდი და ვეუბნებოდი, რომ არც იცოდნენ რა ძვირად დაუჯდებოდათ ჩემი გატაცება. ამ დროს კი თურმე საქართველოს მასშტაბით მიდიოდა ჩემი და დამნაშავეების ძებნა, მთელი უშიშროების სამსახურები ჩართული იყვნენ. 3 დღის მერე იმ პირობით გამომიშვეს, რომ 2 დღეში მოვიდონენ ბანკში და 2 მილიონის კრედიტს გავუკეთებდი. იმავე საღამოს აიყვანეს. სასამართლოზე ისიც კი თქვეს, რომ გვცოდნოდა ქალბატონი ლუდა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა, ამას როგორ ვაკადრებდითო. ასეთი თავგადასავლებით იყო სავსე ჩემი ცხოვრება და წარსული ყოველთვის კარგად მახსენდება.

ერთადერთი გული რაზეც მწყდება ისაა, რომ ჯერ ერთი დაიკო დავკარგე, მერე მეორე. მე და ჩემი უფროსი და ამ თავშესაფარში ბინის დაკარგვის გამო მოვხვდით. არეულობის პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ და დაგვეკარგა. ჩემი და ჩემზე 4 წლით უფროსი იყო და დედა რომ დავკარგეთ, დედობას მიწევდა. ჩემი და ინგილისურის მცოდნე იყო და თავშესაფარში სტუმრები რომ მოდიოდნენ, თარჯიმნობას უწევდა. მაგრამ ბოლოს ავად გახდა და ჩავარდა, მე ვუვლიდი. ჩემი და თავშესაფარში გარდაიცვალა…
ხედავთ ხომ, რომ ცხოვრება კიბეა? ხან ზევით ხარ, ხან ქვევით.“

მსგავსი ისტორიები