ლუსინე თამარიანი, 19 წლის, ბათუმი

„მე-8 კლასში ვიყავი დედას თურქეთში გავყევი პლანტაციაში სამუშაოში მისახმარებლად. ხელმოკლედ ვცხოვრობთ. პროფესიის არჩევის დრო როცა დამიდგა, გადავწყვიტე არჩევანი გამეკეთებინა ისეთ პროფესიაზე, რაც მაინტერესებდა და რაც ჩვენს შემოსავლებს გაზრდიდა. ჩემი თანატოლი გოგოები ძირითადად „ქალურ“ პროფესიებს ირჩევენ, მაგრამ მე ზღვაოსნობის კუთხით გადავწყვიტე წასვლა. მეზღვაურებს ყოველთვის კარგი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ საწყენია, რომ ასეთ მაღალანაზღაურებად სფეროში ქალები არ არიან. რატომ არ უნდა ვიმუშაოთ ქალებმა კაცებით დომინირებულ სფეროებში? თან ზღვა მიყვარს, ვიცი ბევრს ვიმოგზაურებ და საინტერესო ცხოვრებასთან ერთად კარგი ანაზღაურებაც მექნება.

წელს საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ერთადერთი გოგო ვარ 170 ბიჭში, რომელიც მომავალი მეზღვაურის პროფესიას ეუფლება. განსაკუთრებით ვხალისობ, დილით მოწყობაზე რომ დავდგებით და ამდენ ბიჭში მეც რომ ვდგავარ მწკრივში. ჯგუფხელად დამნიშნეს და ესეც მეამაყება. ლექტორები სკეპტიკურად აღარ მიყურებენ, რადგან საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი ერთმა გოგომ, ნათია ლაბაძემ, უკვე დაამთავრა და ახლა საერთაშორისო გემზე ცურავს. ასე მეუბნებოდნენ, არ გვეგონა გოგო თუ ბოლომდე გაყვებოდა პროფესიასო, ვიფიქრეთ გათხოვდება და მიატოვებსო, ის კი ამერიკის გემზე დაცურავსო. ასე რომ ჩემიც სჯერათ და ეს მეტ სტიმულს მაძლევს.

ჩემი ფორმა ბიჭებისაგან იმით განსხვავდება, რომ შარვლის ნაცვლად ქვედაბოლო მაცვია. მაგრამ ოფიცრებს ვთხოვე, იქნებ ზამთარში დაერთოთ ნება მეც შარვალი მეტარებინა, რაზეც უარი არ მითხრეს. თუმცა თბილ ამინდებში ქვედაბოლოს ჩაცმა ჩემს გამორჩეულობას უსვამს ხაზს და ეს განა უხერხულობას მიქმნის, პირიქით, ძალიან მეამაყება“